გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.07.2019
საქმის ნომერი
820310018002768875
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002768875 (3-118/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - დ------------ე

წარმომადგენელი: ა-----------–---–ი

მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ხ--------------–--ე

მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი - ზ--------------ე, ქ---------------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულება დ------------ის მიწის ნაკვეთის აღიარების უარის თქმის თაობაზე.

 

1.2. მოპასუხეს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ------------ის განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზ------------–ი მდებარე თვითნებურად დაკავებული 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

1.3.სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

დ------------ეს 1996 წლიდან სარგებლობაში გააჩნია 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლი დაინგრა დაახლოებით 2002 წელს. დ------------ემ მოითხოვა აღნიშნული ქონების საკუთრებაში აღიარება, თუმცა, 2017 წლის 17 მარტს მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ან მისი ნანგრევი განთავსებული არ იყო, არ ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი, სადაც მითითებული იქნებოდა შენობა ნაგებობის ნანგრევი.

2018 წლის 3 მაისს დ------------ემ კვლავ მიმართა ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხელვაჩაურში სოფ. ჯ-----–ი 3002 კვ.მ. მეტრი მიწისა და შენობა ნაგებობის (ნანგრევის) აღიარების მოთხოვნის მიზნით.

განცხადების გახილვა გაიმართა 2018 წლის 12 ოქტომბერს, სადაც დ------------ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა რწმუნებულის ცნობის წარდგენა, თუმცა 2018 წლის 12 დეკემბერს ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიღებული იქნა განკარგულება, სადაც დ------------ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთისა და ნანგრევის აღიარებაზე.

კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი არის ზედდებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება არ წარმოადგენს შემზუღდველ გარემოებას მიწის ნაკვეთის აღიარებისათვის.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო, აცხადებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაზეც მიუთითებს შემდეგ გარემოებებს:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ------------ისთვის უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაცემასთან უარის შესახებ გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის: ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველო კანონის საქართველოს მთავრობის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 376 დადგენილების შესაბამისად, ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

დ------------ის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს მოთხოვნებს, სადავო მიწის ნაკვეთი არის განკარგული, ის წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და საკუთრების უფლების კომისიას არ აქვს უფლება განახორციელოს მესამე პირების საკუთრებაში არსებული ქონების მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა, სხვა პირზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

უდავოა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 19 აგვისტოს N01-------- წერილის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----------ში მდებარე 44699 კვ.მ. სასაფლაო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, როგორც სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით ირკვევა, მათ შორის სადაო ქონება - 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედის აღნიშნულ ფართობში.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 06 ნოემბრის N--- განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცა 66 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი რომელიც დღეისათვის სადაოა.

მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობის აღნიშნული განკარგულების შესაბამისად 2009 წლის 13 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის გაფორმებული იქნა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და 2009 წლის 16 ნოემბერს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარედგინა სამინისტროს 2009 წლის 16 ნოემბერის N01-------- წერილით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქონების მიღება - ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება მოსარჩელეს დღემდე სადაო არ გაუხდია. შესაბამისად უდავოა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების გაუქმებამდე მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა დაცვით. უფრო მეტიც, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვიება. შესაბამისად ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“

საქართველო კანონით საკუთრების უფლების კომისიას არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს მესამე პირების საკუთრებაში არსებული ქონების მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დ------------ის ოჯახი 1996 წლიდან ცხოვრობს და სარგებლობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ნაკვეთი შემოღობილია, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, გაშენებულია ციტრუსი და მრავალწლოვანი ნარგავები, აღნიშნულ ნაკვეთზე ეწევა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები.

-სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი

-გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი.

-დათვალიერების აქტი.

 

4.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროს 2009 წლის 19 აგვისტოს N01-------- წერილის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----------ში მდებარე 44699 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის დ------------ის მიერ წარდგენილ ნახაზში ასახული 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შედის აღნიშნულ ფართობში.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 06 ნოემბრის N--- განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა და მის სახელზე დარეგისტრირდა 66 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ერთ-ერთი 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რომელის საკუთრების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე დ------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 19 აგვისტოს N01-------- წერილი.

-საქართველოს მთავრობის 2009 წლის 06 ნოემბრის N--- განკარგულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,- საკადასტრო გეგმა.

 

4.1.3. 2016 წლის 1 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დ------------ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ელ ვერსია, მოწმეების - ჯ--------------ის, ბ----------ისა და თ-------–----------ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება.

დ------------ის მასალები საჯარო რეესტრიდან საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ------------ის განცხადება თანდართული მასალებით.

 

4.1.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 მარტის სხდომის N----- და ამავე კომისიის 2017 წლის 31 მარტის N2- განკარგულებით დ------------ეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მიწის ფართში არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) და არ წარმოადგენს დ------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 17 მარტის სხდომის N7-

-2017 წლის 31 მარტის N2- განკარგულება.

 

4.1.5. 2018 წლის 3 მაისს დ------------ემ კვლავ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ელ ვერსია, მოწმეების - თა----------–--ისა და ო---------------–--ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, მერის წარმომადგენლის დასტური, საარქივო ამონაწერები კომლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ------------ის განცხადება თანდართული მასალებით.

 

4.1.6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულებით დ------------ეს მიწის ნაკვეთის აღიარების უარის თქმის თაობაზე. დ------------ეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს საკითხი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა სახელმწიფო საკუთრება და არის თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში მიწის გადაცემა განკარგვა მესამე პირზე, რომელიც იქნება კერძო პირისათვის ასეთი ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

ეს საკითხი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს კონსტიტუცია

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დ------------ემ, მიიჩნია რა თავისი უფლებები საკუთრების აღიარებაზე დარღვეულად, მათ დასაცავად სარჩელით მიმართა სასამართლოს

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

7.3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებული არის, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

7.4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

ზემო დასახელებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, დ------------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ელ ვერსია, მოწმეების - თა----------–--ისა და ო---------------–--ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, მერის წარმომადგენლის დასტური, საარქივო ამონაწერები კომლის შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ დ------------ის ოჯახი 1996 წლიდან ცხოვრობს და სარგებლობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ნაკვეთი შემოღობილია, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, გაშენებულია ციტრუსი და მრავალწლოვანი ნარგავები, აღნიშნულ ნაკვეთზე ეწევა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 06 ნოემბრის N--- განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა და მის სახელზე დარეგისტრირდა 66 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ერთ-ერთი 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რომელის საკუთრების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე დ------------ე.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულებით დ------------ეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოთხოვნებს. კერძოდ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად შესაბამისად კომისია არ იყო უფლებამოსილი განეკარგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

7-6. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელვა დავით იონიძის განცხადების დაკმაყოფილებაზე 2017 წლის გაა-- თუმცა შემდგომში გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არის შემოღობილი, გასენებული მრავალწლოვანი ნარგავები და დავით იონიძის მიერ მისი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი დადგენილია, თუმცა საკუთრების უფლებით გადაცემაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას წარმოადგენს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 06 ნოემბრის N--- განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–ი მდებარე 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც 1996 წლიდან ფლობს და სარგებლობს დ------------ის ოჯახი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას, თუმცა იგი ვერ ჩაითვლება განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია აღნიშნული გარემოების გამო მოკლებულია უფლებამოსილებას, აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ასევე წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ეს გარემობა არ შეიძლება ყოფლიყო დ------------ის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7-7- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დ------------ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

 

7-8 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7-9. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულება დ------------ის მიწის ნაკვეთის აღიარების უარის თქმის თაობაზ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ------------ის განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზ------------–ი მდებარე თვითნებურად დაკავებული 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში დ------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფალია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 დეკემბრის N 2-- განკარგულება დ------------ის მიწის ნაკვეთის აღიარების უარის თქმის თაობაზე.

 

3. მოპასუხეს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ------------ის განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზ------------–ი მდებარე თვითნებურად დაკავებული 3002 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე