განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/373-19
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
9 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ნატო დანელია, ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ------–-–--–---–-, ლ-–----------–---–-
ბრალდებული - ბ-------------–--–---, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ბ--------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
1.3. 2018 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ორჯერ ნასამართლევმა ბ-------------–--–---- ე---–----------–-------- ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკში მდებარე გ---------------–---- ბინა №---ში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ---------------–----ა და ე-----------------გ------–---- კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს მიადგათ 31 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
2.3. 2018 წლის 14 დეკემბერს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ორჯერ ნასამართლევმა ბ-------------–--–---- უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკში მდებარე გ---------------–---- ბინა №---ში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ---------------–----ა და ე-----------------გ------–---- კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს მიადგათ 20 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ გ---------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, წ----------------–--–---------ში. აღნიშნული ბინა 2018 წლის აგვისტოში შეიძინეს ა-–---------------- და დაახლოებით 20 დღეში გადავიდნენ საცხოვრებლად. შემთხვევის დღეს ოჯახის ყველა წევრი დილის საათებში გავიდა სახლიდან. დაახლოებით 17:00 საათისთვის სახლში დაბრუნდა მისი შვილი, რომელმაც სახლის კარი ნახა გაღებულ მდგომარეობაში. მიხვდა რა ქურდობის შესახებ, დაურეკა მოწმეს, რომელიც მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და დანაშაულებრივი ფაქტის თაობაზე შეატყობინა 112-ის სამსახურს. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებამდე სახლში არ შესულა, რათა დამნაშავეთა მიერ დატოვებული კვალი არ გაენადგურებინა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მოპარული იყო ძვირფასი სამკაულები, პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მიყენებული ზიანის მინიმალური ოდენობა საერთო ჯამში დაახლოებით 20 000 ლარია.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ე-----------------გ------–---- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის სექტემბრიდან მეუღლესთან (გ---------------–--------) და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, წ----------------–--–---------ში. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინა მათ შეძენის შემდეგ კაპიტალურად დაალაგეს. შემთხვევის დღეს მისი მეუღლე სახლიდან გავიდა 09:00 საათზე, ხოლო თავად და მისი შვილები - დაახლოებით 09:30 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში. დაახლოებით 18:00 საათზე ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ და შეატყობინა მათი კუთვნილი ბინის გაქურდვის შესახებ. მოწმემ სახლში მისვლის დროს პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, სთხოვა ენახა ის რკინის ქილა, რომელშიც ინახავდა ძვირფასეულობას. საძინებლის კარის გაღებისას დაინახა ქაოსურად დაყრილი ნივთები, მათ შორის ცარიელი რკინის ქილაც. დაზარალებულის განმარტებით, ძვირფასი სამკაულების, აქსესუარებისა და სხვა პირადი ნივთების გარდა, დამნაშავეების მიერ წაღებულ იქნა დანები, ჩანგლები, კოვზები, ჭიქები, საყინულე. მიყენებული ზიანის მინიმალური ოდენობა დაახლოებით 25 000 ლარია. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობა, რა დროსაც ამოიცნო კუთვნილ ნივთთა ნაწილი: სამი ცალი ჯვარი, საყურე, სამაჯური (ერთი ვერცხლის, ერთი ბიჟუტერია). ამოცნობის დროს გამომძიებლის მიერ რაიმე სახის მინიშნებას ადგილი არ ჰქონია. ამოცნობისას მის წინაშე წარდგენილი იყო ისეთი ნივთებიც, რომლებიც მისი საკუთრება არ ყოფილა. მანვე დაადასტურა, რომ დაზიანებული იყო მხოლოდ სახლში შესასვლელი კარის საკეტი.
3.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (14.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკში მდებარე ბინა №--. დათვალიერებისას შეინიშნებოდა არეულობა, ოთახებში (კარადაზე, იატაკსა თუ საწოლზე) ქაოსურად ეყარა სხვადასხვა ნივთები. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ხელის კვლები, სუნის ნიმუშები და დაზიანებული კარის საკეტის გულა.
3.5. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკში მდებარე გ---------------–---- კუთვნილი ბინა №---დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბ-------------–--–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა და არაიდენტურია ე---–----------–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
3.6. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ბ------------------.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლის ი-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბ-------------–--–--- ე---–----------–-------- და მის მეუღლესთან ერთად კუთვნილი ა/მანქანით დასავლეთ საქართველოდან მოემართებოდა ქ. თბილისისკენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათ თან ჰქონდათ გ---------------–---- ბინის ქურდობის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები. მოწმემ ოპერატიული ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა ხელმძღვანელობას.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის ე---–----------–---- მეუღლე. 2018 წლის 15 დეკემბერს, მას და მის მეუღლეს სახლში (მდებარე: ბ------------------–-) მიაკითხა ბ-------------–--–---- და ქ. თბილისში წამოვიდნენ ერთად. ეს უკანასკნელი ქ. თბილისში თავის ოჯახის წევრებთან მიდიოდა, ხოლო თავად და მისი მეუღლე - ნათესავებთან. ქ. თბილისის შემოსასვლელში ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიახლოებამდე მისმა მეუღლემ შესანახად გადასცა პარკში ჩაწყობილი სამკაულები. აღნიშნული სამკაულების წარმომავლობის საკითხი მისთვის უცნობია. ამის შემდეგ, მათთან მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს მათი (მოწმის, ე---–------------------ და ბ-------------–--–----) და ბ-------------–--–---- საკუთრებაში მყოფი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, რამდენიმე წუთით ადრე მეუღლის მიერ შესანახად გადაცემული ძვირფასეულობა. მოწმის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს აგრეთვე ამოღებულ იქნა საკუთარი პირადი ნივთებიც, მათ შორის, ფულადი თანხა.
3.9. მოწმე ე---–----------–---- გამოკითხვის ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ მისი მეუღლის - დ-------------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ძვირფასი სამკაულები შემთხვევის დღეს თან ჰქონდა ბ-------------–--–---ს, რომელმაც დამალვის მიზნით სწორედ იმ დროს სთხოვა ნივთების მეუღლისთვის გადაცემა, როდესაც გააჩერა პოლიციამ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამკაულები შესანახად გადასცა მეუღლეს. მოწმე ე---–----------–---- ჩვენება მხარეთა მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნებულ იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
3.10. პირადი ჩხრეკის ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------.-ზე მყოფი დ-------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები: მომცრო გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სამი მოოქროსფრო ჯვარი (მათგან ერთ-ერთი არის ორნამენტებითა და მოვერცხლისფრო დეტალებით; მეორე ჯვარი - მოოქროვილი, შუა ნაწილში მოვერცხლისფრო ჯვრის ფორმის გამოსახულებით; მესამე ჯვარი კი - სრულიად ოქროსფერი, წვრილი, ბოლოებში ნაკვეთი ორნამენტებით); ორი მოოქროსფრო ქალის სამაჯური (მათგან ერთი არის ერთმანეთზე მოოქროსფრო რგოლებით გადაბმული, ხოლო მეორე სამაჯური - ყვავილის ფორმის დეტალებით, რომელთაც შუაში დამაგრებული აქვთ სხვადასხვა ფერის თვლები ერთმანეთზე გადაბმული წნულით); 14 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა; 21 ცალი 100 ლარიანი კუპიურა; 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა და 2 ცალი 1 აშშ დოლარიანი კუპიურა (ფულადი თანხის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 1402 აშშ დოლარი და 2150 ლარი). დ--------------გან ასევე ამოღებულ იქნა მარცხენა ხელის თითებზე გაკეთებული ბეჭდები (მოვერცხლისფრო ბეჭედი მოშავო წვრილი ქვით; მოოქროსფრო ბრტყელი ფორმის ბეჭედი; მოოქროსფრო ბეჭედი ყვავილის ფორმის დეტალით და მასში მოთავსებული მოთეთრო თვლით); აგრეთვე, მოვერცხლისფრო ჯვარი ქრისტეს გამოსახულებით და ყელსაბამით; მოგრძო მოვერცხლისფრო საყურეები, მასში ჩასმული მოთეთრო ქვებით და ბოლოში დაკიდებული მოშავო ბურთულით. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში აგრეთვე ამოღებულ იქნა დ-------------- ზურგჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით.
3.11. პირადი ჩხრეკის ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------.-ზე მყოფი ე---–----------–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები: ორი ქაღალდის ნაჭერი, მასში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასით; “Swatch” ფირმის საათი; მრგვალი კულონი წმინდა გიორგისა და ჯვრის გამოსახულებით ყელსაბამთან ერთად; 11 ცალი 100 ლარიანი კუპიურა და 3 ცალი 50 ლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 1250 ლარის ოდენობით) და “MI” ფირმის მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ე---–------------------ განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები არის მისი საკუთრება.
3.12. პირადი ჩხრეკის ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------.-ზე მყოფი ბ-------------–--–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები: საფულე, ფულადი თანხა 90 ლარის ოდენობით, პირადი საბუთები და ქაღალდი წარწერებით.
3.13. ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-------–-----–-------------------.-ზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მოპირდაპირე მხარეს, საავტომობილო გზაზე გაჩერებული ბ-------------–--–---- „მაზდას“ ფირმის ა/მანქანიდან (სახ. ნომრით F--------) ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები: 30 ცალი 100 ლარიანი კუპიურა; ერთი წყვილი ოქროსფერი ნახევარმთვარისებური მსხვილი საყურე, რომელსაც გააჩნია მექანიკური ჩამკეტი და ოთხკუთხედი ორნამენტები; მობილური ტელეფონი; აგრეთვე, ერთი წყვილი ნაქსოვი ხელთათმანები წარწერით “ADIDAS”; ძალაყინი, ქანჩი, სახრახნისი და პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა სამუშაო ხელსაწყოებით.
3.14. ამოღების ოქმით (15.12.2018) დგინდება, რომ ბ-------------–--–----გან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი „მაზდას“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით F--------), მასში მოთავსებული საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთებით.
3.15. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (16.12.2018) დგინდება, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. ქუთაისში, ლ-–---------------ში მდებარე ბ-------------–--–---- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა: ვერცხლისფერ ყუთში მოთავსებული ერთი “APPLE”-ის ფირმის “MACBOOK”, მისივე დამტენ მოწყობილობასთან ერთად; ერთი “TOSHIBA”-ს ფირმის ლეპტოპი; ერთი ცალი “APPLE”-ის ფირმის პლანშეტი; მაჯის საათი. აღნიშნულ ნივთებთან მიმართებით, ბ-------------–--–---- მეუღლის ბებიამ განმარტა, რომ ბ-------------–--–---- ისინი სახლში მიიტანა რამდენიმე დღის წინ. ჩხრეკის შედეგად აგრეთვე აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი ქურქი.
3.16. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (16.12.2018) დგინდება, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბ------------------–-, თ----------------------ში მდებარე ბ-------------–--–---- საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა: ერთი ცალი “SWISS SPORTS” ფირმის მოვერცხლისფრო მაჯის საათი; 34 ცალი პატარა ზომის, 7 ცალი საშუალო და 8 ცალი დიდი ზომის კოვზები; 18 ცალი ლითონის დეტალი და 7 ცალი გასაღები.
3.17. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (27.01.2019) დგინდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის გ-------------------- მიერ ე-----------------გ------–---- მონაწილეობით დათვალიერდა 2018 წლის 16 დეკემბერს ბ-------------–--–---- სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ყუთი, მასში მოთავსებული კოვზებით. კერძოდ, პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა შავი ყუთი, რასაც ზედა მხრიდან აღენიშნება გაურკვეველი სახის წარწერები. ყუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა რვა ცალი დიდი ზომის ე.წ. სუფრის კოვზი, ტარზე ყვავილის გამოსახულებით, ექვსი ცალი მოოქროსფრო ე.წ. ჩაის კოვზი და 24 ცალი მცირე ზომის ყვავილების გამოსახულების მქონე ე.წ. ჩაის კოვზი, აგრეთვე 4 ცალი ე.წ. ჩაის კოვზი. დაზარალებულის განმარტებით, ყუთში არსებული კოვზებიდან არცერთი არის მისი საკუთრება.
3.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-–------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის ბ-------------–--–---- ნათესავი. შემთხვევამდე 2 დღით ადრე მასთან სახლში მივიდა ბრალდებული თავის ცოლ-შვილთან ერთად, რომლებიც დატოვა მასთან, თავად კი წავიდა ბაღდათში (როგორც მისთვის ცნობილია, ბ-------------–--–--- უნდა მისულიყო პრობაციის ბიუროში). წასვლის შემდეგ ბ------- მეუღლესთან ჰქონდა კომუნიკაცია. მოწმემ დაადასტურა, რომ ბ-------------–--–---- დაკავების შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ეძებდნენ ნაქურდალ ნივთებს. ნივთების ძიების მიზნით, მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მისი და მისი შვილის პირადი ნივთები. შემდეგ იგი წაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით.
3.19. ბინის ჩხრეკის ოქმით (16.12.2018) დგინდება, რომ ა-–---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პირველ საძინებელ ოთახში განთავსებული კომოდის უჯრიდან ამოღებულ იქნა: ოქროსფერი, მოლურჯო თვლებიანი სამაჯური და ორი წყვილი საყურე; ერთი ოქროსფერი გახეხილი სამაჯური; ერთი ოქროსფერი გულების ფორმის სამაჯური; ერთი მოვერცხლისფრო ყელსაბამი; ერთი მოვერცხლისფრო წვრილი თვლებიანი სამაჯური; ერთი ვერცხლისფერი შუაში ლურჯ თვლიანი სამაჯური; ერთი წყვილი პატარა ზომის საყურე შუაში ცისფერი თვლით; ერთი ოქროსფერი თეთრ თვლებიანი სამაჯური; ერთი ოქროსფერი თეთრ თვლებიანი ყელსაბამი; ერთი ოქროსფერი გიშრისფერ თვლებიანი ყელსაბამი; ერთი წვრილი ოქროსფერი მრგვალი რგოლის ფორმის საყურე; ერთი ოქროსფერი თავზე სამი მომწვანო ფერის თვლებიანი ბეჭედი; ერთი ოქროსფერი უსწორმასწორო გრძელი ფორმის ბეჭედი; ერთი ვერცხლისფერი ბეჭედი წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“; ერთი ვერცხლისფერი ზემოდან ჯვრის ფორმის გამოსახული ბეჭედი; ერთი ვერცხლისფერი ზემოდან თეთრ თვლიანი ბეჭედი; ერთი ოქროსფერი ზემოდან შავ თვლიანი ბეჭედი; ერთი მომწვანო სამაჯურიანი საათი; ერთი მუქი სამაჯურიანი „სვოჩის“ ფირმის საათი; ერთი თეთრი “SWISS LEGEND”-ის ფირმის საათი; ერთი ვერცხლისფერი “GENEVE”-ს ფირმის ჯიბის საათი. იმავე კომოდის მეორე უჯრიდან ამოღებულ იქნა: ერთი შავი ოქროსფერ ორნამენტებიანი სამაჯური და ერთი ცალი შავი ფერის ზონარზე ჩამოკიდებული მცირე კულონი; იმავე ოთახში კომოდის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ოქროსფერი მწვანე თვლებიანი სამაჯური; ერთი ოქროსფერი ორნამენტებიანი სამაჯური; ერთი ოქროსფერი “VERSACE”-ს ფირმის ორნამენტებიანი ბეჭედი; ერთი ვერცხლისფერი ზემოდან თვლებიანი ბეჭედი; ერთი ოქროსფერი ზემოდან მოძრავი დოლურიანი “BULGARI”-ს ფირმის ბეჭედი და ერთი ვერცხლისფერი ზემოდან თვლებიანი ბეჭედი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
3.20. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ბრტყელი ფორმის ოქროსფერი ჯვარი, რომელსაც წინა ნაწილში დაწებებული აქვს მოვერცხლისფრო ბრტყელი ჯვარი. მოვერცხლისფრო ჯვარი გარშემოწერილია ბადისებრი ფორმის ჯვრის გამოსახულებიანი ორნამენტებით. ჯვარს წრიული ფორმის სამაგრზე დამაგრებული აქვს ოვალური ფორმის დეფორმირებული ჯაჭვზე ჩამოსაკიდებელი დეტალი. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: ბრტყელი ფორმით, ჯვრის ფერით, წინა მხარეს დაწებებული ჯვრის ფერით, გარშემოწერილობის ფორმით და ჯვრის გამოსახულებიანი ორნამენტებით, ჯაჭვზე ჩამოსაკიდებელი დეტალის მოყვანილობით, აგრეთვე ჯვრის ზოგადი იერსახით.
3.21. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ოქროსფერი ჯვარი ოთხივე მხარეს ამოტვიფრული ფოთლის ფორმის მოვერცხლისფრო ორნამენტებით. ჯვარს შუა ნაწილში ამოჭრილი აქვს რომბის ფორმის ოთხი ფიგურა, რომელიც ქმნის ჯვრის გამოსახულებას. ჩამოსაკიდთან ორნამენტის ქვედა ნაწილში ამოჭრილია გულის ფორმის გამოსახულება, რომლის ორივე ნაწილში ამოჭრილია გულის ფორმის ორი გამოსახულება. ჯვრის ქვედა ნაწილში ამოტვიფრული მოვერცხლისფრო ორნამენტის ზემოთ ამოჭრილია ტაძრის ფორმის გამოსახულება, რომლის ზემოთაც ამოჭრილია რომბის ფორმის გამოსახულება, რომლის ორივე მხარესაც ამოჭრილია გულის ფორმის ოთხი გამოსახულება. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: ჯვრის ფერით, ოთხივე გვერდზე ამოტვიფრული ფოთლის ფორმის ორნამენტების ფერით, ჯვრის შუა ნაწილში ამოჭრილი ოთხი ცალი რგოლით, მთლიანი ჯვრის გამოსახულებით, ჩამოსაკიდთან არსებული მოვერცხლისფრო ორნამენტის ქვედა ნაწილში გამოსახული გულის ფორმით და მის ორივე მხარეს ამოჭრილი გამოსახულების ფორმებით.
3.22. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სამკუთხედი დაბოლოებების მქონე ოქროსფერი ჯვარი, რომლის ოთხივე ღერძი არის რომბის ფორმის. ჯვარს წინა მხრიდან ამოკვეთილი აქვს ჯვრის ფორმა, რომლის ღერძებიც წარმოადგენს სამკუთხედი ფორმის გამოსახულებას. ჯვარს ოთხკუთხედი ფორმის საკიდზე დამაგრებული აქვს წვეთის გამოსახულების მქონე ჯაჭვზე ჩამოსაკიდებელი. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: სამკუთხედი დაბოლოებებით, ჯვრის ფერით, ღერძების რომბის ფორმის მოყვანილობით, საკიდის ფორმითა და მასზე დამაგრებული საკიდით.
3.23. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ერთი ვერცხლისფერი რვიანის ფორმის გამოსახულების მქონე სამაჯური, რომლის შვიდი ცალი რვიანის ფორმის ორნამენტებიან გამოსახულებას ორივე მხარეს დამაგრებული აქვს ორ-ორი ცალი წრიული ფორმის ჩამოსაკიდებელი, რომელთა გამოსახულებები ერთმანეთს უერთდება ორ-ორი ცალი წრიული ფორმის საკიდებით, სამაჯურის ერთ მხარეს წრიული რგოლით დამაგრებული აქვს მექანიკური ჩამკეტი მოწყობილობა, რომელიც გახსნისას რგოლით თავსდება სამაჯურის მეორე მხარეს დამაგრებულ წრიული ფორმის სამაჯურზე. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: სამაჯურის ორნამენტის გამოსახულებითა და ფერით, გამოსახულებათა რაოდენობით, ორნამენტებიანი გამოსახულებების, ასევე ჩამოსაკიდის ფორმითა და რაოდენობით, სამაჯურზე დამაგრებული მექანიკური საკეტის ფორმით და სამაჯურის მეორე მხარეს დამაგრებული სამაჯურის ფორმით.
3.24. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ერთი მცირე ზომის რგოლით და ყვავილის ფორმის სხვადასხვა ფერის ორნამენტებიანი სამაჯური, რომელსაც ერთ ბოლოზე დამაგრებული აქვს მცირე ზომის დეტალი, მასზე დატანილი წარწერით “flik flak”, ხოლო მეორე ბოლოზე დამაგრებული მექანიკური ჩამკეტი. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: მცირე ზომის რგოლებით, ყვავილებით, წარწერით და ჩამკეტით.
3.25. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით (10.01.2019) დგინდება, რომ ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ერთი წყვილი ნახევარმთვარისებური ფორმის, მსხვილი, მექანიკური ჩამკეტიანი ოთხკუთხედი ფორმის ნაფხაჭნებიანი საყურე. ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: ნახევარმთვარისებური ფორმით, სისქით, მექანიკური ჩამკეტით, ნაფხაჭნებიანი ორნამენტებით.
3.26. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისში, წ----------------–--–---2-ში ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ამავე მისამართზე მდებარე კორპუსისა და მისი გარე პერიმეტრის ვიდეო კონტროლი. 2018 წლის 14 დეკემბერს მას დაუკავშირდა გ---------------–---, რომელმაც ამცნო მისი ბინის გაქურდვის თაობაზე. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს ვიდეოჩანაწერი.
3.27. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (25.01.2019) დგინდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის გ-------------------- მიერ დათვალიერდა გ------------------–----გან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლის გახსნისას ჩნდება ქ. თბილისი, წ----------------–--–-------- ბლოკის სადარბაზოს შესასვლელი კარი და სადარბაზოს კიბეები. ვიდეოჩანაწერის გახსნიდან მალევე შემოსასვლელი კარიდან შემოდის ორი შავებში ჩაცმული პირი, რომლებიც მიუყვებიან კიბეს და დაახლოებით ერთი საათის გასვლის შემდეგ ჩამოდიან უკან, რა დროსაც მოკიდებული აქვთ ზურგჩანთა. აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შემდეგ, გამოკვლეული დისკი დაილუქა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა, დაცვის მხარის მიერ არასადავო მტკიცებულებად მიჩნევის გამო, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ მომხდარა.
3.28. სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ნივთთა (ერთი წყვილი ოქროსფერი საყურე, სამი ცალი ჯვარი და ორი ცალი სამაჯური) საბაზრო ღირებულება 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 625 ლარს.
3.29. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-------------.
3.30. ოქმით ინტერნეტ საიტის დათვალიერების შესახებ (17.12.2018) დგინდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელმა გ-------------------- ე-----------------გ------–---- მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ჩაატარა ინტერნეტ-საიტის “mymarket.ge” დათვალიერება. აღნიშნული საიტის მთავარ გვერდზე, მარცხენა მხარეს განთავსებულია კატეგორიები, სადაც ერთ-ერთი კატეგორიაა „ანტიკვარები, კოლექცია“. ე-----------------გ------–---- მითითებით თავდაპირველად გაიხსნა აღნიშნული კატეგორია, ხოლო შემდეგ - დეტალური კატეგორია „მონეტები, ბანკნოტები“. აღნიშნული კატეგორიის გახსნისას ჩნდება გასაყიდად წარმოდგენილი ნივთების განცხადებები მათი გამყიდველის, მდებარეობის და აღწერილობის მითითებით, რომელსაც გააჩნია ჯამში განცხადებების 15 გვერდი, რომელთაგან საიტის ნუმერაციით 1-14 გვერდის ჩათვლით განთავსებულია 20-20 განცხადება, ხოლო მე-15 გვერდზე განთავსებულია 5 სარეკლამო განცხადება. ე-----------------გ------–---- მითითებით ხდება საიტის ნუმერაციით რიგით მეორე გვერდის დათვალიერება, სადაც ზემოდან რიგით მე-17 განცხადებაზე მითითებით ე-----------------გ------–---- განმარტა, რომ აღნიშნული მონეტა წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც 2018 წლის 14 დეკემბერს მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის დროს. აღნიშნულ განცხადებას სათაურად დართული აქვს წარწერა „10 ლარი 2009 „ილორი“, ხოლო დეტალურ აღწერაში მითითებული აქვს ლათინური შრიფტით ქართული შინაარსის მქონე წინადადება - idealuri moneta, yutit da da sertipikatit (kapsula gauxsneli)“, ასევე მითითებულია მონეტის ფასი: 350, ხოლო განცხადების მარჯვენა მხარეს განთავსებულია განცხადების პერსონალური ნომერი: „12397538“, განცხადების განთავსების თარიღი და დრო: „14/12/18 23:36“ და ნივთის ადგილმდებარეობა: „ქუთაისი“. სათაურზე დაჭერით ვხსნით აღნიშნული ნივთის განცხადებას დეტალურად, რის შედეგადაც ვხედავთ გასაყიდად წარმოდგენილი ნივთის 2 ცალ ფოტოსურათს, განმცხადებლის ნომერს „+995 596 311 414“, განმცხადებლის სახელს: „ვ--–----“, დამატებით კატეგორიას „ყველა განცხადება (2)“ და კატეგორიას „წერილის გაგზავნა“, ასევე სხვა სარეკლამო განცხადებებს. თავად გასაყიდი ნივთი წარმოადგენს „ათ ლარიანი ნომინალის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიისადმი მიძღვნილი ვერცხლის სამახსოვრო მონეტას, რომელიც არის მრგვალი ფორმის მასზე დატანილი გერბით, წარწერა „ილორი“, „10 ლარი“ და „XIს" და ასევე ეკლესიის გამოსახულება, რომელიც დოკუმენტაციასთან ერთად მოთავსებულია ლურჯ კოლოფში. საიტის დათვალიერებისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე სახის ინფორმაციის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
3.31. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გ----------–---–-, ლ-–--------–-–---–-, გ-----------------, ლ-------------–- და ა-–---------------------–---–-, რომელთაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
3.32. ბრალდებულმა ბ-------------–--–---- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
4 ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).
4.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-------------–--–---- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
4.4. ბ-------------–--–----თვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ქურდობისთვის დამახასიათებელი ფარული ხასიათის გათვალისწინებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დანაშაულის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რის გამოც სასამართლო ჭეშმარიტების მისაკვლევად საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შეაფასებს იმგვარი მეთოდით, რომელიც ცალკეული ფრაგმენტების მეშვეობით შეძლებს მოვლენის მთლიანი სურათის რესტავრაციას. აღნიშნული მეთოდით ხელმძღვანელობისას ყურადღება უნდა მიექცეს ცალკეულ მტკიცებულებებში ამა თუ იმ არსებითი ხასიათის დეტალის არსებობას, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს სხვა მტკიცებულებების ასეთივე ფრაგმენტულ დეტალებთან, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ერთიან უტყუარ სურათს ბრალდებულის მიერ დანაშაულის უტყუარად ჩადენის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა შემთხვევის ადგილიდან (მდებარე: ქ. თბილისი, წ----------------–--–--------- ბლოკი, ბინა №--) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურობა ბრალდებულ ბ-------------–--–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშთან. აღნიშნული გარემოება უტყუარი დასტურია იმისა, რომ ბ-------------–--–--- ნამდვილად იმყოფებოდა დაზარალებულის კუთვნილ ბინაში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: ბრალდებულის სუნის კვალი ნამდვილად შემთხვევის დღეს არის თუ არა დატოვებული? იმ ფაქტს, რომ ბ-------------–--–--- 2018 წლის 14 დეკემბერს, გ---------------–---- ბინაში უკანონო შეღწევით ნამდვილად დაეუფლა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნივთებს, ადასტურებს დ--------------ა და ე---–----------–---- ჩვენებები. დ-------------- განმარტებით, 2018 წლის 15 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც ე---–----------–-------- და ბ-------------–--–---სთან ერთად, ამ უკანასკნელის ა/მანქანით დასავლეთ საქართველოდან მოდიოდა ქ. თბილისში, გზად ქ. თბილისის შემოსასვლელთან გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მიახლოებამდე მისმა მეუღლემ შესანახად გადასცა პარკში ჩაწყობილი სამკაულები. მართალია მოწმეს ინფორმაციის არ არსებობის გამო არ უსაუბრია სამკაულების წარმომავლობაზე, თუმცა ამ საკითხთან მიმართებით ისაუბრა მოწმე ედიშერ ენდელაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულ ჩვენებაში ედიშერ ფუტკარაძე ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ სამკაულები, რომლებიც შესანახად გადასცა დონა ბახტაძეს, დამალვის მიზნით მიაწოდა ბ-------------–--–----. ხსენებული გარემოება დასტურია, რომ ძვირფასი ნივთების იმჟამინდელი მფლობელი იყო ბ-------------–--–---.
4.5. კითხვაზე - ბრალდებულ ბ-------------–--–---- სუნის კვალი ნამდვილად შემთხვევის დღეს არის თუ არა დატოვებული დაზარალებულის კუთვნილ ბინაში - პასუხის გასაცემად, სასამართლო განაგრძობს მოვლენების თანმიმდევრულად შეფასებას, რა დროსაც ყურადღებას მიექცევს ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმებს. დაზარალებულმა ე-----------------გ------–---- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ძვირფასი ნივთების ნაწილი. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული უარყოფს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს მის ყოფნას დაზარალებულის კუთვნილ ბინაში, საკითხავია საიდან აღმოაჩნდა მას შემთხვევიდან მეორე დღეს, ე-----------------გ------–---- ძვირფასი ნივთები, რომელიც პოლიციელთა დანახვისას შესანახად გადასცა ედიშერ ენდელაძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა დონა ბახტაძეს. სადავო კითხვაზე კითხვითვე დაპირისპირება ნათელს ჰფენს საქმის რეალურ სურათს - ბ-------------–--–---- მიერ დაზარალებულთა კუთვნილი ბინიდან ძვირფასს ნივთთა დაუფლებას. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - დ--------------ა და ე---–----------–---- ჩვენებები, ჩხრეკის ოქმები და ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმები წარმოადგენს ცალკეულ დეტალებს, რომლებიც ერთიანობაში ადასტურებს ბ-------------–--–---- მიერ ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკში მდებარე ბინა №---ის ქურდობას.
4.6. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ბ-------------–--–---- ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბ-------------–--–---- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს:
4.7. ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - სასამართლო განმარტავს, რომ ბინად მოიაზრება შენობა-ნაგებობა, რომელიც ადამიანთა საცხოვრებლად არის გამიზნული, ხოლო შეღწევა ბინაში უკანონოა, თუ იგი ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დათვალიერებისას შეინიშნებოდა არეულობა, ოთახებში (კარადაზე, იატაკსა თუ საწოლზე) ქაოსურად ეყარა სხვადასხვა ნივთები), დათვალიერების შედეგად ამოღებული კარის საკეტის გულით (საკეტის გულა იყო დაზიანებული) და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (გ---------------–---- კუთვნილ ბინაში აღმოჩნდა ბ-------------–--–---- სუნის კვალი) უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს ბ-------------–--–---- მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია გ---------------–---- საცხოვრებელ სახლში.
4.8. ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზუსტად შეაფასებდა დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა ამ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები აღნიშნული ექსპერტიზის ჩაუტარებლობის მიზეზი - დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების დიდი ნაწილის აღმოუჩენლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავემ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ამ ჩვენების საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების გზით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის №736აპ-10 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ე-----------------გ------–---- განმარტებით, ქურდობის შედეგად მის ოჯახს მიადგა 25 000 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო გ---------------–---- განმარტებით, მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარს უტოლდებოდა. დაზარალებულების არათანმხვედრი ჩვენებებიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობის დადგენისას სასამართლო იხელმძღვანელებს გ---------------–---- ჩვენებით, ვინაიდან მის მიერ მიცემული ინფორმაცია დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე, ბრალდებულისთვის უფრო სასიკეთოა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ზიანის ოდენობას, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება დაზარალებულთა ჩვენებებისგან.
4.9. ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ნათელი დასტურია იმისა, რომ ბ-------------–--–--- დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო ორჯერ ნასამართლევი პირი, კერძოდ:
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
4.11. თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 22 იანვრის წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით ბ-------------–--–----თვის დანიშნული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.
4.12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით ბ-------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. ბ-------------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2016 წლის 29 ივნისიდან.
4.13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი №0718129 ცნობით დგინდება, რომ ბ-------------–--–--- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისგან პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად - 2017 წლის 28 ივნისს.
4.14. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 იანვრის წერილით დგინდება, რომ ბ-------------–--–--- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენის საფუძველზე იმერეთის პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე. გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 28.06.2017 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადის დასასრული - 28.06.2021 წელი.
4.15. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 9 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენით ბ-------------–--–---- მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ 4.10.-4.15. პუნქტებში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უტუარად დგინდება დანაშაულის ჩადენის მომენტში ბ-------------–--–---- სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლობა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენებით).
4.17. სასამართლო არ იზიარებს ბრალად შერაცხულ ისეთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, როგორიცაა ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამგვარი გადაწყვეტილების გაუზიარებლობის საფუძველია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის არ არსებობა, თუმცა ამგვარი დასკვნის გაკეთებამდე, სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქმეში არსებული მტკიცებულებების ამ ნაწილში სიღრმისეულ მიმოხილვას. სასამართლო უპირველესად მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარი შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელიც ასახავდა შემთხვევის დღეს, ქ. თბილისში, წ----------------–--–--------- ბლოკის სადარბაზოს შესასვლელ კარში ორი შავებში ჩაცმული პირის შესვლას, რომლებიც მიუყვებიან კიბეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აღნიშნული პირები ჩამოდიან კიბეებზე, რა დროსაც მოკიდებული აქვთ ზურგჩანთა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებისას აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა მტკიცებულებათა არ არსებობის პირობებში, შესაძლოა იყოს მხოლოდ ვარაუდის საფუძველი და ვერ წარმოშობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, მით უფრო, როდესაც ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სხვა პირის სუნის კვალის ნიმუში შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა, ბრალდების მხარე კი ბრალდებულს ქურდობის ჩადენას სწორედ თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ედავება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერში ასახულ პირთა შესვლა ხდება არა კონკრეტულ სახლში, არამედ კორპუსის სადარბაზოში, სადაც შესვლა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-------------–--–---- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, ამ ნაწილში მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ბ-------------–--–---ს მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.3. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ბ-------------–--–---- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ფარულად, ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით დაეუფლა სხვის საკუთრებას); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილსა და მისწრაფებას ჩაედინა დანაშაული); დამდგარ შედეგს (გ---------------–---მ და ე-----------------გ------–---- განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის პირად ნივთებს, რა დროსაც ამოძრავებდა ანგარების მოტივი); მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მცირეწლოვანი შვილი); აგრეთვე დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის პიროვნებას (სასამართლო მხედველობაში იღებს ბ-------------–--–---- მიერ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენას) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
5.4. სასამართლო საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ-------------–--–---- დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რომლის ვადა უსრულდებოდა 2021 წლის 28 ივნისს (იხ. პუნქტი 4.14.). საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.5. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ-------------–--–---- მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის არ იყო საჭირო დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა, შედეგიანი არ აღმოჩნდა, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით (დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატება თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით). სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-------------–--–----თვის დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს სხვა პირთა მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-------------–--–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-------------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------------–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ბ-------------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 დეკემბრიდან.
ბ-------------–--–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი