გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310018002504141
(3/34-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“
წარმომადგენელი - არჩილ კერესელიძე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ნანა ფაცაცია
დავის საგანი- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 04 მაისის #2017/12 საოქმო გადაწყვეტილებების, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ წარმომადგენლის 2017 წლის 19 აპრილის #39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 30 მაისის #04/34329 გადაწყვეტილება სრულად; კერძოდ, ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 03 აგვიტოს #04-219/მ, 02 სექტემბრის #04-257/მ, 04 ოქტომბრის #04/298/მ და 04 ნოემბრის #04-339/მ; 2017 წლის 10 თებერვლის #04-47/მ და 2017 წლის 13 მარტის #04-83/მ ბრძანებების საფუძველზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2016 წლის 28 აპრილის #0008122601 მიმართვის წერილის თანახმად სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის - მარტვილის ჰოსპიტალის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2017 წლის 23 მარტის #05/2017 აქტი მისი 7.1 პუნქტის ნაწილში სრულად, შესაბამისად, დაკმაყოფილდეს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ 2017 წლის 19 აპრილის #39494 ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 03 აგვიტოს #04-219/მ, 02 სექტემბრის #04-257/მ, 04 ოქტომბრის #04/298/მ და 04 ნოემბრის #04-339/მ; 2017 წლის 10 თებერვლის #04-47/მ და 2017 წლის 13 მარტის #04-83/მ ბრძანებების საფუძველზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2016 წლის 28 აპრილის #0008122601 მიმართვის წერილის თანახმად, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ (ს/კ 404476205) (შემდგომში მიმწოდებელი) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით, გათვალისწინებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე გაწეული მუშაობის თემატური შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად, სააგენტოს მიერ შედგა აქტი (გასაჩივრებული აქტი) 2017 წლის 23 მარტს #05/2017, რომელიც სააგენტოს მხრიდან სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ გასაცნობად გადაეცა 2017 წლის 27 მარტს.
გასაჩივრებული აქტის თანახმად დადგენილ იქნა: ა) ,,მიმწოდებელს“ (იგივე სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს“) სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 121,222.92 ლარი, საიდანაც 39,999.59 ლარი წარმოადგენს უკვე ანაზღაურებული შემთხვევების უკან დაბრუნების თანხას, ხოლო 81,223.33 ლარი კი წარმოდგენს დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას (,,გასაჩივრებული აქტის“ მე-8 პუნქტი); ბ) სააგენტოს შეფასებით, 2470 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, ანუ ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, რის გამოც აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 23,882.18 ლარი. (რომელიც უნდა დაექვემდებაროს სახელწმიფო ბიუჯეტში აღდგენას), ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 51,205.27 ლარი (გასაჩივრებული აქტის 7.1. პუნქტი);
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტის 7.1 მოყვანილი არგუმენტები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ისევე, როგროც აღნიშნულიდან გამომდინარე თანხების დაკისრება, კანონიერ საფუძველს მოკლებულია, მცდარია, შესაბამისად, ,,გასაჩივრებული გადაწყვეტილება“ ნაწილობრივ, კერძოდ, კი 7.1. პუნქტის ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: 2470 შემთხვევაში, ბენეფიციარები ძირითად კონტიგენტში იმ მიზეზით არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, რომ მათ ფაქტობრივ მისამართში დაფიქრებულია სოფელი; წარმომადგენლის განმარტებით, თანხმობის ფორმები შეიცავს გრაფას ბენეფიციარის ფაქტობრივი მისამართის შესახებ; ფაქტობრივ მისამართს თავად ბენეფიციარი უთითებს თანხმობის ფორმაში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; აღნიშნულის შემდეგ მიმწოდებელს თანხმობის ფორმაში მითითებული ბენეფიციარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის ელექტრონულ მოდულში (ე.წ. პორტალზე) გადააქვს ბენეფიციარის დარეგისტრირების მიზნით, ხოლო ბენეფიციარის რეგისტრაციის მისამართს კი თავად/პლატფორმა აგენერირებს, საჯარო რეესტრის მონაცემებთან სინქრონიზაციის გზით. წარმომადგენელი უთითებს, რომ აღნიშნული ელექტრონული მოდული თავად სააგენტოს მიერ შექმნილი პლატფორმაა (პროგრამული უზრუნველყოფა) და იგი მუშაობს სწორედ სააგენტოს მიერ დაპროგრამებული პრინციპით და მიმწოდებელს არანაირი ზემოქმედება ამ პროცესზე არ აქვს. მიმწოდებელს, როგროც მომხმარებელს, უბრალოდ მინიჭებული აქვს წვდომა და შესაბამისი პაროლი; გაცნობებ, რომ თავად გეგმიური ამბულატორიის ელექტრონული მოდული ე.წ. პორტალი, სადაც ხდება ბენეფიციარების რეგისტრაცია, მიმწოდებელს შესაძლებლობას არ აძლევს ის ბენეფიციარი, რომლის ფაქტობრივ მისამართად მითითებული სოფელი, დაარეგისტრიროს ძირითად კონტიგენტად, პროგრამაში ინტეგრირებული შეზღუდვები ამის შესაძლებლობას ფიზიკურად არ იძლევა, რაც დადასტურებულია თანდართული NF16001283 ოქმით, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ. სარჩელის ავტორის განმარტებით, მიმწოდებელს არაფერი დაურღვევია, მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი ახსნადი მიზეზი შეიძლება იყოს თავად ელექტრონული მოდულის პლატფორმის ფუნქციონირების ხარვეზები, რაც არაერთხელ მომხდარა, როდესაც თავად პლატფორმა არასწორად აგენერირებს/აგენერირებდა ინფორმაციას. ასევე ავტომატიზირებულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელწმიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური საანგარიშგებო ფორმების ყოველთვიური ანგარიშგების პროცესიც, პორტალი ამ შემთხვევაშიც თვის დასრულების შემდეგ ავტომატურად აგენერირებს წინამორბედ თვეში კონკრეტული მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამურ ოდენობებს, ამ პროცესზეც მიმწოდებელს ზეგავლენა არ აქვს. მიმწოდებელი მხოლოდ ამგვარი სახით, ავტომატურად, გენერირებული მონაცემის გაგზავნის ღილაკს აჭერს ხელს, ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პორტალის გაუმართაობით გამოწვეული ხარვეზიანი რეგისტრაციები სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა არა ყოველმხრივ, არამედ მხოლოდ მიმწოდებლის საზიანოდ, ვიანიდან მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული იქნა იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც ბენეფიციართა ფაქტობრივი მისამართი გახლავთ ქ. მარტვილი, მაგრამ ისინი ძირითადი კონტიგენტის ნაცვლად დამატებით კონტიგენტად არინ რეგისტრირებული პორტალის ხარვეზების გამო, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს მიღებული აქვს არა ძირითადი, არამედ დამატებითი კონტიგენტის თანხა. მოცემული კლინიკის შემთხვევაში, ამგვარი დანაკლისის ჯამური თანხა შეადგენს 620.06 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და ითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის N05/2017 ატის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-151 მუხლის საფუძველზე, შემოწმებას დაექვემდებარა სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარტვილის ჰოსპიტალი. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა ვადას 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში. აქტის 7.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის N04-185/ო ბრძანების დანართი N2-ის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2016 წლის 28 აპრილის #0008122601 მიმართვის წერილით წარმოდგენილი და მიმწოდებელთან არსებულაი დოკუმენტაციის თანახმად, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი-მარტვილის ჰოსპიტალის მიერ რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელწმიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებელ პაციენტის შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 73645, მათ შორის ძირითადი კონტიგენტის შემთხვევათა რაოდენობა 14868, დამატებითი კონტიგენტის შემთხვევათა რაოდენობა 58777. აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი მარტვილის რეფერალური ჰოსპიტალის“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად 2470 შემთხვევაში, ძირითად კონტინენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, ამდენად, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელებული შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 23882.18 ლარი, რაც პროგრამის მე-20 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანხმად, ექვემდებარება უკან დაბრუნებას; აქედან 2014 წლის თებერვლამდე 3319.58 ლარი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის აგვისტომდე 20562.60 ლარი. რის გამოც პროგრამის მე-19მუხლის მე-14 პუნქტის (თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტალიზაციით) , ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევბის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 თებერვლის N134 დადგენილებით, თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით) თანახმად, მიმწოდებელს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი - მარტვილის ჰოსპიტალ“-ს ჯარიმის სახით დაერიცხა 51205.27 ლარი (აქედან 2014 წლის თებერვლამდე ჯარიმამ შეადგინა 16,15 ლარი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის აგვისტომდე ჯარიმამ შეადგინა 51189.12 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის N05/2017 ატი (იხ.ს.ფ.17-22)
3.2.2. 2017 წლის 19 აპრილს, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 23 მარტის #05/2017 აქტის ბათილად ცნობა მის 7.1. პუნქტის ნაწილში სრულად.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
ადმინისტრაციული საჩივარი (იხ.ს.ფ.23-26);
3.2.3. 2016 წლის 16 დეკემბერს 16:35ათ - 17:50 საათის დორის შუალედში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ოქმი ფატების კონსტატაციის შესახებ, ოქმი F16001283; ოქმის თანახმად, განხორციელდა გეგმიურ ამბოლატორიულ ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარის რეგისტრაცია საყოველთაო-ჯანდაცვა გეგმიური ამბულატორიის მოდულში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
ფატების კონსტატაციის შესახებ ოქმი F16001283 (იხ.ს.ფ.27-51);
3.2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის #04/34329 გადაწყვტილებით, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ (ს/კ 404476205) წარმომადგენლის (ნ. ქორთუა) 2017 წლის 19 აპრილის N39494 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის #04/34329 გადაწყვტილება (იხ.ს.ფ.52-55);.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე დაობს იმ ფაქტობრივ გარემოებზე მითითებით, რომ მოსარგებელთა რეგისტრაციის მოდულში რაიმე ზემოქმედება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მას როგორც ამ პროგრამით მოსარგებლეს, არ შეუძლია. პროგრამის შეზღუდვები თავად არ იძლევა შესაძლებლობას სოფლად მცხოვრები დარეგისტრირდეს ძირითად კონტიგენტად. ხარვეზიანი რეგისტრაციები შემმოწმებლის მიერ არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი, იგი შემოწმდა მხოლოდ მიმწოდებლის საზიანოდ. არსებული დარღვევები გამომდინარეობს თავად პორტალის გაუმართაობით. აღნიშნული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სრულად ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თავად ფაქტი მოსარგებლეთა არასწორად რეგისტრაციის განხორციელებისა მხარეების მიერ იქნა აღიარებული, რაც საბოლოო ჯამში ასახვას ჰპოვებს მომსახურების ფიქსირებულ ღირებულებაზე ყოველ კონკრეტულ შემთხევაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცაია; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება; საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის 2.1.,,დ" მუხლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.4. სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემამსუბუქებელი იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
6.5. 2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. დადგენილებით განსაზღვრულია მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახროციელებელი დაწესებულება, ასეთს კი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (განმახორციელებელი). ამასთან, დებულებაში მითითებულია ასევე თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლი ეხება დაფინანსების მეთოდოლოგიასა და ანაზღაურების წესს, რომლის მიხედვით პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუქნტის მიხედვით 21-ე მუხლის (მომსახურების მოცულობა) პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
ამ დადგენილების დანართი N1-ის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).
ამავე დადგენილების პროგრამის ადმინისტრირების თავის მე-7 მუხლის შესაბამისად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო),ამავე თავის 9.1. მუხლით, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ დადგენილებაში მითითებული პროგრამის ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში. ამ ნორმის მე-4 ნაწილით, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება.
მითითებული დადგენილების პროგრამის ადმინისტრირების თავის მე-151 მუხლით დადგენილია პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის ჩატარების წესი. კერძოდ, ამ ნორმის მე-5 ნაწილით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა, ხოლო მე-6 ნაწილით, შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. კონტროლის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.
ამავე დადგენილების პროგრამის ადმინისტრირების თავის მე-16 მუხლით განისაზღვრა რევიზიის განხორციელების წესი. ამ ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა, ხოლო მე-7 ნაწილით, რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. მითითებული დადგენილების 19.1. მუხლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე დადგენილების 20.5. ,,ზ" მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: ზ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება პროგრამის 151 და/ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემოწმების ან რევიზიის აქტის) გაცნობიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა;
განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მოსარგებლეთა არასწორი რეგისტრაციის ფაქტი. მართალია პროგრამული უზრუნველყოფაზე და მის ზედამხედველობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა მოპასუხე ორგანო, თუმცა ეს გარემოება არ ცვლის მოცემულობას, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ განზრახ, თუ გაუფრთხილებლობით განხორციელდა მოსარგებლეთა არასწორი რეგისტრაცია, კერძოდ, პროგრამაში მონაწილეთა დაფინანსების დროს, ძირითად კონტიგენტში ქალაქში ან დაბაში მცხოვრები ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს 1,93 ლარს, ხოლო დამატებით კონტიგენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) -1,07 ლარს. მიმწოდებლის ძირითად კონტიგენტად არასწორად რეგისტრირებულ დამატებით კონტიგენტზე (მოსარგებლის რეგისტრაციის პერიოდის/თვეების ნამრავლი 0,86 ლარზე) არის ზედმეტად მოთხოვნილი თანხა, რაც ცალსახად ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული თავად მოსარჩელე ორგანოსთვისაც არ წარმოადგენს სადაო საკითხს. სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი მარტვილის რეფერალური ჰოსპიტალის“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად 2470 შემთხვევაში, ძირითად კონტინენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, ამდენად, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელებული შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 23882.18 ლარი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.
6.6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის საკმარისად იქნა მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, სადავო აქტში მითითებული გარემოებები.
6.7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიების შესახებ დადგენილების თანახმად, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვროთ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ აქტის 7.1 პუნქტში მოთხოვნა პროგრამულად ანაზღაურებული თანხის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოცემული დადგენილების თანახმად, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტით მასზედ ჯარიმის სახით დარიცხული თანხის 51205.27 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ;
1.1. სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექს“-ს უარი ეთქვას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 04 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 04 მაისის #2017/12 საოქმო გადაწყვეტილებების, სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ წარმომადგენლის 2017 წლის 19 აპრილის #39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 30 მაისის #04/34329გადაწყვეტილების სრულად - ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.
1.2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს 2017 წლის 19 აპრილის #39494 ადმინისტრაციული საჩივარი-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის #05/2017 აქტის 7.1. პუნქტში დარიცხული ჯარიმა შემცირების მოთხოვნით და ბათილად იქნას ცნობილი სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის - მარტვილის ჰოსპიტალის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2017 წლის 23 მარტის #05/2017 აქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად, მიმწოდებელს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი -მარტვილის ჰოსპოტალს" ჯარიმის სახით დაერიცხა 51205.27 ლარი.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი-ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქN32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი-ქ. სენაკი, რუსთაველის ქN247)
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე