გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
120210119003125609
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3039874-2/487-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.09. 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

მოსარჩელე - მ------–---- ვ--–------–---–ი;

მოპასუხე - სს ,,ლ-------- ბანკი’’;

წარმომადგენელი - ე-----------------ე, ლ--–---------ა;

მესამე პირი - ც---–---------------ე (მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება და თანხის ჩამოჭრის აკრძალვა;

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ------–---- ვ--–------–---–სა და ,,ლ-------- ბანკს" შორის 2017 წლის 22 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება.

მ------–---- ვ--–------–---–ს დაუბრუნდეს სს ,,ლ-------- ბანკის" მიერ 2019 წლის 19 ივლისს ჩამოჭრილი სოციალური შემწეობის თანხა.

სს ,,ლ-------- ბანკს" აეკრძალოს მ------–---- ვ--–------–---–ის სახელზე დარიცხული სოციალური შემწეობის თანხის ჩამოჭრა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 22 ნოემბერს სს ,,ლ--------" ბანკსა" და მ------–---- ვ--–------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ განახორციელებდა მსესხებლის ც---–---------------ის ბანკისადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას 15450 ლარის ფარგლებში. მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა, მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან ჩამოჭრა თანხა, რომელიც ერიცხება მოსარჩელეს იმის გამო, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოპასუხისთვის თავდებობის ხელშეკრულების დადების დროსაც ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯგუფს მიეკუთვნებოდა და მისი მცირე შემოსავალი იყო სოციალური პაკეტის თანხა, მიუხედავად ამისა მასთან მაინც გააფორმა თავდებობის ხელშეკრულება. მოსარჩელის მითითებით ბანკმა იცოდა, რომ ამ ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც გააფორმა ხელშეკრლება მოსარჩელესთან, ამ გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ანგარიშიდან ნამდვილად ჩამოეჭრა თანხა 90 ლარის ოდენობით ც---–---------------ის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო რაც შეეხება, ანგარიშზე არსებულ თანხას, მოპასუხის განმარტებით პირის სახელზე გახსნილი ანგარიში წარმოადგენს მის პირად ანგარიშს და ნებისმიერი ტიპის თანხა, რომელიც მოხვდება ანგარიშზე ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს, ამ შემთხვევაში მ------–---- ვ--–------–---–ს. თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 22 ნოემბერს სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და ც---–---------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 22 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება მ------–---- ვ--–------–---–თან. სესხი გაიცა 15000 ლარის ოდენობით. მოცემული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 და 8.2.1 მუხლების თანახმად, თავდების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდები აცხადებს თანხმობას ბანკის უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

2017 წლის 22 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.2. მ------–---- ვ--–------–---–ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საეიტინგო ქულა შეადგენს 60490 ლარს. ოჯახი შედგება სამი წევრისაგან. ოჯახს ეძლება შემწეობა ყოველთვიურად 90 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

 

3.1.3. სს ,,ლ-------- ბანკის" მიერ მ------–---- ვ--–------–---–ის ანგარიშიდან ჩამოჭრილია 180 ლარი, აქედან 90 ლარი მოსარჩელის განმარტებით ანაზღაურებულ იქნა თავად ც---–---------------ის მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის სადავო გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე, მე-10-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე,325-ე, 992, 408-ე მუხლებით

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

2017 წლის 22 ნოემბერს სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და ც---–---------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად მ------–---- ვ--–------–---–სა და სს ,,ლ-------- ბანკს" შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 15000 ლარის ოდენობით. მოცემული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 და 8.2.1 მუხლების თანახმად, თავდების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდები აცხადებს თანხმობას ბანკის უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში, სს „ლ-------- ბანკი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები.

მართალია, მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

ამავე კანონის 45-ე მუხლი განსაზღვრავს, იმ ქონებას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება. აღნიშნული მუხლის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება.

აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ იძულებითი აღსრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს გარკვეული ქონება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სს ,,ლ-------- ბანკი'' იძულებითი აღსრულების პირობებში ვერ დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას მოსარჩელის ანგარიშზე არსებული სოციალური შემწეობის თანხიდან.

განსახილველ შემთხვევაში, ბანკმა განსაზღვრა მისი უფლებამოსილება მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად, რასაც კრედიტორი ახორციელებდა მოსარჩელის სს „ლ-------- ბანკში“ დარიცხული მიზნობრივი დახმარების, სოციალურად დაუცველი ოჯახების შემწეობიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ აღნიშნული პირობები უნდა იყოს კანონშესაბამისი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------- ბანკმა“ უგულვებელყო სსკ-ის მე-8, 115-ე და 325-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მოთხოვნები და არაკეთილსინდისიერად განახორციელა მოსარჩელის სახელზე დარიცხული ყოველთვიური შემწეობის ჩამოჭრა, მათ შორის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად. ვინაიდან დარიცხული თანხები წარმოადგენდა კონკრეტული მიზნობრიობის შემწეობას და განსაზღვრული იყო სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების დახმარებისათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სს „ლ-------- ბანკის“ მიერ ჩამოჭრილი თანხის 90 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოპასუხეს უნდა აეკრძალოს მ------–---- ვ--–------–---–ის სახელზე დარიცხული სოციალური შემწეობის თანხის ჩამოჭრა.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ამავე კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ხოლო 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ხოლო, 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ თავდებობის ხელშეკრულება მოპასუხესთან ცნობილი უნდა იქნეს ბათილად, ვინაიდან, ბანკს ხელშეკრულების დადების დროს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და უარი ეთქვა მასთან თავდებობის ხელშეკრულების დადებაზე ვინაიდან იმ ეტაპზევე აშკარა იყო, რომ თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდებოდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში უმთავრესია თავდების მიერ გამოხატული ნება, რომ იგი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სოლიდარულად. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი თუ თავდებს არ გააჩნია არანაირი ფიქსირებული ქონება ან შემოსავალი მასთან დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება ცნობილი ბათილად მის მიერ გამოხატული ნების გამო. ის გარემოება, რომ ბანკის მიმართ ვალდებულება ვერ შესრულდება რადგან თავდები ნებაყოფლობით უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო მას არ გააჩნია შემოსავალი ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად, წარმოადგენს ბანკის მიერ გაწეულ რისკს ხელშეკრულების დადების დროს, მას თავის მხრივ შეეძლო გაეთვალისწინებინა რისკები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ------–---- ვ--–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკს’’ მ------–---- ვ--–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 90 ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკს’’ აეკრძალოს მ------–---- ვ--–------–---–ის სახელზე დარიცხული სოციალური შემწეობის თანხის ჩამოჭრა.

4. მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი