გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119002942702
#2/821-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.10.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს თ----------ი
წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;
მოპასუხე - თ-------------ე;
წარმომადგენელი - მ--–------------------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ-------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 815.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9049.41 ლარი, პროცენტი 1270.99 ლარი, ჯარიმა 2473.5 ლარი და დაზღვევა 21.43 ლარი.
1.2. თ-------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 08 აპრილიდან - 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9049.41 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 135.74 ლარს.
1.3. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 08 აპრილიდან, 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9049.41 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 24.43 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
1.4. თ-------------ეს- სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს თ----------ს და თ-------------ეს შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის # 2-------9------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა 1099 დღე (2020 წლის 27 ოქტომბრამდე), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2018 წლის 27 ივლისიდან, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს გადახდის გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულებას, 2019 წლის 8 აპრილის მდგომარეობით 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის # 2-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 12 815.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9049.41 ლარი, პროცენტი 1270.99 ლარი, ჯარიმა 2473.50 ლარი და დაზღვევა 21.43 ლარი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი ადგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა. დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ-------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის 9049,41 ლარის და სარგებლის 1270,99 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო 1 წლის პერიოდზე დასარიცხი ოდენობის შესაბამისად. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, თ-------------ე 8 თვის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა მოსარჩელის წინაშე არსებულ ვალდებულებას, განმარტა, რომ სესხზე რიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მისი შემცირება. (იხ. შესაგებელი. 15.10.2019წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს თ----------ს და თ-------------ეს შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის #2-------9------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა 1099 დღე (2020 წლის 27 ოქტომბრამდე), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 24.10.2017 წ. საბანკო კრედიტის შესახებ # 2-------9------ ხელშეკრულება;
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2018 წლის 27 ივლისიდან, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს გადახდის გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულებას, 2019 წლის 08 აპრილის მდგომარეობით 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის # 2-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 12 815.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9049.41 ლარი, პროცენტი 1270.99 ლარი, ჯარიმა 2473.50 ლარი და დაზღვევა 21.43 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის (1.2. მოთხოვნა) და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება საბანკო კრედიტის შესახებ # 2-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12 815.33 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400-361-ე, 411-ე, 412-ე, 394-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ-------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ძირი თანხის 9049,41 ლარის, სარგებლის 1270,99 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის არაუმეტეს 1 წლის პერიოდზე დასარიცხი ოდენობის შესაბამისად (რაც შეადგენს 1628,89 ლარს). მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს თ----------ს და თ-------------ეს შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ #2-------9------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა 1099 დღე (2020 წლის 27 ოქტომბრამდე), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თავდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
2019 წლის 08 აპრილის მდგომარეობით 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის # 2-------9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 12 815.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9049.41 ლარი, პროცენტი 1270.99 ლარი, ჯარიმა 2473.50 ლარი და დაზღვევა 21.43 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის შესახებ # 2-------9------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, თ-------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - თ-------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2017 წლის 24 ოქტომბერს სს თ----------სა და თ-------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,27%-ის ოდენობით დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა (სსკ 417-ე მუხლი). 2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0,27%-ის დაკისრების შესახებ არ გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეადგენდა 0,5%-ს, რაც ასევე არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. შესაბამისად, 1.1. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 247,35 ლარის გადახდა, ხოლო 1.3. მოთხოვნიდან გამომდინარე თ-------------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 24.10.17წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 9049.41 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 4,5 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 358,47 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200,15 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკსირებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 10589,18 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 9049,41 ლარს, საპროცენტო სარგებელი 1270,99 ლარს, პირგასამტეხლო 247,35 ლარს, დაზღვევა 21,43 ლარს.
3. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9049,41 ლარზე, 2019 წლის 08 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს წლიური 18%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 135,75 ლარს.
5. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ, 2017 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9049,41 ლარზე, 2019 წლის 08 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4,5 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის).
6. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200,15 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 150,15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
7. თ-------------ეს - სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების 150 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.
8. სს თ----------ს დაუბრუნდეს 2019 წლის 10 აპრილს სარჩელის აღძვრის გამო სს თ----------ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 358,47 ლარი (საგადასახადო დავალება №2), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 3--------.
9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე