გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
811210019002798212
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 811210019002798212

საქმე №2/3-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.05.2019 წელი ქ. წ---–-----ო

წ---–-----ოს მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მ--–--ზ ჩ-----იძე

სხდომის მდივანი - თ------ლე ლ---------–-ანი

მოსარჩელე - შპს ,,ე----- კრედიტ+”

წარმომადგენელი - თამარი გერაძე

მოპასუხე - შ--–-- ჩ--ლაძე

წარმომადგენელი - მიხეილ ნემსაძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ--–-- ჩ--ლაძეზე, მოსარჩელე შპს „ე-----კრედიტ+“-ის სასარგებლოდ, სესხისა და გირავნობის (N1---74/კ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1743,75 აშშ დოლარის (ძირი 1125 აშშ დოლარი, სარგებელი - 618,75 აშშ დოლარი) გადასახდელად დაკისრება.

1.2. ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარის მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1---74/კ; რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით 12 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ნისან სტაგეა. მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადაეცათ გირავნობის საგანი, რომელიც გაიყიდა 720 ლარად (290,41 აშშ დოლარი) რომლითაც სრულად გაიქვითა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ გადასახდელი თანხა დარჩა 1125 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება ყოველთვიური სარგებელი 5%-ის ოდენობით. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციისგან შემოსული თანხა საკმარისი იყო 17.10.2016 წლამდე დარიცხული სარგებლისათვის, დავალიანება ერიცხება 17.10.2016 წელს გადაუხდელ სარგებელს დამატებული მომდევნო თვეების შესაბამისად სრული 11 თვის დარიცხული სარგებელი შეადგენს 618,75 აშშ დოლარს.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფის მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ--–-- ჩ--ლაძემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შ--–-- ჩ--ლაძეს დადებული ჰქონდა მოსარჩელე შპს „ე-----კრედიტ +“-თან საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომელის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით 12 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ნისან სტაგეა.

მოსარჩელე მხარე თვითნებურად დაეუფლა შ--–-- ჩ--ლაძის კუთვნილ ავტომანქანას და მოახდინა მისი რეალიზაცია მფლობელისათვის შეუტყობინებლად, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. შ--–-- ჩ--ლაძეს გირავნობის საგანი პირადად არ გადაუცია მოსარჩელე მხარისთვის. ავტომანქანას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და რა დაზიანებები მიიღო მანქანამ წაყვანის შემდეგ მოპასუხისათვის უცნობია. ამიტომ არ ეთანხმება მოსარჩელის დაკვეთით ავტომანქანის ღირებულების შეფასების აქტს და მიაჩნია, რომ მანქანა გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო გირავნობის საგნის გადაცემით, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულად მიაჩნია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება N1---74/კ;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გირავნობის საგანი.

მტკიცებულება:

- მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური;

 

3.2.2. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 720.00 ლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტს და ავტომობილის შესყიდვის ფასს.

მტკიცებულება:

- ნასყიდობის ხელშეკრულება N1---74/K;

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (შემფასებელი ი----- პ---–--–ვილი);

-მიღება ჩაბარების აქტი;

- ფოტოილუსტრაცია.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეს დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილი და მიეცა დამატებითი ვადა.

მტკიცებულება:

-საქართველოს ფოსტის გზავნილი;

 

3.2.4. დადგენილია, რომ ფ/პ ი----- პ---–--–ვილი არ არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირი.

მტკიცებულება:

- ი----- პ---–--–ვილის ჩვენება.

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავოდ მიაჩნია ავტომობილის (გირავნობის საგანი) შეფასება, კერძოდ აღნიშნავს, რომ ავტომობილის შეფასება მოხდა ფოტოსურათების საშუალებით, შემფასებელ პირს ადგილზე არ უნახავს შეფასების ობიექტი და შეფასება მოახდინა საიტის მეშვეობით, ანალოგიური ავტომობილის მიმართ.

მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა -განმარტება; შეფასების დასკვნა; ი----- პ---–--–ვილის ჩვენება.

 

3.2.6. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება. ვალდებულება წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, კერძოდ, ის რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. მოპასუხე კი უარყოფს ვალის არსებობას, რადგან მოპასუხის წარმომადგენლმა საეჭვო გახადა გირავნობის საგნის შემფასებელი ექსპერტის კვალიფიკაციის საკითხი და გამომდინარე აქედან ის მიიჩნევს, რომ ავტომობილის (გირავნობის საგანი) სწორი შეფასების შემთხვევაში კომპანიის წინაშე მას არანაირი ვალდებულება არ უნდა დარჩენოდა, რადგან გირავნობის საგანი სრულად უზრუნველყოფდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

ამდენად, ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 919-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძოდ, სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

-დადგენილია, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოხატვით გააფორმეს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ არაკვალიფიციურ პირს შეაფასებინა ავტომანქანა საბაზრო ფასზე ნაკლებად, გაასხვისა გირავნობის საგანი და ამჟამად დამატებით ითხოვს თანხას. მისივე განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოვალის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა გირავნობის საგანი. ამდენად, ეს ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.

 

6... სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

6.7. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 6.2. მუხლზე, რომლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორი უფლებამოსილია გადაიფორმოს გირავნობის საგანი თავის საკუთრებაში და თვითონვე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

 

სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით - მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

6.8. საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედმათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

 

საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4.4 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 6000 აშშ დოლარით (შემდომში ,,მაქსიმალური თანხა“).

 

საქმის განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გირავნობის საგნის შეფასება პირველ ეტაპზე, სესხის გაცემისას ხდება კრედიტ - ოფიცრის მიერ გირავნობის საგნის ვიზუალური დათვალიერებით. სწრედ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შეფასდა გირავნობის საგანი 2000 აშშ დოლარად.

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 720 ლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და სადავოდ მიიჩნევს ი----- პ---–--–ვილის მიერ ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ამასთან თვით ი----- პ---–--–ვილის განმარტებით, დადგენილია, რომ იგი არ არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირი. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის შეფასება მოხდა არაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ და ამ ნაწილში მოპასუხის პრეტენზია საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი პრეტენზია გამოიწვია გაყიდული ავტომანქანის რეალიზაციის ფასმა და ამავე ნივთის საბაზრო ღირებულებას შორის მნიშვნელოვანმა სხვაობამ, სახელდობრ, მოპასუხის მოსაზრებით, კრედიტორმა ბოროტად გამოიყენა მის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის უფლება, რამაც მოპასუხეს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი.

 

6.10. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - ვინაიდან საეჭვოა გასხვისებისას გირავნობის საგნის ღირებულება, ამასთან საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ N1---74/K ხელშეკრულების მე-4 მუხლით, გირავნობით სრულად უზრუნველყოფილია მოგირავნის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის ძირითადი თანხა, მოგირავნისადმი მიყენებული ზიანი (სასამართლო, სააღსრულებო, იურიდიული მომსახურების სხვა ნებისმიერი ხარჯი) და სწორედ, გირავნობის საგნის გათვალისწინებით, ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 2000 აშშ დოლარით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების მითითებული ჩანაწერი, სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლთან, რომლის პირველი ნაწილით - მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ N1---74/K ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებით ასევე დადგინეს გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი, რაც პირდაპირ კავშირშია იმავე ხელშეკრულების 6.2 მუხლთან და წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობას, რადგან როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სესხი, 1200 აშშ დოლარი, გაიცა გირავნობის საგნის ვიზუალური შეფასების საფუძველზე, კრედიტორი ვალდებული იყო, გირავნობის საგნის რეალიზაციისას შეექმნა უფრო სარწმუნო მტკიცებულება (კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა) რაც ობიექტურ შემფასებელს შეუქმნიდა კრედიტორის მხრიდან უფლების მართლზომიერად გამოყენების რწმენას და შესაბამისად მოპასუხის პოზიცია იქნება უსაფუძვლო.

წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით, გირავნობის საგანი არა თუ კრედიტის ძირი თანხის გადახდას უზრუნველყოფდა, არამედ მხართა შეთანხმებით, იგი უზრუნველყოფდა ასევე სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნებს.

ვინაიდან, მოწმის საით დაკითხულმა ავტომანქანის შემფასებელმა პირმა, ი----- პ---–--–ვილმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა მეთოდებით მოახდინა სადავო გირავნობის საგნის შეფასება, სასამართლო მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის გასხვისებისას კრედიტორმა დაარღვია მეწარმისათვის დამახასიათებელი წინდახედულების პრინციპი, არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს სავალდებულო პირობა, კერძოდ - უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ამდენად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს (დარჩეს) ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ წ---–-----ოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო შ--–-- ჩ--ლაძის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - CV3--CV, მარკა-მოდელი მაზდა MPV, ფერი - რუხი 6/8 გ, წელი -2003, სარეგისტრაციო მოწმობა - AM1---498, შასის N - LW3W3----6. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ე----- კრედიტ+”-ს სარჩელი შ--–-- ჩ--ლაძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს წ---–-----ოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო შ--–-- ჩ--ლაძის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - CV3--CV, მარკა-მოდელი მაზდა MPV, ფერი - რუხი 6/8 გ, წელი -2003, სარეგისტრაციო მოწმობა - AM1---498, შასის N - LW3W3----6.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, წ---–-----ოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს წ---–-----ოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--ზ ჩ-----იძე