გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210019003161209
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21225-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - ლ---------–-–---–ი

წარმომადგენელი - ე-–--------–--ა

 

მოპასუხე - ნ------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ------------ეს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ქირის თანხის, ჯამში 4297 ლარის ანაზღაურება;

1.2. ნ------------ეს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომუნალური მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 571,16 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს თბილისში, ე--–--ს ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვიდან იქირავა მოპასუხე ნ------------ემ. ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, მოპასუხეს ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა გადაეხადა 450 ლარი. ნ------------ე ოჯახთან ერთად ბინაში ცხოვრობდა 2019 წლის 22 ივლისამდე და ქირის თანხას ნაწილ-ნაწილ იხდიდა, ქირის თანხა ირიცხებოდა რძლის - ქ------------------ის საბანკო ანგარიშზე. მოპასუხემ მალევე შეამცირა თანხის ოდენობა და არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას, ხოლო 2018 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 20 ივლისამდე საერთოდ აღარ გადაუხდია ქირის თანხა. ნ------------ემ ბინა 2019 წლის 22 ივლისს დატოვა, თუმცა ქირის თანხა არ აუნაზღაურებია.

 

მოპასუხეს ევალებოდა ასევე კომუნალური გადასახადების გადახდაც, თუმცა არ გადაუხდიათ ელექტრონერგიის საფასური 201,55 ლარი და ბუნებრივი აირის საფასური - 369,61 ლარი.

 

2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტოს თვემდე გადაუხდელი ქირის თანხა შეადგენს 1300 ლარს, 2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ქირა - 900 ლარს, 2018 წლის დეკემბრის თვის ქირა - 252 ლარს, 2019 წლის იანვრის ქირა - 450 ლარს, თებერვლის თვის - 252 ლარს, მარტის თვის - 320 ლარს, აპრილის თვის - 203 ლარს, მაისის თვის ქირა - 70 ლარს, ივნისის თვის ქირა - 250 ლარს და ივლისის თვის ქირა - 300 ლარს. ჯამში ქირის სახით ნ------------ეს გადასახდელი აქვს 4297 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით, ასევე მოსამზადებელ ეტაპზე გაკეთებული განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა ცნო კომუნალური მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში. ქირის თანხის ნაწილში ნ------------ემ მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მას სრულად აქვს ქირა ანაზღაურებული. მოპასუხემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

საცხოვრებელი ბინა 2017 წლის 25 სექტემბრიდან დაიქირავა. ფართში გადასვლის დროს დენი ჩაჭრილი დახვდა გადასახადის გადაუხდელობის გამო და გადასვლიდან 5 დღეში მოუწია დენის დავალიანების 60 ლარის გადახდა.

 

ზაფხულის პერიოდში მოსარჩელის მეუღლე ე-–--------–--აც ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, რა დროსაც ისიც მოიხმარდა ელექტროენერგიას და გაზს. იგი დამატებით, აღდგომასაც ჩამოვიდა და რჩებოდა ნაქირავებ ბინაში მოპასუხესთან ერთად და არღვევდა დამქირავებლის უფლებას, დაუკითხავად აღებდა სახლს და სარგებლობდა. ე-–--------–--ა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 2019 წლის 21 ივლისს ღამის ორ საათზე შეიჭრა ნაქირავებ ფართში და სახლში აღარ შეუშვა მოპასუხის არასრულწლოვანი შვილი. ამასთან, ამ დრომდე არ აძლევს უფლებას საკუთარი ნივთები აიღოს. მოპასუხემ შეძლო ნივთების მცირე ნაწილის დაბრუნება და ძირითადი ქონება კვლავ მოსარჩელის უკანონო მფლობელობაშია.

 

მოპასუხის განმარტებით, ქირის თანხა სრულად აქვს გადახდილი, 2018 წლის 2 მაისს, ე-–--------–--ას მეგობარს გადასცა 150 ლარი, 12 მაისს ე-–---ს ბიძაშვილს გადასცა 300 ლარი, ასევე გადახდილი აქვს 19 მაისს - 200 ლარი, 26 ივნისს - 300 ლარი, 28 ივნისს - 250 ლარი, 7 ივლისს - 300 ლარი, 21 ივლისს პირადად ე-–---ს გადასცა - 300 ლარი, 22 ივლისიდან - 50 ლარი და შემდგომ პერიოდებში გადახდილი აქვს 100 ლარი, 140 ლარი, 150 ლარი, 130 ლარი, 150 ლარი და 130 ლარი. აღნიშნული თანხების გადახდა მოსარჩელის მოთხოვნით ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.

 

2019 წლის სექტემბრიდან კი სხვადასხვა პერიოდში გადახდილი აქვს 450+500+200+100+200+120+250+250+130+120+150+280+170+200+200+200+200 ლარი. გარდა ამისა, შვილმა, ა-------–----ემ ტელეფონი დაალომბარდა და აღებული 150 ლარიც გადასცა მოსარჩელეს და ვალდებულება სრულად დაიფარა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ---------–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ე--–--ს ქუჩა N4, კორპუსი N4-ში მდებარე ბინა N--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. ლ---------–-–---–სა და ნ------------ეს შორის 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 22 ივლისის თვის ჩათვლით არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ------------ეს (დამქირავებელს) სარგებლობაში გადაეცა ლ---------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 450 ლარით, რაც ნ------------ეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 20 რიცხვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ქირის თანხის გადახდას ნ------------ე ახდენდა ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, მოსარჩელის თანხმობით, ქ------------------ისთვის გადაცემით, ასევე ე-–--------–--ას ან ქ------------------ის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

- გადახდის ქვითრები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ე-–--------–--ა არის მოსარჩელე ლ---------–-–---–ის მეუღლე, ამავდროულად მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო ქ------------------ე - ე-–--------–--ას ნათესავი.

 

ა-------–----ე არის მოპასუხე ნ------------ის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხე ნ------------ე ადასტურებს ელექტროენერგიის ღირებულების 201,55 ლარის და ბუნებრივი აირის საფასურის - 369,61 ლარის დავალიანების ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამქირავებელს ქირის თანხა სრულად არ აქვს ანაზღაურებული. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ დავალიანება 4297 ლარია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორც სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადჰყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას.

 

საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე, ქირის თანხის სრულად გადახდის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა შემოსავლის ორდერები, ფულადი გზავნილები და ბლოკნოტის ჩანაწერების ასლი, სადაც მისი განმარტებით, აღნიშნული იყო როდის და რამდენი გადაუხადა მოსარჩელეს ქირის სახით. აღნიშნულ მტკიცებულებებიდან ბლოკნოტის ასლთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი მოპასუხის მიერ შედგენილი დოკუმენტი იყო, გარკვევით არ დგინდებოდა, კონკრეტულად რა პერიოდის ან საერთოდ რა გადახდებზე იყო საუბარი და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ხოლოწარმოდგენილ ქვითრებთან (შემოსავლის ორდერები და ფულადი გზავნილები) დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ საქმეზე მათი დართვის წინააღმდეგი არ იყო და თუკი მათი საშუალებით დადასტურდებოდა გადახდის ფაქტი, სასამართლოს შეეძლო დავალიანების ოდენობის დაანგარიშებისას მათი გათვალისწინება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია ზემოთ დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბლოკნოტში არსებული ჩანაწერები მოპასუხის მიერ ცალმხრივად არის განხორციელებული. ამასთან, მასში გარკვევით არ არის აღნიშნული რა პერიოდის ქირის თანხის გადახდაზეა საუბარი და მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის სადავოობის და სხვა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ წარმოადგენს ისე მტკიცებულებას, რაც სასამართლოს მისი გაზიარების საფუძველს შეუქმნიდა.

 

რაც შეეხება ქვითრებს, მათი საშუალებით ირკვევა, რომ სხვადასხვა რიცხვებში ა-------–----ის საშუალებით მოპასუხეს ან ქ------------------ის ან ე-–--------–--ას ანგარიშზე გადახდილი აქვს ქირის თანხები. ამასთან, მათში მოცემული თანხები არ არის ასახული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანო ანგარიშებში, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელეს დაანგარიშებული აქვს დავალიანების ოდენობა.

 

უდავოა, რომ ქირის თანხა მოპასუხეს ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა გადაეხადა, თვეში 450 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში ჯამში ქირის სახით მოთხოვნილია 2997 ლარი. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს კონკრეტულად აქვს მითითებული თითოეულ თვეში გადაუხდელი ქირის ოდენობა, რაც დაანგარიშებულია საბანკო ამონაწერში მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდების, ასევე ნაწილობრივ დაანგარიშებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ქვითრებში ასახული თანხების გათვალისწინებით. როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, მოპასუხეს ქირის სახით 2019 წლის მაისის თვეში, სხვადასხვა რიცხვში (01.05.2019 წელს - 125 ლარი, 10.05.2019 წელს - 100 ლარი, 25.05.2019 წელს - 280 ლარი, 30.05.2019 წელს 448 ლარი) ჯამში გადახდილი აქვს 953 ლარი, თუმცა მაისის თვისთვის გადაუხდელი ქირის სახით მოსარჩელე ითხოვს 70 ლარის, ხოლო წინა - აპრილის თვის დავალიანების სახით - 203 ლარის გადახდას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქირის თანხა მოპასუხეს ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა გადაეხადა, თვეში 450 ლარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მაისში, თვის ბოლო გადახდებით (280+448=728) უნდა დაფარულიყო მაისის თვის ქირა სრულად და სხვაობით - 278 (728-450) ლარით, აპრილის თვის დარჩენილი დავალიანება - 203 ლარი. ხოლო მოპასუხის მიერ მაისის თვის დასაწყისში გადახდილი თანხებით - წინა თვის დავალიანების ნაწილი.

 

გარდა ამისა, ქვითრებით ირკვევა, რომ მოპასუხემ 2018 წლის 6 ოქტომბერს 93,93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 249,01 ლარი გადაიხადა ქირის სახით, თუმცა მისი გათვალისწინება არ მომხდარა არც 2019 წლის სექტემბრის და არც ოქტომბრის ქირის გადასახადში და მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ თვეებში ნ------------ეს ქირა საერთოდ არ გადაუხდია. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხით ასევე უნდა შემცირდეს გადაუხდელი ქირის თანხის ოდენობა.

 

საბოლოო ჯამში 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 22 ივლისამდე პერიოდში მოპასუხის მიერ გადაუხდელი ქირა უნდა განისაზღვროს 2244,99 ლარით.

 

რაც შეეხება 2017 წლის ოქტომბრის თვიდან აგვისტოს თვემდე დაგროვილ დავალიანებას 1300 ლარს, აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული მოპასუხის მიერ 2018 წლის 21 ივლისს გადახდილი 300 ლარი და ამ ოდენობით უნდა შემცირდეს დავალიანება. ამდენად, მოპასუხის დავალიანება ჯამში უნდა განისაზღვროს 2244.99+1000=3244,99 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდგომ.

 

ლ---------–-–---–სა და ნ------------ეს შორის 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით არსებობდა ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც ნ------------ეს მოსარჩელისგან დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და მოპასუხე ვალდებული იყო ლ---------–-–---–ისთვის ყოველთვიურად ქირის სახით გადაეხადა 450 ლარი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამქირავებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, თავად მოპასუხე არ უარყოფს, რომ მისი მხრიდან ქირის თანხის გადახდა ყოველთვიურად ხდებოდა. ამავდროულად, იგი ვერ ადასტურებს, რომ ქირა მას სრულად აქვს გადახდილი. ამასთან, წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 4297 ლარის ნაცვლად 3244,99 ლარია. სწორედ ამ მოცულობით უნდა დაეკისროს ნ------------ეს დავალიანების მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მხარეებს შორის სადავო არაა, რომ ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე დამქირავებლის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენდა 201,55 ლარს, ხოლო ბუნებრივი აირის ხარჯი - 369,61 ლარს. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო კომუნალური მომსახურების ღირებულების 571,16 ლარის დაკისრების ნაწილში ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოპასუხის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობის გათვალისწინებით ნ------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომუნალური მომსახურების საფასურის - 571,16 ლარის გადახდა.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა)“ პუნქტისა 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგეს 73,02 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 26,98 ლარი. მოპასუხემ მოთხოვნის ერთ ნაწილში სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოთხოვნის ცნობის პროპორციულად მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 8,56 ლარი.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 48,67 ლარი, ხოლო დარჩენილი 15,79 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---------–-–---–ის სარჩელი ნ------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნ------------ეს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ქირის თანხა - 3244,99 ლარი;

 

3. ნ------------ეს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი კომუნალური მომსახურების თანხა 571,16 ლარი;

 

4. ლ---------–-–---–ს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 26.08.2019 წელს N0 საგადასახადო დავალებით ე-–--------–--ას (პ/ნ 0----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 ლარიდან - 35,54 (ოცდათხუთმეტი ლარი და 54 თეთრი) (26,98+8,56) ლარი (გადამხდელი ბანკი - სს „თიბისი ბანკი“ , სახაზინო კოდი - 300773150, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა);

 

5. ნ------------ეს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 48,67 ლარი;

 

6. ლ---------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი 15,79 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე