გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/86-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ი-–-- ფ---------–---–ი
წარმომადგენელი - მ--- ფ---------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის (ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები) ანაზღაურება 10500 (ათიათას ხუთასი) ოდენობით.
1.3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მესამე პირს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1 ი-–-- ფ---------–---–ი ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 2010 წლის 9 აპრილს 14:30 საათზე.
2010 წლის 10 აპრილს მაისს ი-–-- ფ---------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აპრილის ბრძანებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს II განყოფილების გამომძიებლის შუამდომლობა, რომელსაც პროკურორიც ეთანხმებოდა, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრალდებულ ი-–-- ნ--------ის ძე ფ---------–---–ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებულ ი-–-- ნ--------ის ძე ფ---------–---–ს გირაოს სახით სრული მოცულობით გადახდამდე შეეფარდა დაპატიმრება 2 (ორი) თვის ვადით და ვადის ათვლა დაიწყო ბრალდებულის დაკავებიდან - 2010 წლის 9 აპრილის 14:30 საათიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აპრილის ბრძანება №10/დ/2584 საქმეზე (ს.ფ. 49-52).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის განაჩენით (საქმეზე №1/932-11) ი-–-- ფ---------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, დადგინდა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხის მისი შემტანი პირისათვის დაბრუნება. ი-–-- ფ---------–---–ს ასევე განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განაჩენი (საქმეზე №1/932-11).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის განაჩენი საქმეზე №1/932-11 (ს.ფ. 22-25);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენი №1ბ/-456-11 საქმეზე (ს.ფ.56-59);
3.3. ი-–-- ფ---------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2014 წლის 4 მაისს 16:55საათზე.
2014 წლის 6 მაისს ი-–-- ფ---------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით.
2014 წლის 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ბრალდებულ ი-–-- ფ---------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქემთა კოლეგიის 2014 წლის 6 მაისის №10/ა3048 განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ბრალდებულ ი-–-- ფ---------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ი-–-- ფ---------–---–ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2014 წლის 4 მაისის 16:55 საათიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მაისის განჩინება №10/ა304 საქმეზე (ს.ფ. 63-65).
3.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით (საქმეზე №1/3950-14 (N001140314003)) ი-–-- ფ---------–---–ი საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ი-–-- ფ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძება პატიმრობა- გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენით ი-–-- ფ---------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს წერილში, რომელსაც ხელს აწერს კანცელარიის განყოფილების სპეციალისტი, აღნიშნულია, რომ გამართლებულ ი-–-- ფ---------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის N1/3950-14 საქმეზე დადგენილ იქნა განაჩენი 2015 წლის 13 იანვარს. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი საქმეზე №1/3950-14 (ს.ფ. 88-95);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015წლის 08 ივნისის განაჩენი №1ბ/-168-15 საქმეზე (ს.ფ.96-101);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს წერილი (ს.ფ 66);
3.5. 2014 წლის 4 მაისის N17/14 ორდერის საფუძველზე ადვოკატებს ე-- ბ---------სა და ვ------- თ----–---–ს ევალებოდათ, დაეცვათ ი-–-- ფ---------–---–ის ინტერესები გამოძიებასა და სასამართლოში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ორივე ინსტანციის სასამართლო განხილვაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საადვოკატო ბიუროს კს ,,ნ--------ე და კომპანია’’ 2014 წლის 4 მაისის ორდერი N17/14 (ს.ფ 26);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი საქმეზე №1/3950-14 (ს.ფ. 88-95);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015წლის 08 ივნისის განაჩენი №1ბ/-168-15 საქმეზე (ს.ფ.96-101);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) თანახმად, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–-- ფ---------–---–ი სხვადასხვა ბრალდებით ორჯერ იყო დაკავებული სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა, ორივეჯერ მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი _ 2011 წლის 11 მარტს 2015 წლის 13 იანვარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება (ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები) 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანი მოიცავს ხელფასს, რომელსაც აიღებდა მოსარჩელე _ რომ არა მისი დაკავება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ 2014 წელს, სანამ დააკავებდნენ, მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–ი მისმა მეგობარმა დაასაქმა დისტრიბუციაში, სადაც გამოსაცდელი ვადით იყო იმ პერიოდში. უნდოდა მოსარჩელეს, რომ ემუშავა, თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო მისი გამოკითხვებზე დაბარება, რის შემდეგაც მოსარჩელე დააკავეს. რაც შეეხება დასახელებული თანხის ოდენობას, მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო თანხას, ვინაიდან თუ ყოველდღიურად იმუშავებდა, მისი საშუალო ხელფასი თვეში სავარაუდოდ შეადგენდა 600 (ექვსას ლარს). შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაანგარიშებულია ყოველთვიურად მისაღები სავარაუდო თანხის ოდენობის მიხედვით. (იხ. 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:13:46 საათი)
რაც შეეხება ადვოკატისთვის გაწული ხარჯების ოდენობას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა (მოსარჩელე _ ი-–-- ფ---------–---–ის დედა) განმარტა, რომ მოსარჩელის უკანონო დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძლებული გახდა, მისი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატებისათვის, რომ არა პროკურორებისა და გამოძიებლების უკანონო ქმედებები ი-–-- ფ---------–---–ის მიმართ, მას არ დასჭირდებოდა არც ადვოკატების აყვანა და შესაბამისად _ არც ჰონორარის გადახდა. (იხ. წარმოდგენილი საპაექრო სიტყვა ს.ფ 133 )
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის, ვინაიდან ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველჰყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დასტურდება ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა _ თანხის გადახდა, თუმცა, დადგენილი გარემოებაა, რომ ი-–-- ფ---------–---–ის ინტერესებს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდნენ ადვოკატები: ვ------- თ----–---–ი და ე-- ბ---------. თანხის გადახდის დამადასტურებელი მტიცებულებებთან დაკავშირებით მოსარჩელის წაარმომადგენელმა განმარტა, რომ ის საადვოკატო ბიურო აღარ არსებობს, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მოკლებულია საშუალებას, წარმოადგინოს საადვოკატო მოსახურეობისთვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები _ ქვითრები. (იხ. 2019 წლის 07 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:43:41 საათი) სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის მომსახურება როგორც წესი, სასყიდლიანია, თუმცა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. სასამართლოში წარმოდგენი-–-- 2014 წლის 4 მაისს გაცემული ორდერი N17/14, რომლის მიხედვითაც ი-–-- ფრიოდანაშვილის ინტერესებს გამოძიებასა და სასამართლოში დაიცავდნენ ადვოკატები _ ე-- ბ--------- და ვ------- თ----–---–ი. თუმცა, თანხის გადახდა და უშუალოდ ხარჯის გაწევა მოსარჩელის მიერ უტყუარად არ დასტურდება.
მოსარჩელე ასევე ითხოვს იძულებითი მოცდენით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავალის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად (საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) 10.04.2014წ), ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. უკანონო მსჯავრდების დადასტურება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დადგინდეს შედეგად კონკრეტული ოდენობით ზიანის დადგომის ფაქტი.
მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოიცავს იძულებით განაცდური შრომის ანაზღაურებას 6 000 ლარის ოდენობით, რომელიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გაანგარიშებულია პატიმრობის პერიოდზე, იმ შესაძლო დაშვების საფუძველზე, რომ თუკი ი-–-- ფ---------–---–ი გააგრძელებდა დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობას, მისი საშუალო ხელფასი თვეში შეადგენდა 600 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდების მოტივით ი-–-- ფ---------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებას. ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაკავებამდე ი-–-- ფ---------–---–ი იყო დასაქმებული და რომ არა მისი დაკავება _ იგი მიიღებდა შემოსავალს. შესაბამისად, სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–მა დაკავების გამო დაკარგა შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა, თუკი არ იარსებებდა მის მიმართ უკანონო ბრალდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). მსგავსი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.02.2012 წ. #ბს-1330-1315-კ11) გადაწყვეტილებით, (იხ. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.06.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ განაცხადის #55723/00).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6.3 მიუხედავად ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი წინაპირობა _ კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. მოპასუხე მხარემ გამოიყენა თავისი უფლება და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის არგუმენტს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგანაც სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართული ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი). ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–-- ფ---------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის განაჩენით. ასევე _ ი-–-- ფ---------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით დარჩა ძალაში. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს წერილით გამართლებული ი-–-- ფ---------–---–ის ადვოკატს მისივე წერილის პასუხად ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის N1/3950-14 საქმეზე დადგენილ იქნა განაჩენი 2015 წლის 13 იანვარს. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩვრებულა.
ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამართლებულ პირს განაჩენის გამოტანის დროიდან ჰქონდა შესაძლებლობა, დაეწყო დავა შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ. 2015 წლის განაჩენის შემთხვევაში _ მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან, ხოლო თუკი იგი განაჩენის გასაჩივრების გამო ელოდებოდა ზემდგომი სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანას, ამ შემთხვევაში _ მაქსიმუმ 2015 წლის 14 აგვისტოს წერილის საფუძველზე, როდესაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2011 წლის 11 მარტს ი-–-- ფ---------–---–ის გამართლების შემდგომ, იმავე დღეს მოსარჩელის წარმომადგენელი (დედა _ მ--- ფ---------–---–ი) დაიბარეს დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურაში, სადაც პროკურორმა მიუთითა, რომ თუ გამოიყენებდნენ რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლებას, ისინი გაასაჩივრებდნენ განაჩენს. შემდგომ ურეკავდნენ, რომ ი-–-- ფ---------–---–ი მისულიყო პროკურატურაში და დაეწერა ხელწერილი, რომ უარს აცხადებდა რეაბილიტაციაზე. (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:27:33საათი)
ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა საპაექრო სიტყვის წარმოთქმისას, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. (იხ. 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხოდმის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:50:03საათი)
ამასთან, 2011 წლის გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ იმ პერიოდისთვის აზრი არ ჰქონდა რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლებას პოლიტიკური რეჟიმის გათვალისწინებით. 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, 2013 წლამდე ხდებოდა მათი დაკომპლექტება, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პროკურატურაში და განყოფილებებში შეიცვლებოდა კადრები, ხოლო 2014 წელს, ი-–-- ფ---------–---–ი კვლავ დააკავეს. (იხ. 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხოდმის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:54:13საათი)
2015 წლის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მოსაზრებით, განაჩენით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იყო 10 წელი, მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას იღებდა ძალიან რთულად, ვინაიდან მოუწევდა ,,შეჯახება აპარატთან‘’ (პროკურატურასთან და განყოფილებასთან) და ჰქონდა დაპირისპირების შიში. (იხ. 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:55:11საათი).
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ.
ამ კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ არგუმენტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა ნიშნავს, რომ პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვით და ა.შ. ((საქმეზე Nბს-175-172(კ-15) 12.02.2016წ).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ი-–-- ფ---------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტისა და 2015 წლის 13 იანვრის განაჩენებით, ისევე როგორც _თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისისა და 2015 წლის 8 ივნისის განაჩენებით განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ ნიშნავს ზიანის ანაზღაურების უფლების დადასტურებას სასამართლოს მხრიდან. ამ ჩანაწერის დანიშნულებაა გამართლებული პირის ზოგადი ინფორმირება კანონით გათვალისწინებული უფლების შესახებ. თუმცა, უფლების განხორციელება უნდა მოხდეს ან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარდგენით, ან _ სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით, რომელიც განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. უკანონო ბრალდებით მიყენებული ზიანის მიყენების ფაქტის თაობაზე მსჯელობს სასამართლო ცალკე სასარჩელო წარმოების წესით და შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამართლებულ პირს უფლება აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულად კი ჩაითვლება ისეთი უფლება, რომელზედაც უფლებამოსილმა პირმა აღძრა სარჩელი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთი უფლება ითვლება სასამართლოს მიერ დადასტურებულად. თუმცა, ამ უფლების სრული რეალიზებისთვის (თუკი სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი ხასიათისაა), საჭიროა გადაწყვეტილების აღსრულება. ვალდებული პირის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ მხარეს (მოსარჩელეს) შეუძლია, მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ან, გადაწყვეტილების შინაარსის მიხედვით, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის აღსრულების მიზნით (მაგალითად _ მოითხოვოს საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების რეგისტრაცია). სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ამგვარი მოთხოვნების განხორციელებისთვის _ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი 10-წლიან ვადას.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გარანტირებულ ზიანის ანაზღაურების უფლებას, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული ნორმები წარმოადგენს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი. ასეთი მექანიზმი კი, უფლების განხორციელების კონკრეტული წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამავე კოდექსით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები უფლებათა განხორციელებისთვის. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში რაიმე სპეციალური ვადა არ არის დაწესებული. შესაბამისად, გამოიყენება 1008-ე მუხლით დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნამდვილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი. ხანდაზმულობის დროს უფლებამოსილ პირს შესაძლოა, გააჩნდეს ნამდვილი უფლება, თუმცა, მას ვეღარ განახორციელებს, რადგან მოთხოვნა წარადგინა დაგვიანებით, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდგომ და თავის მხრივ, ვალდებული პირი ამ არგუმენტს იყენებს, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს.
სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ იგი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მიმართ ჰქონდა შიში და ვერ ბედავდა მათთან დაპირისპირებას. ეს არგუმენტი დამაჯერებლობას მოკლებულია, ვინაიდან რეაბილიტირებული პირისთვის სარჩელის აღძვრის უფლება კანონით გარანტირებულია და სასამართლო განიხილავს არაერთ მსგავს დავას, სადაც მოპასუხე მხარეა სახელმწიფო ბრალდების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო და არა _ კონკრეტული ფიზიკური პირები. საქმის მასალებით არ დადასტურებულა, რომ რაიმე სახის იძულება განხორციელდა მოსარჩელის მიმართ, რითაც შეეზღუდა სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება ხანდაზმულობის ვადის დინების შემწყვეტი გარემოებების არსებობა.
ამგვარად, ზემოთ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან მოპასუხეებმა გამოიყენეს მათი უფლება, უარი თქვან მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, ი-–-- ფ---------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი-–-- ფ---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე თამარ ხაჟომია