გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2519-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სს ,,ს------–------ი“
წარმომადგენელი - თ----- გ----–-–---–-
მოპასუხე - მ------ ჩ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ------ ჩ------ეს მოსარჩელე სს ,,ს------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5202.42 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 1848 ლარი, პირგასამტეხლო 2383.92 ლარი და ადმინისტრაციული ჯარიმა 970.50 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 02 აპრილს სს ს------–------სა და მ------ ჩ------ეს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლიზინგის საგნად განისაზღვრა ბე ემ ვეს მარკის ავტომობილი, სახ.ნომერით U--------. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ლიზინგის სრული ღირებულება განისაზღვრა 10 895.00 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 2018 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, 30 თვის მანძილზე, ყოველთვიურად მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 308 ლარი. მოპასუხე მ------ ჩ------ის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ კერძოდ, მან მხოლოდ პირველი ორი თვის გადასახდელი გადაიხადა, ხოლო მომდევნო თვის გრაფიკით გადასახდელი არ გადაუხდია დღემდე.
ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს შეუწყდა ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედება 26/11/2018 წელს. ლიზინგის ხელშეკრულების #1------------ დანართი #1-ის თანახმად, მხარეთა მიერ განსაზღვრულია პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის/არაჯეროვნად შესრულების გამო რომლის ოდენობაც შეადგენს გადასახდელი თანხის 2.0%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2 383,92 ლარს, რომლის დარიცხვაც მოხდა ხელშეკრულების დანართში მითითებული გრაფიკით გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (10/05/2018 წლიდან - 26/11/2018 წლამდე) .
სს ს------–------ის მიერ გადახდილი იქნა ლიზინგის საგანზე სახ.ნომ U-------- არსებული პარკირების ჯარიმები, საერთო ჯამში ლიზინგის საგანზე ირიცხებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელთა დაანგარიშებაც მოხდა შემდეგნაირად: 1. საჯარიმო ქვითრის ნომერი # 0--------- - 50 ლარი, რომელსაც დაემატა გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარი და გადამრავლდა 1.5 კოეფიციენტზე რაც გამოვიდა 76.50 ლარი (ლიზინგის ხელ-ბის 6.3.16 პუნქტის თანახმად). მსგავსი სქემის მიხედვით მოხდა დაანგარიშება დანარჩენი თექვსმეტი ჯარიმის შესაბამისად საერთო ჯამში პარკირების ჯარიმის დავალიანებამ შეადგინა 970.50 ლარი (ლიზინგის ხელობის 6.3.16 პუნქტის თანახმად).
მოპასუხე, მ------ ჩ------ის დავალიანება სს ს------–------ის მიმართ შეადგენს 5,202.42 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხა არის - 1848 ლარი, საურავი - 2383,92 ლარი და პარკირების ჯარიმა - 970.50 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------ ჩ------ემ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს ,,ს------–------ის“ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე მხარის მითითებით შექმნილი პრობლემების გამო ვეღარ არსრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მან მოსარჩელე მხარეს გადასცა ავტომანქანა, რომელიც ღირებული იყო. მეტიც, შესაგებელში გამოთქმული სურვილი გადაეხადა დაგროვილი ფულადი ვალდებულება მისი მხრიდან განპირობებული იყო იმით, რომ აღნიშნულის საფუძველზე მას დაუბრუნდებოდა ავტომანქანა მფლობელობაში. არსებული მდგომარეობით კი მოსარჩელე მხარეს გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება და ისე, რომ არ ითვალისწინებს მის ღირებულებას, სრულად ითხოვს დავალიანების დაკისრებას, რაც უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არაგონივრულია.
აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მხარის მითითებით, ვიანიდან მოსარჩელე მხარეს გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, მოპასუხეს რაიმე ფულადი ვალდებულება შესასრულებელი აღარ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 02 აპრილს, სს ,,ს------–------ს“ და მ------ ჩ------ეს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცემს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #2-ით განსაზღვრულ ქონებას, წინამდებარე ლიზინგის ხელშეკრულებით დათქმულ ვადით, ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს-საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ლიზინგის საგანს და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა.
ხელშეკრულების ფარგლებში ლიზინგის გამცემი ცალკე გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით: (შემდგომში: კონტექსტიდან გამომდინარე "ნასყიდობის ხელშეკრულება”) ყიდულობს მომწოდებლისგან ფიზიკური პირი მ------ ჩ------ე (შემდგომში "გამყიდველი“) ლიზინგის საგანს მისი ლიზინგით გადაცემის მიზნით. წინამდებარე ხელშეკრულებით, განისაზღვრება ლიზინგის საგანი მისი ლიზინგით გადაცემის მიზნით.
ხელშეკრულების 3.5. და 3.6 პუნქტების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ლიზინგის ღირებულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული გრაფიკით, განსაზღვრული გადასახდელების ჯამურ ღირებულებას. ,,ლიზინგის სრული ღირებულება“ წარმოადგენს აქტივის გასაყიდ ღირებულებას პლიუს დარიცხული პროცენტი. აქტივის გასაყიდი ღირებულება წარმოადგენს მიღებულ ავანსს პლიუს დისკონტირებული ღირებულება. დისკონტირებულ ღირებულებას წარმოადგენს ლიზინგის ღირებულებას მინუს დარიცხული პროცენტი. ავანსად მიღებული თანხა ამცირებს აქტივის ღირებულებას, ხოლო ვადაზე ადრე მიღებული თანხა აკლდება გადახდის მომენტისთვის არსებულ დავალიანებას. ლიზინგის საზღაურის გადახდა - წარმოებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართ. N1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.9 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები დააგვიანებს ან/და არ/ვერ გადაიხდის ლიზინგის საზღაურს მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება ვადაგადაცილებულ დავალიანებას 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ლიზინგის სრული ღირებულება შეადგენს 10 895 ლარს. ლიზინგის საზღაურს ლიზინგის მიმღები იხდის წინამდებარე ხელშეკრულების დანართ #1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 და 5.4 პუნქტების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელი ავანსი შეადგენს 1655 ლარს. აქტივის გასაყიდი ღირებულება შეადგენს 6800 ლარს.
ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, სრულად იყოს პასუხისმგებელი ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შედეგად წარმოშობილ ყველა სახის-სახდელებზე (ასეთის-არსებობის შემთხვევაში) და ამ სახდელების-აღსრულებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანზე/ხარჯზე, რომელიც შეიძლება მიადგეს/დაეკისროს ლიზინგის გამცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე და რომელიც წარმოიშობა ლიზინგის საგნის მისთვის გადაცემის შემდეგ. აღნიშნული პასუხისმგებლობის ფარგლებში ლიზინგის მიმღები ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც გადაამოწმოს ვებ გვერდების videos.police.ge, ct.park.ge და batumitransport.ge-ის მეშვეობით ლიზინგის საგანზე დარიცხული ჯარიმები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, დროულად და სრულად გადაიხადოს ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა, მათ შორის სითი პარკისა და ვიდეოკონტროლის სისტემების მიერ დაკისრებული ჯარიმები და აშ. ლიზინგის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში. აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში ლიზინგის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლიზინგის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ (უკუმოთხოვნის უფლება) ანაზღაურებას შემდეგი წესით: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გადამრავლდება 1.5 კოეფიციენტზე. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს გრაფიკით გათვალისწინებული სალიზინგო გადასახდელი თანხის ბოლო გადახდის დღეს. ლიზინგის მიმღების მიერ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო თანხის გადახდისას პირველ რიგში იფარება ლიზინგის გამცემის მიერ გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმები ზემოაღნიშნული გამოანგარიშების მიხედვით, ხოლო შემდეგ ლიზინგის საზღაური. ვადაგადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაეკისრება ლიზინგის საზღაურისა და ადმინისტრაციული სახდელების ჯამურ თანხას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის თანახმად.
ხელშეკრულების 14.14 პუნქტის თანახმად, ზემოაღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში (იქნება ეს ლიზინგის მიმღების მოქმედების შედეგად თუ კანონის ძალით თუ სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო), ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია შეტყობინების მიწოდების გზით მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლა/ცალმხრივად შეწყვეტა, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში დაბრუნება (ლიზინგის გამცემის მიერ დადგენილი წესით) და ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის არსებული ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვა და ლიზინგის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის გადასვლასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯების დაფარვა.
ლიზინგის მიმღებს, ლიზინგის საფასური უნდა გადაეხადა გადახდის გრაფიკით გაწერილი პერიოდულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ლიზინგის ხელშეკრულების დანართი #2-ის თანახმად, ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის საგანი ჩაიბარა დაზღვევის გარეშე შემდეგი მონაცემებით: ავტომობილის მარკა, მოდელი - B-------, ავტომობილის მესაკუთრე - სს ,,ს------–------ი“, სახელმწიფო ნომერი - U------, ავტომობილის გამოშვების წელი - 2003 წელი, ავტომობილის ტიპი - სედანი, ფერი - რუხი 1/8, ავტომობილის ძრავის მოცულობა - 1991 წელი, ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი #2 (ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 02 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან ავტომობილის გამყიდველი და ლიზინგის მიმღები წარმოადგენს ერთიდაიგივე პიროვნებას, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი ავანსის თანხა 1655 ლარი გაქვითულიყო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელ თანხაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 02 აპრილის შეთანხმება (ს.ფ. 32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს ს------–------ის მიერ გადახდილი იქნა ლიზინგის საგანზე სახ.ნომ U------ არსებული ადმინისტრაციული ჯარიმები 2018 წლის 02 აპრილიდან 26 ნოემბრის პერიოდში (რა პერიოდშიც ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხე მხარის მფლობელობაში). ჯამში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი ჯარიმის ოდენობა შეადგენს 638.50 ლარს (630 ლარი ჯარიმის თანხების ჯამი და გადახდის საკომისიო ჯამი 8.50 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები, ელექტრონული საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 37-39; 41; 43; 45-49; 51-67);
- საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 40; 42; 44; 50)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ლიზინგის საგანი შემდეგი მონაცემებით: ავტომობილის მარკა, მოდელი - B-------, ავტომობილის მესაკუთრე - სს ,,ს------–------ი“, სახელმწიფო ნომერი - U------, ავტომობილის გამოშვების წელი - 2003 წელი, ავტომობილის ტიპი - სედანი, ფერი - რუხი 1/8, ავტომობილის ძრავის მოცულობა - 1991 წელი, ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, მოსარჩელ მხარს გადაეცა.
საქმის განხილვისას მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა ლიზინგის საგნის მიღების ფაქტი და მიუთითა, რომ მისთვის უცნობია მოხდა თუ არა ავტომანქანის გასხვისება ან/და სად იმყოფება იგი არსებული მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ------ ჩ------ეს მოსარჩელე სს ,,ს------–------ის“ მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების არ ერიცხება.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #2-ით განსაზღვრული ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება, წინამდებარე ლიზინგის ხელშეკრულებით დათქმულ ვადით, ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური, ყოველთვიური 308 ლარის ოდენობით, გადახდის გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის მიმღები განსაზღვრავდა ლიზინგის საგანს და აირჩევდა მიმწოდებელს, რომლისგანაც მოხდებოდა ქონების შესყიდვა.
ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე მ------ ჩ------ე ორი თვის განმავლობაში ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას, ყოველთვიური 308 ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო შემდგომში მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, მოსარჩელე სს ,,ს------–------მა“ ხელშეკრულება შეწყვიტა 2018 წლის 26 ნოემბერს და მოითხოვა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით #U-------- დაბრუნება. მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოდგენს, რომ მოპასუხე მ------ ჩ------ემ მოსარჩელე სს ,,ს------–------ს“ გადასცა აღნიშნული ავტომობილი, თუმცა არსებულის თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის და მისი რეალური ღირებულების ამსახველი მტკიცებულებები, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია სადავო ავტოსატრანსპორტო მდგომარეობის შესახებ. მეტიც, მიაჩნია რომ მისი მოთხოვნისათვის აღნიშნული ინფორმაციის მოძიება და სასამართლოსათვის მიწოდება საჭიროდ არ ჩათვალა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების დაკისრება და მოპასუხე მხარის მოსაზრებით ავტომაქანის მდგომარეობას ან/და მისი გაყიდვის ფაქტს, ღირებულებას შემხებლობა არ აქვს საქმესთან.
შესაბამისად, სადავო ავტოსატრანსპორტო ღირებულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო ამოვიდა სახელშეკრულებო დათქმიდან, კერძოდ, ხელშეკრულების 5.4 პუნქტიდან, სადაც მითითებულია, რომ აქტივის გასაყიდი ღირებულება შეადგენს 6800 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მ------ ჩ------ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება მთლიანობაში წარმოადგენდა 6626.98 ლარს, საიდანაც ძირი თანხა იყო 4966.41 ლარი, ხუთი თვის საპროცენტო სარგებელი 1022.07 ლარი, ხოლო საკომისიო და მოსარჩელის მიერ გადახდილი ჯარიმები ერთად 638.5 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებიდან უნდა გაიქვითოს არსებული დავალიანება, კერძოდ, აქტივის გასაყიდ ღირებულებას 6800 ლარს უნდა გამოაკლდეს 6626.98 ლარი. არსებული თანხების სხვაობით, რაც შეადგენს 173.02 ლარს, კი უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 2383.92 ლარის ნაწილში, რაც სასამართლოს მიხედულებით არ არის გონივრულ შესაბამისობაში დავალიანების ძირ თანხასთან მიმართებაში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა იქნეს შემცირებული (იხ. შესაბამისი დასაბუთება გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 29-30);
- დანართი #2 (ს.ფ. 31)
- 2018 წლის 02 აპრილის შეთანხმება (ს.ფ. 32);
- საგადახდო დავალებები, ელექტრონული საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 37-39; 41; 43; 45-49; 51-67);
- საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 40; 42; 44; 50)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 62-ე, 115-ე, 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 576-ე, 5805-ე, 342-ე და 346-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშო-ბისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდი-სიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს------–------ს“ და მ------ ჩ------ეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, 2018 წლის 02 აპრილს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა. ერთი მხრივ, იგი შეიძლება კონსესუალურ გარიგებად იქნეს მიჩნეული. ასეთი მოსაზრების საფუძველია მხარეთა ნების ავტონომიის პრიმატი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას. ლიზინგის თანამედროვე დოქტრინა ლიზინგის მიმღებისთვის უპირობო ვალდებულებების დაკისრების კონცეფციას აღიარებს. აღნიშნული პირობების სამართლიანობას კი საბოლოოდ სასამართლო აფასებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #2-ით განსაზღვრული ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება, წინამდებარე ლიზინგის ხელშეკრულებით დათქმულ ვადით, ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური, ყოველთვიური 308 ლარის ოდენობით, გადახდის გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის მიმღები განსაზღვრავდა ლიზინგის საგანს და აირჩევდა მიმწოდებელს, რომლისგანაც მოხდებოდა ქონების შესყიდვა. ლიზინგის საგნის სრული ღირებულება შეადგენდა 10 895 ლარს, რომელიც შედგებოდა აქტივის გასაყიდი ღირებულების და საპროცენტო სარგებლის ჯამისაგან. აქტივის გასაყიდ ღირებულებას წარმოადგენდა მიღებული ავანსს დამატებული დისკონტირებული ღირებულება. დისკონტირებული ღირებულება წარმოადგენდა ლიზინგის ღირებულებას გამოკლებული დარიცხული პროცენტი. ავანსად მიღებული თანხა ამცირებდა აქტივის ღირებულებას, ხოლო ვადაზე ადრე მიღებული თანხა აკლდებოდა გადახდის მომენტისთვის არსებულ დავალიანებას.
წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის მიერ გადასახდელი ავანსი შეადგენდა 1655 ლარს, რომელიც გადაიხადა მოპასუხე მ------ ჩ------ემ, ხოლო აქტივის გასაყიდი ღირებულება შეადგენდა 6800 ლარს. შესაბამისად, დისკონტირებული ღირებულების ოდენობა განისაზღვრა 5145 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ ჩ------ემ მხოლოდ ორჯერ გადაიხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ძირი და საპროცენტო სარგებელი, ხოლო შემდგომში, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, მოსარჩელემ 2018 წლის 26 ნოემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება და მისი მოთხოვნის საფუძველზე, მოპასუხემ მას გადასცა სახელმწიფო ნომრით #U--------.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრა სალიზინგო კომპანიისთვის მოპასუხის მიერ გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება, რომელმაც ნაწილობრივ გაქვითა სს,,ს------–------ის“ წინაშე მ------ ჩ------ის დავალიანება. აღნიშნული თანხების სხვაობას, რაც შეადგენს 173.02 ლარს, სასამართლო პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩასათვლელ გონივრულ ოდენობად მიიჩნევს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით ლიზინგის მიმღები დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა სალიზინგო კომპანიის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მ------ ჩ------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მ------ ჩ------ის მიერ დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 4966.41 ლარს, სარგებელი 1022.07 ლარს, პირგასამტეხლო 2383.92 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 173.02 ლარის ოდენობით.
6.4. მხარეთა შორის ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტი), შეთანხმებული ლიზინგის მიმღების ვალდებულება - იყოს პასუხისმგებელი ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად წარმოშობილ ყველა სახის სახდელებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ სახდელების აღსრულებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანზე/ხარჯზე, რომელიც შეიძლება მიადგეს/დაეკისროს ლიზინგის გამცემს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე და რომელიც წარმოიშობა ლიზინგის საგნის მისთვის გადაცემის შემდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 02 აპრილის ლიზინგის ხელშეკრულების პირობა ლიზინგის მიმღებისთვის, საჯარიმო თანხების და მასზე გადარიცხვის საკომისიოს თანხების, რომელიც გადამრავლდება 1.5 კოეფიციენტზე, გადახდის დაკისრების ნაწილში ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული ჯარიმის თანხა მასზე დამატებულ გადარიცხვის საკომისიოსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ უნდა გამრავლებულიყო 1.5 კოეფიციენტზე. სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და შესაბამისად, დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს მოპასუხე მხარე (მოპასუხეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია), ვისი მფლობელობის ქვეშაც იყო სადავო პერიოდში სატრანსპორტო საშუალება; ასევე, ნათელია, რომ საბანკო საჯარიმო თანხის გადახდისას წარმოშობილი საბანკო მომსახურების საკომისიო (წარმოდგენილ შემთხვევაში ჯამში 8.5 ლარი), წარმოადგენს აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელ ხარჯს, თუმცა აღნიშნული ფულადი მოცულობის დამატებით 1.5% გადამრავლება საჭიროებს შეფასებას.
მართალია, ამ შეთავაზებას ლიზინგის მიმღები მ------ ჩ------ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც სს ,,ს------–------ი“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე კოდექსის 346-ე მუხლის მიხედვით, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, №ას-1338 -1376 - 2014).
კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეული უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე. ლიზინგის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლიზინგის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიზინგის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში, სტანდარტული პირობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სრული უფლება აქვს დააკისროს ლიზინგის მიმღებს ჯარიმის თანხა მასზე დამატებულ 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებულ გადარიცხვის საკომისიოსთან ერთად, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა მოპასუხისათვის. აღნიშნული პუნქტი ლახავს ლიზინგის მიმღების ინტერესს, რადგან ლიზინგის გამცემს შეუძლია ლიზინგის მიმღებს მოსთხოვოს იმაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა, რაც მას აქვს ადმინისტრაციული სახდელების სახით გადახდილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამდენად, 2018 წლის 02 აპრილის ლიზინგის ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტი, რომელიც ლიზინგის მიმღებს აკისრებს არათანაზომიერად დიდი ხარჯის გაღების ვალდებულებას ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმების) გადახდის მიზნით, რომელსაც ემატება 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებული საკომისიოს თანხა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,ს------–------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 157 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ს------–------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე