გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1226-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე - ე-------------–---ი
მოპასუხე - ს-------–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ი
მოპასუხის წარმომადგენელი - პ------–------–--ე
მოპასუხე - გ-------------------ი
დავის საგანი - მშობლის უფლების აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ე-------------–---ს (პირადი ნომერი 4----------) აღუდგეს ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№-------) შეზღუდული მშობლის უფლებები 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული შვილის – ა-------------------ის მიმართ.
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ე-------------–---ს ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება სხვა უფლების შეუზღუდავად, მისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ის იძულებული გახდა სამუშაოთ წასულიყო საბერძნეთის რესპუბლიკაში და თავის არასრულწოვანი შვილი ა-------------------ი დატოვა ბებიასთან. ორი წელია მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობს საკუთარ შვილთან ა-------------------თან ერთად და ახორციელებს მშობლის ყველა უფლებამოსილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
ს-------–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ის წარმომადგენელმა პ------–------–--ემ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო, ხოლო მოპასუხე გ-------------------ს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული ა-------------------ის დედა არის ე-------------–---ი.
მტკიცებულება: ა-------------------ის დაბადების მოწმობა.
3.1.2. ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე #-------) ე-------------–---ს და გ-------------------ს შეეზღუდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, დანარჩენი მშობლის უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად, 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული ა-------------------ის მიმართ.
მტკიცებულება: ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 12 იანვრის განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
3.1.4. ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ა-------------------ი ცხოვრობს დედასთან - ე-------------–---თან ერთად, ქ.რუსთავში, მ-----------------------------. ოჯახში ასევე ცხოვრობს ა------ას და მ-----------------–--ნი და ე-------------–---ის მეუღლე ზ----------------–---–ი. ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ოროთახიან ბინაში, საცხოვრებლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ადექვატურია საცხოვრებლად. დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ოჯახს აქვს შემოსავალი და უნარი ა-------------------ის საჭიროებების დაკმაყოფილების. პოზიტიურია დამოკიდებულება ა------ასა და დედას შორის, ბავშვს მოსწონს დედასთან ცხოვრება, თავის მხრივ ბავშვთან ურთიერთობისას პოზოტიურ დამოკიდებულებას ავლენს ე-------------–---ი. ა------ა თანახმაა დედას აღუდგეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
მტკიცებულება: ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ქ------------–---–ის 2018 წლის 14 ივნისის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ე-------------–---ს აღუდგეს, არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული ა-------------------ის მიმართ ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N-------) შეზღუდული მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან აღნიშნულის უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც თუ მას შეუსრულდა 10 წელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-------------------ი დატოვა დედამ ე-------------–---მა, ბავშვის დატოვების მიზეზს წარმოადგენდა მოსარჩელის სამუშაოდ საბერძნეთის რესპუბლიკაში წასვლა და ბავშვის დატოვება გახდა მიზეზი მის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისა და ბავშვის მიმართ მზრუნველობის დაწესებისა. ამჟამად ა-------------------ი ცხოვრობს დედასთან ე-------------–---თან ერთად. დედა-შვილს აქვთ პოზიტიური დამოკოდებულება ერთმანეთის მიმართ და ა-------------------ს, როგორც მან სასამართლოს სხდომაზე განმარტა, სურს, რომ დედას ე-------------–---ს აღუდგეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-------------–---ის სარჩელი დასაბუთებულია და მას უნდა აღუდგეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული ა-------------------ის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ-------------------ს ე-------------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურების მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ე-------------–---ს (პ/ნ 4----------) აღუდგეს, არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 20 აპრილს დაბადებული ა-------------------ის მიმართ ც------ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N-------) შეზღუდული მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
2. მოსარჩელე ე-------------–---ს (პ/ნ 4----------) უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს (საგადახდო დავალება №0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი/ხაზინა: სახაზინო კოდი: 300063150, ბანკის კოდი: TRESGE22.
3. მოპასუხე გ-------------------ს ე-------------–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი