გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4261-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „არ--------------ა“
წარმომადგენელი - სა-–-------------–--ე
მოპასუხე - შპს „კა-----–----------ა“
წარმომადგენელი - უჩ-------ა
დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხის შპს „კა-----–----------ა“-სათვის მოსარჩელის სს „არ--------------ის“ სასარგებლოდ 14 431,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის პირველ მაისს მხარეებს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ დააზღვია ხელშეკრულების №2 დანართით გათვალისწინებული პირები. სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული პირების სასარგებლოდ გაეცა ანაზღაურება შეთანხმებული პირობებისა და პროგრამის შესაბამისად. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მზღვეველისათვის სადაზღვევო მომსახურების საფასური - პრემია. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ შეადგინა 73 988, 00 ლარი, საიდანც მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა პრემიის ნაწილი - 50 507,00 ლარი.
2016 წლის პირველ მაისს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ დააზღვია ხელშეკრულების №2 დანართით გათვალისწინებული პირები. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მზღვეველისათვის სადაზღვევო მომსახურების საფასური - პრემია. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ შეადგინა 74 678,00 ლარი. შეთანხმებისამებრ დამზღვევმა დაიწყო პრემიის გადახდა, საიდანაც პირველ რიგში დაიფარა 2015 წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი პრემიის სახით დარიცხული დავალიანება - 23 481,00 ლარი.
მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა პრემიის არასრულ დაფარვაში, კერძოდ, დამზღვევმა გადაიხადა პრემიის მხოლოდ ნაწილი - 60 337,00 ლარი, ხოლო 14 341,00 ლარი მოპასუხეს არ გადაუხდია. მზღვეველი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა კეთილსინდისიერად და და გასცემდა სადაზღვევო ანაზღაურებას ხელშეკრულებების დანართებით გათვალისწინებული პირების სასარგებლოდ.
შპს „კა-----–----------ას“ დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 14 341,00 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა მზღვეველის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პრემიის ოდენობა იმ გარემოებაზე მითითებით, მზღვეველს არ გაუცია პოლისი, სადაც გაწერილი უნდა ყოფილიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები (იხ. 2019 წლის 26 ოვნისის სასამართლო სხდომის ოქმი 16:49:01; 17:04:36).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის პირველ მაისს დამზღვევს შპს „კა-----–----------ასა“ და მზღვეველს შპს „სა-------------------------------------ს“ შორის გაფორმდა „ხელშეკრულება MED 01/05/2015-33 ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“.
ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამზღვევის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა დამზღვევის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით (დანართი №2) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევმა აიღო ვალდებულება უზრუნველეყო თითოეულ დაზღვეულზე და ოჯახური პაკეტის შემთხვევაში - ოჯახის წევრებზე (მეუღლე და 21 წლამდე შვილები) ყოველწლიური სადაზღვევო პრემიის გადახდა ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული პროგრამების შესაბამისი სადაზღვევო პრემიის ოდენობით. კერძოდ, დამზღვევს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად დამზღვევის მიერ №1 დანართში არჩეულ პროგრამაში მითითებული თანხის გადახდა, ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტში მითითებულ ვადებში, მზღვეველის ანგარიშზე გადარიცხვის ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
ხელშეკრულების 3.1. ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევს ყოველთვიური სადაზღვევო პრემია (შენატანი) სრული ოდენობით უნდა გადაეხადა მზღვეველისათვის არაუგვიანეს ყოველი მიმდინარე სადაზღვევო თვის 28 რიცხვისა.
ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2015 წლის 1 მაისიდან და მოქმედებდა ერთი წლის ვადით, 2016 წლის 1 მაისამდე.
№1 დანართით გაიწერა სამედიცინო მომსახურების სახეები და ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა მომსახურების სახეების მიხედვით.
№2 დანართით მხარეებმა შეათანხმეს დაზღვეული პირების სია, მომსახურების სახეებით განსაზღვრული პროგრამა, სადაზღვევო პრემია და ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
ხელშეკრულება, №1 და №2 დანართები (ს.ფ. 18-24; 25-31).
3.1.2. 2015 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ ჯამურად შეადგინა 73 988,00 ლარი.
2016 წლის პირველი მაისის მდგომარეობით შპს „კა-----–----------ამ“ მზღვეველს გადაუხადა 50 507,00 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანებამ შეადგინა 23 481,00 ლარი.
2016 წლის პირველი მაისის შემდგომ შპს „კა-----–----------ამ“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადა დარჩენილი დავალიანება - 23 481,00 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული ეს გარემოებები მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია.
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი პრემიის -14 431,00 ლარის ოდენობა და მზღვეველის მიერ 14 431,00 ლარის ოდენობით სადაზღვევო მომსახურების გაწევის ფაქტი (მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა დავალიანების არსებობის ფაქტი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მზღვეველს არ გაუცია სადაზღვევო პოლისი, რის გამოც მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 25 სექტემბის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:49:01-16:51:58; 17:00:41).
ინვოისები, საგადახდო დავალებები (ს.ფ. 57-102).
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დამადასტურებელი ამონაწერი (ს.ფ. 153-217).
3.1.3. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ დამზღვევი მზღვეველს სადაზღვევო პრემიას უხდიდა მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისებისა და წარდგენილი დანართების მიხედვით, რომელთა შესაბამისად სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრებოდა 2016 წლის პირველი მაისიდან 2017 წლის 01 მაისამდე, ხოლო საანგარიშო პერიოდი განისაზღვრებოდა ყოველი კალენდარული თვის მიხედვით; ხოლო პრემიის სახით მზღვეველისათვის ასანაზღაურებელი პრემიის ოდენობა განისაზღვრებოდა მზღვეველის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების (ანაზღაურების) მიხედვით.
2016 წლის 1 მაისის შემდგომ მხარეებს შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამოიხატა 2016 წლის მაისიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევასა და 2016 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდაში.
სადავო არ არის გარემოება, რომ 2016 წლის პირველი მაისის შემდგომ მხარეებს შორის დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა სადაზღვევო პრემიის გადახდის იმავე პირობებით, როგორადაც მხარეები 2015 წლის პირველი მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად ახორციელებდნენ გადახდებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 25 სექტემბის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:49:01-16:51:58; 17:00:41).
ინვოისები, საგადახდო დავალებები (ს.ფ. 57-102).
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები სადავო არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ამავე კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა – პოლისი). მე-2 ნაწილის თანახმად, სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
802-ე მუხლი აწესრიგებს დაზღვევის პოლისთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ: ა) დამზღვევისათვის დაზღვევის პოლისის გადაცემის ვალდებულებას, ბ) დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობების შინაარსს (ასევე დამატებით მოთხოვნებს სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში).
დაზღვევის პოლისის გაცემით მზღვეველი ერთგვარად ადასტურებს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას. სადაზღვევო პრაქტიკაში დაზღვევის პოლისები დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიცემა. შესაბამისად, პოლისის მფლობელის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სწორედ დაზღვევის პოლისის წარმოდგენის საფუძველზე ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურება.
802.2 მუხლი განსაზღვრავს დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობებს. მათ მიეკუთვნება: მხარეთა ვინაობა და მათი მონაცემები, დაზღვევის საგნის დასახელება, სადაზღვევო რისკი, დაზღვევის დასაწყისი და ხანგრძლივობა, სადაზღვევო თანხის ოდენობა, სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის პირობები.
სსკ-ის 815.1 მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. ამავე კოდექსის 816-ე მუხლის მიხედვით, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები ზოგადად წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816–ე მუხლი).
აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მზღვეველის მიერ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სადაზღვევო პოლისი, გაცემის ვალდებულება დაკავშირებულია დამზღვევის მიერ სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულების წარმოშობასთან. სადაზღვევო შესატანის გადახდა კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია მზღვეველის ვალდებულებების წარმოშობასთან.
დადგენილია, რომ მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისების საფუძველზე დამზღვევი იხდიდა პრემიას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მზღვეველი დამზღვევს 2016 წლის მაისიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით უწევდა სადაზღვევო მომსახურებას (რის შესაბამისადაც 2016 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით დამზღვევი უხდიდა მას სადაზღვევო პრემიას).
განსახილველ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ პოლისის გაუცემლობის მიუხედავად, მხარეები მზღვეველისა და დამზღვევის ვალდებულებებს ფაქტობრივად ასრულებდნენ, რაც მათ დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობის ფარგლებში აქცევდა.
მზღვეველის მიერ გასაწევი სადაზღვევო მომსახურების არსი მის მიერ სადაზღვევო რისკის ტარებით გამოიხატება, ხოლო დამზღვევის მიერ ვალდებულების შესრულება სადაზღვევო შესატანის - პრემიის გადახდას გულისხმობს.
ზოგადად, 815.1 მუხლიდან გამომდინარე ლოგიკა შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს: მზღვეველს არ გაუცია პოლისი, შესაბამისად, არც ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია არსებობს. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში კი ადგილი არც მზღვეველის მიერ რისკის ტარებას აქვს. შედეგად, პრემია გამომუშავებულად არ ჩაითვლება.
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი, რაც ამ პრეზუმფციას აბათილებს არის ის ფაქტი, რომ მზღვეველის მიერ ფაქტობრივად განხორციელდა რისკის ტარება და სადაზღვევო მომსახურების არაერჯერადი ანაზღაურება და ასევე დამზღვევის მიერ პრემიის არაერჯერადი გადახდა. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა და შედგა დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობა და პრეზუმფცია იმისა, რომ პოლისის გაუცემლობით მხარეებს შორის ხელშეკრულება არ დადებულა, განსახილველ შემთხვევაში არის აზრსმოკლებული და არალოგიკურიც.
თავად დამზღვევის მიერ პრემიის გადახდით წარმოიშვა მზღვეველის ვალდებულება სადაზღვევო მომსახურების გაწევისა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ სს „არდი დაზრვევამ“ შეასრულა. პოლისის გაცემის შემთხვევაშიც კი, თუ დამზღვევი არ გადაიხდიდა პრემიას, მზღვეველი გათავისფლდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. 816-ში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დამზღვევს პოლისის გაცემის ვალდებულების შეურულებლობაზე მითითება და პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ პრემიის გადაუხდელობით არ წარმოიშობოდა მზღვეველის შემხვედრი ვალდებულება სადაზღვევო რისკის ტარებისა.
განსახლველ შემთხვევაში მხარეთა მიერ ორმხრივად მავალდებულებელი (სინალაგმატური) ვალდებულებების შესრულება თავისთავად ადასტურებს მათ მიერ იმ პირობებეზე შეთანხმების არსებობას, რაც პოლისის გაცემით, 802-ე მუხლის შესაბამისად უნდა განსაზღვრულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
როგორც აღინიშნა, მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისებითა და შესაბამისი დანართით, რომელთა საფუძველზეც მოპასუხე ასრულებდა შემხვედრ ვალდებულებას - პრემიის გადახდას, განისაზღვრებოდა სადაზღვევო პერიოდი - 2016 წლის პირველი მაისიდან 2017 წლის 01 მაისამდე, პრემიის სახით მზღვეველისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრებოდა საანგარიშო პერიოდის - ყოველი კალენდარული თვის მიხედვითა და მზღვეველის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების - სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების მიხედვით. მზღვეველი დამზღვევს 2016 წლის მაისიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით, ინვოისით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უწევდა სადაზღვევო მომსახურებას, რის შესაბამისადაც 2016 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით დამზღვევი უხდიდა მას სადაზღვევო პრემიას.
მხარეთა შესრულება თავისთავად გულისხმობდა შემდეგ პირობებზე (რაც დამახასიათებელია დაზღვევის ხელშეკრულებისათვის) შეთანხმებას: ხელშეკრულების საგანზე - ჯანმრთელობის დაზღვევაზე შპს „კა-----–----------ას“ მიერ წარდგენილი სიის მიხედვით, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ; მხარეები ასევე შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესზე - სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, ყოველთვიურად, მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის გაწეული მომსახურების გადასახდელის შესახებ ინვოისის წარგდენით; და დაზღვევის პერიოდზე, - 2016 წლის პირველი მაისი - 2017 წლის პირველი მაისი. ამდენად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ექვემდებარება 799-ე მუხლით მოწესრიგებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება ხორციელდებოდა მზღვეველის მიერ ფაქტობრივად გაწეული სადაზღვევო მომსახურების შემდეგ, მზღვეველის მიერ ინვოისის წარდგენის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია, რომ მნიშვნელობა ენიჭება პრემიის დროულად გადახდას. ეს წარმოადგენს დამზღვევის კანონისმიერ ვალდებულებას, რაც იწვევს მზღვეველის ვალდებულებების წარმოშობას. თუმცა, ნორმის დისპოზიციურობიდან გამომდინარე, მხარეებს ვალდებულებების სხვაგვარი გადანაწილებაც შეუძლიათ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეების მიერ მოდიფიცირებული იქნა სსკ-ის 816-ე მუხლით დადგენილი დამზღვევის კანონისმიერი ვალდებულება, რაც გამოიხატა მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების შემდეგ დამზღვევის ანგარიშსწორების (პრემიის გადახდის) ვალდებულებების გადანაწილებით.
დადგენილია, რომ 2015 წლის პირველი მაისის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ ჯამურად შეადგინა 73 988,00 ლარი, საიდანაც 2016 წლის პირველი მაისის მდგომარეობით შპს „კა-----–----------ამ“ მზღვეველს გადაუხადა 50 507,00 ლარი, ხოლო 2016 წლის პირველი მაისის შემდგომ შპს „კა-----–----------ამ“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადა დარჩენილი დავალიანება - 23 481,00 ლარი. მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი პრემიის -14 431,00 ლარის ოდენობა და მზღვეველის მიერ 14 431,00 ლარის ოდენობით სადაზღვევო მომსახურების გაწევის ფაქტი.
ამდენად, სს „არ--------------ა“ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, სსკ-ის 799-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია მოითხოვოს შპს „კა-----–----------ასაგან“ სადაზღვევო პრემიის 14 431,00 ლარის ანაზღაურება, მოპასუხე კი ვალდებულია აუნაზღაუროს მზღვეველს მოთხოვნილი თანხა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხემ უნდა აუნაზრაუროს მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (423,30 ლარი).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „არ--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ მოსარჩელის სს „არ--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14 431,00 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე შპს „კა-----–----------ას“ მოსარჩელის სს „არ--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 423,30 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე