გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019003008530 (2/11442-19)
-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ--–---------–-ა
წარმომადგენელი გ--------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თ---------ა
წარმომადგენელი ვ--------–------–--ე
მოპასუხეები ი-------------–ი, ნ----------–--ე
წარმომადგენელი მ------------–---–ი
მოპასუხე ე-–------------------ა
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ე---------------–--ის (ყოფილი თ----------ის) N60, ს/კ 01.1.13.087.0-- გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეთა: ი-------------–ის, თ---------ას, ნ----------–--ისა და ე-–------------------ას უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 13.05.2019 წელს მოსარჩელეს წარმოეშვა ინდივიდუალური საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ე. მ-------–--ის (თ----------ე) ქ. N60, ს/კ 01.12.13.087.0-- (დაზუსტებული ფართობი 235 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N6, საერთო ფართით 16.67 კვ.მ და ნაგებობები: N1, N2, N3, N4, N5). მოპასუხეები გაფრთხილდნენ რამდენჯერმე, რომ დაეცალათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ნებაყოფლობით გაეტანათ თავიანთი ნივთები, რსაც შედეგი არ მოჰყოლია. ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დღემდე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები. მათი ამგვარი მოქმედებით მოსარჩელეს ადგება გამოუსწორებელი ზიანი, ვერ სარგებლობს კუთვნილი ფართით და ვერ ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფაქტობრივ ბატონობას და მფლობელობას.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადებულად იქნეს ცნობილი ა--------------სა და ზ-------------------ვს შორის 1946 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და თ---------ას მიეკუთვნოს ნ--–---------–-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისის, მ-------–--ის ქ. N60-ში, შენობა N2/1 – 35.33 კვ.მ და შენობა N3/1 – 2.95 კვ.მ, ს/კ 01.12.13.087.0--.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
თ---------ას ნათესავმა ა--------------მ, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ---------------ასთან 1946 წლის 30 დეკემბერს ზ-------------------ვისგან 13 000 მანეთად შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, მ-------–--ის ქ. N60-ში (ს/კ01.12.13.087.0--) 35.33 კვ.მ ფართი. ქონების შეძენის შემდგომ მყიდველმა გააუმჯობესა შეძენილი ფართი, მათ შორის მიაშენა აბაზანა-საპირფარეშო. მ---------------ა იყო თ---------ას ბებიის (ვ--–-------------ას) მამიდა. თ---------ას მშობლები დედა ე-–----------------ა და მამა რ------------ა, როგორც ზემოთ ხსენებული პირების ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ზ/აღნიშნულ მისამართზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ 1964 წლის 14 ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი თ---------ა, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს ზ/სხენებულ მისამართზე და უკავია 38.28 კვ.მ ფართობი შენობა N2/1 და N3/1 (მიშენებული აბაზანა-საპირფარეშო). ა--------------ს და მ---------------ას (ყურუას) და თ---------ას აღმავალი შტოს გარდაცვალების შემდეგ მათი დანაშთი ქონება ფაქტობრივი მფლობელობით მიიღო თ---------ამ, რომელიც სადავო ბინაში ცხოვრობს დაბადების დღიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ---------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმად, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების’’ შესახებ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა წარმოადგენს მოსარგებლეს და გაუმართლებელია მის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით. მოპასუხის მითითებით. ა--------------მ 1946 წლის 30 დეკემბერს ზ-------------------ვისაგან შეიძინა 35.33 კვ.მ ფართობი 13 000 მანეთად, რომელსაც მოგვიანებით მიაშენა 2.95 კვ.მ საპირფარეშო. ა-------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ---------------ასთან, ხოლო მ---------------ა იყო მოპასუხის ბებიის (ვ--–-------------ას) მამიდა. საგულისხმოა, რომ თ---------ას მშობლები, დედა - ე-–----------------ა და მამა - რ------------ა ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე და მათ თანაცხოვრების პერიოდში 1964 წლის 14 ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი თ---------ა, რომელიც დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რეგისტრირებულია სადავო ფართში და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
2.2. მოპასუხეებმა ი-------------–მა და ნ----------–--ემ წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ი-------------–ისათვის არ ყოფილა ცნობილი ბანკის მიერ ბინის გაყიდვის თაობაზე, იგი მიწვეული არ ყოფილა და არც რაიმე შეტყობინება მიუღია აღნიშნულის თაობაზე. მოპასუხეთა მტკიცებით უკანონოდ განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის გამოც მოთხოვნა უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეთა მტკიცებით ისინი კანონიერად ფლობენ სადავო უძრავ ნივთს.
2.3. მოპასუხე ე-–------------------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია. მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის შესაბამისად, იგი სარჩელს არ ცნობს.
2.4. მოპასუხე ნ--–---------–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო შეგებებული სარჩელი მის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე მითითებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ--–---------–-ას საკუთრებაში ირიცხება, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ე. მ-------–--ის (თ----------ე) ქუჩა N60, ს/კ 01.12.13.087.0--. [საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ნ--–---------–-ა მესაკუთრედ დარეგისტრირდა 13.05.2019 წლიდან].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16).
3.1.2. ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. თბილისი, ე. მ-------–--ის (თ----------ე) ქუჩა N60, ს/კ 01.12.13.087.0--) არის მოპასუხეების: თ---------ას, ი-------------–ის, ნ----------–--ისა და ე-–------------------ას მფლობელობაში. ამასთან, მოპასუხე თ---------ას ინდივიდუალურ მფლობელობაშია სადავო უძრავი ნივთის ნაწილი (35.33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 2.95 კვ.მ საპირფარეშო).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
[საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა მოპასუხეების: თ---------ას, ი-------------–ის, ნ----------–--ისა და ე-–------------------ას მფლობელობაშია დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ].
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთს მოპასუხეები ფლობენ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო სადავო შემთხვევაში, მოპასუხეებს ვერ განიხილავს ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებად, მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალია მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რადგანაც სარჩელით მოთხოვნილია უძრავი ნივთიდან 4 პირის გამოსახლება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს მათი მფლობელობის მართლზომიერების საკითხი. მოპასუხეებს - ი-------------–ს, ნ----------–--ესა და ე-–------------------ას არ მიუთითებიათ მათი მფლობელობის მართლზომიერების დადასტურებისათვის შესაბამისი გარემოებებისათვის და არ წარმოდგენილა არავითარი ვარგისი მტკიცებულება, რასაც შესაძლოა გაემართლებინა მათი მფლობელობა. გარემოება, რომ მოპასუხეები წლებია ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე და სადავოდ ხდიან მათი უძრავი ნივთის ბანკის მიერ რეალიზებას არ ცვლის მესაკუთრის უფლებას მოითხოვოს საკუთრების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვა. ამავდროულად აღნიშნული შედავება მათ არ ანიჭებთ ნივთის ფლობის უფლებას, რაც ერთობლიობაში წარმოშობს მესაკუთრის მოთხოვნის რეალიზების საკმარის საფუძველს.
რაც შეეხება, მოპასუხე თ---------ას, მისი მხრიდან წარმოდგენილია, როგორც შესაგებელი, ასევე შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხე ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ იგი მიჩნეული უნდა იქნეს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლედ, რომელსაც გააჩნია უძრავი ნივთის კონკრეტული ნაწილის ფლობის უფლება. თ---------ას მიერ წარმოდგენილია 1946 წლის 30 დეკემბრის ხელწერილი, რომლის შესაბამისადაც ზ-------------------ვისაგან 13 000 მანეთად უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, მ----------–ის (იგივე მ-------–--ე/თ----------ე) ქ. N60 (საცხოვრებელი ფართი 35.33 კვ.მ და საპირფარეშო 2.95 კვ.) შეიძინა ა--------------მ. თ---------ას მითითებით, ა-------------- იყო მ---------------ას მეუღლე, რომელიც იყო მოპასუხის ბებიის (ვ--–-------------ას) მამიდა. თ---------ას მშობლები ე-–----------------ა და რ------------ა ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, თავად თ---------ა დღემდე ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ სადგომში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისი სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, თ---------ა მისამართზე - ქ. თბილისი, მ-------–--ის ქუჩა N60 რეგისტრირებულია 1981 წლიდან. თ---------ას კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებები და ქვითრები. შეგებებული სარჩელის ავტორმა წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, რომლებზე დაყრდნობითაც იგი მოითხოვს მის მოსარგებლედ მიჩნევასა და შესაბამისად საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში აღრიცხვას. საგულისხმოა, რომ თ---------ას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უშუალო კავშირი 1946 წელს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებთან მიმართებით, წარმოადგენს თუ არა იგი იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც მოსარგებლეობის უფლება მინიჭებული ექნებოდა, როგორც ა--------------ს უფლებამონაცვლეს. ამავდროულად, არ დგინდება, თავად უძრავი ნივთის თავდაპირველი გამსხვისებლის ზ-------------------ვის უფლებამოსილება განეკარგა სადავო უძრავი ნივთის შესაბამისი ნაწილი. ამდენად, მიუხედავად სპეციალური კანონით განსაზღვრული შესაბამისი მტკიცებულებების (რეგისტრაცია და კომუნალური მომსახურების გადახდა) არსებობისა თ---------ა შესაბამისი კავშირის დაუდგენლობის საფუძვლით ვერ განიხილება კანონის მიზნებიდან გამომდინარე უფლებამოსილ პირად. მართალია მოპასუხის მიერ წარმოდგენილია გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობს გარკვეულ უფლებებს, თუმცა თ---------ამ ვერ უზრუნველყო მისი უშუალო კავშირისა და შესაბამისად უფლების დადასტურება, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოება, რომ ხელშეკრულება დადებულია შესაბამისი უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ, რაც ამ მხრივ გამორიცხავს შეგებებული სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნისა და ამავდროულად შესაგებლის გაზიარების შესაძლებლობას.
მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ ნ--–---------–-ას საკუთრებაში ქონება აღირიცხა 2019 წლის 13 მაისს, შესაბამისად მოპასუხეებს თუ მიაჩნიათ, რომ მათი უფლება შელახულია, აღნიშნულზე მოპასუხედ ნ--–---------–-ა ვერ განიხილება და მათ შეუძლიათ შესაბამისი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ედავონ სხვა სათანადო სუბიექტებს, რომელთა ქმედების საფუძველზე განხორციელდა სადავო უძრავი ნივთის გასხვისება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ--–---------–-ას სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ---------ას შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები;
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, რომლის შესაბამისადაც, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ნ--–---------–-ას სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
ამასთანავე, სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ვინდიკაციური მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicatones). ნივთი, სსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით კი, არის სსკ-ს 148-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. ამდენად, ვინდიკაციის საგანი შესაძლოა იყოს მოძრავი ან/და უძრავი ნივთი და იგი ფართო გაგებით ყველა ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) არ ვრცელდება.
6.2. როგორც აღინიშნა, ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. ნივთის ვინდიცირების შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის დამტკიცების შეუძლებლობა სარჩელის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მფლობელს, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევის შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მას ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ე. მ-------–--ის (თ----------ე) ქუჩა N60, ს/კ 01.12.13.087.0-- (235 კვ.მ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ--–---------–-ას საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.
ამავდროულად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ე. მ-------–--ის (თ----------ე) ქუჩა N60, ს/კ 01.12.13.087.0-- მოპასუხეების ი-------------–ის, თ---------ას, ნ----------–--ისა და ე-–------------------ას მფლობელობაშია.
ამდენად, სადავო შემთხვევაში სახეზეა ვინდიკაციური მოთხოვნის რეალიზების ორი წინაპირობა და სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან მფლობელობის განხორციელების მართლზომიერების კვლევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ი-------------–მა, ნ----------–--ემ და ე-–------------------ამ ვერ დაადასტურეს მათი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა.
რაც შეეხება, მოპასუხე თ---------ას მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელსა და შესაგებელს, როგორც გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში აღინიშნა, იგი ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად ვერ მიიჩნევა მოსარგებლედ ან/და 2.2 მუხლით განსაზღვრულ მოსარგებლის უფლებამონაცვლედ, კერძოდ ნორმათა შესაბამისად, მოსარგებლე კანონის მიზნებიდან გამომდინარე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, მოხმობილი ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნეს მოსარგებლედ საჭიროა არა მხოლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა, არამედ ასევე უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გარიგების დადება, ამასთანავე რამდენადაც თ---------ა მიუთითებს მის წინაპრებზე მისივე მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა გარემოება, რომ სწორედ ის არის უფლებამოსილი პირი, გარიგების მონაწილეთა უფლებამონაცვლე, რომლიც ამავე კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად აღჭურვილია სპეციალური კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამდენად, გაუმართლებელია თ---------ას შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სპეციალური კანონის მე-3 მუხლიდან გამომდინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობასა და უძრავი ნივთის შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხვასთან მიმართებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები სადავო ნივთს ფლობენ კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელე ნ--–---------–-ას აქვს უფლება გამოითხოვონ ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მის აუცილებლობას და იმ ზიანის არსებობას, რომელიც მას ადგება გადაწყვეტილების დროული აღუსრულებლობით. რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სსსკ-ს 41.1. მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 39.2. მუხლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაბამისად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სსსკ-ს 46.1 მუხლის ,,ი’’ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
ამდენად, მოხმობილი ნორმის შესაბამისად შეგებებული სარჩელის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ამავდროულად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებით, თანახმად სსსკ-ს 55.3 მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 263-ე, 2671, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--–---------–-ას სარჩელი თ---------ას, ი-------------–ის, ნ----------–--ისა და ე-–------------------ას მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ნ--–---------–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ე---------------–--ის (ყოფილი თ----------ის) N60, ს/კ 01.12.13.087.0-- გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეთა: ი-------------–ის, თ---------ას, ნ----------–--ისა და ელზა ტერაზოვას უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
3. მოპასუხეებს თ---------ას, ი-------------–ს, ნ----------–--ესა და ე-–------------------ას მოსარჩელე ნ--–---------–-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 60 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. ნ--–---------–-ას მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის ნაწილში (მე-4 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. თ---------ას შეგებებული სარჩელი ნ--–---------–-ას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე