გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
010310019003033377
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/272-19 (010310019003033377)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.10. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - დ------–---–------

წარმომადგენელი - ვ-–-----------–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - თ----------------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - გუ-–-------–--------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაეკისროთ მიყენებული ზიანი მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მოსარჩელის დ------–---–------- სასარგებლოდ (13 წლის და 06 თვის) 54432 (ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 16.09.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

დავის შინაარსი; 1982 წლის 10 მაისიდან 1984 წლის 17 მაისამდე, მოსარჩელე დ------–---–------ იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ტექნიკუმში. კერძოდ 1984 წლის 01 სექტემბრიდან 1987 წლის 5 ივლისამდე სწავლობდა ცეკავშირის ქუთაისის კოოპერატიულ ტექნიკუმში. 1986 წლის 24 მარტიდან 2004 წლის 17 ივნისამდე მუშაობდა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2005 წლის 22 აპრილის ბრძანებით, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლებული იქნა პოლიციის სისტემიდან 2004 წლის 17 ივნისიდან.

 

მოსარჩელის სამუშაო სტაჟი დათხოვნის დღისათვის ჯარში სამსახურის, სწავლის პერიოდის ჩათვლით და პოლიციაში მუშაობის პერიოდი შეადგენდა 20 წელზე მეტს. რადგანაც სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურმა არ გადააგზავნა მასალები სპეციალური პენსიის დანიშვნის შესახებ სოციალურ სამსახურში, მან განცხადებით მიმართა აჭარის არ მთავარ სამმართველოს, საიდანაც 2005 წლის 13 სექტემბრის №26/7/1/5-1842 წერილით, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის უფროსმა აცნობა, რომ მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სტაჟი შეადგენდა 17 წელს 04 თვეს და 10 დღეს, ხოლო ყოფილი თანამშრომლების საპენსიო უზრუნველყოფა ხდება მუშაობის 20 წლის სტაჟით, რის გამოც ვერ აკმაყოფილებდნენ მის თხოვნას დოკუმენტაციის გაფორმების შესახებ. მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი ქონდა ნდობა, ჩათვალა, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურის და სწავლის პერიოდი ალბათ არ შედიოდა სტაჟში, მიღებული წერილობითი პასუხი არ გაუსაჩივრებია, რადგანაც მის ობიექტურობაში ეჭვი არ შეუტანია.

 

მოსარჩელემ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წლის მაისის თვეში განმეორებით მიმართა აჭარის მთავარ სამმართველოს, საიდანაც იგივე პასუხი მიიღო, ამასთან სიტყვიერად განემარტა, რომ კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში ყოფნის პერიოდი მას ეთვლება მუშაობის სტაჟში. მოსარჩელე 1998 წლის 28 მაისის ბრძანებით ჩარიცხული იქნა კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში. საიდანაც 2001 წლის 18 ოქტომბრის №41პ/შ ბრძანებით დაინიშნა აჭარის არ შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსს ინსპექტორად. ასევე, მოსარჩელე 2004 წლის 17 აპრილის ბრძანებით კვლავ ჩარიცხული იქნა კადრების განკარგულებაში, საიდანაც 2005 წლის 21 აპრილის ბრძანებით დათხოვნილი იქნა თადარიგში 2004 წლის 17 ივნისიდან. ამდენად, მისი მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს. მოსარჩელემ, როგორც პირველად, ისე მეორედ პასუხის მიღების შემდეგ, მიღებული პასუხი არ გაასაჩივრა, რადგანაც ქონდა რა ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელობის მიმართ. ამასთან, მათ პასუხში ეჭვი არ შეპარვია. ამასთან 2018 წლის ზაფხულში მისთვის ყოფილი თანამშრომლებისაგან ცნობილი გახდა, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი მიუხედავად ოთხ თვიანი პერიოდის გასვლისა, თუ პირი არ იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის მთლიანი პერიოდი ითვლებოდა სამუშაო სტაჟში, ამასთან მისთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავარ სამმართველოში არსებული მოსამსახურეთა პირადი საქმეები გადაგზავნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის გამოც განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიის დანიშვნის თაობაზე. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხეთა და მესამე პირთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დ------–---–------მ სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა 10/05/1982-17/05/198. დ------–---–------ 1984 - 1987 წლეებში სწავლობდა ცეკავშირის ქუთაისის კოოპერაციულ ტექნიკუმში. დ------–---–------ მუშაობდა საქართველოს შსს-ში 29/04/1986-17/06/2004 წლეებში.

 

მტკიცებულება; იხ. წელთანამსახურობის ანგარიშის და დათხოვნის ბრძანების ქსეროასლი. (№04-15-01/1456) (წელთანამსახურობის ანგარიშის და დათხოვნის ბრძანების ქსეროასლი. (№04-15-01/1456) (წელთანამსახურობის ანგარიშის და დათხოვნის ბრძანების ქსეროასლი. (№04-15-01/1456)

 

3.2. დ------–---–------ 1998 წლის 28 მაისიდან 2001 წლის 18 ოქტომბრამდე და 2004 წლის 17 თებერვლიდან 2005 წლის 22 აპრილამდე ჩარიცხული იყო კადრების განკარგულებაში. 2005 წლის 22 აპრილის ბრძანებით, დ------–---–------ 2004 წლის 17 ივნისიდან გათავისუფლებული იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

მტკიცებულება; იხ. ბრძანებები.

 

3.3. 2005 წელს და 2013 წელს დ------–---–------მ პენსიის დანიშვნის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებისა და სოციალურ სამსახურში გადაგზავნის მიზნით მიმართა აჭარის მთავარ სამმართველოს, საიდანაც უარი უთხრეს სპეციალური სამუშაო სტაჟის სიმცირის გამო. ადრე გაცემული ნამსახურეობის ნუსხაში და გაცემული ცნობით, პოლიციის სისტემაში მუშაობის დროდ მითითებულია 1986 წლის 24 მარტი, ხოლო პენსიის დანიშვნის დროს შედგენილ ნამსახურეობის ნუსხაში მითითებულია 1986 წლის 29 აპრილი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა რადგანაც, მოსარჩელის სპეციალობის სტაჟს 23 წელს აკლია ერთი დღე და ამის გამო, პენსიას ღებულობს 22 წლის სპეციალობის სტაჟის მიხედვით.

 

მტკიცებულება; იხ. წერილობითი პასუხები.

 

3.3. 2018 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე იღებს სახელმწიფო კომპენსაციას შსს ხაზით, წელთა ნამსახურეობის გამო თვეში 336 ლარის ოდენობთ.

 

მტკიცებულება; იხ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ცნობა. №04-15-01/1501).

 

3.4. 2018 წლის 05 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა განცხადებით შსს-ს (ელ. ვერსია №2946029) რათა მათ აენაზღაურებინათ წელთა ნამსახურობის განაცდური, რაც გამოწვეული იყო მათი არასწორი მოქმედებით, თუმცა ადმისტრაციულმა ორგანომ სასამართლოში მიმართვა ურჩია, რადგან ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

 

მტკიცებულება; იხ. შსს პასუხი განცხადებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 412–ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამრიგად, ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირ და უშუალო შედეგს. უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვას მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაეკისროთ მიყენებული ზიანი მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მოსარჩელის დ------–---–------- სასარგებლოდ (13 წლის და 06 თვის) 54432 (ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მიყენებული ზიანის, კერძოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მოსარჩელის დ------–---–------- სასარგებლოდ (13 წლის და 06 თვის) 54432 (ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

6.4. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის I სამმართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის MIA 31802665677 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს (შემდგომში –"ბათუმის ცენტრი") გადმოეგზავნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის დ--------------------–---–------- საპენსიო გაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. მომართვას თან ერთვოდა წელთა ნამსახურობის ნუსხა. დ------–---–------მ 2018 წლის 31 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში შეავსო განცხადება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა–ცვლილების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, დ------–---–------ს ბათუმის ცენტრის 31.10.2018წ. 13802–201811 გადაწყვეტილებით დაენიშნა კომპენსაცია – ცვლილებამდე, 320 (სამას ოცი) ლარის ოდენობით. 2019 წლის 01 იანვრიდან საპენსიო ოდენობის ცვლილების გამო დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია – 336 (სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–15 მუხლის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. აღნიშნული წესის მე–16 მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

 

ის ფაქტი, რომ 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა დ------–---–-------ათვის კუთვნილი კომპენსაციის დანიშვნა, არ იყო გამოწვეული ბათუმის ცენტრის მიზეზით. შესაბამისად, განცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების კომპენსაციის პირველად დანიშვნამდე პერიოდის თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს არ გააჩნია. ბათუმის ცენტრმა გადაწყვეტილება კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის I სამმართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის MIA 31802665677 წერილისა და დ------–---–------- განცხადების საფუძველზე მიიღო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–4 ნაწილში. კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებული უფლების რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის XIV თავი, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208–ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობას კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს, რომ განხორციელებული ზიანი აღნიშნული ნორმის სფეროში მოიაზრება, მაშასადამე, დარღვეული სამართლის ნორმის მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს სამართლებრივი სიკეთის იმგვარად დაცვა, რომ თავიდან აცილებულ იქნას ზიანის დადგომა ისე, როგორც ამას კონკრეტული ფორმით ჰქონდა ადგილი. თუ რამდენიმე გარემოება ერთობლივად იწვევს ზიანის დადგომას, ასეთ შემთხვევაში, ყოველი გარემოება მთელი მოცულობით არის კაუზალური ზიანისათვის .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 - ე მუხლის მიხედვით "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი" ხოლო 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, არ არსებობს სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირების ქმედებებში ბრალის არსებობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო მიზეზობრივ კავშირში (ზიანი) 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მიუღებელი პერიოდის კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

 

6.5. გარდა ზემოთ ხსებულისა დადგენილია ასევე შემდეგი გარემოება; მოსარჩელს აჭარის მთავარმა სამმართველომ 2005 წლის 13 სექტემბრეს დაუანგარშა ნამსახურების წლები, რაზედაც შედგა ანგარიში რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობამ შეადგინა 17 წელი 04 თვე და 10 დღე. მოსარჩელემ ნამსახურების წლების დაანგარიშების თაობაზე განმეორებით მიმართა 2013 წლის მაისში რაზედაც ანალოგიური დაანგარიშება შედგა. აღნიშნული ცნობებით გაცემული გაანგარიშებანი მხარის მიერ სადაოდ არ გამხდარა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სასამართლო თვლის, რომ 2005 წლის 13 სექტემბრის #26/7/1/5-1842 და 2013 წლის 15 მაისის #903235 ცნობები მოსარჩელის მიმართ ნამსახურების წელთა გაანგარიშების თაობაზე განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ხსენებული გადაწყვეტილებანი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რადგან ისინი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მას შეიძლება მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, აღნიშნული გადაწყვეტილებანი მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა არ მოუხდენია მისი უფლების რეალიზაცია, გამომდინარე სამართლებრივი შედეგები შენარჩუნებულია და ძალაშია და მასში ასახული გადაწყვეტილებები გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. მოსარჩელის მიერ ზემოთ ხსენებული 2005 წლის 13 სექტემბრის და 2013 წლის 15 მაისის აქტების არგასაჩივრებით კი ამოიწურა ხსენებული აქტების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტები ლეგალიზებულია და სავალდებულო ძალის მქონეა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეების ქმედებათა უკანონობა არ არის დადასტურებული კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეთათვის მიყენებული ზიანი მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მოსარჩელის დ------–---–------- სასარგებლოდ (13 წლის და 06 თვის) 54432 (ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარის დაკისრების საფუძველიც.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის მიყებული ზიანის ანაზღაურების თობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2005 და 2013 წლებში მოსარჩელემ კი სარჩელით სასამართლოს მომართა 2019 წელს ამდენად, მოსარჩელისათვის დამდგარი ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია ზიანის დადგომისთანავე იყო ცნობილი, მას ჰქონდა სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, თუმცა არ იკვეთება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, შეწყვეტის, მატერიალური ზიანის ხანდაზმულობის ვადის ათვლის გამომრიცხავი გარემოებანი. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ ართმევს პირს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. დ------–---–------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე