გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210119002949220 (N2/313-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი”
წარმომადგენელი - ლა–---------------ე
მოპასუხე - ნა----–-------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს ნა----–-------–--ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1892.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 809.22 ლარი, სარგებელი - 460.93 ლარი, სადაზღვევო პრემია - 38.80 ლარი და პირგასამტეხლო - 583.93 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
201--–-–----------სს სს ,,კრ----------სა” და ნა----–-------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 850 ლარის ოდენობით, 20 თვის ვადით, სესხის კლებადი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 63 %-ით, ხოლო ეფექტური - 95.33 %-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41 %-ის ოდენობით (რომლის დარიცხვაც მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში). ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.
მსესხებელმა შეწყვიტა თანხის გადახდა 2018 წლის სექტემბრის თვის შემდეგ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოპასუხეს ერიცხებათ 201--–-–----------სს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 1892.88 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 809.22 ლარი, სარგებელი - 460.93 ლარი, სადაზღვევო პრემია - 38.80 ლარი და პირგასამტეხლო - 583.93 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნა----–-------–--ემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკირების ნაწილში არ ცნო და ითხოვა შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201--–-–----------სს სს ,,კრ----------სა” და ნა----–-------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 850 ლარის ოდენობით, 20 თვის ვადით, 2020 წლის 03 მარტის ჩათვლით, სესხის კლებადი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 63 %-ით, ხოლო ეფექტური - 95.33 %-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; 201--–-–----------სის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-28);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. სს ,,კრ----------მა“, მოვალეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილი და ჩაბარების დასტური (იხ. ს.ფ 32-33).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 201--–-–----------სის N1-------------- სესხის ხელშეკრულება ნა----–-------–--ის მიერ დარღვეულია 2018 წლის სექტემბრის თვის შემდეგ, რის შემდგომაც სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ.2-21)
- სესხის N1-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 22-28)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 201--–-–------------–-ს მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 1892.88 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 809.22 ლარი, სარგებელი - 460.93 ლარი, სადაზღვევო პრემია - 38.80 ლარი, პირგასამტეხლო - 583.93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 42);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო 201--–-–----------სის N1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის სექტემბრის თვის შემდეგ ვალდებულის შერულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კრ----------ის” სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ნა----–-------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 201--–-–----------სის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 809.22 ლარისა და 460.93 ლარის - სარჩელის წარდგენის მდგომარეობით დარიცხული სარგებელის ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „კრ----------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 850 ლარის ოდენობით, 20 თვის ვადით, 2020 წლის 03 მარტის ჩათვლით, სესხის კლებადი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 63 %-ით, ხოლო ეფექტური - 95.33 %-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (მაგრამ არა უმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც მსესხებელს შეუსრულდება 72 წელი) დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს.
მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე, ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
სასმართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამავე კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი. მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი თანხის, ხელშკრულებაზე შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტის და სიცოცხლის დაზღვევის საფასურის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 201--–-–----------სის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 201--–-–----------სის N1-------------- სესხის ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50 ლარი, სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი და საგარანტიო თანხა -50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 201--–-–----------სის ხელშეკრულებაზე ძირითადი თანხის 809.22 ლარისა და პროცენტის 460.93 ლარის ნაწილში. ამდენად, სს ,,კრ----------ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 37.89 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 4.2 ლარის (ოთხი ლარი და ორის თეთრი) ოდენობით (სადაზღვევო პრემიისა და პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების ნაწილში), სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროთ მოპასუხეებს მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, სააპლიკაციო საფასურის თანხა 100 ლარის ოდენობით, საგარანტიო თანხა -50 ლარი.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------–-ს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკს აეკრძალოა მოპასუხე ნა----–-------–--ისათვის მის ანგარიშზე არსებული ანდა ჩარიცხული 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულადი სახსრების გაცემა, ჯამში 2192.88 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------–-ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,კრ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეს ნა----–-------–--ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1408.95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 809.22 ლარი, სარგებელი - 460.93 ლარი, სადაზღვევო პრემია - 38.80 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.
2. მოპასუხეს ნა----–-------–--ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან 4.2 (ოთხი ლარი და ორის თეთრი) ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და საგარანტიო თანხის - 50 ლარის ანაზღაურება.
3. სს ,,კრ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 15.04.2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 37.89 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300903150, საგადახდო დავალება №621822, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება მიექეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე