გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/31505-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს “ლ-------------ი”
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოპასუხეები - ლ---- დ--------–--ე, ბ------ კ--–-------
წარმომადგენელი - თ----- ტ------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ეს (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 5700,13 ლარი, პროცენტი - 3555,95 ლარი და ჯარიმა 2050 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ე (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 370 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ე (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს „ლ-------------სა“ და ლ---- დ--------–--ეს შორის 2014 წლის 06 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------- შემდეგი პირობებით, კრედიტის მოცულობა - 8500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 30 ოქტომბერი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 11 აგვისტოს სს "ლ-------------სა" და ბ------ კ--–-------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შეთანხმების შესაბამისად, თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 27 050 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესით და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 30 იანვრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანებამ შეადგინა 12 306.08 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 6700.13 ლარი, პროცენტი 3555.95 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 2050 ლარი. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისთვის, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ესა (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 11306,08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5700,13 ლარი, პროცენტი 3555,95 ლარი, ჯარიმა 2050 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა ლ---- დ--------–--ემ და ბ------ კ--–-------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს და მიუთითეს, რომ სს ,,ლ-------------სა’’ და ლ---- დ--------–--ეს შორის ნამდვილად დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ლ---- დ--------–--ეს შეექმნა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის გამოც იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო და შესაბამისად, ვეღარ შეძლო სს ,,ლ-------------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა მას მალევე დაუკავშირდა სს ,,ლ-------------ის’’ წარმომადგენელი და შესთავაზა, რომ სესხის დინება შეწყდებოდა, არ სთხოვდა არც პროცენტს და არც პირგასამტხლოს, მხოლოდ ძირი თანხის - 5680 ლარის გადახდა მოუწევდა და მის მიერ გადახდილი თანხა გამოაკლდებოდა აღნიშნულ თანხას. მოპასუხე დასთანხმდა შეთავაზებას და თანხას იხდიდა ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მან ჯამში მხოლოდ 1680 ლარის გადახდა შეძლო და მოსარჩელის წინაშე ერიცხება მხოლოდ 4000 ლარის დავალიანება. სწორედ აღნიშნული თანხის ნაწილში ცნობენ მოპასუხეები მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს არ თანხმებიან (იხ. შესაგებელი).
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სს „ლიბერთი ბანაკსა“ და ლ---- დ--------–--ეს შორის 2014 წლის 06 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------- შემდეგი პირობებით, კრედიტის მოცულობა - 8500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 30 ოქტომბერამდე პერიოდი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 270,50 ლარი.
მითითებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის წესი, რომლის თანახმადაც, კრედიტის გადახდის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეცვლილიყო ბანკის შეხედულებისამებრ.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, კერძოდ, ხელშეკრულების ვადამდე მოშლა ან გაუქმება დასაშვებია შემდეგი საფუძვლებით - მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევაში, რაც საფრთხეს უქმნის ან საეჭვოს ხდის ამგვარი დამრღვევი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებას, წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი დანართებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევაში.
ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თანდართული დაფარვის გრაფიკის მიხედვით, სესხის თანხის გადახდა იწყებოდა 2014 წლის 23 სექტემბერს და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 30 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------- (ს.ფ. 16-21)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. 2014 წლის 11 აგვისტოს განცხადებით სოლიდარული თავდებობის შესახებ დასტურდება, რომ ბ------ კ--–------- თანახმა იყო ყოფილიყო სოლიდარული თავდები N0-------------- საბანკო კრედიტოს ხელშეკრულებისა, რომლის მხარეებიც იყვნენ ს/ს „ლ-------------ი“ და ლ---- დ--------–--ე.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2014 წლის 11 აგვისტოს სს "ლ-------------სა" და ბ------ კ--–-------ს შორის N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობად მიეთითა 27 050 ლარი (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24)
- N0--------------/1 თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25)
3.3. 2016 წლის 30 იანვრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 26-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.4. 2014 წლის 30 აპრილის გაფრთხილება ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხეებს წერილობით გაეგზავნათ საცხოვრებელ მისამართზე, მოგვიანებით კი გაზეთის მეშვეობით ეცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 ოქტომბრის წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 29)
- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 30)
- ამონაწერი გაზეთიდან (ს.ფ. 31-33)
3.5. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე ლ---- დ--------–--ეს სარჩელის აღძვრის შემდეგ სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ გადახდილი აქვს 1000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვითრები (ს.ფ. 118-120)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეზე წაროდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის 2016 წელს ზეპირი შეთანხმების არსებობა, რომლის მიხედვითაც სესხის დინება შეწყდებოდა, მოპასუხეს ჩამოეწერებოდა პროცენტი და პირგასამტეხლო და მას მხოლოდ ძირი თანხის - 5680 ლარის გადახდა მოუწევდა, ხოლო გადახდილი თანხა გამოაკლდებოდა აღნიშნულ ძირ თანხას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მისი არსებული დავალიანება ამჟამად შეადგენს მხოლოდ ძირ თანხას 4000 ლარს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სრულდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო ნაწილობრივ კი - ჯარიმის ნაწილში.
6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეები მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 6 აგვისტოს N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანება სცნო სესხის ძირითადი თანხის 4000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ს/ს „ლ-------------სა” და ლ---- დ--------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე 2018 წლის 30 ოქტომბრამდე ვადით გაიცა კრედიტი 8500 ლარის ოდენობით, წლიური სარგებელი 24%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით.
მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით გაფორმდა რა ხელშეკრულება, შესაბამისად, მან თითოეული მხარის მიმართ წარმოშვა როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. ასევე აღსანიშნავია სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ლ---- დ--------–--ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 270.50 ლარი, რომლითაც იფარებოდა როგორც ძირითადი თანხა, ასევე სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს და სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ამასთან მოსარჩელემ გააფრთხილა მოვალეები და დაუწესა 5 დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც კრედიტორმა მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, ამასთან, მითითებული დროისთვის დაიანგარიშა მოპასუხეთა დავალიანება მის მიმართ და მომართა სასამართლოს.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის შემოტანის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილი 1000 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის საფუძველზე,1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმეზე წარმოდგენილი 2014 წლის 11 აგვისტოს განცხადებით სოლიდარული თავდებობის თაობაზე და იმავე დღით დათარიღებული თავდებობის N0--------------/1 ხელშეკრულების საფუძველზე, ბ------ კ--–-------მ იკისრა ვალდებულება ლ---- დ--------–--ის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში როგორც თავდებმა, რომელიც აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულად აგებდა პასუხს N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესრულებაზე 27050 ლარის ფარგლებში.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებითა და წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარულ თავდებ ბ------ კ--–-------ს მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2050 ლარიდან 800 ლარამდე.
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 6 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლის აღსასრულებლად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება და მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსასრულებლად მიქცეული.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნეს, მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 370 ლარიდან 120 ლარი და შემცირებული სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე - 30 ლარი, სულ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 370 ლარიდან 150 ლარი. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 181,68 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ს/ს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ლ---- დ--------–--ისა და ბ------ კ--–-------ს მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ეს (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 5700,13 ლარი, პროცენტი - 3555,95 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 800 ლარის ოდენობით გადახდა. სოლიდარული თავდები პირის ბ------ კ--–-------ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს თავდებობის ზღვრული თანხით 27 050 ლარით.
2. მოსარჩელე მხარის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 370 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ე (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 181,68 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 370 ლარიდან 150 ლარი.
5. მოპასუხეებს ლ---- დ--------–--ე (პ/ნ N0----------) და ბ------ კ--–-------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის 21 ლარის ანაზღაურება.
6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ საჩივრდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე