გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2961689-2/256-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - კ----- ა-------
წარმომადგენელი - ლ-------–--–-----, გ-----------------, ა-–---------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,კ-----’’
წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–-, ლ-----------
მოპასუხე - ნოტარიუსი რ--------- ფ----- (დასწრების გარეშე)
მოპასუხე - ი/მ ს-------- გ-----–--ე (დასწრების გარეშე)
მესამე პირი-აღსრულების ეროვნული ბიურო, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მ--–-----–----–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და გაუქმდეს 2013 წლის 21 ივნისის მოსარჩელე კ----- ა-------სა და შპს ,,კა---ს’’ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება N1--------.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 20 ივნისს შპს „კ-----'-სა (ს/ნ 2--------) და ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს (ს/ნ 0----------) შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად მყიდველი ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ემ შემდგომი რეალიზაციის მიზნით იყიდდა შპს ,„კ-----"-საგან მშრალი საწყობის პროდუქცია (ალკოჰოლური და სხვა სახის სასმელები). აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 21 ივნისს მოსარჩელე კ----- ა-------სა და შპს „კ-----'’ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ახალციხის რაიონი სოფელი მ----ე, მიწის ნაკვეთის ს/კ 6-.1-.5-.0-- ანუ აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილია მყიდველის ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ის ვალდებულებები შპს „კ-----'-ის წინაშე, ხოლო აღნიშნული ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა 2013 წლის 20 ივნისს შპს „კ-----"-სა და ი/მ „ს-------- გ-----–--ე'"-ს შორის დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული უძრავი ნივთი დაიტვირთა 80000 ლარის ფარგლებში
2018 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელეს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი 1------- (წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ), აღნიშნული წერილის შესაბამისად ირკვევა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტები ანუ სააღსრულებლო ფურცლები, რომლის მიხედვითაც ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს შპს „კ-----"-ის სასარგებლოდ გადასახდელად ეკისრება 2031-2,09 ლარი, ამასთან ნოტარიუსის რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტიდან ანუ სააღსრულებლო ფურცელიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2013 წლის 20 ივნისს შპს „კ-----"-სა და ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს შორის დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მითითებულ ვადებში (ვალდებულების შესრულების დრო 05.07.2017 წელი) და წინამდებარე სააღსრულებლო ფურცელის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზია.
ნოტარიუსის რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცელი არის უკანონო და ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან ნოტარიუსის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული 2013 წლის 20 ივნისს შპს „კ-----"-სა და ი/მ ,,ს-------- გ-----–--ეს" შორის დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მხარეების მიერ რამდენად არის შესრულებული და სააღსრულებლო ფურცელი სრულიად უკანონოდ არის გაცემული, როგორც ცნობილია შპს „კ-----'-ის წარმომადგენლებსა და ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს შორის ვერ მოხერხდა შეხვედრა და არსებული დოკუმენტების მიხედვით გარკვევა აქვს თუ არა ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს ჩვენს ნაწილში რაიმე დავალიანება, მოპასუხე ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ის განცხადებით მას მოარჩელის ნაწილში შპს „კ-----"-ის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია, რადგან დაფარული აქვს, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოპასუხე შპს „კ-----'-ს მოსარჩელისათვის არ მიუმართავს და რა უცნობები, რომ მხარე არ ასრულებდა ვალდებულებებს.
ნოტარიუსის რ--------- ფ-----ს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცელი არის უკანონო და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, კერძოდ: წარმოდგენილი სააღსრულებლო ფურცლის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 202082,09 ლარს, ხოლო მე-8 მუხლის მიხედვით კი: წინამდებარე სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონის ფორმით, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა შორის 2012 წლის 21 იანვარს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. მუხლთან რომლის მიხედვითაც იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა, რაც შეადგენს 80000 ლარს, მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია მხოლოდ 80000 ლარის ღირებულების ვალდებულება, მაშინ რატომ უნდა მოხდეს მოვალის მთლიანი აღსასრულებელი ვალდებულების 202082,09 ლარის ფარგლებში იპოთეკის საგნის რეალიზაცია, ამასთან დღეის მდგომარეობით მოცემული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება ბევრად მეტია 80000 ლარზე და მისი აუქციონით რეალიზაციის შემთხვევაში, რატომ უნდა დაიფაროს მეტი თანხა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტები ანუ სააღსრულებლო ფურცლები, რომლის მიხედვითაც ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს, შპს „კ-----'-ის სასარგებლოდ გადასახდელად ეკისრება 203102,09 ლარი ანუ გამოდის, რომ გარდა აღნიშნული 2013 წლის 20 ივნისს შპს „კ-----"-სა და ი/მ „ს-------- გ-----–--ე'-ს შორის დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებისა,“ ი/მ „ს-------- გ-----–--ე"-ს ასევე ჰქონია სხვა კიდევ 8 ხელშეკრულება და მას მთლიანობაში აქვს გადასახდელი აღნიშნული თანხა, აქედან გამომდინარე, #1-------- სააღსრულებლო ფურცელი ასევე იმიტომ არის უკანონო, რომ მასში მოცემულია ი/მ „ს-------- გ-----–--ე''-ის მიერ დადებული სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებათა ერთობლივი ჯამი და არა კონკრეტულად ნაწილში დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა, აქედან გამომდინარე მოსარჩელემ რატომ უნდა გადაიხადოს ის ვალი, რომელზედაც პასუხისმგებლობა არ აუღია, იმიტომ ხომ არა, რომ მისი ქონება ღირებულია და აუქციონზე ადვილად გაიყიდება.
მოსარჩელე თანახმაა გადაუხადოს სააღსრულებლო ბიუროს (კრედიტორს შპს „კ-----") 80000 ლარი, რის სანაცვლოდაც ითხოვს შეწყდეს იპოთეკის ხელშეკრულება და განთავისუფლდეს იპოთეკით დატვირთული ქონება ყველანაირი ვალდებულებიდან, 80000 ლარს მოსარჩელე შემდგომში ი/მ ს--------ი გ-----–--ეს წარუდგენს მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასამართლოსათვის მიმართვის გზით, რათა შესძლოს თავისი ქონების თავისუფლად განკარგვა, მაგრამ მოპასუხეები სწორედაც აღნიშნული უკანონო სააღსრულებლო ფურცელიდან გამომდინარე წინააღმდეგნი არიან და ითხოვენ მთლიანი 202082,09 ლარის დაფარვას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან თანახმა გააუქმონ აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება და გაანთავისუფლონ ქონება, მაგრამ მოსარჩელეს აღნიშნული პირობის შესრულების არც საშუალება არ ააქვს და არც ვალდებულება, აქედან გამომდინარე მოსარჩელე დგას თავისი ქონების მიზერულ ფასად დაკარგვის საშიშროების წინაშე, რითაც მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, სწორედაც აღნიშნული უკანონო სააღსრულებო ფურცელის გამო, რომელიც უშუალო ზიანს მიაყენებს, მოსარჩელე იძულებულია აღნიშნული 80000 ლარი გადაიხადოს, რომ არ დაკარგოს მიზერულ ფასად ძვირად ღირებული ქონება.
2013 წლის 21 ივნისს მოსარჩელე კ----- ა-------სა და შპს ,,კ-----"-ს შორის დადებული #1-------- იპოთეკის ხელშეკრულება, არის უკანონო და კაბალური, იგი უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა განხორციელდა ნდობის საფუძველზე და მოსარჩელე მას ხელს არ მოაწერდა და ხელშეკრულებასაც არ დადებდა მისი შინაარსი სათანადოდ, რომ სცოდნოდა, კერძოდ: ხელშეკრულებაში არ არის მისი მოქმედების ვადა, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. არც არის მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები, არ არის მითითებული ფორსმაჟორი, ხელშეკრულება გამომდინარეობს მხოლოდ შპს „კ-----'-ის ინტერესების შესაბამისად და მასში საერთოდ არ არის გათვალისწინებული მო სარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,კა---მა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,კა---მა’’ და ი/მ ს-------- გ-----–--ემ მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებთ წინასწარ არ განსაზღვრეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდნეობა, ხოლო რაც შეეხება მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკარი და მესაკუთრე შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის საგნით სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი მოვალე ი/მ ს-------- გ-----–--ის ვადლებულებები შპს ,,კ-----ს’’ წინაშე. მხარეთა შორის გაფრომებული ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფრომდა სხვადასხვა მესაკუტერსტან რამდენიმე იპოთეკის ხელშეკრულება ანუ ადგილი აქვს საერთო იპოთეკას, რომლის მოქმდების ერთადერთ მიზანს მოვალის ნაკისრი ვალდებულებები სრული მოცულობით უზრუნველყოფა წარმოადგენს. კრედიტორის აღსასრულებელი მოთხოვნის საერთო მოცულობა შეადგენს 2031-2.09 ლარს, რომლის დაკმაყოფილება სხვადასხვა იპოთეკის საგნით მოხდება იმ ფარგლებში, რომელშიც მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გამოცემული კანონის სრული დაცვით.
2.2. მოპასუხე ი/მ ს-------- გ-----–--ეს და ნოტარიუს რ--------- ფ-----ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სდომაზე გამოცახდებულან.
2.3. მესამე პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბირუროს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და შესაბამისად მიმდინარეობს წარმოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 20 ივნისს შპს ,,კა---სა’’ და ი/მ ს-------- გ-----–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველი ი/მ ს-------- გ-----–--ე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს გამყიდველისაგან შპს ,,კ-----საგან’’ მშრალი საწყობის პროდუქციას.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
20.03.2013წ. ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება NCAR/20/03/1-13.
3.1.2. 2013 წლის 21 ივნისს შპს ,,კა---სა’’ და კ----- ა-------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა ი/მ ს-------- გ-----–--ის ვალდებულებები შპს ,,კ-----ს’’ წინაშე. ი/მ ს-------- გ-----–--ის ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია შპს ,,კა---სა’’ და ი/მ ს-------- გ-----–--ეს შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის გენრალური ხელშეკრულება NCAR/20/06/1-13.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
21.06.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულება;
3.1.3. 2013 წლის 21 ივნისს შპს ,,კა---სა’’ და კ----- ა-------ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ახალციხის რაიონი, სოფელი მ----ე, ს/კ 6-.1-.5-.0-- იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 80000 ლარით. იპოთეკის გარიგების ღირებულება იპოთეკის თანხა - 80000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
21.06.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულება;
3.1.4. 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს რ--------- ფ-----ს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად იპოთეკის საგანი, კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 6-.1-.5-.0--, მიექცა აღსასრულებლად. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 202082.09 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
27.11.2018წ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
3.1.5. 2018 წლის 13 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მიმართა მოვალეს ი/მ ს-------- გ-----–--ეს და მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 27.11.2018წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რომლის მიხედვით ი/მ ს-------- გ-----–--ეს შპს ,,კ-----ს’’ სასარგბელოდ დაეკისრა 203102.09 ლარის გადახდა. ი/მ ს-------- გ-----–--ეს მიეცა წიანდადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სარეალიზაციოს მიექცევა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, მათ შორის კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 6-.1-.5-.0--.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 13.12.2018წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.1.6. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 12.04.2019წ. მომართვით დასტურდება, რომ კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ 6-.1-.5-.0--, აუქციონი არ არის დანიშნული.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
სამცხე-ჯავახეთის სააღრულებო ბიუროს 12.04.2019წ. მომართვა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნა ი/მ ს-------- გ-----–--ის ვალდებულება 80000 ლარის ფარგლებში.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა იპოთეკის თანხა 80000 ლარი, შესაბამისად, კ----- ა-------ი პასუხისმგებელია აღნიშნული თანხის ფარგლებში და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით ვალდებულის მოცულობის განსაზღვრა 202082.09 ლარით არასწორია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების 2.2. პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ ,,მხარეთა შეთანხმებით, იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა, რაც შეადგენს 80000 ლარს. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური თანხაა 80000 ლარი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ მითითებული თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს კ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ვადლებულების მოცულობის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ----- ა-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 316-ე, 286-ე, 302-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული 2013 წლის 21 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კი 2018 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუს რ--------- ფ-----ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1--------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებტან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით იგი არც შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკის ლეგიტიმურობა განისაზღვრება საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციით. ამასთან, მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, გარიგებაში აღინიშნება თუ არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა.
ამგვარი განმარტება გამომდინარეობს თვით იპოთეკის ნორმატიული ბუნებიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული(დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).
სასამართლო განმარტავს, რადგან იპოთეკა აქცესორული უფლებაა, იგი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ მოთხოვნასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გამოიყენება. ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის გაქარწყლება ან მისი სხვაგვარი შეწყვეტა ავტომატურად იწვევს იპოთეკის გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა კრედიტორის შემდეგ მოთხოვნას მოვალის მიმართ: შპს ,,კა---სა’’ და ი/მ ს-------- გ-----–--ეს შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის გენრალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. აღნიშნული ვალდებულებები ი/მ ს-------- გ-----–--ის მიერ არ შესრულებულა ყოველ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების მტკიცება მოსარჩელეს არ მოუხდენია საქმის განხილვის დროს და ამ მხრივ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. მოსარჩელე ასევე არ მიუთითებს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძვლის არსებობაზე, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება, როგორც წესი, კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ კრედიტორია პასუხისმგებელი ინფორმაციის სანდოობასა და სარწმუნოებაზე, რაც ასევე გამომდინარეობს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებიდანაც.
მოთხოვნის, ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მსჯელობის საგანს წარმოადგენს რამდენად მართებულად გაიცა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი.
საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებით რომლითაც დადასტურდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაწერის თაობაზე კანონით გათვალისწინებული წესით და მოსარჩელე ნოტარიუსის მიერ გაფრთხილებული იქნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. 21.06.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებულია, რომ ,,მხარეთა შეთანხმებით, იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა, რაც შეადგენს 80000 ლარს.’’ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული თანხის ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნა მისი ქონებით. მოპასუხე უარყოფს აღნიშნულს და განმარტავს, რომ ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება 202082.09 ლარით და სწორედ აღნიშნულ თანხაზე იქნა გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
,,ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება“ (იხ. სუსგ, საქმე №ას-1220-1480-09; 25.05.2010წ.).
სასამართლო განმარტავს, რომ ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ ი/მ ს-------- გ-----–--ე ეწეოდა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციას კ----- ა-------ისა და სხვათა კუთვნილი სასურსათო მაღაზიებისათვის საბოლოო რეალიზაციის მიზნით. კ----- ა-------მა რეალურად მისი ს-------- გ-----–--ისადმი არსებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ იპოთეკის გარიგების ღირებულება იქნებოდა იპოთეკის თანხა - 80000 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელემ იცოდა, რომ უზრუნველყოფილი ვალდებულების ოდენობა ვერ იქნებოდა 80000 ლარზე მეტი. თავის მხრივ გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული შპს ,,კა---სა და ი/მ ს-------- გ-----–--ეს შორის უზრუნველყოფილ იქნა სხვა პირების კუთვნილი უძრავი ქონებითაც. შესაბამისად, შპს ,,კ-----" უფლებამისილი იყო და ნოტარიუსი რ--------- ფ-----საც სააღსრულებო ფურცელი უნდა გაეცა იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული იპოთეკის თანხი 80000 ლარის ფარგლებში. არსებული ვალდებულების შესაბამისად. ხელშეკრულებაში ცალსახად მითითებულია, რომ იპოთეკის თანხა შეადგენს 80000 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გონივრული ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონების ღირებულება, როგორც წესი ტოლია ან აღემატება აზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობას. ხელშეკრულებაში კი პირდაპირ არის მითითებული რომ იპოთეკის საგნის ღირებულება 80000 ლარია.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შინაარსი უნდა განიმარტოს მხარეთა შეთანხმების მიზნებიდან და მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნა ი/მ ს-------- გ-----–--ის ვალდებულებები 80000 ლარის ფარგლებში და სწორედ აღნიშნული თანხის ფარგლებში უნდა მომხდარიყო სააღსრულებო ფურცლის გაცემა და კომპეტენტური ორგანოსათვის მისი წარდგენის შედეგად იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყება. შესაბამისად, არსებობს ნოტარიუს რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ----- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის რ--------- ფ-----ს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
3. მოპასუხე მხარეს ი/მ ს-------- გ-----–--ეს, შპს ,,კა---სა" და რ--------- ფ-----ს მოსარჩელე კ----- ა-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2400 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი