გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/933-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე - ვ-–-------------–--–-ა
წარმომადგენელი - გ-------–-------ი
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების თანხის ანაზღაურება 7 750 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს და 2010 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში. 2014 წლის 28 აგვისტომდე ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ-------–---–--------------ში არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტში. მისივე განმარტებით, 2014 წლის 28 აგვისტოს მის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ოჯახს შორის გაფორმდა შეთანხმება მასზედ, რომ სამინისტროს მოთხოვნით დატოვებდნენ დაკავებულ ფართს და სამინისტრო მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე გადაუხდიდა ქირას 250 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქირის საფასური არ გადაუხადა 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის, ასევე, 2016 წლის იანვარი-მარტის თვეებში, რაც სასამართლო დავის საგანი გახდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მის სასარგებლოდ მიუღებელი თანხის ანაზღაურება 1250 ლარის ოდენობით და ასევე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ-–-------------–--–-ას ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მხარისათვის თანხის გადახდის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აუნაზღაურებია 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე არსებულ პერიოდში გასაცემი თანხა, რამაც შეადგინა 7 750 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ვ-–-------------–--–-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ვ-–-------------–--–-ას ოჯახი რეგისტრირებულია ნომრით 0--------. მითითებულ სარეგისტრაციო ნომერზე ვ-–-------------–--–-ასთან ერთად რეგისტრირებულნი არიან: მამა - ე-–-----------–--–-ა და დედა - ლ-------–--------ა.
ვ-–-------------–--–-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, გ-------–---–-------ში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში. 2014 წლის 28 აგვისტოს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მეორე მხრივ, ვ-–-------------–--–-ას, ე-–-----------–--–-ასა და ლ-------–--------ას შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება მასზედ, რომ დევნილთა ოჯახი სამინისტროს მოთხოვნისთანავე დატოვებდა მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს (მდებარე, ქ. თბილისი, გ-------–---–------), რის სანაცვლოდაც სამინისტრო უზრუნველყოფდა დევნილის ოჯახს 3 თვის ვადით ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე.
ვ-–-------------–--–-ა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ქირით ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, რისთვისაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ოჯახს ყოველთვიურად 250 ლარს უხდიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 13);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 13);
- 2014 წლის 28 აგვისტოს შეთანხმება (ს.ფ. 14);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-29).
3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვ-–-------------–--–-ას ოჯახს არ ჩაურიცხა 2015 წლის აგვისტო-სექტემბრის და 2016 წლის იანვარი-მარტის თვეების ქირის თანხა, რაც გახდა სასამართლო დავის საგანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილებით ვ-–-------------–--–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №0------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3-------- გადაწყვეტილებით ვ-–-------------–--–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №0------------ გადაწყვეტილება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ-–-------------–--–-ას ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ-–-------------–--–-ას სასარგებლოდ ბინის ქირის თანხის 1250 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №ბ------------------ განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3-------- გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 11 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3-------- გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-29);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 149-168);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №ბ------------------ განჩინება (ს.ფ. 42- 45);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის №3-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 18).
3.4. ვ-–-------------–--–-ამ 2018 წლის 19 ივნისს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის №3-------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სასამართლოს მიერ დაკისრებული 1250 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ-–-------------–--–-ას 2018 წლის 19 ივნისის №2------- განცხადება, დანართით (ს.ფ. 118-123).
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 მარტის №0------ წერილით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირს - ვ-–-------------–--–-ას, დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ჩაურიცხა 2014 წლის სექტემბერი-დეკემბერის, 2015 წლის იანვარი-ივლისის და ოქტომბერი-დეკემბრის თვეების თანხა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ - 2018 წლის ნოემბერი-დეკემბრის და 2019 წლის იანვარი-მარტის თვეების თანხა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 აპრილის №0-------- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ვ-–-------------–--–-ასთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, 3 თვის ვადით, თვეში 250 ლარის (2019 წლის აპრილი-ივნისი) ჩარიცხვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 5 მარტის №0------ წერილი (ს.ფ. 86);
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი №1---, დანართით (ს.ფ. 112-117);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №0-------- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 92-93);
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი №- (ს.ფ. 103-109);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №0-------- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 90-91);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 აპრილის №0-------- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 87-89);
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 12 აპრილის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 94-100).
3.6. ვ-–-------------–--–-ამ 2018 წლის 2 ნოემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის ნოემბრამდე არსებული დავალიანების ანაზღაურება, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ-–-------------–--–-ას 2018 წლის 2 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 46-48).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-–-------------–--–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე, ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების - 7 750 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
6.2. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული ასევე განმტკიცებული იყო საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 17 დეკემბერს ცვლილების განხორციელებამდე არსებული რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისროს მის სასარგებლოდ იმ თვეების ქირის ანაზღაურება, რომელიც გადახდაზეც უკანონოდ უარი ეთქვა. მისივე განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ არ უნაზღაურებდა კუთვნილ თანხას ყოველთვიურად, რამაც 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის ნოემბრამდე 7750 ლარი შეადგინა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 10 ოქტომბრიდან) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ხოლო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების მე-3 პუნქტით დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესამისად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ იკისრა შესაბამისი ვალდებულება დევნილი პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის დროებითი განსახლების წესი დარეგულირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-7 მუხლით, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-9 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შესაბამისი დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ვ-–-------------–--–-ა, რომელიც წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირს, ოჯახთან (მამა - ე-–-----------–--–-ა და დედა - ლ-------–--------ა) ერთად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, გ-------–---–-------ში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში. 2014 წლის 28 აგვისტოს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მეორე მხრივ, ვ-–-------------–--–-ას, ე-–-----------–--–-ასა და ლ-------–--------ას შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება მასზედ, რომ დევნილთა ოჯახი სამინისტროს მოთხოვნისთანავე დატოვებდა მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს (მდებარე, ქ. თბილისი, გ-------–---–------), რის სანაცვლოდაც სამინისტრო უზრუნველყოფდა დევნილის ოჯახს 3 თვის ვადით ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე.
ასევე, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ვ-–-------------–--–-ა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ქირით ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, რისთვისაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უხდიდა ყოველთვიურად 250 ლარს, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, 2015 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრის და 2016 წლის იანვარი-მარტის თვეების ქირა, რომელიც სამინისტრომ ვ-–-------------–--–-ას არ ჩაურიცხა, გახდა სასამართლო დავის საგანი.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3-------- გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ-–-------------–--–-ას ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მასვე დაევალა ვ-–-------------–--–-ას სასარგებლოდ ბინის ქირის თანხის 1250 ლარის (5 თვე X 250 ლარი) გადახდა, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ აღასრულა მხარის მოთხოვნით. ამასთან, წარმოდგენილი მასალების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ვ-–-------------–--–-ა დროებითი საცხოვრებელი ფართისთვის ქირას ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით იღებდა 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულდა ფორმალურად. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ვ-–-------------–--–-ას აუნაზღაურა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 5 თვის ქირა, მიიღო გადაწყვეტილება მისი ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა უგულებელყო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მხარეს ქირის გადახდა შეწყვეტილი ჰქონდა უკანონოდ. სასამართლოს დასკვნით, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ვ-–-------------–--–-ას მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებას შორის.
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მისი ბიუჯეტი შეზღუდულია, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის გადახდაზე გადაწყვეტილებას იღებს სამი თვის ვადით, სასამართლო ვერ გაიზიარებს. როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფომ, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სახით, აიღო ვალდებულება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე, მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, რასაც მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, აღნიშნული ვალდებულება მხარის მიმართ დადასტურდა 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ მითითებული შეთანხმებით ბინის ქირის თანხის ერთადერთი შეწყვეტის ერთადერთ საფუძვლად დაფიქსირდა ვ-–-------------–--–-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და ეს პირობა მოცემულ შემთხვევაში არ არის დამდგარი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების და გარემოებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კონკრეტულ პერიოდში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის თანხის გადახდაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უდავოდ ეკისრება ვ-–-------------–--–-ას მიმართ უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება,6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ-–-------------–--–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე, ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების თანხა 7 750 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-------------–--–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ-–-------------–--–-ას სასარგებლოდ 2016 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე, ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის დავალიანების თანხა 7 750 ლარის ოდენობით.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე