გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002730579
საქმე #2/3772-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, ია დვალიშვილი,მოსარჩელე - ქ------- ქ-----–---–ი
წარმომადგენელი - ა----------ე
მოპასუხე - შპს ,,რ---------’’
წარმომადგენელი - გ------- ბ-----------ი
მოპასუხე - სს ,,პ-------------ბ---ი’’ (დირექტორი ნ----- თ---–--–---–ი)
წარმომადგენელი - მ--- თ-------, ე---------- დ----–--
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნეს ქ------- ქ-----–---–სა და სს ,,პ-------------ბ---ს’’ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებად და მასზე გავრცელდეს შრომითი ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულაციები;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გადაწყვეტილება ქ------- ქ-----–---–სა და სს ,,პ-------------ბ---ს’’ შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,რ---------’’-ს გადაწყვეტილება ქ------- ქ-----–---–ის ავტორიზებულ პირად გაუქმების შესახებ;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ------- ქ-----–---–სა და სს ,,პ-------------ბ---ს’’ შორის დადებული შრომის ხელშეკრულების 1.2.5. პუნქტი, როგორც კანონსაწინააღმდეგო;
1.5. ქ------- ქ-----–---–ი აღდგენილ იქნეს სს ,,პ-------------ბ---ის’’ რეგისტრატორის პოზიციაზე;
1.6. ქ------- ქ-----–---–ი აღდგენილ იქნეს შპს ,,რ---------’’-ს ავტორიზებულ პირად, სს ,,პ-------------ბ---ში’’ დაკისრებული ფუნქციის განსახორციელებლად;
1.7. სს ,,პ-------------ბ---ს’’ დაეკისროს ქ------- ქ-----–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1058 ლარის ოდენობით;
1.8. მოპასუხე შპს ,,რ---------’’-ს დაეკისროს ქ------- ქ-----–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 10 ლარის გადახდა 2018 წლის 18 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.9. ქ------- ქ-----–---–ს აუნაზღაურდეს სს ,,პ-------------ბ---ის’’ მიერ, გამოუყენებელი შვებულება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2008 წლიდან მუშაობდა სს ,,პ-------------ბ---ში’’ რეგისტრატორის პოზიციაზე და როგორც საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირს წვდომა ჰქონდა საჯარო რეესტრის ბაზასთან და ახორციელებდა საჯარო რეესტრის ფუნქციებს სს ,,პ-------------ბ---ში’’. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა1058 ლარს. 2014 წლიდან კი მუშაობდა შპს ,,რ---------’’-ში ავტორიზებულ პირად, რათა წვდომა ჰქონოდა საჯარო რეესტრის ბაზასთან და ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 10 ლარს.
2018 წლის 15 აგვისტოს ეცნობა გათავისუფლების თაობაზე სს ,,პ-------------ბ---ის’’ მიერ. ხოლო 2018 წლის 17 აგვისტოს სს ,,პ-------------ბ---ისაგან’’ მიიღო ურთიერთშეთანხმება მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომელზეც ხელი არ მოაწერა.
2018 წლის 20 აგვისტოს მიმართა სს ,,პ-------------ბ---ს’’ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების მოთხოვნით და 23 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ ბ---ი არაა ვალდებული, დაასაბუთოს გათავისუფლების საფუძვლები.
2018 წლის 29 აგვისტოს კი მიმართა შპს ,,რ---------’’-ს, თუმცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ მას არ ჩაბარებია.
ვინაიდან, მხარეთა შორის წარმოშობილი იყო უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, არსებობს გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მან სასამართლოს მიმართა ვადის დაცვით,თუმცა სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი. მოსამართლემ თავად იცოდა, რომ გამოტანილი იყო ასეთი განჩინება და ამიტომ ჩათვალეს, რომ არდაერთოთ საქმისთვის. ამიტომ მოპასუხე მხარის მიერ ამის არცოდნა, არაფერს ცვლის და სარჩელი არაა ხანდაზმული. მომსახურების ხელშეკრულება კი იყო ფასადური, რადგან იგი შეიცავს შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ნორმებს. განსაზღვრული იყო ყოველთვიური ანაზღაურება 1058 ლარის ოდენობით (2014 წ.06 ივნისის ხელშეკრულებით), მიუხედავად იმისა, შეასრულებდა თუ არა მოსარჩელე რაიმე მომსახურებას. ამიტომაც ის არ იყო ნარდობის ხელშეკრულება, იყო კლასიკური შრომის ხელშეკრულება. მოპასუხეთა მხრიდან გამოცემული არ ყოფილა რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი ქ------- ქ-----–---–ის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ამიტომაც გათავისუფლება უკანონოა და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1. მოპასუხე სს ,,პ-------------ბ---ის’’ პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ, სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესთან გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება 2008 წლიდან. ის, როგორც საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი, მომსახურებას უწევდა ბ---ს და ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მომსახურების საფასური შეადგენდა 1058 ლარს.
სს ,,პ-------------ბ---ს’’ გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება შპს ,,რ---------’’-სთან ამ მომსახურების უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, მოსარჩელე, როგორც შპს ,,რ---------’’-სთან, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მივლენილი იყო სს ,,პ-------------ბ---ში(ფილიალში)’’. თავის მხრივ, შპს ,,რ---------’’
უზრუნველყოფდა შემსყიდველის (სს ,,პ-------------ბ---ის’’), როგორც დაინტერესებული პირის ან მესამე პირის, განცხადების წარმომდგენის ხელმისაწვდომობას ელექტრონულ რეესტრზე. შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ის განათავსებს საკუთარ წარმომადგენლებს შემსყიდველის ფილიალში ან/და სერვისცენტრებში. მოსარჩელესთანაც გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება, დაკონკრეტებული იყო მომსახურების გაწევის ადგილი და დრო, მომსახურების ფარგლები და მოცულობა, აგრეთვე ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოსარჩელეს შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება დადებული ჰქონდა შპს ,,რ---------’’-თან.
რომელიც ბ---ს უწევს სპეციფიკურ მომსახურებას, რაზეც მას ავტორიზაცია აქვს მიღებული იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებიდან და იგი ამ მომსახურებას უწევდა ბ---ს სხვადასხვა ოფისებში წარმომადგენლების განთავსებით. შესაბამისად, მოსარჩელის ფუნქციები განსხვავდებოდა ბ---ის სხვა თანამშრომელთა ფუნქციებისა და ძირითდი საქმიანობისგან, მასზე არ ვრცელდებოდა ბ---ში მოქმედი შინაგანაწესი და სამუშაო პირობები, მოსარჩელე ანგარიშვალდებული იყო შპს ,,რ---------’’-სთან.
მოპასუხის განმარტებით, სს ,,პ-------------ბ---ი’’ არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირს და მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავად, მისივე თანამშრომლების მეშვეობით, მოახდინოს შესაბამისი რეგისტრაციები, ამიტომ ის სარგებლობს შპს ,,რ---------’’-ის მომსახურებით, რომლის წარმომადგენელიც იყო მოსარჩელე. მომსახურების ხელშეკრულების 1.2.5. პუნქტის თანახმად, ბ---ი უფლებამოსილი იყო 3 დღით ადრე, წინასწარი გაფრთხილების მიცემით, შეეწყვიტა მოსარჩელესთან ურთიერთობა. რის გამოც ქ------- ქ-----–---–ის მოთხოვნები სს ,,პ-------------ბ---ის’’ მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მათ შორის არ ყოფილა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და იგი კიდეც რომ აღდგეს შპს ,,რ---------’’-ში, ბ---ს არ წარმოეშობა მასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება და არა შრომითი კონტრაქტი, რის გამოც მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა ცალმხრივად. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შვებულების მიცემას.
მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შპს ,,რ---------’’-სთან და ის იყო ერთგვარი წარმომადგენელი ბ---ში. მოსარჩელე განზრახ არ იხდიდა დაზღვევის თანხას 5 თვის განმავლობაში თვეში 60 ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა მას ყოველთვიურად. მოსარჩელეს არ ეკავა საშტატო განრიგით გათვალისწინებული პოზიცია, ხოლო გარკვეული ფუნქციების შესრულებისას პირთან ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
2.2. მოპასუხე შპს ,,რ---------’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია შპს ,,რ---------’’-ში 2014 წლიდან. 2018 წლის 20 აგვისტოს მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ------- ქ-----–---–ისთვის სისტემაზე წვდომის შეწყვეტის მოთხოვნით. რომლის საფუძველიც გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადაზღვევო პრემიის თანხას არ განკარგავდა მიზნობრივად, რაც გახდა მოსარჩელის მიმართ ნდობის დაკარგვის და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. რადგან შპს ,,რ---------’’-ის პოლიტიკის შესაბამისად, ყველა თანამშრომელს უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რის შესაბამისადაც მათ აქვთ შეთანხმება სს ,,პ-------------ბ---თან’’ და ბ---ის მიერ მოსარჩელისათვის მისაცემი ანაზღაურება ასევე ითვალისწინებს შპს ,,რ---------’’-ის თანამშრომლის მიერ სადაზღვევო პოლისის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან შეწყდა შრომის კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რაც ავტომატურად მოიცავდა რეესტრის სისტემაზე წვდომის შეწყვეტას და მინდობილობის გაუქმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მას ბოროტად გამოეყენებინა რეესტრის სისტემაზე წვდომის უფლება, და შპს ,,რ--------’’ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებულ ავტორიზაციის ხელშეკრულებას.
მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ მას გათავისუფლების მიზეზების დასაბუთების თაობაზე მიმართა 2018 წლის 29 აგვისტოს. შესაბამისად მას სარჩელის აღძვრის ბოლო ვადა ჰქონდა 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით, სარჩელი კი შეტანილ იქნა 2018 წლის 20 ნოემბერს. რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება წერილობითი ფორმით არ გამოცემულა, თუმცა მას შეუწყვიტეს წვდომა ბაზასთან, რადგან ქ------- ქ-----–---–ს გაუუქმდა ავტორიზაცია, ბრძანების დაწერა არ ჩათვალეს საჭიროდ. გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნიეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის ,,ო’’ქვეპუნქტი. რადგან მათ მიერ მოხდა ბაზაზე წვდომის შეწყვეტა, ,,პ-------------ბ---მაც’’ ავტომატურად შეუწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქ------- ქ-----–---–ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 01 თებერვლიდან დასაქმებული იყო შპს ,,რ---------’’-ში ავტორიზებულ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, შრომითი ხელშეკრულება (ს/ფ 19-23 ).
3.1.2. ქ------- ქ-----–---–ი 2008 წლიდან მუშაობდა სს ,,პ-------------ბ---ის’’ ქუთაისის ფილიალში რეგისტრატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1058 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,რ----------’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 29 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 96-97)
3.1.4. 2014 წლის 06 ივნისიდან, ყოველწლიურად (ბოლოს 2017 წლის 29 დეკემბერს) ,,პ-------------ბ---ს’’(,,შემსყიდველი’’) და შპს ,,რ---------’’-ს ( მიმწოდებელი) შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები შემდეგი პირობებით: 3.2.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი, როგორც ავტორიზებული პირი, დელეგირებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შემსყიდველის ფილიალში ან/და სერვისცენტრებში საკუთარი წარმომადგენლების განთავსებას, ხოლო 4.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასური 1 საანგარიშო წლის განმავლობაში შეადგენს ერთჯერადად გადასახდელ ერთიათას ლარს და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის ყოველთვიურად ფიქსირებულ 350 ლარს და ყოველთვიურად 10 ლარს შემსყიდველის ტერიტორიაზე განთავსებული თითოეულ მიმწოდებლის თანამშრომელზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მომსახურების ხელშეკრულებები (ს/ფ 26, 29-30. 62-70, 72-80, 92-93 )
3.1.5. 2008 წლის 20 ოქტომბრიდან სს ,,პ------------- ბ---ს’’ და ქ------- ქ-----–---–ს შორის დადებულ იქნა მომსახურების ხელშეკრულება 1 წლის ვადით, შემდეგ 2009წლის 08 დეკემბრიდან 2011 წლის 01 იანვრამდე. ხელშეკრულება ფორმდებოდა ყოველწლიურად და ბოლოს დაიდო 2017 წლის 27 დეკემბერს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ქ------- ქ-----–---–ი, როგორც ავტორიზებული პირი, დელეგირებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფდა შემსყიდველის, ან მესამე პირის განცხადების წარმომდგენის ხელმისაწვდომობას ელექტრონულ რეესტრზე და დამატებით შეთანხმებული პირობებით, შემსყიდველის ფილიალში ან/და სერვის-ცენტრებში განათავსებდა საკუთარ წარმომადგენლებს. თავის მხრივ შემსყიდველი ვალდებულებას იღებდა მიმწოდებლის წარმომადგენლები უზრუნველეყო სამუშაო პირობებით, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ფასეულობით(კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯით, საკანცელარიო საქონლით და სხვა) და საკომუნიკაციო საშუალებებით (სატელეფონო კავშირით, ინტერნეტ-კავშირით და სხვ.).
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეადგენდა ერთჯერადად გადასახდელ 6900 ლარს (5500 ლარი NARP პროგრამის საფასური, 1100 ლარი-გირავნობა/ლიზინგის პროგრამის საფასური, 300 ლარი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა). გარდა ამისა, შემსყიდველი მომწოდებელს უხდის ყოველთვიურად ფიქსირებულ 500 ლარს და ყოველთვიურად 10 ლარს შემსყიდველის ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული მომწოდებლის თანამშრომელზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულებები (ს/ფ 72-80, 85, 90, 92-93, 95)
3.1.6. 2017 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების 11.2 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება შეწყდება შემსყიდველის მიერ შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) შემსყიდველი უარს განაცხადებს მომსახურებაზე ან მიმწოდებელი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას
3.1.7. 2018 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, სს ,,პ------------- ბ---ის’’ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო 20 აგვისტოს მიმართა სს ,,პ-------------ბ---ს’’, ხოლო 29 აგვისტოს შპს ,,რ---------’’-ს გათავისუფლების კონკრეტული მიზეზების შესახებ ინფორმაციის, მტკიცებულებების და განთავისუფლების ბრძანების მოთხოვნით. მანვე უარი განაცხადა ურთიერთშეთანხმების აქტზე ხელისმოწერაზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-განცხადებები (ს/ფ 24; 25; 27;28).
-ურთიერთშეთანხმება (ს/ფ 26).
-ქ.ქ-----–---–ის უარი (ს/ფ 27)
- შეტყობინება (ს/ფ 18).
3.1.8. 2018 წლის 20 აგვისტოს შპს ,,რ---------’’-მა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, იმავე წლის 20 აგვისტოდან შპს ,,რ---------’’-ის თანამშრომელ ქ------- ქ-----–---–ისთვის შეეწყვიტა მინდობილობა და სისტემაზე წვდომა. (იხ.ს/ფ 122)
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-ელ. შეტყობინება (ს/ფ 122)
3.1.9. ქ------- ქ-----–---–ს და სს ,,ა----------------ასთან’’ 2017 წლის 01 მაისის ხელშეკრულებით წლიური სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 660 ლარით, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო თორმეტჯერადად, 55 ლარის ოდენობით, შემდეგი პროცედურის დაცვით: ,,მზღვეველის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, სს ,,პ-------------ბ---ი’’. სადაზღვევო კომპანია ,,ა----------------ის’’ მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, ქ------- ქ-----–---–ს მზღვეველისათვის 2018 წლის 28 მაისს, 28 ივნისს და 28 ივლისს გადახდილი აქვს დაზღვევის თანხა 60 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ თანხის გადახდა არ ფიქსირდება.
ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის გაგზავნილი შეტყობინება; დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გაგზავნილი შეტყობინება, მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ს/ფ 155-160),- დანართი 1 (ს/ფ 148-150)
3.1.10. სს ,,ა----------------ას’’ და სს ,,პ-------------ბ---ს’’ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევის, სს ,,პ-------------ბ---ის’’ მიერ წარმოდგენილ ამ ხელშეკრულების #2 დანართში მითითებული პირები, რომლებიც იმყოფებიან დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში(თანამშრომლები)...რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-დაზღვევის ხელშეკრულება (ს/ფ 155-160)
3.1.11. ქ------- ქ-----–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება წერილობითი ფორმით არ გამოცემულა და მას არც გათავისუფლების მიზეზების თაობაზე მიუღია წერილობითი ინფორმაცია მოპასუხეებიდან.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ქ------- ქ-----–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6, 38-ე, 32-ე, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის.
სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.
6.2. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები.
ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა, ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში.
შესაბამისად, სადავოობისას სამართლებრივი შედეგების მოწესრიგება საჭიროებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების შინაარსის განმარტებას.
თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს, არა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, არამედ იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
განსახილველ საქმეში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სს ,,პ-------------ბ---სა’’ და ქ------- ქ-----–---–ს შორის დადებულ ე.წ. ,,მომსახურების ხელშეკრულებაში’’ დაფიქსირებული შეთანხმების შინაარსზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რათა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1, 630.2 და 648-ე მუხლების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას, შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.
შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური, სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
6.5. შრომის კოდექსის მე-6.9 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი;
დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
6.6. ამავე კოდექსის 31.2 და 33.1 მუხლების თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
6.7. ამრიგად, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, საიდანაც დამსაქმებელი ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო) დაქვითვას, ხოლო ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელს (მენარდე) ეძლევა ანაზღაურება კონკრეტულად განსაზღვრული ტარიფით და მისი გადახდა ხდება სამუშაოს შესრულების შემდეგ.
6.8. ვინაიდან, მხარეთა შორის არაერთგზის დადებული ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით, ქ------- ქ-----–---–ი წლების განმავლობაში ასრულებდა სამუშაოს, განსაზღვრული ჰქონდა ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება და იღებდა მას. ის არ ასრულებდა დროებით სამუშაოს, გარკვეული ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მხარეთა შორის ურთიერთობა რეალურად წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.
შესაბამისად, ქ------- ქ-----–---–სა და სს ,,პ-------------ბ---ს’’ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოადგენს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და მასზე უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსის დებულებები.
6.9. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით - „შრომა თავისუფალია’’, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო’’ (გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997), ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებითვე (გადაწყვეტილება №2/2-389; 26.10.2007) კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება (სკ-ის115-ე მუხლი).
6.10. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები ემყარება გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების უსაფუძვლობას.
მოპასუხეთა განმარტებით, გათავისუფლების გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო’’ ქვეპუნქტს, რაც განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს სხვა ობიექტური გარემოების გამო, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
სასამართლოს აზრით, მხარეთა შორის წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მათ ნდობა დაკარგეს მოსარჩელის მიმართ, სადაზღვევო თანხის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერებას.
6.11. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ამავე მუხლის 13 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია, რომ თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. აღნიშნულ დანაწესს ასევე გააჩნია შენიშვნა, კერძოდ, მითითებულია, რომ ამ მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ).
მე-6 მუხლში არსებული შენიშვნის მიხედვით ცხადი ხდება, რომ კანონმდებელმა უვადო ხელშეკრულების აღიარების ინტერესისთვის გარკვეული პირობებით საკანონმდებლო ცვლილებებს მისცა უკუქცევითი ძალა, რომელმაც გააუმჯობესა დასაქმებულის მდგომარეობა მისი ინტერესის თანახმად დამსაქმებელთან ჰქონდეს სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
დადგენილია, რომ სს ,,პ------------- ბ---სა’’ და მოსარჩელეს შორის არსებობდა ხელშეკრულება 2008 წლიდან, რაც მიუთითებს, რომ ისინი იმყოფებოდნენ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. რადგან ერთსა და იმავე დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების არსებობა 5 წლით ან მეტი ვადით და ვადიანი ხელშეკრულების მოქმედება კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში (მსგავს საქმეებზე აგრეთვე იხ., სუსგ №ას-20-20-2018, 09 თებერვალი, 2018 წელი; სუსგ №ას-373-354-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი), ადასტურებს მხარეებს შორის შრომით ურთიერთობას.
მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დადასტურეს მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური იყო.
6.12. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. 44-ე მუხლის მიხედვით კი, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1 058 ლარით (დარიცხული).
შრომითსამართლებრივი დავიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება’’ (იხ.სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
ამასთან, სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის როგორც წერილობით, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას განხორციელებულ შედავებაზე მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან მიმართებით. სასამართლო მიუთითებს, რომ დასაქმებულს, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობისთანავე, შეუძლია, სადავო გახადოს ეს საფუძვლები. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დავის განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ გათავისუფლება განხორციელდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
6.13. სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეწყვიტონ მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულების მოშლის გზით, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი, იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, კანონმდებელი დამსაქმებელს არ ანიჭებს თვითნებობის და დასაქმებულის სამსახურიდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების უფლებას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა(მოშლა) უნდა ეფუძნებოდეს შრომის სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. კანონით მინიჭებული რომელიმე უფლება მხარის მიერ ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული (სკ-ის 115 -ე მუხლი).
6.14. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა მხოლოდ ზეპირად განმარტეს და ვერ დაასაბუთეს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, მათ არც წერილობითი სახით გამოუციათ ბრძანება ქ------- ქ-----–---–ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, შესაბამისი სამართლის ნორმის მითითებით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,პ-------------ბ---ის’’ და შპს ,,რ---------’’-ის მიერ ქ------- ქ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დაცული არ ყოფილა შრომის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნა, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (მოშლა) არასწორია, ხოლო სამუშაოდან გათავისუფლება- უკანონო.
6.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადები დადგენილია კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
დადგენილია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და მოსარჩელე 2008-2018 წლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე სს ,,პ-------------ბ---თან’’, ხოლო შპს ,,რ---------’’-სთან - 2014 წლიდან.
დადგენილია, რომ ქ------- ქ-----–---–ისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2018 წლის 15 აგვისტოსათვის და 20-29 აგვისტოს ეცნობა ოფიციალურად, ხოლო მის მიერ სარჩელის წარდგენა მოხდა 2018 წლის 20 ნოემბერს, 30 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე იცოდა იმთავითვე, 2018 წლის 23 აგვისტოდან, როდესაც მას აღარ შეუსრულებია დაკისრებული სამუშაო და აღარ მიუღია შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ დროიდან. მან სარჩელით მომართა სასამართლოს 2018 წლის 05 ნოემბერს და მიუხედავად მოპასუხის მიერ შესაგებელში ხანდაზმულობაზე მითითებისა, მოსარჩელეს კვალიფიციური შედავება და ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ მან მიმართა სასამართლოს 30 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი და ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია..
სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა, მოსარჩელეს კი დადგენილ ვადაში არ შეუტანია სარჩელი სასამართლოში, მან მხოლოდ 2018 წლის 05 ნოემბერს მომართა სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად, მასში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ დაცული იყო სასამართლოსათვის მომართვის ვადა, მიუხედავად საფუძვლიანობისა, ქ------- ქ-----–---–ის მოთხოვნები ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
6.16. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია და უშუალო კავშირშია ერთმანეთთან, შესაბამისად არ არსებობს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53(1)-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქ------- ქ-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ------- ქ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ქ------- ქ-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ. ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე