გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2019
საქმის ნომერი
330210019002916956
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6586-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - სს „თ--–--ი“

წარმომადგენლი - ზ---- ბ------

მოპასუხე - იმა „ა----- პ--–-----“, შპს „ა------“

წარმომადგენელი - ი------------–--ე

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. იმა ,,ა--------–------სა“ და შპს ,,ა------"-ს სს ,,თ--–--ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 33 377.12 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე იმა „ა----- პ--–-----“ წარმოადგენს სს „თ--–--ის“ მომხმარებელს, რომლის სააბონენტო ნომერია N5------. ამხანაგობა „ა----- პ--–-----“-ის დამფუძნებელია შპს „ა------“.

 

მოპასუხე იმა „ა--------–------ს“ გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 45 800 ლარის ოდენობით, საიდანაც ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დავალიანების ნაწილი - 21 529.12 ლარის ოდენობით სრულად დაეკისრა აბონენტს. დავალიანების ოდენობა დარჩა 24 271.24 ლარი. აღნიშნულ თანხას ემატება სარჩელის წარდგენის შემდგომ დარიცხული ელექტროენერგიის საფასური - 9 105.68 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა----- პ--–-----“ (ამხანაგობა, პირველი მოპასუხე) არის სახელშეკრულებო ურთიერთობაში სს ,,თ--–--თან“ (მოსარჩელე, კრედიტორი), რომლის საფუძველზე კრედიტორი მას ელექტროენერგიით ამარაგებს. ამხანაგობა არის №5------ აბონენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დარიცხვა-შემოსავლის ისტორია ( ს.ფ. 18-19, 80-81).

 

3.1.2. ამხანაგობის ერთ ერთი დამფუძნებელი წევრია შპს „ა------“ (მეორე მოპასუხე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 08.09.2005წ. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ( ს.ფ. 31-41);

- 19.09.2005 წ. სადამფუძნებლო კრების დადგენილება ( ს.ფ. 42-43).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ამხანაგობას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ, სულ 33 377,12 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა დავალიანების წარმოშობასთან დაკავშირებული გარემოებები, ხოლო მოპასუხეს - მოთხოვნის გამომრიცხავი ან შემწყვეტი გარემოებების არსებობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.

 

სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორედ ასეთი აბსტრაქტული შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც, მართალია, სადავო გახადა დავალიანების ოდენობა, მაგრამ რაიმე კონკრეტულ გარემოებებზე არ მიუთითებია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა, რომ ელექტროენერგია, რომლის საფასურის გადახდასაც მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხის მიერ მოხმარებული არ არის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გააგრძელა შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, რათა მოპასუხეს ჰქონოდა შესაძლებლობა, სრულყოფილი შედავება განეხორციელებინა, რაც მას არ გაუკეთებია. ასეთ პირობებში, სასმაართლოს მთავარ სხდომაზე, საპატიო მიზეზის გარეშე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო ვერ გაითვალისწინებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით იმა „ა--------–-----“-ის წევრებს - შპს „ს----------–------–----------–-------–---სა“ და შპს „ა------“-ს სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ელექტროენერგიის ღირებულების - 21 529.12 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება მოიცავს ამ პერიოდისათვის არსებულ დავალიანებს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელით ის მოითხოვს 2018 წლის ნოემბრიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, აბონენტის დარიცხვა-შემოსავლის ისტორიების (ს.ფ. 18; 80-81) საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 27.05.2019 წლის მდგომარეობით ამხანაგობის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 33 377,12 ლარს შეადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 463-ე, 465-ე, 930-ე, 937-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე არის კრედიტორის აბონენტი ნომრით 5------. შესაბამისად, იგი მოიხმარს/შეისყიდის ელექტროენერგიას და სანაცვლოდ ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

ამავე კოდექსის 937-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

სოლიდარული ვალდებულება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, გადა ამისა, კრედიტორი უფლებამოსილია, აირჩიოს ერთი ან რამდენიმე მოვალე, რომლისგანაც სრულად მოითხოვს ვალდებულების შესრულებას (სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლი).

 

პირველი და მეორე მოპასუხე ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 33 377.12 ლარი, რომლის ანაზღაურება ორივე მოპასუხეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1001.33 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ--–--ის" სარჩელი მოპასუხეების იმა ,,ა--------–------ის“ და შპს ,,ა------"-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. იმა ,,ა--------–------სა“ და შპს ,,ა------"-ს სს ,,თ--–--ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 33 377.12 ლარის ანაზღაურება;

 

3. იმა ,,ა--------–------სა“ და შპს ,,ა------"-ს სს ,,თ--–--ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1001.33 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია