გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2019
საქმის ნომერი
330210019002981288
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9878-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ი-----–- გამსახურდია

მოსარჩელე - შპს ,,ს----------"

წარმომადგენლები - ი----- პ----ე, ს--–---ე კ--------ე, ნ-----–-- გ--–--ე

მოპასუხე - შპს ,,ტ--–----------------------"

წარმომადგენლები - ი-----–- ა-–-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ტ--–----------------------ს“ მოსარჩელე შპს „ს----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების საფასურის - 79 815.5 ლარისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 170 645 ლარის, სულ 250 460.5 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს „ტ--–----------------------ს“ დაეკისროს ხელშეკრულების პირობების დარღვევით ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული სანქციის - 119 722.8 ლარის გადახდა მოსარჩელე შპს „ს----------“-ის სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ს----------“-სა და შპს „ტ--–----------------------ს“ შორის 2015 წლის 1 ივლისს დაიდო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ს----------“ ავრცელებდა მოპასუხის მოწოდებულ სიგნალს ეროვნულ დონეზე ღია ეთერით. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელში მოპასუხის მიწოდებული სიგნალის 1 მგბ/წმ-ით გავრცელებისათვის უნდა გადაეხადა 8 900 ლარი დღგ-ს გარეშე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით კი შპს „ტ--–----------------------“ ვრცელდებოდა 1.9 მგბ/წმ სიჩქარით, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 19 953.8 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

შპს „ს----------“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას მოპასუხეს უწევდა 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობის ღირებულება მოპასუხეს გადახდილი აქვს 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა მოპასუხეს მომსახურების თანხის გადაუხდელობის მოტივის დასადგენად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე ასევე ითხოვდა გაწეული მომსახურების ღირებულებისა და მისი ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გათვალისწინებული 6 თვის გადასახადის გადახდას მოპასუხისაგან.

 

ღია საეთერო მულტიპლექს პლატფორმასთან მაუწყებელთა დაშვების წესის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების თანახმად, ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლათფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზირებულ ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულება დაშვების თაობაზე უქმდება.

 

2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების თანახმად, მაუწყებელი მისი სურვილით ან/და ბრალეულობით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებულია გადაუხადოს მულტიპლექს ოპერატორს 6 თვის გადასახადი. მოპასუხემ აუდიო-ვიზუალური სიგნალის მიწოდება მულტიპლექს ოპერატორისათვის შეწყვიტა 2016 წლის 6 მაისს. მოსარჩელე მხარის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად მოპასუხეს არ განუმარტია სიგნალის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და კომისიის N5 დადგენილების თანახმად, ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყდა 2016 წლის 30 აგვისტოს, რაც გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული ქმედებით, კერძოდ აუდიო-ვიზუალური სიგნალის მიუწოდებლობით.

 

მოსარჩელე ითხოვს 6 თვის გადასახადის გადახდას 2016 წლის 30 აგვისტოდან, რაც შეადგენს 119 722.8 ლარს.

 

2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 5.4 პუნქტით „მულტიპლექს ოპერატორი“ უფლებამოსილია „მაუწყებელს“ დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.3 მუხლის შესაბამისად, მომსახურების ფასის გადახდა უნდა მოხდეს მომსახურების ყოველი თვის დადგომამდე წინასწარ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო მომსახურების ერთ თვის თანხა - 19 953.8 ლარის ოდენობით გადაეხადა 2016 წლის 1 მაისიდან, რაც არ განხორციელდა. შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნული თარიღიდან სასამართლოსათვის პირველად მიმართვამდე 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით ერიცხებოდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 170 645 ლარს.

 

მოპასუხის დავალიანება 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 370 183.3 ლარს, საიდანაც 79 815.5 ლარი არის მომსახურების საფასური (2016 წლის მაისიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით), 170 645 ლარი ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და 119 722.8 ლარი - ხელშეკრულების პირობების დარღვევით ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული სანქცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და აღნიშნავს, რომ 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე მომსახურებას იღებდა 2016 წლის აპრილის ჩათვლით და არა აგვისტომდე. 2015 წლის ოქტომბერში მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხესთან არასახარბიელო მდგომარეობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შეწყდებოდა მოსარჩელისათვის სიგნალის მიწოდება. ამავდროულად მოპასუხეს არ მოუხდენია 2016 წლის მაისიდან მომსახურების თაობაზე მოსარჩელისგან მიღებული ანგარიშფაქტურების დადასტურება, რადგან არ ხდებოდა სიგნალის მიწოდება, რომელიც უნდა ატვირთულიყო ციფრულ პლატფორმაზე მოსარჩელის მიერ.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილება ამოქმედდა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ და მას არანაირი კავშირი არა აქვს მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებთან.

 

2015 წლის ოქტომბრის თვეში მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს, რომ ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და ეს ფაქტი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ახორციელებდა გადახდას, ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით მოპასუხის მიერ გაფრთხილებულ იქნა მოსარჩელე, შესაბამისად გაურკვეველია მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით 6 თვის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე. არ არსებობს ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლებიც, რადგან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო 2016 წლის მაისიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ს----------“-სა (მულტიპლექს ოპერატორი, მოსარჩელე) და შპს „ტ--–----------------------ს“ (მაუწყებელი, მოპასუხე) შორის 2015 წლის 1 ივლისს დაიდო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მულტიპლექს ოპერატორი ავრცელებდა მაუწყებლის მიწოდებულ სიგნალს ეროვნულ დონეზე ღია ეთერით. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელში მოპასუხის მიწოდებული სიგნალის 1 მგბ/წმ-ით გავრცელებისათვის უნდა გადაეხადა 8 900 ლარი დღგ-ს გარეშე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით კი მაუწყებლის სიგნალი ვრცელდებოდა 1.9 მგბ/წმ სიჩქარით, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 19 953.8 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით.

 

ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაუწყებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მულტიპლექს ოპერატორი უფლებამოსილია მას დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს მაუწყებელმა უნდა გადაიხადოს მულტიპლექს ოპერატორის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

 

9.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს მაუწყებლის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მულტიპლექს ოპერატორის მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით გაფრთხილების შემთხვევაში. გაფრთხილების გარეშე ან გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ თავისუფლდება 6 თვის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 1 ივლისის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26)

 

3.1.2. 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობის ღირებულება მაუწყებელს გადახდილი აქვს 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ს----------“-ის ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 79-80).

 

3.1.3 მაუწყებელმა 2016 წლის 6 მაისიდან შეწყვიტა აუდიო-ვიზუალური სიგნალის მიწოდება მულტიპლექს ოპერატორისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ს----------“-ის ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 79-80);

- შპს „ს----------“-ის წერილები (ს.ფ. 39-41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მაუწყებელს მულტიპლექს ოპერატორი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 6 თვით ადრე არ გაუფრთხილებია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.

 

მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, რომ ხელშეკრულება შეთანხმებული წესით შეწყვიტა.

 

საქმეში წარმოდგენილია მაუწყებლის 09.10.2015 მიმართვა (ს.ფ. 77), რომლითაც ატყობინებს შპს „ს----------“-ს, რომ მათ კომპანიას გააჩნია ფინანსური პრობლემები, რის მიხედვითაც იგეგმება არხზე რეორგანიზაცია და სამწუხაროდ ვეღარ განახორციელებენ მათ შორის არსებული ხელშეკრულების პირობების განხორციელებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სიტუაციის გამოსწორების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინებდნენ მოსარჩელეს.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ წერილი არ ატარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაფრთხილების ხასიათს.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წერილის შინაარსი ამგვარად იქნება განმარტებული, მოსარჩელე უარყოფს მისი მიღების ფაქტს, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ წერილი ადრესატს ჩაბარდა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია 2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის წინასწარ (6 თვით ადრე) შეტყობინების ვალდებულება.

 

3.2.2 მულტიპლექს ოპერატორს მაუწყებლისათვის მომსახურება არ გაუწევია 2016 წლის 6 მაისის შემდგომ.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულება 2016 წლის 30 აგვისტოს შეწყდა, მანამდე კი ოპერატორი მაუწყებელს მულტიპლექს პლატფორმაში ადგილს უნახავდა, რის გამოც რესურსი ვერ იქნებოდა ათვისებული სხვა მაუწყებლის მიერ და მოპასუხე ვალდებულია, გაწეული მომსახურების საფასური გადაიხადოს.

 

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 5 მაისის, 27 მაისის წერილები, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, რის გამო შეწყდა მაუწყებლისგან სიგნალის მიწოდება (ს.ფ. 39-40).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის 2016 წლის 27 ივნისის წერილი, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხეს განუმარტავს, რომ მაუწყებელმა 2016 წლის 6 მაისიდან სიგნალის შეწყვეტით წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და ვალდებულია, ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, გადაიხადოს 6 თვის გადასახადი (ს.ფ. 41).

 

2016 წლის 2 ოქტომბრის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა დამატებითი ვადა 2016 წლის 15 ნოემბრამდე ხელშეკრულების 9.2 მუხლით გათვალისწინებული 6 თვის გადასახადის გადასახდელად (ს.ფ. 42).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ციფრული მიწისზედა ქსელით მომსახურების ცხრილი, საიდანაც ირკვევა, რომ მაუწყებელი 2016 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით იკავებდა ადგილს პლატფორმაში და მოსარჩელეს რესურსი სხვა მაუწყებლისათვის არ გადაუცია.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის ზემოაღნიშნული წერილების მისთვის ჩაბარებას. საქმეში წარმოდგენილი შპს „ჯ------------------ის“ ცნობებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილები ადრესატს ჩაბარდა (ს.ფ. 98-101) და არ იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მის მიერვე გაცემულ ცნობებს, რომლის თანახმადაც შპს „ჯ------------------ის“ ცნობებში დასახელებული გზავნილის მიმღები პირები არასოდეს ყოფილან დასაქმებულები კომპანიაში (ს.ფ. 123). სასამართლო განმარტავს, რომ ეს ცნობა არის თავად მოპასუხის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც იგივე მტკიცებითი ძალა აქვს, რაც მხარის ახსნა-განმარტებას. მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით კი სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ წერილი ჩაბარდა არა ორგანიზაციის თანამშრომელს, არამედ სხვა პირს.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის ამ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 6 მაისიდან მაუწყებელმა შეწყვიტა ოპერატორისათვის სიგნალის მიწოდება. ასევე უდავოა ისიც, რომ მოპასუხეს რაიმე ინფორმაცია სიგნალის შეწყვეტის მიზეზებზე მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია და არც სიგნალის აღდგენის სურვილი გამოუთქვამს. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის მაისი-აგვისტოს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც, ორივე მხარის განმარტებით, მოპასუხის მიერ უარყოფილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება კონკლუდენტური მოქმედებით მაუწყებელმა 2016 წლის 6 მაისს სიგნალის მიწოდების შეწყვეტით გამოხატა და ამ მომენტიდან მას მოპასუხისაგან მომსახურება არ მიუღია, არც მომსახურების საფასური გადაუხდია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მულტიპლექს ოპერატორი მაუწყებელს პლატფორმაზე ადგილს 2016 წლის 30 აგვისტომდე უნახავდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს იყო მოპასუხის სუბიექტური გადაწყვეტილება, მას შეეძლო სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე მოეშალა ხელშეკრულება და რესურსი სურვილისამებრ განეკარგა. ის გარემოება, რომ მან ხელოვნურად არ შეწყვიტა ხელშეკრულება, არარსებული მომსახურების საფასურის ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში მულტიპლექს ოპერატორსა და მაუწყებელს შორის 2015 წლის 1 ივლისს დაიდო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მულტიპლექს ოპერატორი ავრცელებდა მაუწყებლის მიწოდებულ სიგნალს ეროვნულ დონეზე ღია ეთერით. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელში მოპასუხის მიწოდებული სიგნალის 1 მგბ/წმ-ით გავრცელებისათვის უნდა გადაეხადა 8 900 ლარი დღგ-ს გარეშე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით კი მაუწყებლის სიგნალი ვრცელდებოდა 1.9 მგბ/წმ სიჩქარით, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 19 953.8 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს „მაუწყებლის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში „მულტიფლექს ოპერატორის“ მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით გაფრთხილების შემთხვევაში. გაფრთხილების გარეშე ან გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ თავისუფლდება 6 თვის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც კონტრაჰენტს უნდა მიუვიდეს. არათანმყოფი პირის მიმართ გამოვლენილი ნება მისულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მოექცევა ხელშეკრულების მეორე მხარის გამგებლობაში, მიუხედავად იმისა, გაეცნო თუ არა იგი ამ ნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მაუწყებლის მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელეს არ მისვლია, შესაბამისად, მოპასუხემ 2016 წლის 6 მაისიდან მოსარჩელის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა სიგნალის მიწოდება.

 

ვინაიდან შპს „ტ--–----------------------მ“ დაარღვია 2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის წინასწარი (6 თვით ადრე) შეტყობინების ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვის გადასახადის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 6 მაისიდან ამავე წლის 30 აგვისტომდე გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას. მისი განმარტებით, ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 30 აგვისტოს, მანამდე კი მაუწყებელი იკავებდა ადგილს პლატფორმაში და მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, სხვა მაუწყებლისათვის გადაეცა რესურსი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება კონკლუდენტური მოქმედებით მაუწყებელმა 2016 წლის 6 მაისს სიგნალის მიწოდების შეწყვეტით გამოხატა და ამ მომენტიდან მას მოპასუხისაგან მომსახურება არ მიუღია, არც მომსახურების საფასური გადაუხდია.

 

კერძო სამართალი იცნობს გრძელვადიან და მოკლევადიან ხელშეკრულებებს. არ არის აუცილებელი, ორმხრივი ხელშეკრულება გრძელვადიანი იყოს. სახელშეკრულებო ურთიერთობის გრძელვადიანობა დროში მოქმედებაზე არ მიუთითებს, არამედ მრავალჯერადი შესრულების ვალდებულებაზე. გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში მხარეებს განგრძობითად წარმოეშობათ გარკვეული ვალდებულებები ისე, რომ შესასრულებელი ვალდებულების შინაარსობრივი ფარგლები წინასწარ არ არის განსაზღვრული, ამასთან, მრავალჯერადი შესრულება არ გულისხმობს ნაწილ-ნაწილ შესრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი. ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი მიმართულია არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნების, არამედ ხელშეკრულების შესრულებაზე მომავალში უარის თქმაზე. ხელშეკრულების მოშლა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლით, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებს შეეხება. ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე მუხლებით დადგენილი წესით მოეშალა ხელშეკრულება და სურვილისამებრ განეკარგა ადგილი პლატფორმაში, მით უმეტეს, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობაც კი არ არსებობდა, რადგან სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ უპასუხა მოსარჩელის წერილებს (პირველი წერილი 2016 წლის 6 მაისსაა გაგზავნილი - სიგნალის შეწყვეტის დღეს), არ უცნობებია სიგნალის მიწოდების შეწყვეტის მიზეზები და არც თანამშრომლობის აღდგენის სურვილი გამოუხატავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს, რა ვადაში უნდა მოშალოს ხელშეკრულება მხარემ, როცა სახეზეა მეორე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ხელოვნურად უნდა გააჭიანუროს პროცესი, რათა გაზარდოს მეორე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, მაგ. ყოველთვიურად გადასახდელი მომსახურების საფასური.

 

განსახილველ შემთხვევაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ადგილი, მით უმეტეს, რომ ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ინიციატორი მაუწყებელი იყო. მან სახელშეკრულებო ვალდებულება კი არ დაარღვია, არამედ კონკლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოავლინა - შეწყვიტა მომსახურების მიღება მოსარჩელისაგან და არც მომსახურების საფასური გადაუხდია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა იმ მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც გაწეული არ ყოფილა.

 

რაც შეეხება მოცდენის ფაქტორს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი ვალდებულების შესრულებას - მომსახურების საფასურის გადახდას და არა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ თავად ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე თანამშრომლობის აღდგენის სურვილს არ გამოხატავდა, მოსარჩელემ თავად გადაწყვიტა, რომ 4 თვის განმავლობაში მისთვის ადგილი შეენახა პლატფორმაში, მაშინ, როცა მსგავსი ვალდებულება არ ეკისრებოდა და არც მოპასუხე სთხოვდა ადგილის შენახვას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაზე არ ვრცელდება 2016 წლის 30 ივნისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ (დადგენილება), რომლის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე (დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში) მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის (დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში) განმავლობაში. ამ შემთხვევაში საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულება დაშვების თაობაზე უქმდება და აღნიშნული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. დადგენილება 2016 წლის 30 ივნისიდან ამოქმედდა და მას უკუქცევითი ძალა არ აქვს მინიჭებული. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საკითხი სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, თავის თავში, შესაძლო მოცდენის კომპენსირების ფუნქციასაც ითავსებს. თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა სასამართლო სხდომაზე, რომ ამხელა სანქცია გათვალისწინებული იქნა იმიტომ, რომ, სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოპერატორი დაზღვეული ყოფილიყო მოცდენის რისკისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს შპს „ტ--–----------------------სათვის“ მომსახურების საფასურის - 79 815.5 ლარის გადახდის დაკისრების საფუძვლები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ ას-491-471-2016).

 

2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ. კერძოდ, 5.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაუწყებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მულტიპლექს ოპერატორი უფლებამოსილია მას დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს მაუწყებელმა უნდა გადაიხადოს მულტიპლექს ოპერატორის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება 9.2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით შეწყვიტა, ამავე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ გადაუხდია. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშვება ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

ვინაიდან მოპასუხეს 6 თვის გადასახადი (ფინანსური სანქცია) არ გადაუხდია, სახეზეა ფინანსური ვალდებულების დარღვევა.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 1 მაისიდან 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდისათვის (1094 ვადაგადაცილებული დღე), ამასთან, პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს როგორც მომსახურების საფასურს, ისე - ფინანსურ სანქციას. ჯამში გადასახდელი პირგასამტეხლო 170 645 ლარითაა განსაზღვრული.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პირგასამტეხლო მხოლოდ ფინანსურ სანქციას ერიცხება.

 

გარდა ამისა, პირგასამტეხლოს დარიცხვა არ უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 მაისიდან. მოპასუხემ სიგნალის მიწოდება შეწყვიტა წინასწარი გაფრთხილების გარეშე 2016 წლის 6 მაისიდან. სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მას ფინანსური სანქციის გადახდის ვალდებულება, ე.ი. პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაიწყოს ვადაგადაცილების პირველი დღიდან - 2016 წლის 7 მაისიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლო იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ სარჩელი აღძრულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, რითაც გაიზარდა დასარიცხი პირგასამტეხლო, ამდენად, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და განისაზღვროს 34 129 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული ნაწილი მთლიანი მოთხოვნის 65%-ს შეადგენს. სასამართლო ხარჯები ამ პროპორციით უნდა განაწილდეს: მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3 250 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს----------“-ის სარჩელი შპს „ტ--–----------------------ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ტ--–----------------------ს“ შპს „ს----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 119 722,8 ლარისა და პირგასამტეხლოს - 34 129 ლარის გადახდა;

3. დანარჩენ ნაწილში შპს „ს----------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ტ--–----------------------ს“ შპს „ს----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3250 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია