განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2019
საქმის ნომერი
190100119002893459
თარიღი
16.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-184 -19

(№012020219002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,ბრალდებული: მ--------------ოვი, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------------------------------;

 

ადვოკატი: მარიამ პაპოშვილი,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქ/პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით: მ--------------ოვი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივნისის შუა რიცხვების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალაპირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ მ--------------ოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

1.2. 2019 წლის 28 იანვარს, საღამოს საათებში ქ. რუსთავი, თ------------------------------------, ბ---------ში მ--------------ოვი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მეუღლეს გ---–--------------ას ეკამათა იმის გამო, რომ წარსულში მან სამართლებრივ ორგანოს მიმართა დახმარებისთვის ოჯახში ძალადობის ფაქტზე. როდესაც მ--------------ოვი დაწვა დასაძინებლად და გვერდზე დაიწვინა 2010 წელს დაბადებული შვილი მ-----------------ა, ამ დროს მეორე შვილს 2013 წელს დაბადებულ მ--–---------------ას ასევე მოსთხოვა მასთან დაწოლა, რაზეც არასრულწლოვანმა მამას უარი უთხრა, მ--------------ოვი აღნიშნულზე გაბრაზდა წამოდგა და მ--–--------------ას გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეზე, ბავშვის დასახმარებლად მივიდა გ---–--------------ა, რა დროსაც მ--------------ოვმა მასაც დაარტყა ხელი სახეზე. ამ დროს გ---–--------------ა გაიქცა მეორე ოთახში და დაწვა იატაკზე, ხელები კი აიფარა თავზე, რა დროსაც მ--------------ოვმა მას ფეხი დაარტყა თავზე. მ--------------ოვის ძალადობრივი ქმედებებით მ--–--------------მა და გ---–--------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ--------------ოვის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მ--------------ოვის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულმა გ---–--------------ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლე) მ--------------ოვის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანმა მოწმეებმა მ--–--------------ამ და მ-----------------ამ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეებმა მ-----–----------–---–მა, შ-------–-----ემ, ს---------------–--ემ, თ----–------------ამ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები.

 

მოწმე მ-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეში მონაწილება მიიღო ბრალდებულის დაკავებაში. იგი დაკავებული იქნა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მიმართა განცხადებით და ბრალდებული სთხოვდა, რომ თავი შეეკავებინა.

 

მოწმე შ-------–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს გამოცხადდა მათთან გიულნაზ კასუმოვა და განცხადება გააკეთა ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხზე ასევე ჩაატარა სხვადასხვა ს/მოქმედებები.

 

მოწმე ს---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა ს/მოქმედებები. დამატებით გამოკითხა დაზარალებული, ბრალდებულის დაკავების დროს იმყოფოებოდა განყოფილებაში, მაგრამ უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმე თ----–------------ამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო როგორც თარჯიმანმა. ბრალდებული განყოფილებაში მეუღლეს ხმამაღალი ტონით ეუბნებოდა რომ გამოეტანა საჩივარი. ბრალდებულს გააცნო დაკავების ოქმი და უთარგმნა უფლებები.

 

მოწმე ე-–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ბრალდებულის მამიდაშვილია და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის უცნობია რა სახის კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.

ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

დანაშაულის (სსკ-ის 1261-ე მუხლი) ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, ვინაიდან არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ უნდა დადგინდეს გამოიწვია თუ არა ძალადობამ ფიზიკური ტკივილი, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:

ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და დაზარალებულის განცხადება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.

 

მოწმეების მ-----–----------–---–ის, შ-------–-----ის, ს---------------–--ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო თ----–------------ამ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედეებში, როგორც თარჯიმანმა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, გამომძიებლების ჩვენება ირიბი ჩვენებაა, ვინაიდან ს---------------–--ემ და შ-------–-----ემ ჩაატარეს მოწმეების გამოკითხვა, ხოლო შ-------–-----ემ და მ-----–----------–---–მა მონაწილეობა მიიღეს ბრალდებულის დაკავებაში. გამომძიებლების ჩვენება უნდა შეფასდეს სსკ-ს 78-ე მუხლის ფარგლებში, ანუ დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მათ შექმნეს. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ინფორმაციის წყაროს ვინაიდან წარმოადგენს გულნაზ ჯასუმოვა, მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების უტყუარობა ვერ დადგინდება, სასამართლოში მიცემული ჩვენების გარეშე.

 

მ-----–----------–---–ი და შ-------–-----ე არიან მოწმეები, რომლებმაც შეტყობინების შემდგომ მონაწილეობა მიიღეს ბრალდებულის დაკავებაში და უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებიან, მათი ჩვენება სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ პირის ჩვენება, რომელმაც საქმეზე ჩაატარა გარკვეული საპროცესო მოქმედება და ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მხარს დაუჭერს მისავე პოზიციას, ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არღვევს შეფასების ობიექტურობის ზომის ბალანსს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს პირის ჩვენება, რომელიც იმავდროულად არის მხარე სასამართლოში, შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს არა ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმ პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიების მწარმოებელი პირები არიან. ასეთ პირობებში კი როდესაც ფაქტის დადგენის პროცესში წარმოიშობა ეჭვი მისი უტყუარობის თვალსაზრისით, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება ე-–---------------ის ჩვენებას, იგი არის მოწმე, რომელმაც ბრალდებულის მამიდისგან შეიტყო გულნაზსა და მირზას შორის უთანხმოების ფაქტის შესახებ, თუმცა იგი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, მისი ჩვენებაც სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებები ფაქტობრივად არის ირიბი ჩვენებები. მოწმეების ირიბი ჩვენებები არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც ხ.ჩიჩუას მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი შეიცავს სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების აკრძალვის პრეზუმფციას. ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა მაშინაც გამართლებულია, თუ იგი დაცვის სასარგებლოდ მიიჩნევა. ზოგადად, კლასიკური გაგებით ირიბ ჩვენებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზუსტად იმავე წესებს იყენებს, რაც გამოუცხადებელი მოწმის (დეპონირებული) ჩვენების გამოყენებას ეხება. ცალკე რაიმე გამონაკლისი ამ წესიდან არ არსებობს. კლასიკური გაგებით, „ირიბ ჩვენებას“ სასამართლო იმ კონტექსტში ახსენებს, რაც საჭიროა გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების შესამოწმებლად. "ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ" საქმეზე დიდმა პალატამ განაცხადა, რომ გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების საპირწონედ დაცვის უფლების ერთ-ერთ დამაბალანსებელ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ მოწმის ხელმისაწვდომობა, რომელიც ადასტურებს შეუმოწმებელი მოწმის ჩვენებას. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა, მოიცავდეს სასამართლო სხდომაზე იმ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთაც დაუსწრებელმა მოწმემ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მათი გამოჩენისთანავე აცნობა. ამავე საქმეში გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებებზე მსჯავრდების დამყარება, რაც წარმოადგენდა გადამწყვეტ მტკიცებულებათა ერთობლიობას და, რომელიც დამაბალანსებელ ფაქტორებში იმ 2 მოწმის ჩვენებასაც მოიაზრებდა, რომლებსაც გამოუცხადებელმა მოწმეებმა უამბეს მომხდარის შესახებ და, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობა დაცვას ჰქონდა, პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ არ მიიჩნია საკმარის საპირწონე მიზეზად სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციისთვის და დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.

 

დაზარალებულ გ---–--------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ--------------ოვის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ--------------ოვი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

მ--------------ოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------------ოვი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ--------------ოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მ--------------ოვს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე