გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18545-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი თბ--–---
შესავალი ნაწილი
თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნა---- ხელაშვილი
მოსარჩელე -შპს ”ენ---------------ი”
წარმომადგენელი- ირ---–---------ე
მოპასუხე - შპს ”გრ------------ი”
წარმომადგენელი - ნუ----------–ი
დავის საგანი: მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ”გრ------------ს“, შპს ”ენ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ღირებულების - 535 141 ლარის ანაზღაურება.
1.2. შპს ”გრ------------ს“, შპს ”ენ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 10702 ლარის ოდენობით (გადაუხდელი თანხის 535 141 ლარის 2%) სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
(მოსარჩელემ უარი თქვა საადვოკა---- მომსახურების ღირებულების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, სხდომის ოქმი, 16.06.2017წ, 13:12:56/13:13:03წთ)
სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ, შპს „გრ------------ს“ მიაწოდა ნავთობპროდუქტები. საქონლის მიწოდება განხორციელდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რაც დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს ვებ-გვერდზე.
მოპასუხე მიწოდებულ საქონელზე სხვადასხვა დროს ახორციელებდა გადახდებს საბანკო გადარიცხვის ფორმით. სარჩელის წარდგენის დროისათვის შემსყიდველ კომპანიას ასანაზღაურებელი აქვს 2015 წლის 23 იანვრიდან 2015 წლის 1 თებერვალამდე მიწოდებული საქონლის ღირებულება 535 141 ლარის ოდენობით.
ამასთან, თანხის გადაუხდელობის გამო გამყიდველს ყოველდღიურად ადგება ზიანი, რადგან იგი წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, ორიენტირებულია მოგებაზე, რაც ცნობილია მოპასუხისთვის და სავარაუდოა მისთვისაც მიყენებული ზიანი, რაც შეიძლება წარმოიშვას თანხის გადაუხდელობის შედეგად. შესაბამისად გარდა დავალიანების თანხისა, სახეზეა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სადაო თანხის 2%.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაიწყო 2013 წლიდან მოპასუხე, მოსარჩელეს აწვდიდა ნავთობპროდუქტებს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ხოლო 2014 წლიდან მოსარჩელე ახორციელებდა შპს „გრ------------ისთვის“ საწვავის მიწოდებას, რაც გრძელდებოდა 2015 წლის აპრილამდე.
ვინაიდან არსებობდა ორმხრივი მიწოდება, მხარეები ახდენდნენ ურთიერთგაქვითვას. შესაბამისად, დავალიანების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის აუცილებელია სრული პერიოდის მიწოდება-გადახდები-გაქვითების გათვალისწინება.
საწვავის ღირებულების გადახდა მოპასუხის მიერ ხდებოდა არა მარტო საბანკო გადარიცხვების ფორმით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორებითაც, სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის (2013-2015 წლები) განმავლობაში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების გათვალისწინებით, ასევე დავალიანებათა ურთიერთჩათვლის შედეგად მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ გადასახდელი დარჩა 149 976.5 ლარი, რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ვადამოსულად, რადგან მხარეებს ზეპირად ან წერილობით არ განუსაზღვრავთ გადახდის ვადები. მოპასუხეს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „ენ---------------ს“ და შპს „გრ------------ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ზეპირი გარიგების ფორმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.2. უდავოა გარემოებაა, რომ შპს ”ენ---------------მა“, შპს „გრ------------ს“ 2015 წლის 23 იანვრიდან 2015 წლის 1 თებერვალამდე პერიოდში მიაწოდა 535 141 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნავთობპროდუქტები სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტომი I, ს.ფ 98-119)
3.1.3. დადგენილია, რომ შპს „გრ------------ი“ 2014 -2015 წლებში მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდას აწარმოებდა საბანკო გადარიცხვების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ამონაწერი (ტომი I, ს.ფ 120-126)
3.1.4. უდავო გარემოებაა, რომ ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე შპს „გრ------------ი“ 2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრის თვემდე ნავთობპროდუქტებს აწვდიდა შპს ”ენ---------------ის“. ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 1 თებერვლამდე შპს „გრ------------ს“ საწვავით ამარაგებდა მოსარჩელე კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიწოდებული ნავთობპროდუქტების და გადახდების ცხრილი (ტომი I, ს.ფ 186-188)
- ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტომი I, ს.ფ 189-248)
- ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტომი I, ს.ფ 252-350)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ დასტურდება, რომ მოპასუხეს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულებიდან - 535 141 ლარიდან ანაზღაურებული აქვს 358.164.5 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი და ის გარემოება, რომ გი------ ბე---–---–-ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს სამართლებრივი კავშირი გააჩნიათ შპს „ენ---------------ის“ მიმართ შესასრულებელ ფულად ვალდებულებასთან.
უფრო კონკრეტულად კი, მოპასუხე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ასახელებს მოსარჩელე კომპანიის მიერ გაცემულ სალაროს შემოსავლის ორდერებს და გი------ ბე---–---–-ს საბანკო ამონაწერებს, რომელიც მისი მტკიცებით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორს გი------ მა--------ს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც დაეხმარა ორივე კომპანიისთვის ნაცნობი პიროვნება გი------ ბე---–---–-, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა მოსარჩელე კომპანიას. მისი მითითებით ხდებოდა საწვავის რეალიზაცია და თანხის მიღება. მისი დამხმარებით, გი------ მა--------მ მოპასუხე კომპანიისგან მიიღო გარკვეული თანხები. ამასთანავე, გ. მა--------ს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო პრობლემები შეექმნა საწვავის შეძენის თვალსაზრისით. მას სესხის მისაღებად ესაჭიროებოდა თანხის არსებობა ანგარიშზე, რათა განეთავსებინა სს ბანკ რესპუბლიკას ანგარიშზე, ხოლო ბანკს სესხი უნდა გაეცა ტრანშებად 1 800 000 დოლარის ოდენობით.
აქედან გამომდინარე, მოპასუხეს გი------ ბე---–---–მა და გი------ მა--------მ მოსთხოვეს, რომ საწვავის თანხა გადაეცათ ხელზე. ვინაიდან, გი------ ბე---–---–-ს მიმართ მოპასუხე კომპანიას გააჩნდა ნდობა, მას გადაეცა 45 000 და 81 000 აშშ დოლარი, რომელიც გ. ბე---–---–-ს ანგარიშზე შეტანილი იქნა 2014 წლის 16 და 26 დეკემბერს, რაც ასევე თანხვედრაშია შემოსავლის ორდერებთან. რაც შეეხება 40 000 ევროს (91 000 ლარი) ეს თანხა გ. მა--------ს პირადად გადასცა ნა---- ბუ-----მ პირადი მიზნებისათვის.
დასახელებული გარემოებების დადასტურების მიზნით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ მოსარჩელე კომპანიის ბუღალტერი გი------ ქა-----–---–ი, ბუღალტერის თანაშემწე ქე----ან სა---–---–ი და გი------ ბე---–---–-.
მოწმე ქე----ან სა---–---–ის ჩვენებით:
შპს „ენ---------------ში“ მთავარი ბუღალტრის გი------ ქა-----–---–ის თანაშემწედ მუშაობდა 2014-2015 წლებში.
2014 წლის 13 და 16 დეკემბერს, ასევე 2015 წლის 8 და 20 იანვარს გაცემულ სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელმოწერა ეკუთვნის მას. აღნიშნულ დოკუმენტზე ფიქსირდება, რომ კომპანიამ თანხა მიიღო, თუმცა რეალურად ასეთს ადგილი არ ჰქონია.
კომპანიებს შორის შუამავალი გახლდა ირ---–ი ბრ-----ე, რომელიც მიდიოდა ოფისში და აწვდიდა ინფორმაციას რა თანხა იყო გადახდილი საწვავის ღირებულების, რაზეც ბუღალტერი გასცემდა შემოსავლის ორდერებს. დოკუმენტებში იწერებოდა, რომ ეს თანხა იყო საწვავის ღირებულება, თუმცა გადმოცემით იცის, რომ ეს იყო ტვირთის განბაჟების და ბანკში შესატანი თანხა.
სალაროს შემოსავლის ორდერებში დასახელებული თანხები მოსარჩელე კომპანიის სალაროში არ შესრულა.
მისი უშუალო ხელმძღვანელი არის გი------ ქა-----–---–ი, რომლის მითითებებსაც ასრულებდა და აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტაციას. გი------ მა-------- არის კომპანიის დირექტორი, რომელსაც გაეცნო როგორც თანამშრომელი. უშუალოდ მისგან დავალება საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა გარკვეული სახის ურთიერთობა როგორც თანამშრომელს გააჩნდა.
იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართია ქ. თბ--–---, ჩი------------------, ხოლო საბუღალტრო მომსახურებას უწევდა შა------ას ქუჩაზე, სადაც დირექტორს გააჩნდა თავისი სამუშაო ოთახი.
გი------ მა--------მდე კომპანიის დირექტორი იყო ზურაბ ბე---–---–-, რომელთანაც არსებობდა ზეპირ სიტყვიერი შეთანხმება დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების შესახებ.
კომპანიაში იგი ხედავდა გი------ ბე---–---–ს, თუმცა ფირმას ხელმძღვანელობდა თუ არა არ იცის.
მოწმე გი------ ქა-----–---–ის ჩვენებით:
მოსარჩელე კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა გი------ მა-------ის მისვლამდე, რომელმაც საბუღალტრო საქმიანობის განხორციელება დაავალა აუდიტორულ კომპანიას, ხოლო მას ყველანაირი უფლებამოსილება ჩამოართვა.
2015 წლის 20 და 28 იანვარს გამოწერილი სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელმოწერა ეკუთვნის მას. აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემა არ ადასტურებს თანხის მიღებას. მას უბრალოდ სთხოვეს სალაროს შემოსავლის ორდერების გამოწერა და მასზე ხელმოწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ორდერებში აღნიშნულია თანხის მიღება და მასზე ხელმოწერაც სადაო არ არის. შეესაბამება თუ არა ხსენებულ დოკუმენტებზე არსებული ინფორმაცია სინამდვილეს მასზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
შესრულებულ სამუშაოებს საფუძველი გამოაცალა, კომპანიის დირექტორმა გი------ მა--------მ, რომელსაც უნდა დაექირავებინა მათი შრომა, რომელიც არ შესრულდა და შესაბამისად პასუხისმგებლობაც არ არსებობს. 2013 წლიდან მოსარჩელე კომპანიაში აღარ აწარმოებდა საბუღალტრო საქმიანობას.
ირ---–ი ბრ-----ე იყო შპს „გრ------------ის“ თანამშრომელი, რომლის თხოვნითაც გამოიწერა შემოსავლის ორდერები.
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებია: საკასო აპარატის ჩეკი, დღგ-ს ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. საწვავის მიწოდების დროს გამოიწერება სპეციალური ანგარიშფაქტურა, რომელიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებსაც და საგადასახადო ანგარიშფაქტურასაც. მის საფუძველზე გაცემულ საწვავს აღარ სჭირდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. როდესაც საუბარია კომპანიებს შორის საბანკო ოპერაციებზე მათ არ უნდა დაჭირდეთ ნაღდი ანგარიშსწორებით ბრუნვა.
ორდერზე ხელმოწერა ადასტურებს არა იმას, რომ თანხა მიღებულია, არამედ იმას, რომ დოკუმენტი შექმნილია ამის შესახებ. ირ---–ი ბრ-----ე არის პიროვნება, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა საბაჟო და საბანკო ოპერაციებში და თანხა შეჰქონდა საბანკო ანგარიშზე. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მას თანხასთან შეხება არ ჰქონია.
მოწმე გი------ ბე---–---–მა დაადასტურა, რომ გი------ მა--------ს ნამდვილად ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნით, ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა ერთმანეთს დააკავშირა და მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხისგან მიიღო თანხა.
მოწმის ჩვენებით, სს ბანკ რესპუბლიკაში საკუთარ ანგარიშზე შეტანილი აქვს 186 000 აშშ დოლარი, რომელიც იყო მოპასუხე კომპანიის მიერ გაცემული. ეს თანხა არც მას და არც გი------ მა--------ს არ ეკუთვნოდა.
გი------ ბე---–---–-ს განმარტებით, მოსარჩელე კომპანიასთან მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
ხსენებული თანხის გადაცემის სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა მიეღო თუ არა საწვავი ეს მისთვის ცნობილი არაა. ანგარიშზე თანხის შეტანის შემდგომ ეს თანხა ბანკის მიერ ჩამოიჭრა, თუმცა რომელი ვალდებულების შესასრულებლად განხორციელდა საბანკო ოპერაცია არ იცის. მოწმე ასევე არ არის ინფორმირებული შემოსავლის ორდერებთან დაკავშირებით.
სასამართლო შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გადახდილი არ აქვს. საქმის მასალებში წარმოდგენილია გი------ ბე---–---–-ს საბანკო ამონაწერები, რომელშიც ასახული ინფორმაცია და მოსარჩელე კომპანიის მიერ გაცემული შემოსავლის ორდერები გარკვეულ წილად ემთხვევა მოპასუხე მხარის განმარტებებს, თუმცა არ დგინდება გი------ ბე---–---–-ს მიერ საბანკო ანგარიშზე თანხის განთავსება და შემდგომ სს ბანკ რესპუბლიკას მიერ თანხის ჩამოჭრა პირდაპირ და უშუალო კავშირშია თუ არა მოსარჩელის მიმართ შესასრულებელ ფულად ვალდებულებასთან. ყურადსაღები და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გი------ ბე---–---–-ს პირად ანგარიშზე 2014 წლის 16 დეკემბერს და 2014 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული ფულადი შენატანის დანიშნულებაში მითითებულია - შემოსავლები ანაბარზე თანხის განსათავსებლად (ხელშეკრულება N0-----------------------------------------) ასევე არ დასტურდება გი------ მა-------ის მიმართ გადაცემული ფულადი თანხების ურთიერთკავშირი მოსარჩელე კომპანიის მიმართ არსებულ ფულად ვალდებულებებთან.
ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება გამყარებულია გი------ ქა-----–---–ის და ქე----ან სა---–---–ის ჩვენებითაც, რომელთაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ მოსარჩელე კომპანიის სალაროში ხსენებული თანხა არ შესულა, მეტიც გი------ ქა-----–---–ის განმარტებით, მის მიერ ხელმოწერილი სალაროს შემოსავლის ორდერები გამოწერა მოპასუხე კომპანიის შუამავალის თხოვნის საფუძველზე. იგივე გარემოება დაადასტურა ქე----ან სა---–---–მა 2014 წლის 13 და 16 დეკემბერს, ასევე 2015 წლის 8 და 20 იანვარს გაცემულ სალაროს შემოსავლის ორდერებთან დაკავშირებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადაო დოკუმენტების შედგენისას გი------ ქა-----–---–ი და ქე----ან სა---–---–ი არ იყვნენ უფლებამოსილი ხელი მოეწერათ სალაროს შემოსავლის ორდერებზე. როგორც უკვე აღინიშნა გი------ ქა-----–---–მა დაადასტურა, რომ იგი შპს ”ენ---------------ის” მთავარი ბუღალტერი იყო გი------ მა-------ის დირექტორად დანიშვნამდე, შემდეგ კი საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებდა სხვა აუდიტორული კომპანია. სადავო პერიოდში და შემდგომაც, მასთან შრომითი ხელშეკრულება არც წერილობით და არც ზეპირად არ გაფორმებულა და არც ანაზღაურება მიუღია. სწორედ აღნიშნულის გამო მის მიერ ხელმოწერილ და გაცემულ შემოსავლის ორდერებზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
ამდენად, ორივე პირმა რომელთა ხელმოწერითაა დადასტურებული სალაროს შემოსავლის ორდერები, დაადასტურა, რომ გი------ მა-------ის დირექტორად დანიშვნის შემდეგ საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებდა კერძო ორგანიზაცია, მათთან არ იყო დადებული ხელშეკრულება, არ იღებდნენ ანაზღაურებას. შესაბამისად, მათ მიერ გაცემული შემოსავლის ორდერები ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილ დოკუმენტებად.
სასამართლოს ასევე არ მიაჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ შპს ”ენ---------------ს” ჰქონდა სალარო და ანგარიშსწორებას აწარმოებდა ნაღდი ფულით.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები გამოწერილია 2014 წლის 13 დეკემბრიდან 2015 წლის 23 იანვრის პერიოდზე. მოსარჩელე მიუთითებს სადავო პერიოდზე 2015 წლის 23 იანვრიდან 2015 წლის 01 თებერვლამდე და შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, რაც ერთმანეთთან მიმართებაში წინააღმდეგობრივია და სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული ვარგის მტკიცებულებად იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესარულდა ნაწილობრივ 385 164 ლარის გადახდით.
წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებისას სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არცერთ სადავო სალაროს შემოსავლის ორდერს არ გააჩნია ნომერი.
სასამართლო განმა------ს, რომ სალაროს შემოსავლის ორდერი არის ბრძანება მოლარისადმი, სალაროში ფულის მისაღებად, რომელზეც, მასზე ხელს უნდა აწერდეს როგორც მთავარი ბუღალტერი, ასევე მოლარე, როგორც თავად ბლანკზეა მითითებული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ორდერებს ერთ შემთხვევაში ხელს აწერს მხოლოდ ბუღალტრის თანაშემწე, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელს აწერენ ბუღალტერი და მისი თანაშემწე, რომელთაც ცალსახად აღნიშნეს, რომ სალაროს შემოსავლის ორდერებში დასახელებული თანხები მოსარჩელე კომპანიის სალაროში არ შესრულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით ვერ დადასტურდება თანხის გადახდა, შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით ” მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა, რომელშიც სალაროს შემოსავლის ორდერი არ შედის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების, ”მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების” შესახებ მე-16-ე მუხლის პირველი ნაწილის”ა” და ”ბ” პუნქტების თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატების (შემდგომში – სსა) გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ: ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე სსა-ის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა, რომელიც ადასტურებს საქონლის/ მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმის დოკუმენტი, შესაბამისად, ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში მასთან ერთად, სასამართლოს მოსაზრებით, გაცემული უნდა ყოფილიყო საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკი, ასეთი არარსებობის შემთხვევაში კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
მაშასადამე, განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი I, ს.ფ 354-356)
- საბანკო ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ ტომი II, ს.ფ 305-313)
- მოწმეთა ჩვენებები (ტომი IV, სხდომის ოქმები 13.10.2017წ, 17.04.2019 წელი)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ენ---------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 442-ე, 477-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 131 მუხლები; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვება ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „ენ---------------ს“ და შპს „გრ------------ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ზეპირი გარიგების ფორმით.
უდავოა, რომ შპს ”ენ---------------მა“, შპს „გრ------------ს“ 2015 წლის 23 იანვრიდან 2015 წლის 1 თებერვალამდე პერიოდში მიაწოდა 535 141 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რომლის ღირებულებაც საბანკო გადარიცხვის გზით მყიდველს გამყიდველისათვის არ გადაუხდია, ნაღდი ფულით გადახდის ფაქტი კი მოპასუხემ ვერ დაადასტურა. ამასთან, 149 976.5 ლარის ნაწილში მოპასუხემ ვალის გადაუხდელობა აღიარა, თუმცა განმარტა, რომ მისი ანაზღაურების დრო დამდგარი არ არის და იქვე აღნიშნა, რომ ვინაიდან არსებობდა ნავთობპროდუქტების ორმხრივი მიწოდება, მისგან წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების გადახდას ახორციელებდნენ ურთიერთგაქვითვის გზით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო პერიოდთან მიმართებაში.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა. (სუსგ 4.10.2011წ. №ას-983-1017-2011).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი არსებობს საპასუხო მოთხოვნები. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მოთხოვნა უნდა იყოს უდავო.
მითითებული განმარტება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის დანაწესიდან. ნორმა მიუთითებს, რომ ურთიერთმოთხოვნათა შეწყვეტა გაქვითვით დასაშვებია, თუ დადგენილია, რომ ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, შესაძლოა ვადა არც იყოს დადგენილი, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უნდა უჭერდეს გაქვითვას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხარეთა შორის ასეთი სახის მოთხოვნები იყოს უდავო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება შპს „გრ------------ის“ მხრიდან საპასუხო მოთხოვნის არსებობა. ამასთანავე მოსარჩელე მხარეს დასახელებული ფაქტობრივი გარემოება არ მიუჩნევია უდავოდ. შესაბამისად, არ არსებობს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელი წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შესძლო თანხის რეალურად გადახდის დადასტურება. მის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები არაა ხელმოწერილი უფლებამოსილი პირების მიერ. ამასთან ისინი განმა------ენ, რომ რეალურად სალაროში თანხა არ შემოსულა და მათ ეს თანხა არ მიუღიათ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა შეძენილი ნავთობპროდუქტის ღირებულება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში და შპს „გრ------------ს“ შპს ”ენ---------------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 535 141 ლარის გადახდა.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას, რომელიც მან განიცადა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ამ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობისა და სარჩელში გადმოცემული ფაქტების საფუძვლიანობა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის მოსარჩელეს ეკისრება იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც მყარად დაადასტურებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, თანხის გადაუხდელობის გამო გამყიდველს ყოველდღიურად ადგება ზიანი, რადგან წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, ორიენტირებულია მოგებაზე, რაც ცნობილია მოპასუხისთვის და სავარაუდოა მისთვისაც მიყენებული ზიანი, რაც შეიძლება წარმოიშვას თანხის გადაუხდელობის შედეგად, შესაბამისად გარდა დავალიანების თანხისა, სახეზეა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სადაო თანხის 2%.
მოსარჩელე დასახელებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს საქმეში არსებულ ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ზიანის ოდენობის (მიუღებელი შემოსავლის სახით) დასადგენად.
ამასთანავე სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმა------ს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა ზიანის არსებობას, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით დამატებით განმა------ს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ სარგებლის მიუღებლობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაამტკიცოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება მიღებული შემოსავლის თაობაზე. დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული.
ამდენად, მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკარგა შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს. სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, შპს „ენ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად და----ვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ენ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ”გრ------------ს“, შპს ”ენ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ღირებულების - 535 141 ლარის ანაზღაურება;
3. შპს „ენ---------------ის“ სარჩელი მოპასუხის მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ”გრ------------ს“, შპს ”ენ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5300 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი