გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003048507
2-1973/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24/09/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ფ------ ც---–---ე
წარმომადგენელი: პ------------ე
მოპასუხე: გ------- წ-----–---–ი
წარმომადგენელი - მ---------–--–-–---–ი
დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა;
ფ------ ც---–---ემ სარჩელი აღძრა გ------- წ-----–---–ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.
- არასრულწლოვანი შვილების, მ------ და გვანცა წ-----–---–ების რჩენისათვის მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200-200 ლარის ოდენობით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
ფ------ ც---–---ე და გ------- წ-----–---–ი 2011 წლის 19 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მ------ წ-----–---–ი, დაბადებული - 2----–-–----------ს და გვანცა წ-----–---–ი დაბადებული - 2----–-–-----------ს. ცოლ-ქმარს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელეს არ სურს მეუღლესთან შერიგება. მოპასუხე წინააღმდეგია განქორწინებისა. მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის აღდგენა და თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებასთან ერთად გადაწყდეს მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება. ამტკიცებს, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს შვილები. მისი შემოსავალი საკმარისია იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტი თვეში ორას-ორასი ლარის ოდენობით.
1.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ განქორწინების ნაწილში სარჩელი სცნო. ალიმენტის ნაწილში სარჩელს ნაწილობრივად ცნობს. ის თანახმაა ორივე შვილის რჩენისათვის გადაიხადოს საერთო ჯამში 150 ლარი. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გ------- წ-----–---–ი მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში, მაგრამ მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ფ------ ც---–---ე და გ------- წ-----–---–ი დაქორწინდნენ 2011 წლის 19 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 13
3.1.2. ფ------ ც---–---ეს და გ------- წ-----–---–ს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ წ-----–---–ი, დაბადებული - 2----–-–----------ს და გვანცა წ-----–---–ი დაბადებული - 2----–-–-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები. ს.ფ. 14-15
3.1.3. მხარეებს აქვთ კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.4. მ------ წ-----–---–ი და გვანცა წ-----–---–ი ცხოვრობენ დედასთან ერთად ს------ეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ფ------ ც---–---ე მუშაობს აფთიაქში და ხელფასის სახით ღებულობს 400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.6. გ------- წ-----–---–ი მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში და ხელფასის სახით ღებულობს თვეში 400-500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო ფაქტობრივი გარემოება არარსებობს
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ სარჩელი განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები 2011 წლის 19 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.
სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. მით უფრო, როცა მოპასუხეც ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
ალიმენტის ნაწილი
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
შვილის უფლებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით, რომლის მე-3 მუხლითაც ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.6. შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებები ასევე დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით. დასახელებული ნორმით:
,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი - მ------ და გვანცა წ-----–---–ები. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად ს------ეში. მამა - გ------- წ-----–---–ი ცხოვრობს ქ. ბათუმში. მიუხედავად იმისა, რომ გ------- წ-----–---–ი არ ცხოვრობს მის შვილებთან ერთად, ის ვალდებულია იზრუნოს მათზე. მას გააჩნია შვილების მიმართ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც მოსარჩელე - ფ------ ც---–---ეს. კერძოდ ის ვალდებულია იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი, უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 400 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 400 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 150 ლარით, ვინაიდან არ აქვს სტაბილური შემოსავალი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს თვეში 400-500 ლარის შემოსავალი აქვს (სხვა შემოსავალი არ დადგინდა), ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდას. შესაბამისად მასზე ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრება არაგონივრულია. თუმცა მოპასუხის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილის მდგომარეობაც. ისინი დაახლოებით 8 წლის და 5 წლის ასაკის არიან, მათ ჭირდებათ მთელი რიგი საკომუნიკაციო, სპორტული, ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სხვა ტიპის მიმართულებით განვითარება. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ დედის შემოსავალით, რთულია. მას მარტოს გაუჭირდება შვილების აღზრდა და რჩენა, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება, მკურნალობა და სხვა აუცილებლობები, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტუაციაში ალიმენტის სახით 75-75 ლარის გადახდაც არაგონივრულია. თანამედროვე პირობებში მოპასუხის მიერ ალიმენტის სახით 75 ლარის გადახდა უთანაბრდება შვილის რჩენაზე უარის თქმას. 75 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწევა შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის პირობა. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 110-110 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 220 ლარი არაა საკმარისი 5 და 8 წლის ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100-100 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 110 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 110-110 ლარის გადახდა.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2019 წლის 17 ივნისს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 17 ივნისიდან.
7.საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 220 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის ნაწილში ნაწილობრივ სცნო. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლი მოპასუხეს სარჩელის ცნობის გამო ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს სახ. ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 25 ლარის გადახდა.
განქორწინების ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდეს. თუმცა მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 25 ლარი უნდა ჩაითვალოს ალიმენტის ნაწილში გადახდილად და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფ------ ც---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ფ------ ც---–---ესა (პ/ნ 5----------) და გ------- წ-----–---–ს (პ/ნ 6----------- შორის, 2011 წლის 19 აპრილის №7---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით;
3. გ------- წ-----–---–ს, თავისი არასრულწლოვანი შვილების, მ------ წ-----–---–ის (დაბადებული - 2----–-–----------ს) და გვანცა წ-----–---–ის (დაბადებული - 2----–-–-----------ს) რჩენისათვის, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 110-110 ლარის ოდენობით,4. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს 2019 წლის 17 ივნისიდან.
5. გ------- წ-----–---–ს ფ------ ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით გადახდილი 25 ლარის ანაზღაურება.
6. ფ------ ც---–---ეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 25 ლარი (საგადასახადო დავალება 20642205, გადახდის თარიღი 17/06/2019 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ლიბერთი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე