გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/4764-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - რა---- ბო------–---–ი
წარმომადგენელი - თე---- ზა-----–---–ი
მოპასუხე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენელი - ფი----- ჩხ---ე
მესამე პირი (16.1) - თე--------- ჯა-----–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №9------- ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილება;
1.2. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.2. მესამე პირი - თე--------- ჯა-----–--ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სხდომის დრო და ადგილი, მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №9------- ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადდა კონკურსი.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №-------- დადგენილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია (შემდგომ - საკონკურსო კომისია) და მისი შემადგენლობა განისაზღვრა ხუთი წევრით.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და მოცემული აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით, განცხადებები, დადგენილი წესით შევსებულ ანკეტებთან ერთად წარადგინეს მოსარჩელე რა---- ბო------–---–მა და მესამე პირმა თე--------- ჯა-----–--ემ, რომლებზეც შევსებული იქნა შესაბამისი კონკურსანტის შეფასების ფორმები, სადაც განისაზღვრა, რომ საბუთები წარმოდგენილია სრულყოფილად, კონკურსანტები სრულად აკმაყოფილებენ გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს და ორივე მათგანის საერთო შეფასება არის „მაღალი“.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის №- ოქმით, კომისიის წევრთა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებს - მოსარჩელე რა---- ბო------–---–ს და მესამე პირს - თე--------- ჯა-----–--ეს მიენიჭათ პრეტენდენტის სტატუსი და მიწვეული იქნენ გასაუბრებაზე.
წარდგენილი ანკეტისა და კონკურსანტთან გასაუბრების შედეგების საფუძველზე, საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მოსარჩელე რა---- ბო------–---–ი.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მოსარჩელე რა---- ბო------–---–ი და იმავე ოქმით დადგინდა, რომ შემაჯამებელი ოქმი, დასამტკიცებლად უნდა გადაცემოდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კონკურსანტის ანკეტები (ტ.1, ს.ფ. 63-136);
- კონკურსანტის შეფასების ფორმები (ტ.1, ს.ფ. 137-157);
- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის №- ოქმი (ტ.1, ს.ფ. 166-175);
- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმი (ტ.1, ს.ფ. 176-180);
- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმი (ტ.1, ს.ფ. 182-184);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა მესამე პირმა - თე--------- ჯა-----–--ემ.
აღნიშნული საჩივრის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც დაადგინა, რომ კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა გამოვლენილი იყო ფარული კენჭისყრით, რომელიც ჩატარებული იყო შესაბამისი წესების დაცვით და საკონკურსო კომისიის მუშაობაში, შესაბამისი წესით განსაზღვრული პროცედურების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №1------- დადგენილებით, ნაწილობრივ დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საკონკურსო კომისიას უარი ეთქვა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილში დამტკიცებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, საკონკურსო კომისიას დაევალა კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №-------- დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა განიხილა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა - მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის და მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის მონაცემები და 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვებულად რა---- ბო------–---–ის გამოვლენის შესახებ, სადაც განისაზღვრა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მიეთითა ის უპირატესობები, რამაც მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის გამარჯვება განაპირობა.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 19 ოქტომბერს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილება გაცილებით უფრო დეტალური და ინფორმატიულია, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებათა სათანადო წესთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელებულია საკონკურსო კომისიის ხელთ არსებული სათანადო მასალების დეტალიზებისა და უფრო ფართოდ წარმოდგენის საშუალებით განმეორებითი, თუ დამატებითი საარჩევნო პროცედურების ჩატარების გარეშე, სახელობითად და დეტალურად არის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის მიღებული გადაწყვეტილების და შეფასების საფუძვლიანობის დასაბუთება და საკონკურსო კომისიის მუშაობაში, შესაბამისი წესით განსაზღვრული პროცედურების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №21----- დადგენილებით, საკონკურსო კომისიას კვლავ უარი ეთქვა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილების დამტკიცებაზე და საკონკურსო კომისიას დაევალა კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების წარმოდგენა.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №-1----- დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა გამართა კონკურსში მონაწილე პირების - მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის და მესამე პირის თე--------- ჯა-----–--ის საკონკურსო ეტაპები - შეფასება დანართი №4-ის მიხედვით და გასაუბრება ვიდეოჩაწერის საშუალებებით.
საკონკურსო კომისიამ, ორივე კანდიდატის თითოეული მონაცემის დეტალური შეფასების და წერილობით დასაბუთების საფუძველზე, 2019 წლის 17 აპრილს, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო შემაჯამებელი ოქმი მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ, სადაც დეტალურად იქნა მითითებული ის საფუძვლები, რამაც გამარჯვებულის უპირატესობა განაპირობა.
საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 აპრილის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2019 წლის 1 მაისს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ ამ დროისათვის საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებულია სათანადო სამუშაო ამ მიმართულებით და გამოქვეყნებულია მორიგი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს შესაბამისი მითითების თანახმად, საკონკურსო კომისიამ ხელმეორედ ჩაატარა გასაუბრება პრეტენდენტებთან, რაც ასახულია კიდეც აღნიშნულ შემაჯამებელ ოქმში. საჩივარში მითითებული შენიშვნები არსებითად წინა საჩივრებში გამოხატული შენიშვნების შინაარსის იდენტურია, რის გამოც საკონკურსო-სააპელაციო კომისიას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია მათზე განმეორებით მსჯელობა და აკადემიურ საბჭოს, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ მიმართა, ეხელმძღვანელა მისი წინა შემაჯამებელი დასკვნებით.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილებით, დასრულებულად ჩაითვალა ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №9------- ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობა (საშტატო ერთეული) დარჩა ვაკანტური.
აკადემიური საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ მიუხედავად საკონკურსო კომისიის მიერ ფორმალურ-პროცედურული დარღვევების არ არსებობისა, აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილმა საკმარისად არ ჩათვალა დასაბუთების შინაარსი და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს შემაჯამებელი დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 250-251);
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №-------- დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 313-314);
- საკონკურსო კომისიის ოქმები და მისი შემაჯამებელი ოქმი (ტ.1, ს.ფ.185-209);
- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 19 ოქტომბრის შემაჯამებელი დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 262-264);
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №-1----- დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 309-310);
- საკონკურსო კომისიის ოქმები და მისი შემაჯამებელი ოქმი (ტ.1, ს.ფ.210-241);
- საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს შემაჯამებელი დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 269-271);
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 311-312);
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 20-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რა---- ბო------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №9------- ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, საჯარო ხელისუფლების განხორციელების ნებისმიერ დონეზე და სეგმენტში თითოეული საჯარო უფლებამოსილების მხოლოდ კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით რეალიზაციაში მდგომარეობს.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებით დაცული სფერო, მათ შორის გულისხმობს შესაბამისი პირის უპირობო უფლებას, არჩეული იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე, მხოლოდ გამჭირვალე და სამართლიანი პირობებით, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია გულისხმობს მის უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა, თუმცა იგი არ ნიშნავს ასეთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამოდ და მის დაუცველად განხორციელებას.
აქვე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია პირის უფლება აირჩიოს და განახორციელოს ესა თუ ის შრომითი საქმიანობა, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმის №-/2-389, საქმეზე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, პუნქტი №-9).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება განუყოფლად არის დაკავშირებული, მათ შორის პირის საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებასთან და მის პირადი ცხოვრების უფლებასთან, რამდენადაც გარდა იმისა, რომ შრომითი საქმიანობის შედეგად პირი იღებს ფინანსურ შემოსავლებს, რომელიც მისი არსებობისათვის არის აუცილებელი, იგი შრომითი საქმიანობის პროცესში ახორციელებს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების და იდეების რეალიზაციას, ურთიერთობს სხვადასხვა სოციალურ წრეებთან და ა.შ.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისათვის არსებითია თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, საქმის №-/2/565, საქმეზე ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პუნქტი №-5)..
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის თავისუფლება, მათ შორის გულისხმობს საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან პირისათვის დაუსაბუთებლად, კანონთან შეუსაბამოდ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმა, რაც სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შესაბამისად, შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უარი უთხრას პირს აკადემიურ თანამდებობაზე დანიშნვაზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელე რა---- ბო------–---–თან დაკავშირებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცებაზე უარი გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ღია კონკურსის ჩატარების გამჭირვალობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები გულისხმობს კონკურსის ყოველ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების ცხადად დასაბუთების ვალდებულებას, მის ხელმისაწვდომობას, კონკურსში მონაწილე პირებისათვის თანასწორ მოპყრობას და გამარჯვებულის მხოლოდ ობიექტური პირობებისა და გარემოებების საფუძველზე გამოვლენას და კონკურსანტის მიერ მიღებული შედეგების გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად და თვითნებურად გაუქმების აკრძალვას.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №-35/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
მითითებული წესდების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის უზრუნველყოფის და კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირის გამოვლენის დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამის საკონკურსო კომისიას, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული პირის შერჩევის მიზანშეწონილობას, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წყვეტს მხოლოდ საკონკურსო კომისია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №9------- ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადდა კონკურსი, ხოლო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №-------- დადგენილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია (შემდგომ - საკონკურსო კომისია) და მისი შემადგენლობა განისაზღვრა ხუთი წევრით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და მოცემული აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით, განცხადებები, დადგენილი წესით შევსებულ ანკეტებთან ერთად წარადგინეს მოსარჩელე რა---- ბო------–---–მა და მესამე პირმა თე--------- ჯა-----–--ემ, რომლებზეც შევსებული იქნა შესაბამისი კონკურსანტის შეფასების ფორმები, სადაც განისაზღვრა, რომ საბუთები წარმოდგენილია სრულყოფილად, კონკურსანტები სრულად აკმაყოფილებენ გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს და ორივე მათგანის საერთო შეფასება არის „მაღალი“ და წარდგენილი ანკეტებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე, საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეულზე) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მოსარჩელე რა---- ბო------–---–ი და იმავე ოქმით დადგინდა, რომ შემაჯამებელი ოქმი, დასამტკიცებლად უნდა გადაცემოდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №-18/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტების მიხედვით, წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს ურთიერთშეაჯერებს, აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი, რომელიც მიიღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. საკონკურსო კომისიის კენჭისყრის საფუძველზე მიღებული შედეგები აისახება კომისიის შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის შეფასებების) საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება. შემაჯამებელი ოქმი ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში კონკურსანტს უფლება ეძლევა გაასაჩივროს კომისიის შემაჯამებელი ოქმი საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში. საკონკურსო-სააპელაციო კომისია საჩივრებს განიხილავს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში და საბოლოო შედეგებს შემაჯამებელი დასკვნის სახით დასამტკიცებლად უგზავნის აკადემიურ საბჭოს.
მითითებული წესდების მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ დამტკიცებისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ ან საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ.
სასამართლო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №-35/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად განმარტავს, რომ კონკურსში მონაწილე პირთა კვალიფიკაციის, გამოცდილების და განათლების დონის შეფასების, ასევე გამარჯვებულად კონკრეტული პირის გამოვლენის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკონკურსო კომისიას, რაც აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს განაპირობებს, კერძოდ აკადემიური საბჭოს ზემოთ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების მოცულობა შემოსაზღვრულია მხოლოდ საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფორმალურ-პროცედურული საკითხების გადამოწმების და არა მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადაწყვეტის უფლებამოსილებით. შესაბამისად, აკადემიურ საბჭოს, აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს იმ მიზნით, რომ საკონკურსო კომისიამ თავისი უფლებამოსილება ფორმალურად და პროცედურულად შესაბამისი წესის განუხრელად დაცვით განახორციელოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მესამე პირმის - თე--------- ჯა-----–--ის საჩივრის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც დაადგინა, რომ კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა გამოვლენილი იყო ფარული კენჭისყრით, რომელიც ჩატარებული იყო შესაბამისი წესების დაცვით და საკონკურსო კომისიის მუშაობაში, შესაბამისი წესით განსაზღვრული პროცედურების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №-------- დადგენილებით, ნაწილობრივ დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 ივლისის №- ოქმით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საკონკურსო კომისიას უარი ეთქვა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილში დამტკიცებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, საკონკურსო კომისიას დაევალა კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №-------- დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა განიხილა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა - მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის და მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის მონაცემები და 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვებულად რა---- ბო------–---–ის გამოვლენის შესახებ, სადაც განისაზღვრა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მიეთითა ის უპირატესობები, რამაც მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის გამარჯვება განაპირობა. ამასთან, საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2018 წლის 19 ოქტომბერს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილება გაცილებით უფრო დეტალური და ინფორმატიულია, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებათა სათანადო წესთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელებულია საკონკურსო კომისიის ხელთ არსებული სათანადო მასალების დეტალიზებისა და უფრო ფართოდ წარმოდგენის საშუალებით განმეორებითი, თუ დამატებითი საარჩევნო პროცედურების ჩატარების გარეშე, სახელობითად და დეტალურად არის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის მიღებული გადაწყვეტილების და შეფასების საფუძვლიანობის დასაბუთება და საკონკურსო კომისიის მუშაობაში, შესაბამისი წესით განსაზღვრული პროცედურების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №-1----- დადგენილებით, საკონკურსო კომისიას კვლავ უარი ეთქვა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის 2018 წლის 9 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილების დამტკიცებაზე და საკონკურსო კომისიას დაევალა კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მიხედვით, სათანადო პროცედურების განხორციელება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 მარტის №-1----- დადგენილების საფუძველზე, საკონკურსო კომისიამ ხელახლა გამართა კონკურსში მონაწილე პირების - მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის და მესამე პირის თე--------- ჯა-----–--ის საკონკურსო ეტაპები - შეფასება დანართი №4-ის მიხედვით და გასაუბრება ვიდეოჩაწერის საშუალებებით და ორივე კანდიდატის თითოეული მონაცემის დეტალური შეფასების და წერილობით დასაბუთების საფუძველზე, 2019 წლის 17 აპრილს, კომისიის 4 წევრის უმრავლესობით მიიღო შემაჯამებელი ოქმი მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ, სადაც დეტალურად იქნა მითითებული ის საფუძვლები, რამაც გამარჯვებულის უპირატესობა განაპირობა. ამასთან, საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 აპრილის შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით, მესამე პირის - თე--------- ჯა-----–--ის საჩივრის საფუძველზე, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ 2019 წლის 1 მაისს მიიღო შემაჯამებელი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ ამ დროისათვის საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებულია სათანადო სამუშაო ამ მიმართულებით და გამოქვეყნებულია მორიგი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს შესაბამისი მითითების თანახმად, საკონკურსო კომისიამ ხელმეორედ ჩაატარა გასაუბრება პრეტენდენტებთან, რაც ასახულია კიდეც აღნიშნულ შემაჯამებელ ოქმში. საჩივარში მითითებული შენიშვნები არსებითად წინა საჩივრებში გამოხატული შენიშვნების შინაარსის იდენტურია, რის გამოც საკონკურსო-სააპელაციო კომისიას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია მათზე განმეორებით მსჯელობა და აკადემიურ საბჭოს, საკონკურსო-სააპელაციო კომისიამ მიმართა, ეხელმძღვანელა მისი წინა შემაჯამებელი დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილებით, დასრულებულად ჩაითვალა ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 1 მაისის №9------- ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობა (საშტატო ერთეული) დარჩა ვაკანტური. ამასთან, აკადემიური საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ მიუხედავად საკონკურსო კომისიის მიერ ფორმალურ-პროცედურული დარღვევების არ არსებობისა, აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილმა საკმარისად არ ჩათვალა დასაბუთების შინაარსი და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა იგი არ გულისხმობს კანონით დადგენილი ამ უფლებამოსილების ფარგლებს მიღმა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას და იმ მიზნის უგულვებელყოფას, რომლისთვისაც კანონმა ამ უფლებამოსილებით აღჭურვა ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან“ (იხ. სუსგ 07.03.2019წ. საქმის №ბს-797(კ-18)).)
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მხოლოდ მიზანშეუწონლობის მოტივით მიიღო სადავო გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თვით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის სხდომის ოქმში მოცემული განმარტებით, მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის პროცესში რაიმე სახის ფორმალურ და პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საკონკურსო კომისიის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში დეტალურად იქნა დასაბუთებული ის გარემოებები და უპირატესობები, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა. შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ მოცემულ შემთხვევაში, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ გამოიყენა იმ მიზნით, რისთვისაც იგი ჰქონდა მინიჭებული და ერთგვარად შეითავსა საკონკურსო კომისიისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც სცილდება მისთვის ზემოთ აღნიშნული წესით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და მის არასწორ განხორციელებას ადასტურებს.
6.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №-18/2014 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, კონკურსი დასრულებულად ითვლება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე. შესაბამისად, კონკურსის დასრულება მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშია სამართლებრივად შესაძლებელი და იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიურ საბჭოს, მითითებული წესის მე-8 მუხლი მე-13 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია, აკადემიური საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებად საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მხოლოდ დამტკიცება ჩაითვლება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი კონკურსი დასრულებულად ჩათვალოს, როდესაც იგი დაამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელ ოქმს.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული აკადემიური თავისუფლების და შრომის უფლების, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №9------- ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილება და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის (საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილების დამტკიცების) თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რა---- ბო------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №9------- ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 მაისის №6------ დადგენილება;
3. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რა---- ბო------–---–ის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი