გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210018002329268 (2/375-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20.09.2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სპს ,,კო-–-----------–---------უა“
წარმომადგენელი და------------ა, მო------------ე
მოპასუხე სსიპ სო–---–------------------------------ო
წარმომადგენელი ლე--------------–--ე
დავის საგანი:
საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის (ექსპროპრიაციისთვის) ანაზღაურების მიღება
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის (ექსპროპრიაციისთვის) ანაზღაურების – 1 560 870 ლარის მიღება.
მოსარჩელის მტკიცებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში 26 წლის განმავლობაში რეგისტრირებულები არიან და ცხოვრობენ აფხაზეთის ა/რ-დან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკუთვნით საცხოვრებელი ფართები. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ამ კუთხით შეუსრულებელი ვალდებულებების გამო 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ელახება საკუთრების უფლება, ვერ სარგებლობს ქონებით და არც რაიმე თანხას უხდიან ქონების ფაქტობრივად ჩამორთმევის (ექსპროპრიაციის) სანაცვლოდ, რაც დაუშვებელია.
1.2. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 270 ათასი ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მტკიცებით 26 წლის განმავლობაში მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უძრავი ნივთი, სადაც სახელმწიფო თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების შედეგებით დროებით შესახლდნენ და დარეგისტრირდნენ აფხაზეთის ა/რ-დან იძულებით გადაადგილებული პირები. იმპერატიული საკანონმდებლო დანაწესის არსებობის პირობებში უპერსპექტივოა მათგან ამ ქონების გამოთხოვის მოთხოვნა.
წლების განმავლობაში მოსარჩელე აწარმოებს მოლაპარაკებას მოპასუხესთან ითხოვს სათანადო ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში მოხდეს ქონების შესყიდვა დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ან შესაბამისი ქირის გადახდას სპეციალური ნორმატიული აქტით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხის მტკიცებით სარჩელი უსაფუძვლოა ორივე მოთხოვნის ნაწილში, რადგან მოსარჩელესთან რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში არასდროს არ შესულა. ქირაზე შეთანხმება არ არსებობს, მოპასუხეს რაიმე ზიანი მოსარჩელისთვის არ მიუყენებია, ექსპროპრიაციას ადგილი არ ჰქონია – მოსარჩელისთვის ქონება არ ჩამოურთმევიათ, მოპასუხისთვის არ გადაუციათ, მოპასუხეს ეს ქონება არ გამოუყენებია.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სპს "კო-–---------–------------ს" საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება (ადმინისტრაციული შენობა) მდებარე ქ. ზუგ-------------–-------ჩა 1ა, ს/კ 43.31.62.2--.
აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღად საჯარო რეესტრში მითითებულია 04.03.2005 წ, თუმცა რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 24.01.1992 წ და 30.01.1992 წ გაცემული უფლებადამდგენი დოკუმენტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07/10/2015 17:06:21, საკადასტრო კოდი 43.31.62.2--
3.2. ქ. ზუგ-------------–-------ჩა 1ა–ში მდებარე შენობაში (ს/კ 43.31.62.2--) 1998 წლიდან შესახლებული არიან დევნილთა ოჯახები (დაახლოებით 127 ოჯახი). შესახლების სამართლებრივი საფუძვლების ან ოჯახების ზუსტი სია არ არსებობს, ხშირია მიგრაცია, თუმცა მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შენობაში მუდმივად და ამჟამადაც ცხოვრობს 50 ოჯახზე მეტი.
ამის გამო შენობა მესაკუთრისთვის გამოუყენებელია.
შენობა არ არის ავარიული. არსებული ინფორმაციით შენობაზე შეიძლება განხორციელდეს დაშენება.
შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებლის გადაცემის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ან გეგმა არ არსებობს.
ამ საკითხზე მოპასუხის მიერ ადრე გაცემული წერილობითი განმარტებები უთითებენ მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თარიღზე და დასახელებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–ხარჯთაღრიცხვა
––საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #05–02–12/18176 31.07.2014
––საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #01–02/08/2443 31.01.2018
3.3. მოპასუხეს მოსარჩელისთვის შენობის დევნილი ოჯახების საცხოვრებლად გამოყენების გამო რაიმე თანხა (ქირა ან/და დევნილთა ადმინისტრაციული მომსახურების ღირებულება) არ გადაუხდია.
თანხის მოთხოვნა სამინისტროს წარედგინა 25.03.2005 წ. იმავე წერილში მოსარჩელე მოითხოვს დევნილი ოჯახების გადაყვანას სხვა საცხოვრებელში.
მოპასუხეს მოსარჩელესთან გაცხადებული (გამოხატული) აქვს ნება, რომ თანახმაა ფაქტიურად ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ მიიღოს თანხა და ქონებაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოს გადასცეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–სპს ,,კოლხა –2005“ მომართვა #14 25.03.2005 წ
–საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მომართვა #01/01–17/2184, 12.04.2005 წ
–სპს ,,კოლხა2005“–ის მომართვა #32, 03.02.2007 წ
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მომართვა #03, 15.01.2010 წ
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მომართვა #26, 11.05.2011 წ
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მომართვა #28, 27.08.2011 წ
––საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #05–02–12/18176 31.07.2014 წ
–სპს კოლხა 2005–ის მომართვა #34, 01.04.2015
–საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #06–22/22/18018, 26.06.2015 წ
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მომართვა 13.12.2015 (რეგისტრაციის ნომერი 55622/01, 14.12.15)
––საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #01–02/08/32482 29.12.2015 წ
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მომართვა 09.03.2016 წ (სამინისტროში რეგისტრაციის ნომერი 11642/01, 09.03.2016)
–სპს ,,კოლხა 2005“–ის მიმართვა #12, 22.01.2018 წ
––საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართვა #01–02/08/2443 31.01.2018 წ
სამოტივაციო ნაწილი:
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის აღძვრამდე 3 წლიან პერიოდზე მიუღებელი შემოსავლის ანაზრაურების ნაწილში და არ უნდა დაკმაყოფილდეს ქონების ექსპროპრიაციის თანხის დაკისრებისა და ქონების მოპასუხისთვის გადაცემის ნაწილში.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 და მე–10 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე და 103–ე მუხლები, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-14, მე-16 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 312–ე, 411-ე და 412-ე, 531-ე, მუხლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ ბრძანება - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.
.
6. სამართლებრივი შეფასება
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
იმავე კანონის მე–5 მუხლით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103–ე მუხლის მე–3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდან ჩანს, რომ სადავო შემთხვევისათვის უძრავ ნივთზე მესაკუთრის უფლებამოსილება დადგენილია სპს ,,კო-–-----------–---------უას“ სასარგებლოდ.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების დანაწესებით არ არის დადგენილი ქონების ჩამორთმევა მოსარჩელისთვის. შენობაში დევნილი ოჯახების ცხოვრება თავისთავად არ გულისხმობს ქონების ჩამორთმევას, მითუმეტეს იმ მოცემულობის პირობებში როცა მესაკუთრე გარკვეული პერიოდის განმავლობასი ითხოვს ქირის გადახდას (ქონებით სხვა პირების დროებითი სარგებლობის გამო ქირის გადახდას.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2 მუხლებით საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-14 მუხლით 1. საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით. 3. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე. 5. თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
კანონის ამგვარი იმპერატიული დათქმებით მოსარჩელე მოკლებულია კანონისმიერ შესაძლებლობას უპირობოდ მოითხოვოს ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა მის მფლობელობაში მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით 1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
ასეთ პირობებში მესაკუთრე მოსარჩელეს რჩება საკუთრების გამოყენების ერთადერთი გზა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის მსგავსად მიიღოს შემოსავალი (ქირა) დევნილთა ოჯახების მის საკუთრებაში ცხოვრების გამო საკუთრებით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დასახელებული ნორმით ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამ ქირის მიუღებლობით მოსარჩელეს ადგება ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი სარჩელის შემოტანამდე 3 წლის განმავლობაში, რადგან ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში.
ამასტან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ ბრძანებით დამტკიცებული - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მიხედვით სააგენტოს ვალდებულებაა დევნილის დროებითი განსახლება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გაანგარიშება 3 წლიან პერიოდზე ეფუძნება რეალურ მოცემულობას (50 ოჯახისთვის თითოეულ ოჯახზე 150 ლარის შემთხვევაში 12 თვეზე ქირის ოდენობა შეადგენს 90 ათას ლარს, ხოლო 3 წელზე 270 ათას ლარს), გონივრულია, არ აღემატება მსგავს შემთხვევებში ერთი დევნილ ოჯახზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქირის ოდენობას (300 ლარი), რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯების საკითხი
მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის მუხლის მე–3 ნაწილის ,,ა.ბ.“ ქვეპუნქტისა და 55–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილების შესაბამისად უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სპს კოლხა 2005–ლიანა ჭოჭუას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.სსიპ სო–---–------------------------------ოს სპს კო-–-----------–---------უას სასარგებლოდ დაეკისროს 270 ათასი ლარი.
3. სპს კო-–-----------–---------უას სარჩელი უძრავი ნივთის ექსპროპრიაციის სანაცვლოდ 1 560 870 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
5. სპს კოლხა 2005 –ლიანა ჭოჭუას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა