გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.09.2019
საქმის ნომერი
340310019003170032
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310019003170032

საქმე #3/115-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე - ეკ--–-------–--ლი;

წარმომადგენელი - ვა-–-----------–--ლი;

მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მი----–-------–--ლი;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. მოსარჩელის მოთხოვნები:

1.1. 2019 წლის 03 სექტემბერს მოსარჩელემ (შემდეგ - „მოხელე“) ადმინისტრაციული სარჩელით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის (შემდეგ - „მერია“) მიმართ და მოითხოვა:

- ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 2-----–---ს #---- ბრძანება, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (შემდეგ - „გასაჩივრებული ბრძანება“);

2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

2.1. მოპასუხემ 2019 წლის 11 სექტემბერს წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო. მერია დაეთანხმა რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა საბოლოოდ უარყო გასაჩივრებული ბრძანების კანონშეუსაბამობა და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

3. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე არის მერიის კ---–-----------------–--------------------------–-----------–---------------------------------;

(სხვა მტკიცებ. სარჩელზე დართული გასაჩივრებული ბრძანება)

3.1.2. მერიამ 2018 წლის 27 ივლისს ა(ა)იპ „ს----------–----------------------------–---------------------- (შემდეგ - „მომსახურების მიმწოდებული“) დადო ხელშეკრულება #--- „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“, რომლის საგანიც იყო: ახალგაზდრული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება ტექნიკური დავალების შესაბამისად (CPV კოდი: 7------0; 7------0). ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, ხოლო 6.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლისა და ზედამხედველობას განახორციელებს მერიის კ---–-----------------–--------------------------–-----------–--------------------------------- - ანუ მოხელე. იმავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 27 დეკემბრამდე;

· ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი [მერია] უფლებამოსილია მომსახურების გაწევის ვადის დასრულებამდე გამოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია;

· იმავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ იწარმოება ეტაპობრივად, დადასტურებული შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, მიწოდებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

· იმავე ხელშეკრულების 7.1 პუნატის თანახმად, მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტს და ანგარიშწორების დოკუმენტს;

- მერიამ 2019 წლის 19 თებერვალს მომსახურების მიმწოდებელთან დადო ხელშეკრულება #-- „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“, რომლის საგანიც იყო: ახალგაზდრული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება ტექნიკური დავალების შესაბამისად (CPV კოდი: 7------0). ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობებს შესრულებაზე, ხოლო 6.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლისა და ზედამხედველობას განახორციელებს მერიის კ---–-----------------–--------------------------–-----------–---------------------. იმავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 01 აგვისტომდე;

· ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი [მერია] უფლებამოსილია მომსახურების გაწევის ვადის დასრულებამდე გამოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია;

· იმავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მიწოდებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

· იმავე ხელშეკრულების 7.1 პუნატის თანახმად, მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტს და ანგარიშწორების დოკუმენტს;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული შესაბამისი ხელშეკრულებები)

3.1.3. მოხელემ (მისდამი დაქვემდებარებული მერიის სამსახურის სხვა მოხელესთან ერთად) 2018 წლის 15 ოქტომბერს, - #--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც მოწონებულ იქნა მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული აქტის საფუძველზე იმავე რიცხვში მერიამ მომსახურების მიმწოდებელთან გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი (-------–-------–----–-----------------------------–--------–---------------------------–---------–---–---–-------------------–---------------–------------–-------------–------–--–----------------–--–------------–---–--------------------------------–--–--------------------------–-----------------------------–-------------------------;

- მოხელემ (მისდამი დაქვემდებარებული მერიის სამსახურის სხვა მოხელესთან ერთად) 2018 წლის 07 დეკემბერს, - #--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც მოწონებულ იქნა მომსახურების მიმწოდებლის მიერ მე-2 ეტაპის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული აქტის საფუძველზე იმავე რიცხვში მერიამ მომსახურების მიმწოდებელთან გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი (----------------------------------–-------–----–-----------------------------–--------–------------------------–------------------------–----------------–----------------–---------------------–------------------------;

- მოხელემ (მისდამი დაქვემდებარებული მერიის სამსახურის სხვა მოხელესთან ერთად) 2019 წლის 28 მარტს, - #-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც მოწონებულ იქნა მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული აქტის საფუძველზე 29 მარტს მერიამ მომსახურების მიმწოდებელთან გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი (-----–----–-----–-------–----–-----------------------------------------–-------------------------------------–-----------–---–----–-------–---------–-----------------------–------------------------------------------–----------------------–--------------–---–---------------–------------------–-------------------------------–---–----------–---–----–-------------------------------------------–--–-------------------------–-----------------------------–------------------------;

- მოხელემ (მისდამი დაქვემდებარებული მერიის სამსახურის სხვა მოხელესთან ერთად) 2019 წლის 17 აპრილს, - #-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც მოწონებულ იქნა მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული აქტის საფუძველზე იმავე რიცხვში მერიამ მომსახურების მიმწოდებელთან გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი (-----–----–-----–-------–----–-----------------------------------------–-------------------------------------–-----------–---–----–-------–---------–-----------------------–------------------------------------------–----------------------–--------------–---–---------------–------------------–-------------------------------–---–----------–---–----–---------------------------------–--------------------–-----–-----------------------------------–--–-------------------------–-----------------------------–------------------------;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი)

3.1.4. მომსახურების მიმწოდებელს ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე აუნაზღაურდა ყველა ეტაპის მომსახურება;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული შესაბამისი საგადახდო დავალებები)

3.1.5. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა 2019 წლის 0------- მერის სიტყვიერი დავალების შემდეგ გამოსცა ბრძანება #-, რათა დაწყებულიყო მოკვლევა-ანალიზი ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;

- 2019 წლის 27 ივლისს მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა შეადგინა დასკვნა და მერს მისცა რეკომენდაცია, რომ მოსარჩელისათვის შეეფარდებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „გაფრთხილების“ სახით, რაც მერის მხრიდან დაკმაყოფილდა: მან გამოსცა გასაჩივრებული ბრძანება და სრულად გაიზიარა დასკვნის წარმდგენი სტრუქტურული ერთეულის მოსაზრებები მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენილად მიჩნევის შესახებ;

· დასკვნაში, კერძოდ, (გვ. 4) ვკითხულობთ, რომ „...ს----------------–-----------–------–---------–- [ა.შ. მოხელე] ვალდებული იყო შეემუშავებინა კონტროლის ისეთი მექანიზმი, თუნდაც სამსახურის სხვა თანამშრომლებისადმი დავალების მიცემით, რაც აღმოფხვრიდა ან/და ნათელს გახდიდა განხორციელებული პროცედურების მიმდინარეობას.“;

- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინიციატივით მერიამ მომსახურების მიმწოდებლისაგან გამოითხოვა შემდეგი დოკუმენტაცია: მასწავლებელთა მიერ შევსებული აპლიკაციები, გადარჩევის შედეგად დარჩენილ 35 მასწავლებლებთან გასაუბრების ოქმები, მომსახურების მიმწოდებელსა და ტრენერებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე მათი შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

· დისციპლინური წარმოების ფარგლებში, მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ #--- და #-- ხელშეკრულებები შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გამოყენებული „კონტროლის ეფექტური მექანზმი“, ჩაითვალა, რომ ადგილი ჰქონდა „სამსახურებრივი მოვალეობების გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობას“, რაც „იმსახურებდა“ მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის „მსუბუქი“ ზომის შეფარდებას;

· მოპასუხემ აღიარა (შესაგებლით არ უარყო), რომ მოხელის მხრიდან ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობისას ხდებოდა ვიზუალური ინფორმაციის განთავსება მერიისა და დეპუტატის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე, ხოლო პროექტის დასრულებისას შედგენილ იქნა შემაჯამებელი დასკვნა;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული აუდიტის სამსახურის ბრძანება,იმავე სამსახურის დასკვნა, მერიის წერილი მომსახურების მიმწოდებელთან)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის განხილვის დროს არ გამოვლენილა;

ნაწილი III (სამოტივაციო):

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს მთავარი საკითხი: ჩაიდინა თუ არა მოსარჩელემ დისციპლინური გადაცდომა;

4.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა, შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან;

5. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებითა და მათი შემდეგი დებულებებით:

- საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ (შემდეგ - „თვითმმართველობის კოდექსი”) 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“, „ა.ზ“ და „ე.ა“ ქვეპუნქტები;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ - „საჯარო სამსახურის კანონი”) 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი, 86-ე მუხლის, 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 94-ე მუხლის მე-6 პუნქტი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები, 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 65-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ”) 50-ე მუხლი, 53-ე მუხლი, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 429-ე მუხლი;

- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდეგ - „შესყიდვების კანონი”) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სასკ”) 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი, 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 55-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #34 დადგენილების (შემდეგ - „მერიის დებულება”) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-2 პუნქტი და მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

- სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

- იმავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ;

- სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;

- იმავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი;

· მერის მიერ მომსახურების მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებები (იგულისხმება - #--- და #-- ხელშეკრულებები) არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებები. ასეთი ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების მიზნით, ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან ერთად, ასევე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სწორედ ასეთ ნორმებს წარმოადგენს სსკ-ის 327-ე და 429-ე მუხლები;

· ხელშეკრულებების დადებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შესრულების მიღება მოხდებოდა მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებით. ამ პროცედურას წინ უნდა გაძღოლოდა მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა მერიისათვის. მარეებს შორის სხვადასხვა დროს მართლაც გაფორმდა რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც მერიამ დაადასტურა, რომ მომსახურების მიმწოდებელმა შეასრულა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები;

- #--- და #-- ხელშეკრულებათა 4.1, 5.2, 6.1, 6.2, 7.1 და 8.2 პუნქტები წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე, რითაც მხარეებმა განსაზღვრეს საგანი, ვადები და ვალდებულებათა შესრულების დადასტურების ფორმა (მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ამისათვის საჭირო თანმხლები დოკუმენტები);

- მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც იდებოდა შუალედურად, უნდა მივიჩნიოთ აღნიშნულ ხელშეკრულებათა ფარგლებში, მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებად, რითაც დასტურდება კონკრეტული ეტაპის დასასრული (ანუ კონკრეტული ვალდებულების შესრულება და არის პრაქტიკაში გავრცელებული „შესრულების მიღების დოკუმენტის“ ძალზედ გავრცელებული სახე).;

- მათი ხელმოწერით მერმა დაადასტურა, რომ მომსახურების მიმწოდებელმა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები (სსკ-ის მ.361, ნ.2). ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის წინ მას არ მოუთხოვია ფინანსური ხარჯების მტკიცებულებების წარმოდგენა;

6.2. თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერიის ს----------------–-----------–------–---------–- მიიჩნევა თანამდებობის პირად;

- მერიის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს მოსარჩელე, არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული;

- სზაკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით;

- შესყიდვების კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

- სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი;

· მოხელე, როგორც მერიის პირველადი სტრუქტურილი ერთეულის ხელმძღვანელი, არის მერიის თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს, მათ შორის, მერის ცალკეული დავალებები. ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოხელე ვალდებული იყო მოეხდინა ხელშეკრულების ინსპექტირება და ზედამხედველობა;

- ამ შემთხვევაში მოხელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლი. ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობაა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე მერიისათვის ფინანსური ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. მოსარჩელეს ეს კონტროლი, - ერთ შემთხვევაში, უშუალოდ უნდა განეხორციელებინა, ხოლო - მეორე შემთხვევაში, - მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურის მეშვეობით;

- სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ამ მტკიცებულებათა მერიისათვის წარდგენა მომსახურების მიმწოდებელს არ მოუხდენია. მისი წარდგენა არც მოხელეს და არც მერს არ მოუთხოვიათ, თუმცა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება მაინც შედგა და მერიამ მომსახურების მიმწოდებელს აუნაზღაურა თავისი მომსახურების ღირებულება;

- სტანდარტულ ვითარებაში, ასეთ დროს შესაძლოა ითქვას, რომ ხელშეკრულების კონკრეტული პირობების შეუსრულებლობა არის ვალდებულების დარღვევა, - ვალდებულების დარღვევა, ერთი მხრივ, მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან (რადგანაც მისი ვალდებულება იყო, რომ წარედგინა ფინანსური ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება), ხოლო, მეორე მხრივ, მოხელის მხრიდან (რადგან მას ევალებოდა მერიის კონტრაჰენტის მხრიდან ვალდებულება შესრულებაზე კონტროლი, რაც გულისხმობს დავალების ფარგლებში ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების მიცემას და მათ თაობაზე მერისათვის ინფორმაციის მიწოდებას); ასეთსავე სტანდარტულ ვითარებაში მოხელის მოქმედება შესაძლოა შეფასდეს დისციპლინური გადაცდომის ნიშნების მქონე ქმედებად; მაგრამ ამ საქმეში განსხვავებული ვითარებასთან გვაქვს საქმე, რაც გამორიცხავს დისკუსიას ხელშეკრულების დარღვევასა და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენაზე;

· კერძოდ, სამოქალაქო სამართალი იცნობს „კონკლიუდენტური მოქმდებით“ გარიგების დადების შესაძლებლობას. აღნიშნული ნიშნავს, რომ მხარეებს კონკრეტული შემთხვევაში შეუძლიათ გადაუხვიონ ხელშეკრულებაში გაკეთებულ ამ თუ იმ დათქმას. რიგ შემთხვევაში კონკლიუდენტური მოქმედებით ზუსტდება, კონკრეტდება გარიგების პირობა, ხოლო რიგ შემთხვევაში ხდება განსხვავებულ პირობაზე მხარეთა ნების ფორმირება;

· განსახილველ შემთხვევაში, მიუხედევად იმისა, რომ მხარეებმა დაადგინეს კონკრეტული პირობა (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ფინანსური ხარჯის მტკიცებულების წარდგენა), ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმეს ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მეტყველებს იმაზე, რომ მხარეებმა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს ამ ფორმალური წესის შესრულება და თავიანთი კონკლიუდენტური მოქმედებით შეცვალეს არსებული პირობა; მათ შეათანხმეს ახალი პირობა, რა დროსაც ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა უკვე აღარ იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა (მერმა საკმარისად მიიჩნია ის ინფორმაცია, რა მოხელისაგან ჰქონდა მიღებული; დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიღებული და გადამოწმებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომ საბოლოო ჯამში, მოხელის მიერ შედგენილ აქტებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მონაცემები სრულ ჰარმონიაშია იმ მონაცემებთან, რაც მერიას მიაწოდა თავად მომსახურების მიმწოდებელმა - ორივე შემთხვევაში რეალობა არის ერთი, კერძოდ, მომსახურების გაწევა მოხდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით);

- ამდენად, მხარეებმა მოხდინეს ხელშეკრულების პირობის (წერილობით შეთანხმებულის) მოდიფიცირება კონკლიუდენტური მოქმდების შედეგად, რაც გახდა სავალდებულო ძალის მქონე აქტი მხარეებისათვის, კერძოდ, შეცვლილმა პირობამ დაიკავა „ძველი“ პირობის ადგილი (სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) და განსხვავებულად დაარეგულირა მხარეთა ურთიერთობა;

6.3. საჯარო სამსახურის კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

- იმავე კანონის 86-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა;

- იმავე კანონის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე;

- იმავე კანონის 94-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წყვეტს დისციპლინურ წარმოებას;

- თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

- სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

- იმავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება;

- იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს;

· კანონიერების (კანონიერი დათქმის) პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს კანონის მოთხოვნებს. ამის საწინააღმდეგოდ განხორციელებული მოქმედება ან გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამართლებრივად არის „მკვდარი“, შესაბამისად, ის არ არის ვალიდური მისი ავტორის მიერ დაგეგმილი, ჩაფიქრებული სამართლებრივი მიზნის მისაღწევად - იგი ბათილია;

· #--- და #-- ხელშეკრულებებში კონკრეტული პირობის ასახვა (ფინანსური დოკუმენტის წარდგენა) და მის შესრულებაზე ზედმხედველებისა და ინსპექტირების დაკისრება მერიის სამსახურისათვის ან/და ამ სამსახურის ხელმძღვანელი პირისათვის უნდა მივიჩნიოთ მერის დავალებად, რის შესრულებაც კანონიერების პრინციპის ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი თანამდებობის პირის კანონიერი დავალების შეუსრულებლობა შეიძლება შეიცავდეს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს. იმ შემთხვევაში კი, როცა კონტრაჰენტებმა შეცვალეს ხელშეკრულების არსებითი პირობა თავიანთი კონკლიუდენტური მოქმედებით, მერის აღნიშნული დავალება გაუქმდა (თავად მერის მხრიდან ნების გამოვლენით). შესაბამისად, იბადება კითხვა, რა სამსახურებრივი მოვალეობა დაარღვია მოხელემ ასეთი მოვალეობის არარსებობის პირობებში?!;

· მართალია, დისციპლინური სამართალწარმოება და ამის შედეგად მიღებული (ან მისაღები) გადაწყვეტილება, განეკუთვნება მერიის დისკრეციული უფლებამოსილების კატეგორიას, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას და გადაწყვეტილების მიღებას ამ გარემოებათა სრული შეჯერებისა და გააანალიზების შედეგად. ამის გარეშე მიღებული გადაწვეტილება ცალსახად არღვევს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს და გაჰყავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ლეგიტიმაციის ფარგლებიდან;

- თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვამ ცხადი გახადა, რომ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია (იხ. სამოტივაციო ნაწილის წინა დებულებები). ამიტომ, პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად და შესაძლებლად მიაჩნია მოცემული დავის არსებითად გადაწყვეტა (საქმის ხელახალი განხილვა-გამოკვლევისათვის დაბრუნების გარეშე). ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხება მერიის მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევას, - არამედ იმას, რომ მერიის მხრიდან საკითხს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება;

6.4. იმავე კოდექსის 601 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

- იმავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლის დღიდან;

- სასკ-ის 32-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

· ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალების არ არსებობის პირობებში ვერ ვისაუბრებთ მოხელის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევაზე, რის გამოც გასაჩივრებულ ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, რაც წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს, ძალაში შესვლის მომენტიდან;

7. სასამართლოს მსჯელობა პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით:

7.1. სასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე...;

იმავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო აღნიშნული კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დავა ეხება სახელმწიფო სოციალური დაცვის (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით „დასაქმება“ სოციალური კატეგორიის უფლებაა). შესაბამისად, ასეთი კატეგორიის დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

· მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით, 2019 წლის 02 სექტემბერს (საგადახდო დავალება #8---------) სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც სრულად ექვემდებარება დაბრუნებას მოსარჩელისათვის;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ეკ--–-------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2-----–---ს #---- ბრძანება, ეკ--–-------–--ლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

3. მოსარჩელე ეკ--–-------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 02 სექტემბერს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #8---------);

4. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანის, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/