გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-880-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.10.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ი“
წარმომადგენელი მარიანა სისვაძე
მოპასუხე შპს „ს---ა“
წარმომადგენელი სალომე აბესლამიძე
დავის საგანი ნასყიდობის საფასურის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს---ასათვის" 18 840.63 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის გარემოებები
2013 წლის 02 აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურა №00526-ის და №ვს 0389148 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მყიდველმა შპოს ს---ამ მოსარჩელისაგან შეიძინა 68.825,63 (სამოცდარვა ათას რვაას ოცდახუთი და სამოცდასამი) დოლარის ღირებულების საქონელი. გამყიდველმა შეასრულა კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები და მოპასუხეს შეთანხმებულ ვადაში გადასცა საქონელი. ხსენებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე შპს ,,ს---ა" საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოახდინა საქონლის განბაჟება მის სახელზე. მოპასუხეს ნაყიდი ნივთების თანხიდან გადახდილი აქვს 49 985 (ორმოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 18 840.63 დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით სარჩელი არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ასვე უარყო მოსარჩელისაგან სარჩელში მითითებული პროდუქციის მიღების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობით მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 02 აგვისტოს შპს ,,ს---ამ" შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ისაგან“ მიიღო 68 825,63 დოლარის ღირებულების საქონელი. შპს ,,ს---ას" გადახდილი აქვს 49 985 დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 18 840.63 დოლარი.
მოსარჩელის მოთხოვნაა ნასყიდობის საფასურის დაკისრება, კერძოდ, 2013 წლის 2 აგვისტოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრება. მოპასუხე უარყოფს პროდუქციის მიღების ფაქტს, ხოლო მოსარჩელემ გადაცემის დასადასტურებლად წარმოადგინა საბაჟო დეკლარაცია და ანგარიშფაქტურა.
2013 წლის 02 აგვისტოს №00526 ანგარიშ-ფაქტურის შინაარსში მითითებული მონაცემებიდან გამომდინარე შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--იმ" შპს ,,ს---ას" გამოუგზავნა 68 825.63 (სამოცდარვა ათას რვაას ოცდახუთი და სამოცდასამი) დოლარის ღირებულების საქონელი. ანგარიშფაქტურაში მითითებულია, რომ ფაქტურის ღირებულება გადახდილი უნდა იქნა 5 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ,,ს---ას" დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 2 აგვისტოს შევსებული საბაჟო დეკლარაცია სერია VC0389148, რომლის თანახმად იგი შევსებულია თურექთსი რესპუბლიკაში ტრაბზონის საბაჟო სამმართველოში. დეკლარაციის თანახმად, ტვირთის გამგზავნია შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ი“, ხოლო მიმღებია შპს ს---ა, რომლის ადგილსამყოფელია გარდაბანი, საქართველო. ტვირთის საზღვარზე შესვლის ადგილად მითითებულია სარფის საბაჟო პუნქტი. დეკლარირებული ტვირთია 34 800 ცალი კონტეინერი, პლასტმასის კონტეინერები და სარქველი. დეკლარაციაში აღნიშნულია საბაჟოზე ტვირთის გასვლის, საბაჟო კონტროლის შედეგად მინიჭებული ლუქი და დალუქვის თარიღი - 2013 წლის 2 აგვისტო, ხოლო საბაჟო კონტროლის გავლის ადგილია ტრაპზონი. დეკლარაციას ერთვის დანართი, სადაც მითითებულია დეკლარირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი. დეკლარაციის ნომერია 13610100EX005818.
ამდენად, ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს ,,ს---ას" 20143 წლის 2 აგვისტოს თურქეთიდან საქართველოში გამოუგზავნა 68 825.63 დოლარის ღირებულების საქონელი. პროდუქცია დეკლარირებულია თურქეთში ტრაპიზონის საბაჟო სამმართველოში, ხოლო პროდუქციის მიმღებად დეკლარირებულია შპს ს---ა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-15)
- ანგარიშ-ფაქტურის ასლი (ს.ფ. 22-23)
- საბაჟო დეკლარაციის ასლი (ს.ფ. 20-21)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 361-ე, 144-ე მუხლები
- ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონი
- „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1980 წლის კონვენციიის 1-ლი, 54-ე, 59-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველი დავა შეეხება უცხოურ კომერციულ სუბიექტსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიული პირს შორის ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მოსარჩელე მოითხოვს თურქეთიდან საქართველოში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრებას, რის გამოც გამოსაყენებელი სამართლის ნორმები უნდა განისაზღვროს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად გარიგების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს გარიგება ან იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის მიმართ. გარიგების ფორმა დაცულად ითვლება, თუ ხელშეკრულება დაიდო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ პირებს შორის და იგი შეესაბამება ერთ-ერთი ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს გარიგების ფორმის შესახებ.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რადგან დავის საგანია მოპასუხის საკუთრებაში გადაცემული, მისთვის მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება. ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც უნივერსალური სასყიდლიანი ხელშეკრულების არსია ნასყიდობის საფასურის გადახდა, რის გამოც თანხის გადახდა არის სადაო სამართლებრივი ურთიერთობისთვის ყველაზე დამახასიათებელი, არსებითი ვალდებულება. ეს ვალდებულება მოპასუხეს უნდა შეესრულებინა, რომლის ადგილსამყოფელი საქართველოშია, პროდუქციის მიწოდება საქართველოში მოხდა, რის გამოც დავა საქართველოს სამართლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
მოპასუხე სადაოდ ხდის სარჩელში მითითებული პროდუქციის მიღების ფაქტს, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და შესრულების ფაქტების დადგენისათვის გამოყენებული უნდა იქნა შპს ,,ს---ას" ადგილსამყოფელის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 03 თებერვალის დადგენილებით რატიფიცირებულია ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1980 წლის კონვენცია, რომელის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კონვენცია გამოიყენება საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მიმართ იმ მხარეებს შორის, რომელთა კომერციული საწარმოებიც სხვადასხვა სახელმწიფოებში იმყოფებიან:
a) როდესაც ეს სახელმწიფოები ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან; ან
b) როდესაც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების თანახმად, გამოყენებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართალი.
შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--სა“ და შპს ,, ს---ას", როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომერციულ საწარმოთა შორის სადაოდ გამხდარი სამართალურთიეთობის წარმოშობისა და შესრულების საკითხის მოწესრიგება ექცევა ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1980 წლის კონვენციის რეგულაციის სფეროში.
დასახელებული კონვენციის მე-11 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე აუცილებელი არ არის, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული ან დამტკიცებული იყოს წერილობითი ფორმით ან ექვემდებარებოდეს სხვა მოთხოვნას ფორმასთან დაკავშირებით. იგი შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერი საშუალებებით მოწმეთა ჩვენებების ჩათვლით. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის თანახმად მყიდველის ვალდებულება გადაიხადოს საფასური მოიცავს იმ ღონისძიებათა და ფორმალობათა დაცვას, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრული იყოს ხელშეკრულებით ან რაიმე კანონით და ნორმებით, რათა განხორციელდეს საფასურის გადახდა. კონვენციის 59-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე მყიდველმა საფასური უნდა გადაიხადოს გამყიდვლის მხრიდან ყოველგვარი მოთხოვნის ან ფორმალობის დაცვის გარეშე დათქმულ დღეს ან იმ დღეს, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ხელშეკრულებით და ამ კონვენციით.
კონვენციის 62-ე მუხლის თანახმად, გამყიდველს შეუძლია მოსთხოვოს მყიდველს ფასის გადახდა, მიწოდებული საქონლის მიღება ან სხვა ვალდებულებების შესრულება, თუ გამყიდველმა არ მიმართვა სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც შეუთავსებელია ასეთი მოთხოვნასთან.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსი განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება, რის სანაცვლოდ მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის საფასური.
დავაში ნასყიდობის საგანია მოძრავი ნივთები - პლასტმასის კონტეინერები, ქიმიური წარმოების პროდუქცია, რომლისთვისაც სამოქალაქო კოდექსის და ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1980 წლის კონვენციით დადგენილი არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით დადება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მიხედვით, 1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. 3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და პროდუქციის მიწოდება დასტურდება ანგარიშფაქტურით და საბაჟო დეკლარაციით.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და სარჩელის საწინააღმდეგოდ მითითებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, იგი წარმოდგენილია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც ამ მოთხოვნის მიმართ გამოიყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
ხანდაზმულობის საკითხის დასადგენად უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, როდის წარმოიშვა მოთხოვნა, რაც ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს.
მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, მან 2013 წლის 2 აგვისტოს მოპასუხეს მიაწოდა გარკვეული საქონელი, რომლის ღირებულება სრულად გადახდილი არ არის. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის წარმოშობის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ მოსარჩელემ როდის გაიგო მისი უფლების დარღვევის შესახებ ან თუკი დაგვიანებით შეიტყო ეს ფაქტი, სათანადო წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში როდის ჰქონდა მისი უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმირების შესაძლებლობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნის უფლების წარმოშობა უკავშირდება ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობას, რის გამოც უნდა დადგინდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის რა ვადაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული. აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს, თუ როდის უნდა შეესრულებინა მყიდველს ვალდებულება.
სასამართლო მიუთითებს 2013 წლის 02 აგვისტოს №00526 ანგარიშფაქტურის შინაარსზე, სადაც განსაზღვრულია, რომ ფაქტურის ღირებულება გადახდილი უნდა იყოს 5 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონლის მიმღებს შპს ,,ს---ას" დაეკისრებოდა პირგასამტეხლო. შესაბამისად შპს ს---ას მოსარჩელე შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ს" ნასყიდობის საფასური სრულად უნდა გადაეხადა 2013 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით.
მოსარჩელის განმარტებით, მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის საფასურის ნაწილი, თუმცა ვერ მიუთითა როდის გადაუხადეს ეს თანხა - ანგარიშფაქტურაში მითითებულ ვადაში თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მოვალის ქმედებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, ხოლო მოვალის ასეთ ქმედებად შეიძლება შეფასდეს ავანსის, პროცენტის გადახადა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება.
ამ ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება ვალდებული პირის - მოვალის გაცნობიერებული ქმედებით ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებით, როგორიცაა მაგალითად, ავანსის,პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები მიმართულია მოვალის მხრიდან „მოთხოვნის არსებობის აღიარებისაკენ“, ხოლო ამ ნორმით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენას შეწყდება ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენის შედეგად, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება თანხის ნაწილის გადახდის კონკრეტული დრო. ამდენად, არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
დავა ხელშეკრულების შესრულებას შეეხება, რის გამოც მასზე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2013 წლის 7 აგვისტოს, რომლის მომდევნო დღიდან 2013 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელეს წარმოეშვა სარჩელის აღძვრის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში - 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით მას სარჩელის წარმოდგენით უნდა მოეთხოვა თანხის დაკისრება. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 16 სექტემბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ს" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მას სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,დ----–---–--------–-------------------–---------------–-----–--ის" სარჩელი შპს ,,ს---ას" მიმართ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი