გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/219-18 (180310518002591082)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - მა--------------ე
მოპასუხე - თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მა------------–--–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №1- საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
1.2.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №2-- განკარგულების ბათილად ცნობა;
1.3.თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ----------------ავში მდებარე 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2019 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1.მა--------------ის სახელზე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყ------------–ი რეგისტრირებულია 6-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №73.10.2-.7--.
აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა N2----, დამოწმების თარიღი - 03/10/201- წელი, ასევე უძარავი ქონების ნაჩუქრობის ხელშეკრულება N1-1----, დამოწმების თარიღი - 30/10/2007 წელი.
სამკვიდრო მოწმობის მიხედვით დადგენილია, რომ 2007 წლის 19 მარტს გარდაცვლილი ჰა--–--------–--–-ილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი არიან თანასწორ წილში შვილები - მოსარჩელე მა--------------ე და სა-–---------–--–---–ი, ხოლო ნაჩუქრობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ კუთვნილი წილი სა-–---------–--–---–მა აჩუქა მა--------------ეს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 27);
-ნაჩუქრობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2018 წლის 03 აპრილს მა--------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ----------------ავში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 73.10.2-.7--) მომიჯნავედ მდებარე 5-- კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40);
-რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);
-სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 113);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.08.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.1.3.მა--------------ის განცხადება და თანდართული სარეგისტრაციოდ დოკუმენტაცია, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე ილ-----------–ის და შა-–---–---–-----ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები (წერილობითი ჩვენებები), განსახილველად გადაეგზავნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40);
-განცხადებები - მოწმის ჩვენებები (ს.ფ. 24-25);
-რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);
-სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 113);
-სადავო აქტები (ს.ფ. 62-67);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.08.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა მიწის ადგილზე დათვალიერება და შედგა ოქმი.
ოქმში აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც დაინტერესებულია მოსარჩელე მხარე, ,,მოქცეულია მყარ საზღვრებში, წარმოადგენს ცალკე ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს ცალკე შესასვლელი ჭიშკრით, დგას ერთი ვაშლის ხე და ერთი ტყემალი, დანარჩენი ველურად მოსული ბუჩქი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40);
-რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);
-სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 113);
-სადავო აქტები (ს.ფ. 62-67);
-განცხადებები - მოწმის ჩვენებები (ს.ფ. 24-25);
-აქტი (ს.ფ. 112);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.08.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.2. 2018 წლის 04 ივლისს გაიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, რის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი არ ყოფილა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს განცხადება, რის შედეგად იმავე დღეს კომისიამ მიიღო №1- საოქმო გადაწყვეტილება და №2-- განკარგულება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მა--------------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და მოსარჩელის ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40);
-რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);
-სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 113);
-განცხადებები - მოწმის ჩვენებები (ს.ფ. 24-25);
-სადავო აქტები (ს.ფ. 62-67);
-აქტი (ს.ფ. 112);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 23.08.2019 წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმის ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა''.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განცხადება წარდგენილია 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რისი უფლებაც მას ჰქონდა თანახმად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტისა, რომლითაც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული ნორმა გამოხატავს თვითნებურად დაკავების ფაქტის რამოდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს საქმის განხილვით იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. მითითებულ შემთხვევათაგან მოსარჩელის მოთხოვნას შეესაბამება მითითებული ნორმის მეორე წინადადება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 27.07.2007 წლამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოსაგან შეფასების საგანია საკითხი მასზედ, მიადგა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელეს.
6.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა სტანდარტის ვალდებულება, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
ამ კუთხით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
დადგენილია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შევიდა მოსარჩელის განცხადება მოსარჩელემ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და მოპასუხეს წარედგინა მოსარჩელის ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი.
ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება აღნიშნული კანონის შესახებ, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას’’.
დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და N73.10.2-.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6-- კვ.მ. მიწის ნაკვეთის გვერდით. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განახორციელა მიწის ადგილზე დათვალიერება და შეადგინა აქტი, რომელშიც მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი ,,მოქცეულია მყარ საზღვრებში, წარმოადგენს ცალკე ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს ცალკე შესასვლელი ჭიშკრით, დგას ერთი ვაშლის ხე და ერთი ტყემალი, დანარჩენი ველურად მოსული ბუჩქი’’. აღსანიშნავია, რომ აქტში მითითებული გარემოება ცალსახად მეტყველებს მოსარჩელის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტზე, რასაც ადასტურებს ასევე ერთი მხრივ, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია (იხ. 23.08.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი), რომლითაც იგი არ უარყოფს მოსარჩელის მხრიდან სადავო ქონების ფლობის ფაქტს, და მეორე მხრივ, სხდომაზე დაკითხული წყ----------------ავში მცხოვრები მოწმე ილ-----------–ი, რომელმაც სასამართლოს უჩვენა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს მა--------------ის ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა, მოწმემ დადასტურებულად აღნიშნა, რომ 2000 წელს სადავო მიწის ნაკვეთი შემოკავებული იყო და იგი უვლიდა მას მოსარჩელის ოჯახის მითითებით. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობითაც აღნიშნულ უძრავი ქონებით სარგებლობს მა--------------ე. მსგავსი შინაარსის შემცველი ინფორმაცია დაადასტურა თიანეთის რაიონის სოფელ წყ------------–ი მცხოვრებმა შა-–---–---–-----მა სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებით.
რაც შეეხება სადავო განკარგულებაში მითითებულ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტს მასზედ, რომ მა--------------ის სახელზე რეგისტრირებული 6-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა 2007 წლის ოქტომბრის თვეში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ, სასამართლო ასევე მიიჩნევს დაუსაბუთებლად, რადგან აღნიშნული კანონი ითხოვს ერთმანეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან კანონის ამოქმედების მომენტისათვის ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ანდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, ამჟამად რეგისტრირებულ 6-- კვ.მ. ნაკვეთზე მა--------------ემ მემკვიდრეობა მიიღო 2007 წლის 19 მარტს გარდაცვლილი მამის ჰა--–--------–--–-ილისაგან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის - მა--------------ის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - 19.03.2007 წლიდან. აღნიშნული ნორმის და 1421-ე მუხლის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღებს მემკვიდრეობას. მა--------------ის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დასტური კი საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობაა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობა და მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობდა 2007 წლამდე, რაც კომისიას არ შეუსწავლია.
6.4.მოსარჩელემ ასევე მიუთითა მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არ ყოფილა მიწვეული მოპასუხის მიერ. ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს შემდეგ სამართლებრივ ნორმებს:
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა.
,,საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით; ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნული კოდექსის 108-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას; დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ხოლო 100-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად; მოსაწვევში მიეთითება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლო უბრუნდება ,,საკუთრების უფლების აღიარების წესს’’ და აღნიშნავს, რომ მასში მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებული ნორმების მსგავსი წესები. კერძოდ, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ასევე მოცემულ ვითარებაში, სადავო საკითხზე ყურადსაღებია მე-13 მუხლი, რომლითაც კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია (პირველი პუნქტი); კომისია ვალდებულია, 2 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე, წერილობით აცნობოს ინფორმაცია, მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ (მე-2 პუნქტი); დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (მე-4 პუნქტი). ამასთან, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება (მე-5 პუნქტი).
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა მოეწვია მოსარჩელე მხარე ზეპირი მოსმენის სხდომაზე და თუნდაც ამ გზით მიეცა მისთვის შესაძლებლობა განცხადება განხილულიყო მოსარჩელის მონაწილეობით, რასაც ცხადყოფს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის დებულება და რომლის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხელმისაწვდომობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევის პრინციპის დაცვას, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობით, დაინტერესებული პირისაგან მოსაზრებისა თუ შუამდგომლობის წარმოდგენის საფუძველზე მიიღება როგორც დამატებით ზეპირი, ისე წერილობითი ინფორმაცია, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს განსხვავებული ფაქტების დადგენისა.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმები დაინტერესებულ მხარეს უტოვებს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის უფლებას, რაც მას წარმოეშობა პროცესში მოწვევის შემთხვევაში. მართალია კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული მხარის სავალდებულო დასწრების უზრუნველყოფას, თუმცა მისი ვალდებულებაა აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული მხარეს, რაც განსახილველ ვითარებაში უგულებელყოფილი იქნა კომისიის მიერ. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
შეტყობინების გაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობის ფონზე, სახეზეა დაინტერესებული მხარის აზრის გამოთქმის უფლების ხელყოფის ფაქტი, მოსარჩელეს არ მიეცა საკუთარი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს (მსგავს დავაზე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1091-1047(კ-09), 14 იანვარი, 2010 წელი).
6.5.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ არსებობს, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებები ბათილია, მიღებულია კანონის დარღვევით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მხარისათვის დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ბარიერის არარსებობის პირობებში, კომისიამ უნდა მიიღოს ახალი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უღიარებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ----------------ავში მდებარე 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილება;
1.2.ბათილად იქნეს ცნობიილი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის N2-- განკარგულება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3.თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წ----------------ავში მდებარე 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მა--------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა ქუჩა 1-).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა