გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2019
საქმის ნომერი
330210019002936146
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7706-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - მზ---------–---–-

 

მოპასუხე - შპს „ვე----“

ადვოკატი - გი-------------–---–ი

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ვე----ს“ მზ---------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ავეჯის ღირებულების საფასურის 1900 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ვე----სთან“ 2018 წლის 13 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაემზადებინა ერთი ცალი დივანი - „ბა-----–-------“, რომლის ღირებულება იქნებოდა 1900 ლარი, მუქი ყავისფერი. თანხის გადახდა მოხდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე

 

აღნიშნული მახასიათებლებით დივნის გადაცემა 2018 წლის 13 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ მახასიათებლებით დივანი, რომელსაც რაიმე ნაკლი არ ექნებოდა მოპასუხე მოსარჩელისთვის არ გადაუცია. ახსნა-განმარტებების ეტაპზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ნივთი რამოდენიმე ადგილას დაზიანებული იყო და მეორადს ჰგავდა.

 

მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად, რის გამოც იძულებულია ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება მოითხოვოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვე----ს“ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა მყიდველის სურვილისამებრ ინდივიდუალურად შერჩეული ნასყიდობის საგანი, რომლის მახასიათებლები 2.1. პუნქტით განისაზღვრა: დივანი - „ბა-----–---ა“ 32, ფერი 498, რაოდენობა 1, ფასი 1900 ლარი. პროდუქცია შპს „ვე----მ“ ვადაში მიაწოდა მზ---------–---–ს.

 

შპს „ვე----“ არ ხდის სადავოდ, რომ ნივთს აღმოაჩნდა მცირე დაზიანება, მარცხენა სახელურზე ღრუბელი არის ჩაჭეჭყილი, რომლის გამოსასწორებლადაც უკვე შეიძინა საჭირო მასალა და მზადაა, სრულად გამოცვალოს მარცხენა სახელური. მიუხედავად მისი მცდელობისა დაკავშირებოდა მოსარჩელეს, იგი არ პასუხობს ტელეფონს და ცდილობს გარემოებები იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს გამყიდველი ნაკლის გამოსწორებას თავს არიდებს.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 13 სექტემბრიდან ფაქტობრივად სარგებლობს მიწოდებული დივნით. შესაბამისად, ნივთი ცვეთას განიცდის. გარდა ამისა, ნივთს არ აქვს ისეთი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა, რაც მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას მისცემდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მზ---------–---–სა და შპს „ვე----ს“ შორის 2018 წლის 13 ივლისს გაფორმდა საქონლის შეკვეთის ხელშეკრულება, სადაც შეძენილი საქონლის მახასიათებლებად მითითებულია: დივანი „ბა-----–---ა“ 32, ფერი - 498, რაოდენობა - 1, ღირებულება - 1900 ლარი. გამყიდველი ვალდებული იყო შეძენილი ავეჯი მყიდველისთვის 2018 წლის 13 სექტემბრამდე მიეწოდებინა.

 

ნასყიდობის საფასური მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულია. ნასყიდობის საგანი მზ---------–---–ს მიეწოდა ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითარი;

- 13.07.2018 წლის ხელშეკრულება;

- სასაქონლო ზედნადები.

 

3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მყიდველს გადასცეს ჯეროვანი ნივთი, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

შპს „ვე----ს“ მზ---------–---–-სთვის უნაკლო ნივთი არ მიუწოდებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.07.201 წლის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საგანს მცირე იმნიშვნელო დაზიანება აქვს მარცხენა სახელურზე, სადაც სახელურის მასალა - ღრუბელი ჩაჭეჭყილია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელის განმარტებით, სახელურის გარდა დივანს რამოდენიმე ადგილას აქვს დაზიანება, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და დაადასტურა მხოლოდ სახელურის დაზიანების ფაქტი. ამდენად, სადავოდ გამხდარი გარემოებების დასადასტურებლად გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება (მაგალითად ფოტოსურათი, ფაქტების კონსტატაცია და სხვა). აღნიშნული მტკიცებულების არსებობის პირობებში, კი მისი ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად არ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მოპასუხის მიერ დადასტურებული ნაკლის გარდა ნასყიდობის საგანს სხვა ნაკლიც გააჩნდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სხვა მახასიათებლებთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ მის ფერზეც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია ზემოთ დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკრეტული დივანი შეარჩია მოპასუხე კომპანიის შოურუმში, არჩევანი შეაჩერა სწორედ იმ დივანზე, რაც შპს „ვე----ს“ შოურუმში ჰქონდა, თუმცა შეკვეთის შემდგომ სხვა, არჩეულ ფერთან მიახლოებული ფერის დივანი მიუტანეს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მას გადაღებული აქვს შოურუმში არსებული დივნის სურათები, თუმცა მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან ფართოა ფერთა არჩევანი, ფერის მახასიათებლების მითითება ნომრის საშუალებით ხდება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ხელშეკრულებაში მიეთითა იმ ფერის აღმნიშვნელი ნომერი, რაც კომპანიას თავისი კატალოგის მიხედვით მოსარჩელის მიერ არჩეული დივანისთვის ჰქონდა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის საგნის ერთ-ერთი მახასიათებელი, ფერი, როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობა, მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს და ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ დივანი „ბა-----–-------“-ის ფერია 498.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.07.2018 წლის ხელშეკრულება;

- მხარეთა-ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მზ---------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობს ნასყიდობის-სამართლებრივი ურთიერთობა, ნასყიდობის საფასური მოსარჩელეს სრულად აქვს გადახდილი და ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და ნასყიდობის საფასურის დაბრუნებას.

 

5.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

 

ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

ნაკლიანი შესრულების სამართლებრივი მოცემულობა გულისხმობს, როგორც ნივთის თვისებრივი შეუსაბამობის განსაზღვრას, ასევე, პროცედურულ ნაწილს. კერძოდ, მყიდველის უფლებას, განსაზღვროს სამოქალაქო წესრიგით სანქცირებული შედეგი, თუმცა მყიდველის აღმჭურველი უფლება, როგორც მისი დაცვის საშუალება, უნდა განხორციელდეს ერთობლივად ყველა წინაპირობის დაცვით.

 

კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლით. ამასთან, დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსის 491-ე, 405-ე მუხლის პირველი ნაწილით და 352-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ან კონკრეტული დავის პირობებში - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში არარის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა, იქნება ეს ხელშეკრულებიდან გასვლა -უარი, თუ ხელშეკრულების მოშლა - შეწყვეტა, უპირობოდ ვერ განხორციელდება და მხარეს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული უფლება მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო ხელშეკრულებიდან გასვლა და საფასურის დაბრუნება, სხვა შეთავაზებას, რაც დაკავშირებული იქნება ნაკლის გამოსწორებასთან იგი არ განიხილავს. მისი განმარტებით, მის ინტერესს ნასყიდობის საფასურის დაბრუნება წარმოადგენდა, რადგან შესაძლოა ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში იგივე ხარისხის პროდუქცია ვერ მიეღო. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მოპასუხე კომპანიის მზაობის მიუხედავად, აღმოფხვრას ნაკლი, მოსარჩელე არ ეთანხმება. ამასთან ნაკლი არის უმნიშვნელო და გამოსწორებას ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ვერ წარმოეშობა ნასყიდობის სამართლებრივი ბუნების გამო, რომელიც გულისხმობს პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებს ერთმანეთისგან პირვანდელი მდგომარეობით და მოცულობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ისე ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და ნასყიდობის საფასურის დაბრუნებას, რომ მას მოპასუხისთვის არ მოუთხოვია ნაკლის გამოსწორება. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ შესაძლოა ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში იგივე ხარისხის ნივთი ვერ მიეღო, აღნიშნული არ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას, როცა კრედიტორი დარჩენილი შესრულების მიმართ ინტერესს კარგავს.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მზ---------–---–-ს სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მზ---------–---–-ს სარჩელი შპს „ვე----ს“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე