გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2019
საქმის ნომერი
190210119002929127
კატეგორია
დავის ტიპი
სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/558_2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 აგვისტო 2019 წელი ქ. რუსთავი

I შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ს--–- ზ----ი

წარმომადგენელი ნინო ბახტაძე

მოპასუხე ნ------- ი-–-------ი

წარმომადგენელი ბონდო ვათიაშვილი

დავის საგანი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

I აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ნ------- ი-–-------ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის "D----" (რეგ. ნომერი: 3----, რეგ. თარიღი: 08.02.2019) რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

სარჩელის გარემოებები:

 

მოსარჩელე არის მფლობელი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისა: “D----” (საერთ. რეგ. №1221845, პრიორიტეტის თარიღი: 16.09.2013, რეგ. თარიღი: 14.05.2014) 25-ე კლასის საქონლისთვის (კერძოდ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი). სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები ძალაშია რეგისტრაციიდან 10 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო 10 წლით მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებით. მოსარჩელე ასევე მფლობელია თურქეთში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა “D----”. მოსარჩელის ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი საქართველოში შემოდის და გაყიდვაშია 2016 წლიდან. მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მესამე პირების მეშვეობით, რომელთაც მოსარჩელისგან აქვთ (ან თავის დროზე ჰქონდათ) უფლება სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე. მოპასუხე ნ------- ი-–-------ი არის მოსარჩელის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რომელსაც მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია საქართველოში ინტენსიურად შემოჰქონდა 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში.

 

მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის "D----" რეგისტრაცია "საქპატენტში" განახორციელა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოისურვა. კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ (2019 წლის 10 იანვრის შემდეგ) მალევე, 2019 წლის 29 იანვარს წარადგინა "საქპატენტში" განაცხადი და დაჩქარებული პროცედურით, 2019 წლის 8 თებერვალს მოახდინა სასაქონლო ნიშნის "D----" რეგისტრაცია "საქპატენტში" 25-ე კლასის საქონლისთვის (კერძოდ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი). მოპასუხემ მიზანმიმართულად და უნებართვოდ მოახდინა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში, ვინაიდან მან იცის, რომ მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია საქართველოში კარგად იყიდება და შესაბამისად, მოპასუხე შეძლებს შეავიწროვოს მოსარჩელე, აუკრძალოს მას და მის ამჟამინდელ ბიზნესპარტნიორებს აღნიშნული სასაქონლო ნიშნის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინოს აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით სპეკულირება.

 

მოპასუხემ მოახდინა სასაქონლო ნიშნის “D----” რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურშიც, რითაც ამ სასაქონლო ნიშნის ერთადერთ კანონიერ მფლობელს - მოსარჩელეს და მოსარჩელის ამჟამინდელ ბიზნესპარტნიორებს ზღუდავს და უკრძალავს სასაქონლო ნიშნით “D----” ნიშანდებული საქონლის შემოტანას საქართველოში. მოსარჩელე მიუთითებს რომ მოსარჩელის და მოპასუხის სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია ისეთი საქონლისთვის, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს შეექმნება მცდარი წარმოდგენა საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი წარწერით "D----") მწარმოებლის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის და მოპასუხის სასაქონლო ნიშნები ფაქტობრივად იდენტურია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ------- ი-–-------მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მან მოსარჩელისაგან სადაო სასაქონლო ნიშნის საქონელი საქართველოში შემოიტანა ორჯერ. მოსარჩელემ დაარღვია პირობა და მოპასუხის გარდა საქართველოში საქონლის რეალიზაციის უფლება სხვა პირსაც მისცა, რომელმაც იგი შეავიწროვა ფასების შემცირებით. ამის შესახებ აცნობა მოსარჩელესაც, თუმცა ს--–- ზ----იმ ამის აღსაკვეთად ზომები არ მიიღო, რის გამოც მასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. სასაქონლოო ნიშნის რეგისტრაციის დროს არაკეთილსინდისიერი განზრახვით არ მოქმედებდა და არც რეგისტრაციის შემდეგ იყენებს ამ ნიშანს. ამასთან, სასაქონლო ნიშნები განსხვავებულია, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი სამსიტყვიანია, ხოლო მოპასუხის ნიშანი კი მხოლოდ ერთ სიტყვას შეიცავს, რის გამოც მათი აღრევა შეუძლებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 14 მაისს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WIPO, მადრიდის მონიტორი) რეგისტრირებულია საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი “D---- men,s underwear”, რეგისტრაციის N1221845. სასაქონლო ნიშნის მფლობელია თურქეთის მოქალაქე ს--–- ზ----ი. სასაქონლო ნიშანს გააჩნია შემდეგი გამოსახულება

 

სასაქონლო ნიშნის საწყისი რეგისტრაცია განხორციელებულია თურქეთში 2013 წლის 6 სექტემბერს. თურქპატენტის სასაქონლო ნიშნების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ს--–- ზ----იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი თურქპატენტში წარადგინა 2013 წლის 6 სექტემბერს. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 2013 წლის 12 დეკემბრიდან რეგისტრაციის N201274848. სასაქონლო ნიშნის სახელია „D----“. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში. სასაქონლო ნიშანს გააჩნია შემდეგი გამოსახულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი თურქპატენტის რეესტრიდან (ს.ფ. 36-39. ტომი 1)

- ამონაწერი საერთაშორისო რეესტრიდან (ს.ფ. 33-35. ტომი 1 )

 

3.1.2. მოსარჩელე ს--–- ზ----ის მიერ თურქეთში რეგისტრირებულია რანდენიმე სასაქონლო ნიშანი სახელწოდებით D----.

2012 წლის 29 თებერვალს ს--–- ზ----იმ განაცხადით მიმართ თურქტაპენტს და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნიცის სართაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში - ვაჭრობა. სასაქონლო ნიშანს გააჩნია შემდეგი გამოსახულება

 

თურქპატენტის სასაქონლო ნიშნების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ს--–- ზ----ის მიერ 2007 წლის 9 აპრილს წარდგენილია განაცხადი სასაქონლო ნიშნის dorea რეგისტრაციის შესახებ. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 2008 წლის 31 მაისიდან ნიცის საერთაშორის კლასიფიკაციის 25-ე კლასში - ვაჭრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერები თურქპატენტის რეესტრიდან (ს.ფ. 40-53. ტომი 1)

-

3.1.3. 2019 წლის 29 იანვარს ნ------- ი-–-------მა საქპატენტში წარადგინა განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლაში -ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 2019 წლის 8 თებერვლიდან რეგისტრაციის N3----, ხოლო საბოლოოდ გამოქვეყნებულია 2019 წლის 25 თებერვალს. სასაქონლო ნიშნანს გააჩნია შემდეგი გამოსახულება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი საქპატენტის რეესტრიდან (ს.ფ. 83. ტომი 1)

 

3.1.4. ს--–- ზ----ის და ნ------- ი-–-------ს 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის იანვრამდე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, ს--–- ზ----ისთან შეთანხმების საფუძველზე ნ------- ი-–-------ი საქართველოში აწარმოებდა სასაქონლო ნიშნით D---- სახელდებული პროდუქციის იმპორტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 5-16. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ.109-113. ტომი 1)

- ინვოისები (ს.ფ. 66-82. ტომი 1)

 

3.1.5. ნ------- ი-–-------ის სამეწარმეო საქმიანობის სფერო არ არის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავსაბურავის წარმოება. იგი ამ პროდუქციის რეალიზაციით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, აწარმოებს პროდუქციის იმპორტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 5-16. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ.109-113. ტომი 1)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (08.08.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.6. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 26 მარტის N7408 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში დარეგისტრირდა ნ------- ი-–-------ის კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი - სასაქონლო ნიშანი „D----“ (რეგ. N3----)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ბრძანების ასლი (ს.ფ. 84. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არის მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი. ამასთან იგი რეგისტრირებულია იდენტური პროდუქციის სახელდებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არის მოპასუხის მიერ თურქეთში 2013 წლიდან რეგისტრირებული და 2014 წლიდან საერთაშორისო რეგისტრაციით დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი.

 

როგორც ფონეტიკური, ისე ვიზუალური და სემანტიკური თვალსაზრისით, ორივე ნიშანში ძირითადი ელემენტია სიტყვა ”D----”. ორივე ნიშანში სიტყვა ”D----“ იდენტურად სტილიზებული ლათინური შრიფტითაა შესრულებული და ორივე ნიშანი შეიცავს იდენტურ გრაფიკულ ჩანართს - წითელ ფერში გამოსახულ კუბებს. ამასთან, ორივე ნიშანში კუბები იდენტურად არის განლაგებული, იდენტური ფორმის, ზომის და რაოდენობისაა. ორივე სასაქონლო ნიშანი შეიცავს ლათინური შრიფტით შესრულებულ სიტყვას D----, რომელიც შექმნილია იდენტური სტილიზებული შრიფტით, ხოლო „O” ასო-ბგერის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია წითელ ფერში შესრულებული ერთი ცალი კვადრატის გამოსახულება, ხოლო ზედა მხარეს მარჯვენა კუთხეში ასევე წითელ ფერში გამოსახული კვადრატი, ხოლო მის ზემოთ მასზე პატარა ზომის ასევე წითელ ფერში გამოსახული კვადრატი. სიტყვა D---- თურქეთში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანში შესრულებულია შავ-მონაცრისფრო ფერში, ხოლო საერთაშორისოდ რეგისტრირებულ ნიშანში შესრულებულია ნაცრისფერ ფერში.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი განსხვავებულია იმის გამო, რომ იგი სამსიტყვიანია, ხოლო მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშანი ერთი სიტყვისგან შედგება. მოსარჩელის მიერ თურქეთში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს შემდეგ სიტყვებს „D---- men,s underwear“, საიდანაც სიტყვები men,s underwear (ქართულად ნიშნავს მამაკაცის თეთრეული) არის აღწერილობითი ტერმინი, რაც აღნიშნავს იმას, თუ რომელი პროდუქციის სახელდებისათვის არის რეგისტრირებული ეს ნიშანი. მოპასუხის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი განსხვავებულ სასაქონლო ნიშნად ვერ მიიჩნევა იმის გამო, რომ იგი მხოლოდ სიტყვა D-----ს შეიცავს. სიტყვა „D----“ ორივე სასაქონლო ნიშანში ძირითადი ელემენტია, რაც ქმნის მომხმარებელზე მთავარ შთაბეჭდილებას. ორივე სასაქონლო ნიშანში მთავარი სიტყვაა D----, რის გამოც შესაძლებელია მომხმარებელმა აღიქვას, რომ ამ ნიშნით სახელდებული პროდუქცია ერთიდაიგივე მეწარმეს ეკუთვნის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი კავშირის მაღალი ალბათობაა ის კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს ნიშნების აღრევამდე მსგავსებას ან იდენტურობას. მსგავსებას ადგილი აქვს ისეთ შემთხვევაში, როცა მხარეთა ნიშნების ზოგადი შთაბეჭდილება მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ ერთი და იგივე პროდუქციასთან, მომსახურების სახეობასთან აქვს საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნიშნები აღრევამდე მსგავსია.

 

მოპასუხის მიერ 2019 წელს სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული სახელწოდება D---- არის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური. ამასთან, მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია იდენტური პროდუქციის სახელდებისათვის, მოპასუხეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს ნიცის სერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი. ამ კლასშია მითითებული ზუსტად ამ პროდუქციის მიმართ არის რეგისტრირებული ასევე მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი 2013 წლიდან. საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის დასათაურებების (ნიცის კლასიფიკაცია მე-11 რედაქცია) 25-ე კლასში მითითებული პროდუქციის სახეობებია -ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი. ორივე მხარის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია პროდუქციის და მომსახურების ამ კლასში და სასაქონლო ნიშნის გამოსახულება იდენტურია.

 

ამასთან, მოსარჩელე ს--–- ზ----ის მიერ თურქეთში რეგისტრირებული რამდენიმე სასაქონლო ნიშანი სახელწოდებით D----, რომლებშიც სხვადასხვაგვარად სტილიზებული შრიფტით და ფერით არის გამოსახული ეს სიტყვა, ხოლო მოსარჩელის ყველა სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 25-ე კლასში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ „D----“ არის მოსარჩელის საქმიანობაში დამკვიდრებული მისი სასაქონლო ნიშანი, რაც მის განმასხვავებელუნარიანობას და მის მიერ წარმოებული ან რეალიზებული პროდუქციის ინდივიდუალიზაციას განაპირობებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები ვიზუალურად განსხვავებულია, მათი საერთო არსებითი ელემენტია სიტყვა D----, რის გამოც ეს სიტყვა მოსარჩელის საქმიანობის საერთო სახელწოდებად არის დამკვიდრებული და მისი ყველა სასაქონლო ნიშანი ვიზუალური განსხვავებების მიუხედევად დაცულია საერთაშორისო შეთანხმებებით და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, ”ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმების (TRIPS) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.

 

პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის თანახმად, დაუშვებელია ბრუნვაში ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც არის სხვა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან მისი ნაწილის რეპროდუქცია, იმიტაცია ან თარგმანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. თავის მხრივ `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-6bis მუხლის მოთხოვნები გამოიყენება ასევე ისეთ შემთხვევაში, როცა კონკრეტული საქონელი ან მომსახურება არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, თუმცა ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და თუ მესამე პირის მიერ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების ძირითადი ელემენტია D----, რის გამოც იგი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარმოებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების საერთო სახელწოდებას. მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი იდეურად და კონცეპტუალურად განსხვავებული არ არის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისგან/ნიშნებისგან. ორივე სასაქონლო ნიშანში ძირითადი ელემენტია სიტყვა “D----”, რაც ქმნის მომხმარებელზე მთავარ შთაბეჭდილებას. აღნიშვნა “მამაკაცის თეთრეული“ არის აღწერილობითი ტერმინი, რადგან მიანიშნებს მოპასუხის საქმიანობის სფეროზე და ამ ნიშნით წარმოებულ პროდუქციაზე. ამდენად, ეს ტერმინი არ განასხვავებს მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს მოპასუხის სასაქონლო ნიშნისგან. მეტიც, ხაზს უსვამს სასაქონლო ნიშნების იდენტურობას, რადგან მოპასუხეს მოსარჩელის მსგავსად სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს ნიცის კლასიფიკაციის 25-ე კლასში.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხის მიერ რეგისტრირებულია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი არაკეთილსინდისიერი განზრახვით, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- `სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები, მე-3 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი,- სამოქალაქო კოდექსის 115-ე და მე-8 მუხლები

- სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის 1-ლი, 6bis,, 10 bis მუხლები;

- საერთაშორისო შეთანხმება `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” მე-16, მე-17 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელის მოთხოვნაა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა „სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; ასევე ამ ნორმის „გ“ პუნქტის საფუძველზე, რომლითაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ საქპატენტში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი თურქეთში რეგისტრირებული და საერთაშორისო რეგისტრაციით დაცული მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია და რეგისტრირებულია საქონლის იმავე სახეობის მიმართ. სარჩელში მითითებული ამ ფაქტის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა გათვალისწინებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულია სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო მე-5 მუხლით - შედარებითი საფუძვლები. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია; ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ საქპატენტში სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით დარღვეულია მოსარჩელის საკუთრების უფლება სასაქონლო ნიშანზე, მოპასუხემ მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი დაარეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, მოსარჩელის კომერციული ინტერესებისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის მიზანია თავიდან იქნა აცილებული სასაქონლო ნიშნებს შორის აღრევის შესაძლებლობა და დაცული იქნას ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მფლობელის საკუთრების უფლება სასაქონლო ნიშანზე. სასაქონლო ნიშნების აღრევის შესაძლებლობას კი იწვევს ისეთი გარემოებების არსებობა, როცა მომხმარებელს არ ექმნება სწორი წარმოდგენა პროდუქტის მწარმოებლის შესახებ და საქონელს მიიჩნევს სხვა კომპანიის მიერ წარმოებულად.

 

მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არის მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი და რეგისტრირებულია იდენტური პროდუქციის სახელდებისათვის. მოსარჩელე ს--–- ზ----ის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია მოპასუხე ნ------- ი-–-------ის მიერ საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე. მოსარჩელეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს 2013 წლიდან, მისი სასაქონლო ნიშანი დაცულია საერთაშორისო რეგისტრაციით, ხოლო მოპასუხემ იდენტური სასაქონლო ნიშანი საქართველოში დაარეგისტრირა 2019 წელს. მისთვის ცნობილი იყო სასაქონლო ნიშნის მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ, რადგან სწორედ მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობის შედეგად ახდენდა სასაქონლო ნიშნით D---- ნიშანდებული პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან საქართველოში.

 

«სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის საქონლის შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია საქპატენტში მისი რეგისტრაციით ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცული რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასა და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია საერთაშორისო კონვენციით სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (პარიზის კონვენცია) და «სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონით.

 

პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

 

პარიზის კონვენციის 6bis მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას ex officio თუ ეს ნებადართულია მათი კანონმდებლობით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით უარი თქვან რეგისტრაციაზე ან გააუქმონ იგი და აკრძალონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას, თარგმანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა, თუ ეს ნიშანი უკვე მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია ან სადაც მოხდა მისი გამოყენება, და როგორც საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი გამოიყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის. ეს დებულება მოქმედებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნიშნის არსებითი ნაწილი შეადგენს ნებისმიერი ასეთი საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის რეპროდუქციას ან იმიტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასთან აღრევა.

 

სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) მომსახურებისათვის. იმის განსაზღვრისას არის თუ არა სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, წევრი ქვეყნები მხედველობაში იღებენ სასაქონლო ნიშნის საზოგადოების შესაბამის სექტორში ცნობილობას, მოცემულ წევრ ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის რეკლამირების ან მისი პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სხვა საქმიანობის შედეგად მოპოვებული ცნობილობის ჩათვლით. მე-3 პუნქტის მიხედვით, პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს ანიჭებს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს უფლებების დაცვის ამ ზომების გარდა ასევე შეუძლია გამოიყენოს ამ კანონის 28-ე მუხლით მინიჭებული უფლება და მოითხოვოს მესამე პირის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების საფუძველზე მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან მოპასუხის მიერ რეგისტრირებულია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის, ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი ამ ნიშნის მფლობელის - მოსარჩელის თანხმობის გარეშე, იდენტური საქონლისათვის, ხოლო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განახორციელა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე კოდექსის მე-8 მუხლთან ერთად ადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარ პრინციპს - უფლების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ამ ნორმებით დადგენილი კეთილსინდისიერების პრინციპი „ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა.“ სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპი (10-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 319-ე მუხლები) პირს ანიჭებს თავისუფლებას, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ქმედება, თუმცა უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპით შეზღუდულია ნების ავტონომიის ფარგლები, რადგან აკრძალულია მესამე პირთა უფლებების ხელყოფა.

 

115-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც ერთგვარად დეკლარაციული ხასიათის ნორმაა, ხოლო ამავე ნორმის მეორე წინადადებით დაკონკრეტებულია, რას გულისხმობს კანონი უფლების არამართლზომიერად გამოყენებაში - „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება საქმეზე # ას-1535-1438-2012).

 

115-ე მუხლის მიხედვით, უფლების განხორციელების მართლზომიერების შესაფასებლად უნდა დადგინდეს უფლების გამოყენების მიზანი, ნების გამომვლენს რა მოტივაცია გააჩნდა უფლების განსახორციელებლად, რა კანონიერი საფუძველი გააჩნდა უფლების განხორციელებისათვის, რა გარემოებამ წარმოშვა უფლების განხორციელების აუცილებლობა. 115-ე მუხლის მიხედვით, უფლების გამოყენების მართლზომიერების შეფასებისათვის არსებითია უფლების მფლობელის მიზანი, მისი მოტივაცია, რაც კონკრეტული უფლების განხორციელებას ამართლებს.

 

უფლების გამოყენების არამართლზომიერების კრიტერიუმად კანონით დადგენილია სხვისთვის ზიანის მიყენების მიზანი, რაც ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე დგინდება. ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება საქმეზე #ას-1535-1438-2012).

 

სუბიექტური კრიტერიუმის საფუძველზე სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი უფლების განმხორციელებლის თვალსაწიერიდან უნდა შეფასდეს. უფლების განმხორციელებელი პირის მიზანი ვლინდება როგორც ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შეგნებაში, ასევე ამ ზიანის დადგომის შესაძლებლობის დაშვებაში. შესაბამისად საკმარისია, რომ უფლების განხორციელება მიმართულია ზიანის მიყენებაზე, უშუალოდ შედეგის დადგომა აუცილებელი არ არის. ზიანი მოიცავს არა მხოლოდ ქონებრივ დანაკლისს, არამედ ნებისმიერი არამატერიალური სიკეთის, უფლებისა და ინტერესის ხელყოფას.

 

115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამ ნორმაში მითითებული ტერმინი „მარტოოდენ“ იმაზე მიუთითებს, რომ თვალსაჩინო და აშკარად გამოკვეთილი უნდა იყოს, რომ უფლების მფლობელის ძირითადი მიზანი და მამოძრავებელი ინტერესი სწორედ მესამე პირისათვის ზიანი მიყენება ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას.

 

ამდენად, უფლების განხორციელების მართლზომიერების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, რა ობიექტური წინაპირობა განაპირობებდა უფლების განხორციელებას, ამ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ნების გამოვლენას.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში ამ ნიშ მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე. წარმომადგენლის ან აგენტის მიერ სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ერთერთ სახესხვაობას. ამდენად, ორივე შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერების კრიტერიუმები.

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. ასეთი გარემოებებად პალატას მიაჩნია:

- განმცხადებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ მესამე პირი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ერთერთ წევრ ქვეყანაში მაინც იყენებს სასაქონლო ნიშნის იდენურ ან მსგავს ნიშნავს იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის;

- განმცხადებლის განზრახვა, აუკრძალოს მესამე პირს თავისი ნიშნის გამოყენება;

- განცხადებული და მესამე პირის სასაქონლო ნიშნის დაცვის ხარისხი.

(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე №ას-541-513-2015, 22 ივლისი, 2015 წელი;

 

მოპასუხე ნ------- ი-–-------ის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მხარეებს შორის ჩამოყალიბებული იყო საქმიანი ურთიერთობა, მოპასუხე მოსარჩელესთან შეთანხმებით ახდენდა თურქეთიდან სასაქონლო ნიშნით D---- სახელდებული პროდუქციის იმპორტს. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს სასაქონლო ნიშანი მოსარჩელის კუთვნილება იყო, რომ მოსარჩელე იყენებდა ამ სასაქონლო ნიშანს მის სამეწარმეო საქმიანობაში. მოპასუხე ახორციელებს პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან და საქართველოში ვაჭრობს იმპორტირებული პროდუქციით. იგი თავად არ აწარმოებს სადაო სასაქონლო ნიშნით სახელდებულ პროდუქციას, შესაბამისად ამ პროდუქციის რეალიზაცისათვის აუცილებელია სასაქონლო ნიშნის მფლობელთან შეთანხმება. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შედეგად მოპასუხემ არამართლზომიერად მოიპოვა საქართველოში სადაო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უპირატესობა, რადგან ამგვარი რეგისტრაციით წარმოეშვა შესაძლებლობა მოსარჩელისათვის შეეზღუდა საქართველოში პროდუქციის იმპორტი. მოსარჩელემ მოახდინა მის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რის შედეგად საბაჟო სამსახურს წარმოეშვა უფლება გამოიყენოს სასახღვრო ღონისძიებები ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის მიმართ. ამ კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე საბაჟო სამსახურს წარმოეშვა შესაძლებლობა ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის საქართველოში იმპორტი შეაჩეროს გარკვეული ვადით, ხოლო მე-7 მუხლის საფუძველზე შეამოწმოს საქონელი.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით მისი მფლობელი მოიპოვებს ამ ნიშნის გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, რის გამოც საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ მოპასუხემ მოიპოვა ასეთი უფლება, შედეგად მოპასუხეს შეეზღუდა შესაძლებლობა მისი თანხმობის გარეშე საქართველოში განეხორციელებინა ნიშნით D---- ნიშანდებული პროდუქციის იმპორტი.

 

ამდენად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიმართ მოპასუხეს არ გააჩნდა მართლზომიერი ინტერესი, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი არ არის მის მიერ შექმნილი სიმბოლოთა ერთობლიობა, იგი არ აწარმოებს ამ ნიშნით რაიმე პროდუქციას. აქედან გამომდინარე მისი ძირითადი მიზანი იყო მოსარჩელის ინტერესების ხელყოფა, მისთვის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევა.

 

პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. კონვენციის მე-10bis მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აკრძალულია ისეთი ხასიათის ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი (არაკეთილსინდისიერი განზრახვა) წარმოადგენს პარიზის კონვენციის ზემოთხსენებული ნორმის რეალიზების შესაძლებლობას. ამასთან, შესაძლებელია, სახეზე იყო 28-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებების ერთობლიობაც, რაც არაკეთილსინდისიერ კონკურენციას წარმოშობს.

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ ეს ნიშანი ს--–- ზ----ის ეკუთვნოდა. თავად მოპასუხე ადასტურებს, რომ მან გარკვეული უთანხმოების გამო მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა, რის შემდეგ დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი. ამ უფლების კეთილსინდისიერად განოხრციელებაზე არ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ს--–- ზ----იმ სხვა პირსაც მისცა საქართველოში საქონლის რეალიზაციის უფლება. საკითხი შეეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, რომელიც მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტურია, რის გამოც მხოლოდ ამ ნიშნის მფლობელთან შეთანხებით არის შესაძლებელი ამ ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში. სხვაგვარი ქმედება სასაქონლო ნიშნის არამართლზომიერ გამოყენებასა და რეგისტრაციაზე მიუთითებს, რასაც არ ამართლებს მოპასუხის მიერ დასახელებული ზემოთაღნიშნული არგუმენტი.

 

`სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლება აბსოლუტური, შეუზღუდავი არ არის და მას შეუძლია აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. ამ ნორმის მიხედვით, 1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს: ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანს; ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს; გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, მათ შორის, თუ ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი. ამ შემთხვევაში დაცული სასაქონლო ნიშანი მესამე პირმა უნდა გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. 2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო გარემოება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მის სასაქონლო ნიშანზე საკუთრების უფლება სრულფასოვნად განახორციელოს და მოპასუხის მიერ იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის რეალიზება მოახდინოს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი იდეურად და კონცეპტუალურად განსხვავებული არ არის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისგან, ეს ნიშნები იდენტურია და რეგისტრირებულია იდენტური სახეობის პროდუქციის მიმართ. მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი არის უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანი. ამ გარემოების შესახებ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე ცნობილი იყო მოპასუხისათვის. იგი სადაო სასაქონლო ნიშნით სახელდებულ პროდუქციას არ აწარმოებს, ნიშნის რეგისტრაცია დაუმსახურებლად უქმნის მას ხელსაყრელ პირობებს მოსარჩელესთან შედარებით და წარმოშობს მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის საქართველოში იმპირტირების საკითხში დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობას, რაც მოპასუხის კეთილსინდისიერ ქმედებად ვერ შეფასდება. ამდენად, სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქპატენტში ნ------- ი-–-------ის სახელზე სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის -ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურები ხარჯის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოსარჩელე სასამართლო საქმეს აწარმოებს პატენტრწმუნებულის ნინო ბახტაძის მეშვეობით, რომელსაც 2019 წლის 27 თებერვალს გადაუხადა ჰონორარი 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3212,40 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს საქმის წარმოებისათვის მიიღო იურიდიული მომსახურება და გასწია ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილია, იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების გონივრული ოდენობის პრინციპი, დადგენილია წაგებული მხარისათვის ამ ხარჯის ანაზღაურების ცენზი, მაქსიმალური ოდენობა. ქონებრივი დავის შემთხვევაში მხარისათვის ასანაზღაურებელი ხარჯია თანხა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში მხარისათვის ასანაზღაურებელია თანხა 2000 ლარამდე. განსახილველი დავა არაქონებრივი ხასიათისაა, რადგან წარმოშობილია ინტელექტუალური საკუთრების უფლების განხორციელებიდან და დავის საგანია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, შესაბამისად, იურიდიული მომსახურების ხარჯი უნდა განისაზღვროს 2000 ლარის ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარჯების განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქმის სირთულე, გაწეული იურიდიული სამუშაოს ხასიათი, რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე გასწია ეს ხარჯი პროცესის მონაწილემ. განსახილველ შემთხვევაში იურიდიული მომსახურება გაწეულია სარჩელის აღძვრამდეც, მოძიებულია და თარგმნილია მტკიცებულებები, განხორციელებულია მათი აპოსტილით დამოწმება, გამოთხოვილია ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან, განხორციელებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამდენად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა აუნაზღაურდეს 2000 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, ამ საქმეზე 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ს--–- ზ----ის სარჩელი;

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქპატენტში ნ------- ი-–-------ის სახელზე სასაქონლო ნიშნის "D----" (რეგ. ნომერი: 3----, რეგ. თარიღი: 08.02.2019) რეგისტრაცია;

 

2. ნ------- ი-–-------ს დაეკისროს ს--–- ზ----ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის 2000 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი