გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12427-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - შპს „კ------------------------ი“
წარმომადგენელი - ი--------------ე
მოპასუხე - თ-------–---–---–ი
წარმომადგენელი - მ---------–---ი, ნ--------–--–--ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე შპს „კ------------------------ის“ სასარგებლოდ, მოპასუხე თ-------–---–---–ისთვის სწავლის გადაუხდელი საფასურის 12 144.53 ლარის დაკისრება.
საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისთვის ჯამში 7300 ლარის დაკისრება ითხოვა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3644.9 ლარი, ხოლო საურავი 3655.1 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შპს „კ------------------------ის“ პრეზიდენტის 2015 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით, თ-------–---–---–ი ჩაირიცხა შპს „კ------------------------ის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნულის საფუძველზე, 2015 წლის 16 ნოემბერს, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის, სასწავლო მომსახურეობის შესახებ, გაფორმდა ძირითადი (ჩარჩო) ხელშეკრულება.
2015 წლის შემოდგომის სემესტრში, თ-------–---–---–ი დარეგისტრირდა 6 სასწავლო საგანზე. სწავლის სემესტრული საფასურის ღირებულება განისაზღვრა 2950.2 ლარით. აღნიშნულზე, მხარეთა შორის 2015 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა სემესტრული ხელშეკრულება.
თანხის ერთიანად გადაუხდელობის გამო, 2015 წლის 21 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების გრაფიკზე. შეთანხმებით ასევე, გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადის დარღვევის გამო, სტუდენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, ხოლო 21 დღიანი ვადაგადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.2 %-ის ოდენობით.
2015 წლის შემოდგომის სემესტრის საფასურიდან, მოპასუხე მხარემ გადაიხადა 2255.5 ლარი, ხოლო გადაუხდელია - 694.70 ლარი.
2016 წლის გაზაფხულის სემესტრში, თ-------–---–---–ი ასევე დარეგისტრირდა 6 ახალ სასწავლო კურსზე. სწავლის სემესტრული საფასურის ღირებულება განისაზღვრა 2950.20 ლარით. აღნიშნულზე, მხარეთა შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა სემესტრული ხელშეკრულება. 2016 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის ღირებულება მოპასუხეს არ გადაუხდია.
2016 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხის მშობელმა, მ---------–---მა განცხადებით მიმართა შპს „კ------------------------ს“. განცხადებაში მითითებული იყო, რომ თ-------–---–---–მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასწავლო საგნებზე დასწრება, რის გამოც, ითხოვა საგაზაფხულო სემესტრული რეგისტრაციის გაუქმება.
2019 წლის 11 მარტს, მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება, დავალიანების დაფარვისა და ვალდებულების შესრულებისთვის დამატებით 15 დღის ვადის განსაზღვრის თაობაზე. გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
მოპასუხეს არსებული მდგომარეობით შპს „კ------------------------ში“ შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით ცნო სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის შემოდგომის სემესტრის საფასურის 694.70 ლარის ნაწილში, თუმცა არ ეთანხმება მოპასუხის მოთხოვნას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადაგადაცილებულ დღეებზე საურავის სახით 0.2 % დაკისრების თაობაზე. მოპასუხე ასევე უარყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 21 დეკემბერს შედგა შეთანხმება (სემესტრული) დავალიანების 3661.19 ლარის ოდენობით აღიარების შესახებ. მოპასუხე მიუთითებს, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის შეთანხმება გაყალბებულია და მასზე ხელმოწერა, მას არ ეკუთვნის (საქმის განხილვის დროს, მოპასუხეს სადავოდ აღარ გაუხდია ხელშეკრულების ნამდვილობა).
2016 წლის საგაზაფხულო სემესტრული დავალიანების ნაწილში მოპასუხე განმარტავს, რომ დარეგისტრირდა 2016 წლის გაზაფხულის 6 სასწავლო კურსზე, რისთვისაც სემესტრული გადასახადი განისაზღვრებოდა 2950.2 ლარით, თუმცა უარყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა სემესტრული ხელშეკრულება. მოპასუხე მიუთითებს, რომ 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულება გაყალბებულია და მასზე ხელმოწერა, მას არ ეკუთვნის.
2016 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხის მშობელმა მიმართა შპს „კ------------------------ს“, საგაზაფხულო სემესტრის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი უნივერსიტეტს მისთვის არ უცნობებია, რის გამოც ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტს როგორც მენარდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, „ადეკვატური სასწავლო მომსახურების“ თაობაზე, არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს მოპასუხეს საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „კ------------------------ის“ პრეზიდენტის 2015 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით, თ-------–---–---–ი ჩაირიცხა კ------------------------ის საბაკალავრო პროგრამაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი კ------------------------ის პრეზიდენტის 2015 წლის 09 სექტემბრის ბრძანებიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)
3.1.2. სწავლების პირველ, 2015 წლის შემოდგომის სემესტრში, თ-------–---–---–ი დარეგისტრირდა ექვს საგანზე. არჩეული სასწავლო დისციპლინების კრედიტების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2950.20 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 სექტემბრის სემესტრული ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეებმა, 2015 წლის საშემოდგომო სემესტრული სწავლების საფასურთან მიმართებით, 2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე (შეთანხმების ნამდვილობა, საქმის განხილვის ეტაპზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ). შეთანხმების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაზრდილმა თანხამ შეადგინა 3661.19 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 2255.5 ლარი, ხოლო გადაუხდელია - 694.7 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 21 დეკემბრის შეთანხმება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში, თ-------–---–---–ი დარეგისტრირდა 6 საგანზე. არჩეული სასწავლო დისციპლინების კრედიტების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2950.20 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მითითებული თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია, უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზიდან (გვ.27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2016 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხის მშობელმა, მ---------–---მა განცხადებით მიმართა შპს „კ------------------------ს“. განცხადებაში მითითებული იყო, რომ თ-------–---–---–მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასწავლო საგნებზე დასწრება, რის გამოც, ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ---------–---ის 2016 წლის 30 აგვისტოს განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. შპს „კ------------------------ის“ სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, თ-------–---–---–ს შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „კ------------------------ის“ პრეზიდენტის მიერ გაცემული 2019 წლის 15 ივლისის ცნობა (ს.ფ. 70);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ. დოკუმენტზე ხელმოწერის გაყალბებისა და ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები არ დასტურდება; შესაბამისად, 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება - საგაზაფხულო სემესტრული სწავლების საფასურის 2950.20 ლარის გადახდის თაობაზე;
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები). კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
სამოქალაქო პროცესში, მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მის ხარისხზეა დამოკიდებული არსებული დავის განხილვის მატერიალური და საპროცესო საბოლოო შედეგები. ამასთან, მხოლოდ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე მითითება იმთავითვე არ გულისხმობს, რომ მხარემ სრულად შეძლო თავისი კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. კონკრეტული ფაქტის დადასტურების მიზნებისათვის, მტკიცებულება უნდა პასუხობდეს განკუთვნადობის (შესახებობის), დასაშვებობისა და საკმარისობის კრიტერიუმებს.
განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობას სადავოდ ხდის მოპასუხე მხარე. შესაბამისად, ფაქტის დადასტურების კუთხით, მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე სუბიექტი მოპასუხეა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ მოცემულობით, მოპასუხემ ვერ შეძლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტის სიყალბის სარწმუნოდ დასაბუთება. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოპასუხემ საქმეზე წარმოადგინა, ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სიყალბის ფაქტს. ამასთან, მოპასუხე ვერ აქარწყლებს მოსარჩელის იმ არგუმენტსაც, 2016 წლის საგაზაფხულო სემესტრის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, თუ სხვა რა გარემოებათა არსებობის საფუძველზე შეეძლო მიემართა უნივერსიტეტისთვის მოპასუხის მშობელს, თუ მისთვის უცნობი იქნებოდა ზემოაღნიშნული სემესტრული ხელშეკრულების თაობაზე. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული დავის ფარგლებში, არ ქმნის მოპასუხის პოზიციის სარწმუნო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო, სათანადო მტკიცების გარეშე, წარმოდგენილი მტკიცებულების გაყალბების ეჭვს ვერ დაუშვებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულება;
- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 4 სექტემბრის დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მ---------–---ის 2016 წლის 30 აგვისტოს განცხადება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „კ------------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც მოსარჩელემ (მენარდემ) იკისრა ვალდებულება, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო მოპასუხე (შემკვეთი) სანაცვლოდ ვალდებულია, გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი).
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ ვალდებულების საფუძველია ერთის მხრივ, 2015 წლის 16 ნოემბრის ძირითადი (ჩარჩო) ხელშეკრულება, ხოლო მეორეს მხრივ, 2015 წლის 20 სექტემბრისა და 2016 წლის 28 მარტის სემესტრული ხელშეკრულებები.
2015 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ვადების ფარგლებში გაიაროს რეგისტრაცია და გააფორმოს სემესტრული ხელშეკრულება. ხელშეკრულება ავტომატურად ხდება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და იგი ყოველი მოცემული სემესტრისთვის უნივერსიტეტისა და სტუდენტისათვის წარმოშობს დამატებით ვალდებულებებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, სემესტრული ხელშეკრულება განსაზღვრავს სტუდენტის მიერ მიმდინარე სემესტრში უნივერსიტეტის წინაშე არსებულ ფულად ვალდებულებას, მის მოცულობას, ანაზღაურების წესსა და პირობებს.
ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, სტუდენტმა 2015 წლის საშემოდგომო სემესტრთან დაკავშირებით უნივერსიტეტთან გააფორმა 2015 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის საგაზაფხულო სემესტრზე, 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულება.
2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით:
მოპასუხე სადავოდ ხდის ხელშეკრულების ნამდვილობას და აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 მარტის სემესტრულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. მოპასუხემ საქმეზე წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა (04.09.19), სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე არსებულ გრაფის „სტუდენტი“ გასწვრივ ხელმოწერა, შეუძლებელია დადგინდეს შესრულებულია თუ არა თ-------–---–---–ის მიერ, ნიმუშების ვარიაციულობისა და სიმცირის გამო („შედარებითი კვლევისთვის არ არის წარმოდგენილი გამოკვლევის შესაბამისი თ. ლუაშვილის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები“). არსებული ვარაუდის დასასაბუთებლად, მოპასუხე მხარეს განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა/სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ გარემოებაზე: 2016 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხის მშობელმა, მ---------–---მა განცხადებით მიმართა შპს „კ------------------------ს“, საგაზაფხულო სემესტრული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიაჩნია, რომ არა მხარის მიერ გაცნობიერებული ნაკისრი ვალდებულება და მისგან განთავისუფლების საფუძველი, რეგისტრაციის გაუქმების ფაქტით, მხარე სხვა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა. ამასთან, განცხადებით მიმართვამდე, წინაპირობის სახით, ერთმნიშვნელოვნად მოპასუხისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ვალდებულების თაობაზე, რაც თავის მხრივ, 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. ხოლო საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გაცნობის გარეშე (რასაც უარყოფს მოპასუხე მხარე), სხვაგვარად ვერ შეძლებდა მხარე ვალდებულების თაობაზე ინფორმაციის მიღებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების ნამდვილობის პრეზუმფცია, რომელიც სარწმუნო და დასაბუთებული მტკიცების საფუძველზე შეიძლება უარყოფილი იქნეს. მტკიცებულების გაყალბების ფაქტი კი, საქმეში წარმოდგენილი გარემოებებით არ დგინდება. ვარაუდი, რომელიც დაყენებულია მოპასუხის მხრიდან არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გარემოებათა/მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც, სათანადო მტკიცების გარეშე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებულების გაყალბების თაობაზე მოპასუხის ეჭვს.
მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით:
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტმა იკისრა სტუდენტისათვის გაეწია სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურება. სტუდენტმა კი ივალდებულა, ამ მომსახურებისათვის საფასურის გადახდა შეთანხმებულ ვადაში და წესით.
§ 2015 წლის 20 სექტემბრის სემესტრულ ხელშეკრულებასთან მიმართებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ უნივერსიტეტმა გასწია სასწავლო მომსახურეობა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო მოპასუხემ მიიღო იგი; სანაცვლოდ, საპასუხო შესრულების სახით, მოპასუხემ გადაიხადა 2255.5 ლარი, ხოლო გადაუხდელია - 694.7 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან ვალდებულების სრულად შესრულება, დარჩენილი თანხის 694.7 ლარის ნაწილში, რის გამოც, სარჩელი, მოთხოვნის ამ ნაწილში, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია.
§ 2016 წლის 28 მარტის სემესტრულ ხელშეკრულებასთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 1.9 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში სტუდენტი უფლებამოსილია გააუქმოს სემესტრული რეგისტრაცია. ამავე ხელშეკრულების 1.13 პუნქტის მიხედვით, თუ სტუდენტს დადგენილ ვადაში არ გაუუქმებია სემესტრული რეგისტრაცია, მაგრამ მონაწილეობას არ იღებს სასწავლო პროცესში, არ დადის ლექციებზე.... არ თავისუფლდება სემესტრული გადახდის ვალდებულებისგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მოცემულ საქმეზე, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შესძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასწრებოდა საგაზაფხულო სემესტრულ სწავლებას. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მისგან გამოწვეული მიზეზით ვერ შეძლო შეთანხმებული საგანმანათლებლო სწავლების მიღება. ამგვარ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს უნივერსიტეტის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი), რაც თავის მხრივ, საპასუხო შესრულების ვალდებულებას გულისხმობს ასევე მოპასუხის მხრიდანაც. სწავლის სემესტრული საფასურის ღირებულება განისაზღვრა 2950.2 ლარით, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან ვალდებულების სრულად შესრულება, 2950.2 ლარის სახით. სარჩელი, მოთხოვნის ამ ნაწილში, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია.
სასარჩელო მოთხოვნა - ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მხარეთა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი). (იხ. სუსგ №ას-1373-2018, 17.01.2019; სუსგ № ას 848-814-2016, 28.12.2016; სუსგ№ას-816-767-2015, 19.11.2015;)
განსახილველ შემთხვევაში ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება სრულად როგორც, 2015 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების, ასევე 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულების ნაწილში.
2015 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს გადასახდელი აქვს 694.7 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე - 2950.2 ლარი. ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, თუმცა პარალელურად შენიშნავს იმ გარემოებას, რომ მეორე კუმულაციური პირობა - მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, წარმოდგენილია მხოლოდ 2015 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში (2015 წლის 21 დეკემბრის შეთანხმება). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების შესრულების 21 დღეზე მეტხანს გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია გადასახდელი თანხის 0.2 %-ის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ 2015 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულების (694.7 ლარი) ნაწილში.
მოსარჩელე კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ითხოვს ვალდებულების დარღვევიდან (2016 წლის 14 მაისიდან) სარჩელის მომზადებამდე (2019 წლის 31 მაისამდე), რაც ჯამში შეადგენს 1101 დღეს. აღნიშნულ პერიოდზე კი პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 694.7 ლარის 0.2%, ჯამში შეადგენს 1543.45 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ანაწესის მიზანია, არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს.
არსებულ მოცემულობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2%, შეუსაბამოდ მაღალია რის გამოც, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მითითებული ოდენობა უნდა შემცირდეს 20-ჯერ 0.01%-მდე და განისაზღვროს 76.48 ლარით, (694.7 ლარის 0.01%=0.06947X1101 დღეზე) რაც იქნება გონივრული და არ გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელემ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა მთავარ სხდომამდე შეამცირა 12144.53 ლარიდან 7300 ლარამდე, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 364.34 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა - 145.34 ლარი;
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასია 7300 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 3644.9, ხოლო პირგასამტეხლო - 3655.1 ლარი. ამასთან, მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე ძირითადი თანხის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, 694.7 ლარის ნაწილში. ვინაიდან, ძირითადი თანხის 2950.20 ლარის დაკისრების მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს შესაბამისად 88.506 ლარი. ასევე, მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 694.7 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 20.84 ლარი.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნას იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ 76.48 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2.2944 ლარის ანაზღაურება, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის 3655.1 ლარის დაუკმაყოფილებელ 3578.62 ლარის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 107.35 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „კ------------------------ის“ სარჩელი, მოპასუხე თ-------–---–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თ-------–---–---–ს მოსარჩელის შპს „კ------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3721.38 ლარი, საიდანაც სწავლის გადაუხდელი საფასურის დავალიანების ძირითადი თანხაა 3644.90 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 76.48 ლარი;
3. მოპასუხე თ-------–---–---–ს, შპს „კ------------------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 90.80 (2.2944+88.506) ლარის გადახდა;
4. შპს „კ------------------------ს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 30.05.2019წ. №---------- საგადასახადო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 364.34 ლარიდან (გადამხდელი - შპს „კ------------------------ი“, ს/ნ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) 166.18 (ასსამოცდაექვსი ლარი და 18 თეთრი) ლარი (145.34 + 20.84), როგორც ზედმეტად გადახდილი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე