გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/155-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "მ-------–----ი"
წარმომადგენელი თეონა კავთელაძე
მოპასუხე მ--- ე----ე
წარმომადგენელი ეთერ ე----ე
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--- ე----ისათვის 809,18 ლარის დაკისრება;
11.09.2019წ სხდომის ოქმი СD დისკი
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 13 თებერვალს შპს „ს---–--სთან“ მ--- ე----ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 369 დღის ვადით, სესხის წლიური სარგებელი შეადგენს 71.18%. გრაფიკით გათვალისწინებულია თანხის დაბრუნება ყოველთვიურად ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამით 59,69 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 17 მარტს. მოპასუხის დავალიანებაა 2018 წლის 4 იანვრის მდგომარეობით არის 1159,83 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი 59,18 ლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 4 იანვრამდე ვადაგადაცილებულ დღეებზე დარიცხულია 600,65 ლარი. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა პირგასამტეხლოს 250 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლო და პროცენტი არ ცნო, რადგან მოსარჩელე მაღალ თანხას მოითხოვს, რისი გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. გონივრული პირგასამტეხლოს თანხაა 100 ლარი. მოპასუხემ მოითხოვა დაკისრებული თანხის განაწილვადება, რადგან ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ორსულადაა და ნოემბრის თვეში ელოდება მეორე შვილის დაბადებას, ამის გამო თავად არ მუშაობს, ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობს. ოჯახის მდგომარეობის გამო შეუძლია სადაო სესხი გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 თებერვალს შპს „ს---–--სთან“ მ--- ე----ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 369 დღის ვადით, სესხის წლიური სარგებელი შეადგენს 71.18%. გრაფიკით გათვალისწინებულია თანხის დაბრუნება ყოველთვიურად ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამით 59,69 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-31. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (11.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.2. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 17 მარტს. მოპასუხის დავალიანებაა 2018 წლის 4 იანვრის მდგომარეობით არის 1159,83 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი 59,18 ლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 4 იანვრამდე ვადაგადაცილებულ დღეებზე 600,65 ლარი. მოსარჩელემ პირგასამტეხლო სასამართლო სხდომაზე შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა პირგასამტეხლოს 250 ლარის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
– სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი1)
– შესაგებელი (ს.ფ. 55-62. ტომი 1)
– მოსარჩელის განმარტება (11.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. 2018 წლის 31 დეკემბერს წერილობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს ს---–--მ მ--- ე----ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს აი დი ეფ ჯორჯიას, რომელმაც 2018 წლის 31 დეკემბერს წერილობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მ--- ე----ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს "პრობლემური აქტივების ბიუროს". 2019 წლის 24 აპრილს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს პრობლემური აქტივების ბიურომ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „მ-------–----ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 83-85, ტომი1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 263-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
2017 წლის 13 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 500 ლარი 369 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს წლიურ 17,18%-ს ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით 2018 წლის 17 თებერვლმდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა. განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების და ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია სსსკ 208-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სესხის სარგებლის გადახდა, რადგან მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებს სარგებლიანია და ამის გამო მსესხებელი ვალდებულია არა მარტო მიღებული თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს, არამედ გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. ამდენად, სარგებლიან სესხის ხელშეკრულებაში ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის გადახდა მსესხებელის მიერ უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სესხის სარგებლის 59,18 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,41%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი წლიური 71.18%-ის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოა ყოევლ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,41%, რაც წლიური 149,65%-ია. სარგებლისა და პირგასამტეხლოს პროცენტის საერთო წლიური ოდენობაა 220,83%. 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკომისიოს, ფინანსური ხარჯის და პირგასამტეხლოს პროცენტის ჯამური ოდენობა არ უნდა იყო წლიურ 150%-ზე მეტი.
მოსარჩელე მოითხოვს დარიცხულ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით. პირგასამტეხლოს შემცირების მიუხედავად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გონივრულ პირგასამტეხლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხი საერთოდ არ დააბრუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა სესხის თანხა არ არის მაღალი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის თანხის 50%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში. პირგასამტეხლოს ოდნეობის შეფასების დროს გასათვალისწინებელი ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, მხარის ქონებრივი მდგომარეობა, რადგან პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანი მოვალის დასჯა არ არის და მისი მიზანია კრედიტორმა რეალურად აინაზღაუროს განცდილი ზიანი მინიმალურად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხად გაცემული თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას გაართულებს. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,07%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 0,35 ლარს, ხოლო 2017 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 4 იანვრამდე განვლილი 292 ვადაგადაცილებული დღისათვის 102,2 ლარს შეადგენს.
ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 661,38 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, პროცენტი 59,18 ლარი, პირგასამტეხლო 102,20 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 809,18 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 661,38 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 81%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის 81% არის 40,5 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს და განაწილდეს მხარეებს შორის.
დაკისრებული თანხიდან 661,38 ლარიდან მოპასუხემ ცნო 500 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 75%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 40,5 ლარის 75% არის 30,37 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მ--- ე----ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 10,13 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განწილვადდეს 12 თვის განმავლობაში თანხის თანაბრად გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ მას ჰყავს ჩვილი ასაკის შვილი - 2018 წლის 27 თებერვალს დაბადებული ნინა მოსულიშვილი. მოპასუხე ამჟამად არის ორსულად და რუსთავის სამშობიარო სახლის ცნობის თანახმად, შვილის დაბადებას ელოდება 2019 წლის 18 ნოემბერს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არის 661,38 ლარი, ასევე მის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი 10,13 ლარი. ამდენად, საერთო ჯამში გადასახდელია 671,51 ლარი. ამ თანხის 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად გადახდის შემთხვევაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 55,95 ლარი. სადაო თანხის მოცულობიდან გამომდინარე მისი განწილვადებით გადახდა არ მიაყენებს ზიანს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია იმდენი შემოსავალი ან ქონება, რომ დაკისრებული თანხის ერთბაშად გადახდევინება შესაძლებელი იქნება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული სესხის თანხის და სასამართლო ხარჯების 12 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 55,95 ლარის გადახდით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ორსულობა, ასევე ოჯახში მცირეწლოვანი შვილის ყოლა არის ის განსაკუთრებული გარემოება, რომლის გამოც გამართლებულია მოვალეს გაუნაწილვადდეს დაკისრებული თანხის გადახდა, რადგან ორსულობის და ჩვილს ასაკში მყოფი ბავშვი ყოლის გამო მოპასუხის ჩვეულებრივზე მეტი საოჯახო ხარჯის გაწევა უწევს, რის გამოც დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდა მისთვის არსებითად რთული იქნება, რის გამოც მიზანშეწონილია თანხის გადახდის განწილვადება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, თუმცა რადგან დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 367-ე, 369-ე, 414-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მ-------–----ის სარჩელი;
1.1. მ--- ე----ეს დაეკისროს შპს მ-------–----ისათვის 661,38 ლარის გადახდა;
2. მ--- ე----ეს დაეკისროს შპს შპს მ-------–----ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 10,13 ლარის გადახდა;
3. შპს მ-------–----ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან 30,37 ლარი, რომელიც შპს ს---–--ს მიერ 2018 წლის 4 იანვარს გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22. (საგადასახადო დავალება N89);
4. დაკმაყოფილდეს მ--- ე----ის შუამდგომლობა და დაკისრებული სესხის და სასამართლო ხარჯების საერთო თანხის 671,51 ლარის გადახდა განწილვადდეს 12 თვის ვადით ყოველთვიურად 55,95 ლარის გადახდით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. გადაწყვეტილება აღსრულების წესის დადგენის, აღსრულების განწილვადების შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი