გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
080210017002222075
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3921-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--ზ ჩ-----იძე

სხდომის მდივანი - ნ--ო გ--------ე

მოსარჩელე - შპს მისო „რ------------სი“

წარმომადგენელი - მ----ია ბ--------ლი

მოპასუხე - ვ-------ი ს---–-----ძე

წარმომადგენელი - ა-–---------ე ჭ--------იძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოპასუხე ვ-------ი ს---–-----ძეზე 34185,57 აშშ დოლარის (28 591,74 აშშ დოლარი არის ძირი; 1162,11 აშშ დოლარი პროცენტი; 4431,72 აშშ დოლარი პირგასამტეხლო) მოსარჩელე შპს მისო „რ------------სი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ვ-------ი ს---–-----ძის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა გ------–---–ის №35, საკადასტრო კოდი: 0-----------) იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია.

 

დავის არსი.

2013 წლის 17 მაისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ------------სი’’-სა და ვ------- ს---–-----ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5725, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 17.05.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №5725 და 13.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება №5725-03. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ, გაასესხა ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა - 28650 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა- 10 წელი, სარგებელი სესხზე - წლიური 24%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, ძირითადი თანხის-0.5% ყოველდღიურად. აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-------ი ს---–-----ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ------–---–ის ქ. №35 (ს/კ 0-----------).

ვ-------ი ს---–-----ძემ დაარღვია ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ მას არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, გადაეხადა სესხი 28650 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.5% პროცენტის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ ვ------- ს---–-----ძეს, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, იმის განმარტებით, რომ მას გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ------------სი’’-ს მიმართ. არაუგვიანეს 2017 წლის 13 დეკემბრისა მის შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია კანონით დადგენილი წესით. ვ------- ს---–-----ძეს 2017 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა შეტყობინება, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხის მიერ არ დაფარულა დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხემ შესაგებელით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ, ძირი თანხის 28 591,74 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ ეთანხმება პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 26 დეკემბრის თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებელი არ უნდა იყოს ეფექტური 100%-ზე მეტი, სადაც შედის პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 17 მაისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ------------სი’’-სა და ვ------- ს---–-----ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5725, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 17.05.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №5725 და 13.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება №5725-03. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ, გაასესხა ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა - 28650 აშშ დოლარი.

მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება

 

3.1.2. აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-------ი ს---–-----ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ------–---–ის ქ. №35 (ს/კ 0-----------).

მტკიცებულება:იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეს -მოსარჩელემ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მტკიცებულება:გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანისას მოპასუხის - სასესხო დავალიანებაზე, 28 591,74 აშშ დოლარი ძირზე შეადგენს - 1162,11 აშშ დოლარი პროცენტი; 4431,72 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

მტკიცებულება: დავალიანების ცნობა. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო ძირი თანხის და სარგებელის, პროცენტის ნაწილში სრულად იზიარებს მოსარჩელის მითითებას ვალდებულების არსებობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში არ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 28 591,74 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია სესხის ძირის და პროცენტის, ხოლო ნაწილობრივ სესხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2013წ 17 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5725, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 17.05.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №5725 და 13.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება №5725-03. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ, გაასესხა ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა - 28,650.00 აშშ დოლარი.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ზაზა ირემაძეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 28,650.00 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6... მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული სარგებელი, პროცენტი. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლზე, რომლის საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 17 მაისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ------------ს’’-ს და ვ------- ს---–-----ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5725, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 17.05.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №5725 და 13.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება №5725-03. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ, გაასესხა ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა - 28 650 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა- 10 წელი, სარგებელი სესხზე - წლიური 24%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, ძირითადი თანხის-0.5% ყოველდღიურად. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიური სარგებელის - 24% გადახდას, რაც სარჩელის შემოტანისას შეადგენს - 1162,11 აშშ დოლარს რაც საფუძვლიანია, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციას და მისი მიზანია სესხის გაცემით სარგებელის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეწყვეტს ფუნქციონირებას.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

 

როგორც აღინიშნა, 2013 წლის 17 მაისiს ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიური სარგებელის - 24% გადახდას, რაც სარჩელის შემოტანისას შეადგენს - 1162,11 აშშ დოლარს, ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5725, ასევე მის საფუძველზე გაფორმებული ამავე ხელშეკრულების დანართი-13.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება №5725-03, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისთვის, ძირითადი თანხის-0.5% ყოველდღიურად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 4431,72 აშშ დოლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია.

 

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1162,11 აშშ დოლარით, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის 4431,72 აშშ დოლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა, არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხე ვ-------ი ს---–-----ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1162,11 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.8. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ-------ი ს---–-----ძის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონება (მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა გ------–---–ის №35, საკადასტრო კოდი: 0-----------) და მოსარჩელე ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ითხოვს აღნიშნული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას, რაც ასევე საფუძვლიანია, რადგან შეთანხმება დადებულია, ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, დადგენილი და უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ქუჩა გ------–---–ის №35, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 2606 ლარი (აშშ დოლარის კურსი 2,5405). ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, კერძოდ - 28 591,74 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 857.75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახდო დავალება #15220570. 18.12.2017 წელი. ხოლო მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისგან.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში. დაკისრებული პროცენტის და პირგასამტეხლოს ჯამმა შეადგინა 2324.22 აშშ დოლარი, რომლის 3% 69.73 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

პირგასამტეხლო შემცირდა 3269.61 აშშ დოლარით, ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 98.09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შპს მისო „რ------------სის“ სარჩელი.

 

2.მოპასუხე ვ-------ი ს---–-----ძეს დაეკისროს მოსარჩელე შპს მისო ,,რ------------სი“-ს სასარგებლოდ, სესხის ძირი - 28 591,74 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის - 1162.11 აშშ დოლარის და სესხის პირგასამტეხლოს 1162.11 აშშ დოლარის, მთლიანობაში 30,915.96 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.მოპასუხე ვ-------ი ს---–-----ძეს დაეკისროს მოსარჩელე შპს მისო ,,რ------------სი“-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 69.73 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) გადახდა.

 

4. მოსარჩელეს, შპს მისო ,,რ------------სი“, დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი - 857.75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150, საგადახადო დავალება #15220570. თარიღი - 18.12.2017 წელი.

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 98.09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შეთხვევაში, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს ვ-------ი ს---–-----ძის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ქუთაისი, ქუჩა გ------–---–ის №35, საკადასტრო კოდი: 0----------- აუქციონის წესით იძულებითი რეალიზაცია.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა არ გამოყენებულა.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--ზ ჩ-----იძე