გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
330210019002922063
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6897-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სს „სა--------------------------------“

წარმომადგენელი - სა-–------------–-–---–ი

 

მოპასუხე - თა--------------–ი

წარმომადგენელი - ქე-----------------–ი

 

დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე თა--------------–ისათვის მოსარჩელიე სს „სა--------------------------------“-ს სასარგებლოდ 617,24 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მხარეთა შორის 2012 წლის 6 სექტემბერს გაფორმებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისზე. დამზღვევს უნდა გადაეხადა პრემია - 672,50 აშშ დოლარი 11 თვის განმავლობაში. პოლისი მოქმედებდა 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

 

მოპასუხემ გადაიხადა 55.26 აშშ დოლარი. 2018 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით კი დამზრვევს ერიცხება დავალიანება 617,24 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

შესაგებელში განმარტებულია, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა პრემიის გადახდის ვალდებულება, მან პირველად გადასახდელი პრემიის ოდენობაც (112,08 აშშ დოლარი) კი არ გადაიხადა სრულად. მზღვეველი, სსკ-ის 817-ე-818-ე მუხლებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, არ უნდა დალოდებოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას პრემიის გადახდის მოთხოვნისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 15 ივნისს მზღვეველს სს „სა-------------------------------სა“ და დამზღვევს თა-------------–ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება „ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პირობები“, რომლის საფუძველზე მზღვეველმა გასცა სადაზღვევო პოლისი, რომლის თანახმად დამზღვევსა და მოსარგებლეს წარმოადგენს თა-------------–ი, დაზღვევის ობიექტია ავტოსატრანსპორტო საშუალება „,ME----------Z”; “S500”; WDB2201751A450255; AL7410996; UU306YY; შავი.

 

პოლისის მიხედვით, სადაზღვევო რისკებს წარმოადგენდა: ავტომობილის დაზიანება/სრული განადგურება (გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, აფეთქებით, მეხის დაცემით, სხვადასხვა საგნის დაცემით, ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით); სეტყვა, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-3 პირის (გარდა მძღოლისა და მგზავრებისა) სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე ზიანის დადგომა; უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლისა და/ან მგზავრის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე ზიანის დადგომა.

 

პოლისის შესაბამისად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა ჯამურად 33 000,00 აშშ დოლარით, მხარეებმა ასევე შეათანხმეს სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი. დამზღვევს პრემია უნდა გადაეხადა 2016 წლის 06 სექტემბრიდან 2017 წლის 06 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად 56,04 აშშ დოლარი, გარდა პირველი თვისა - 112,08 აშშ დოლარისა. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის 6 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2016 წლის 15 ივნისს დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-29).

პოლისი (ს.ფ. 15).

 

3.1.2. სადავო არ არის გარემოება, რომ დამზღვევმა თა-------------–მა მზღვეველის სასარგებლოდ გადაიხადა 55,26 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 50-53).

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მზღვეველმა დამზღვევი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მზღვეველმა დამზღვევს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების არსებობის შესახებ, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე. საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ზეპირსიტყვიერად მითითებული გარემოება (რაც დადასტურების შემთხვევაში, შემდგომში, შესაძლოა ყოფილიყო მსჯელობის საგანი სსკ-ის 817-ე და 818-ე მუხლებით გათვალიწინებულ ფაქტობრივ შემადგენლობასთან მიმართებით).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, მე-8, 799-ე, 816-ე, 817-ე, 818-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს „სა-------------------------------ს“, როგორც მზღვევლსა და თა-------------–ს, როგორც დამზღვევს შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სკ-ის 799-ე მუხ.), კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება.

 

სსკ-ის 816-ე მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

 

სსკ-ის 799-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816–ე მუხლი). სამართლის თეორიაში რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება ისეთი ხელშეკრულებები, რომელთა ნამდვილობისთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, გამოხატული ნება, არ კმარა და კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მოქმედებების განხორციელებაა საჭირო.

 

უდავო გარემოებაა, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ დამზღვევმა ნაწილობრივ გადაიხადა პირველ ჯერზე შესატანი პრემია (112,08 აშშ დოლარიდან 55,26 აშშ დოლარი).

 

მიუხედავად, პირველად შესატანი პრემიის არასრული ოდენობით გადახდისა, დამზღვევის მიერ განხორციელებული შესრულება უნდა ჩაითვალოს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მოქმედებად, რა მოქმედებასაც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის აქვს მნიშვნელობა ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე.

სსკ-ის 817-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. სსკ-ის 818-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

 

პირველადი ან/და ერთჯერადი სადაზღვევო შენატანის გადაუხდელობა და შემდგომი შესატანის გადაუხდელობა/დაგვიანებით გადახდა სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა რეგლამენტირებული, რაც თავისთავად ცხადყოფს კანონმდებლის ნებას, ერთმანეთისგან გაემიჯნა ეს ორი მოვლენა და სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები დაეკავშირებინა; 816-ე მუხლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება, ხოლო, 817-ე და 818-ე მუხლების გამოყენება უნდა მოხდეს არა პირველადი/ერთჯერადი, არამედ შემდგომი გადახდის ვალდებულების დარღვევის დროს, ვინაიდან 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შენატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

 

ხელშეკრულების პირობების იმგვარი დარღვევის შემთხვევაში, რაც განსახილველ დავაში არსებობს, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმად უნდა გამოყენებული იქნეს სამოქალაქო კოდექსის 817-ე და 818-ე მუხლები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ზემოთმოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია. როგორც განსახილველი საქმის მასალებითაა დადგენილი მზღვეველი, რომლის მიმართაც არაერთგზის დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ არ გამოუყენებია კონტრაჰენტის/დამზღვევის წერილობითი გაფრთხილების ფორმა. მზღვეველის უმოქმედობას კი, ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1308-1246-2014; 03 აპრილი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში მზღვეველს დამზღვევი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელ შედეგებზე არ გაუფრთხილებია, ამასთან დაზღვევის პერიოდი დასრულდა 2017 წლის 6 სექტემბერს, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი პრემიის მოთხოვნით წარადგინა 2019 წლის 01 აპრილს.

 

ამდენად, მზღვეველმა არ გამოიყენა მისთვის სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი მეწარმისთვის დამახასიათებელ ქმედებად ვერ შეფასდება, რადგან სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას ხელშეკრულება გონივრულ ვადაში უნდა მოშლილიყო.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსკ 817–ე მუხლის იმ დათქმაზე, რომლის მიხედვითაც გაფრთხილების ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. შესაბამისად, თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ასეთ ვითარებაში დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში ვარდება. ასეთ შემთხვევაში დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს.

 

ზემოთ აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, მზღვეველი სს „სა--------------------------------“, სსკ-ის მე-8, მე-3, 817-ე, 818-ე მუხლების გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს დაზღვეულისაგან პრემიის (617,24 აშშ დოლარი) გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითველბა ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „სა--------------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება გასაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე