გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
330210019002974272
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/9530-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.10.2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე ე------- ბ---–-----ე,წარმომადგენელი ნ----- პ-----–---–-,მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,წარმომადგენელი ფ------ ჩ----ე,დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, თანხის გადასახდელად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ: ე------- ბ---–-----ისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება და შესაბამისი ანაზღაურების - 850 ლარის დანიშვნა.

1.2. ე------- ბ---–-----ეს დაენიშნოს ემერიტუსის წოდების შესაბამისი ანაზღაურება თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან - თვეში 850 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1969 წლიდან - 2006 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 01.09.2006 წლამდე იგი იყო მოპასუხესთან პროფესორის პოზიციაზე დასაქებული და ეკავა კათედრის გამგის თანამდებობა.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომის წიგნაკიდან ამონაწერის ასლი ს. ფ. 15-17.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. მოსარჩელემ მოპასუხე სასწავლო დაწესებულებაში 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო ნაშრომი, ხოლო 1987 წელს სადოქტორო დისერტაცია.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მოპასუხე დაწესებულებაში დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა 01.09.2006 წელს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

11.05.2018 წლის წერილის ასლი ს.ფ. 47-48.

შრომის წიგნაკიდან ამონაწერის ასლი ს. ფ. 15-17.

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. მოსარჩელეს 01.09.2006 წლიდან - 26.09.2009 წლამდე მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო და ეკავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულების ასოცირებული პროფესორის პოზიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომის წიგნაკიდან ამონაწერის ასლი ს. ფ. 15-17.

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. მოსარჩელეს 2006-2009 წლებში 2018 წლამდე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით არ მიუმართავს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.

 

საქართველოს კონსტიტუცია.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო დაადასტურებს შრომის უფლების (განსაკუთრებით ამ უფლების დაცვის) მაღალ საკაცობრიო მნიშვნელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ უნდა იქნას განხილული გარკვეული გადახვევად, ან უფრო დაბალი სტანდარტის დადგენად ამ მნიშვნელოვანი უფლების დაცვის მოცემულობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კვლავ გააკეთებს გარკვეულ მიმოხილვას ამ უფლების არსისა და მისი დაცვის გარანტიების შემქმნელი საერთაშორისო თუ შიდა სამართლის წყაროების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;

 

1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

 

თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).

 

სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმაუნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ემერიტუსის წოდების მინიჭებას. სასამართლო ამ საკითხს განიხილავს სპეციალური კანონით დადგენილი დასაქმებულისატის შრომითი ურთიერტობის დასრულების შემდგომ განსაზღვრულ დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიების ჭრილში, რომელიც შრომის კოდექსიდან გამომდინარე შეიძლება მხარეთა შეთანხმებით განისაზღვროს, ასევე შესაძლებელია რომ კანონით იქნეს დადგენილი. შესაბამისად განსახილველი შემთხვევა სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც სპეციალური კანონით ხდება წოდების მინიჭება, რომელიც დამატებითი სოციალური დავის გარანტიებს განსაზღვრავს.

 

განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა არის სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომელიც კანონში შეტანიდან კანონის ამოქმედებამდე პერიოდულად განიცდიდა ცვლილებებს და რომელიც სპეციალურ კანონად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

სასამართლოს საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მიზანშეწონილად მიაჩნია ეტაპობრივად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რათა უფრო ნათელი გახდეს კანონმდებლის მიზანი და უფრო თვალსაჩინოდ გახდე დასაქმებულის უფლებრივი ასპექტები დამატებით სოციალურ დაცვის გარანტიებთან მიმართებით.

 

სასამართლო ზოგადად განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთის მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში.

 

კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

 

საქართველოს უზენაესი სასამრთლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ, ამავე დროს, წარმოადგენს კანონის განვრცობის საჭიროების შემოწმებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „გრამატიკული“ ინტერპრეტანციის მიზანია, დაადგინოს, ენობრივი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობით იხმარება კანონის სიტყვები ამ ენის მატარებელთა საზოგადოებაში და რა მნიშვნელობით იყენებს მათ კანონმდებელი. (რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, 53).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს. კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. (რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, 59). გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2004 წლის 21 დეკემბერს, რომელშიც კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: „1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება“.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნათელია რომ მითითებული მუხლის პირველი ნაწილი ეხებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მეცნიერ ან საზოგადო მოღვაწეს, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, შესაბამისად მასზე ამ მულის პირველი ნაწილი არ ვრცელდებოდა, ამასთან არც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება.

 

მითითებული მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად, ,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება“, ხოლო მე-3-ე პუნქტის თანახმად, „3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამასთან, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2004 წლის კანონის ზემოაღნიშნული მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნა ამავე კანონის გარდამავალი დებულებებით, კერძოდ კანონის 90.1. პუნქტით, რომლის თანახმადაც, აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

 

ის ფაქტობრივი გარემოება რომ კანონის ზემოთმითითებული მუხლის მოქმედება 2004-2006 წლებში შეჩერებული იყო, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. საგულისხმოა ისიც, რომ მიუხედავად უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 39.2 და 39.3 მუხლის მოქმედების შეჩერებისა, 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე, ვიდრე მოხდებოდა მისი ამოქმედება მუხლმა კვლავ განიცადა ტრანსფორმაცია.

 

კერძოდ, 2006 წელს მასში შევიდა ცვლილებები. ცვლილება შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტშიც, რომელშიც განსაზღვრული იყო სრული პროფესორი ცნება და მიეთითა „ჯ) სრული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას“.

 

ცვლილება შევიდა 39.2. და 39.3. მუხლებში და მათ შინაარსი განისაზღვრა შემდეგნაირად: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება“. „3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.“

 

შესაბამისად ცხადია, რომ მოსარჩელე კანონის ამოქმედებიდან 2004 წლიდან - 2006 წლამდე ვერ მიმართავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ემერიტუსის წოდების მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან მართალია მიღებული იყო კანონი, მაგრამ იგი ემერიტუსის წოდების მინიჭებასთნ მიმართებით არ მოქმედებდა, ვინაიდან შეჩერებული იყო. 2006 წელს კი შევიდა ცვლილება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმაში და სტატუსის მინიჭებისთვის უკვე აუცილებელი გახდა სრული პროფესორის თანამდებობის დაკავება.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2006 წელს იყო პროფესორი და ეკავა კათედრის გამგის პოზიცია. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ 2006 წლიდან - 2009 წლამდე მოსარჩელეს მოპასუხესთან ხელშეკრულების საფუძველზე ეკავა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა .

 

როგორც ზემოთ აღინიშნა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი 39.2. და 39.3. მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ანუ როგორც წესი 2009 წლის სექტემბრის თვეში, თუმცა ამ ნორმის ამოქმედებამდე 2009 წლის 26 ივნისის კანონით კვლავ ცვლილება შევიდა კანონის 39.2.მუხლში და მისი შინაარსი განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით.“

 

ამავე კანონში განხორციელებული ცვლილებებით მე-2 პუნქტს შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

 

„21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

 

22. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2009 წლის კანონი, უმაღლესი განთლების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე რომელიც მიღებულ იქნა 2009 წლის ივნისში, ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო მოსარჩელე ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2009 წლის 25 სექტემბრიდან. შესაბამისად ცხადია, რომ 2009 წელს როდესაც ამოქმედდა კანონი ახალი რედაქციით მოსარჩელეს არ ეკავა სრული პროფესორის თანამდებობა, მიუხადავად ასაკისა, რაც მისცემდა მას შესაძლებლობა მოეთხოვა ემერიტუსის სტატუსის მინიჭება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელე იმ ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციაში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რაც წარმოდგენს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თუნდაც არ ყოფილიყო სახეზე კანონის იმპერატიული ჩანაწერი, იმისთვის რომ მოხდეს უფლების რეალიზება უნდა განხორციელდეს ამისთვის სათანადო მოქმედება. კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო მიემართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განცხადებით და მოეთხოვა ემერიტუსის სტატუსის მინიჭება, რაც მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის მოპასუხესთნ შეწყვეტის მომენტიდან 25.09.2009 წლიდან მოყოლებული 2018 წლამდე არ განუხორციელებია.

 

მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მას სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მოპასუხისთვის არ მიუმართავს, ხოლო 2011 წელს მთლიანად შეიცვალა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის დებულებები და სხვაგვარად ჩამოყალიბდა. 2011 წლის რედაქციით უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება. ამავე კანონის 39.2. მუხლის თანახმად, კი საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. 39.3. მუხლის თანახმად, ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა.“.

 

ამდენად ნათელია, რომ გაუქმდა ასაკობრივი ცენზი და ემერიტუსის წოდების მინიჭების წესის და პირობების განსაზღვრა შესაძლებელი გახდა თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, ანუ მისი დებულების ან წესდების შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არცერთი მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან მიმართებით.

საბოლოოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება მეორე მოთხოვნაც - ემერიტუსის წოდების შესაბამის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (ზიანის ანაზაურება), რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნის თანმდევი შედეგი უნდა ყოფილიყო ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ ახალი ფაქტობრივი გარემოება მის მიმართ სხვა პირებთან შედარებით არათანაბარი მოპყრობის შესახებ (დისკრიმინაცია) გაჟღერდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რა უფლებაშიც იგი შეზღუდული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 მუხლით, რის გამოც სასამართლო მოსარჩელესთან მიმართებით მოპასუხის მხრიდან სავარაუდოდ არათანაბარ მოპყრობაზე ამ დავის გადაწყვეტის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ იქნა სახელმწიფო ბაჟი გადახდილია იგი სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას ან მოპასუხისათვის დაკისრებას არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი