გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
100310019003174507
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003174507

№3/38-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.11. 2019 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ა

წარმომადგენელი- თ------- ლ--------ი

მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ---- ჩ----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე პერიოდში. ასევე, დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში (არაკომერციული და კომერციული) არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე.

 

1.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სასარგებლოდ ზიანის სახით დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება.

 

1.3. მოსარჩელე ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ა სარჩელში მიუთითებს, რომ 2019 წლის 29 ივლისს მიმართა მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას (ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი“) და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ინფორმაცია ვერ მიიღო და თუ მოსარჩელისთვის ინფორმაცია იყო გაურკვეველი, მაშინ მოპასუხე მხარე ვალდებული იყო დაეზუსტებია მოთხოვნილი ინფორმაციის არსი. მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის შინაარსის კუთხით დაზუსტებული იქნა სასამართლოს სხდომაზე და საბოლოოდ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე პერიოდში. დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში (არაკომერციული და კომერციული) არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სასარგებლოდ ზიანის სახით დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 30 ივლისს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს. მოსარჩელე მოითხოვდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მოქმედ და ყოფილ თანამშრომელთა სრულ სიას, ასევე, სხვა მონაცემებს. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი ეთქვა მოთხოვნის ავტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. შედგა სატელეფონო კავშირი განმცხადებელთან და მოპასუხემ მოითხოვა მოთხოვნის დაზუსტება აღნიშნულთან დაკავშირებით. მოპასუხემ გამოთქვა მზაობა მოთხოვნილი ინფორმაცია დაზუსტების შემდგომ გადაცემულიყო მოსამზადებელ სხდომაზე. ასევე მუნიციპალიტეტის მერია მზად იყო მორიგებისათვის, ნაწილი ინფორმაცია მიწოდებული იყო მოსარჩელისათვის, თუმცა სრულყოფილი ინფორმაცია მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მაინც არ იქნა მიწოდებული მოსარჩელეზე. მოპასუხემ გამოთქვა თანხმობა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად გასცეს ინფორმაცია, თუმცა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხე ზიანს არ ცნობს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი ს----------–-----–------–--------–--------------–-ა რეგისტრირებულია 2014 წლის 16 ოქტომბერს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 4--------. გამგეობის თავმჯდომარეა თ------- ლ--------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი (ს.ფ.16 ).

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილია რომ, ა(ა).ი.პ. ს----------–-----–------–--------–--------------–-ამ მიმართა 2019 წლის 29 ივლისის N78H19 განცხადებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ განმცხადებელი ითხოვდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა სრულ სიას, ასევე, იმ პირთა სიას, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისათვის აღარ მუშაობენ, ასევე, ითხოვდა შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სიას, ასევე, იმ პირთა სიას ვინც 2018 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისათვის აღარ მუშაობენ. ზემოთ მითითებულ პირებზე ითხოვდა, ასევე, მონაცემებს თანამდებობის, შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი). განმცხადებელმა მოითხოვა, ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლს დაქვემდებარებულ თითოეული ორგანიზაციის თანამშრომელთა სრული სია. ასევე, ითხოვს სიას იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 01 იანვრიდან შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისათვის აღარ მუშაობენ. ასევე, ითხოვს შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სრულ სიას მათ შორის მიმდინარე მომენტისათვის არსებულ სრულ სიას. ასევე, იმ პირთა მონაცემები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ მუშაობდნენ და მოცემული მომენტისათვის არ მუშაობენ. ასევე, ითხოვს ყველა ზემოთ აღნიშნულ პირზე შრომის ანაზღაურების ოდენობას თითოეული თვის მიხედვით(ხელფასი, პრემია, დანამატი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წერილი (ს.ფ.11-12 ).

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.3. ჭიათურის მერიის 2019 წლის 13 აგვისტოს წერილის შესაბამისად, ჭიათურის მერიამ უარი უთხრა განმცხადებელს მერიისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომელთა სიის გაცემაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგან განცხადებაში არსებული მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე პირის ნებაყოფლობით თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

 

დადგენილია, რომ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოპასუხემ თანხმობა გამოთქვა მოთხოვნილი სახით ინფორმაციის გაცემაზე, თუმცა მოპასუხეს არ გადაუცია მოსარჩელისათვის სრულად აღნიშნული ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი(ს.ფ.13)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია ჭიათურის მერიისათვის, მის მიერ მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება.

 

6.2.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

6.3.საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს, ვინაიდან კონსტიტუციითვე განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფარგლები, კერძოდ, მე-18 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით.

 

6.5.პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია.

 

6.6.”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

6.7.სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული - როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.

 

6.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის დეფინიციის სფეროში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია თანახმაა გასცეს სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაცია მათ შორის დასაქმებულთა სახელი გვარი პირადი ნომრის გარეშე.

 

6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია , კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა(სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე პერიოდში. ასევე . უნად დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში (არაკომერციული და კომერციული) არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა(სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე.

 

6.10. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება: ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას; ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას; გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

6.11.სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გარემოებები , რომელიც გახდებოდა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) - 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე პერიოდში. ასევე, დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ას საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში (არაკომერციული და კომერციული) არსებულ დასაქმებულთა თანამდებობრივი პოზიციები, ვინაობა (სახელი და გვარი), ხელფასი, პრემია, დანამატი 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე.

 

1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი