განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
080100119003138828
დავის ტიპი
265 3 ა
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003138828

საქმე №1/693-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

01.11.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: და--------–----ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატები: ნი----–------–--ე; ნა-------------ი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: ზუ---- კუ----–---–ი

მამის სახელი: ვა------ი

დაბადების თარიღი: 0---------წ.

პირადი ნომე---: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ბა-------ის რაიონი, სოფელი რო----ი პირველი ქუჩა №3-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი.

 

ზუ---- კუ----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროს, ბა-------ის რაიონის სოფელ რო----ში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი 45575 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 19 ივლისს ბა-------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუ---- კუ----–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზა--- გა-------ამ (გამომძიებელი) განმარტა, რომ - 2019 წლის 19 ივლისს ბა-------ის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზე, რომ სოფელ რო----ში მცხოვრებ ზუ----ი კუ----–---–ს, მის საკარმიდამო ნაკვეთში დათესილი უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და შესაძლებელი იყო მას მცენარე გაენადგურებინა ან გადაემალა. ვინაიდან ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შემცველ ინფორმაციას შეიცავდა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შესაბამისი დადგენილებით, რომელიც თავად მოწმე ზა--- გა-------ამ შეავსო, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადნენ სოფელ რო----ში, ზუ---- კუ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: და---- მშ---–----ე, ერ---- ჩხ---ე, ლე--- ჭა--------ა და ვლ------რ ჩა-------–ი. როდესაც მივიდნენ აღნიშნული პიროვნების სახლთან, დაუძახეს მას და ის გამოცხადდა მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში. მოწმემ წარუდგინა თავისი თავი და განუმარტა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით და რომ შესაძლებელი იყო მას თავის საკარმიდამო ეზოში დარგული ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რაზედაც პიროვნებამ ზუ---- კუ----–---–მა ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და უთხრა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ესეთი სახის ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე თავის საკარმიდამო ნაკვეთში, კერძოდ საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში და თვითონ წაიყვანა აღნიშნულ ადგილზე. ბრალდებულმა ზეპირსიტყვიერად დაადასტურა, რომ სათბური მას ეკუთვნოდა, რაც შემდგომში ოქმში დააფიქსირა. სათბურის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მანვე მიუთითა იქ გაშენებულ მცენარეზე, რომელიც იყო მძაფრი სუნის, დაკბილული ფოთლებით, მომწვანო ფერის და სათბურის ჭერს წვდებოდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული მცენარე იყო მის მიერ დათესილი, ის უვლიდა, მიყვანილი იყო სარწყავი სისტემა, მცენარის ფესვებს აშკარად ეტყობოდა მოვლის კვალი, იყო გათოხნილი. მცენარეები იმხელა იყო რომ მათი მიწიდან ამოღება გართულდა და საჭირო გახდა სამეურნეო იარაღების გამოყენება. ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე 27 (ოცდაშვიდი) ძირი კანაფი, შემდეგ მათ ისევ გააგრძელეს ჩხრეკა, რადგანაც შესაძლებელი იყო კიდევ სადმე ყოფილიყო აკრძალული ნივთი ან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, თუმცა სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის ოქმი შედგა ბრალდებულის საცხოვრებელ ეზოში. მცენარის ადგილზე დალუქვა ვერ მოხერხდა მისი ზომებიდან გამომდინარე, ბრალდებულის თვალწინ ის გადატანილი იქნა ბა-------ის რაიონულ სამმართველოში, სადაც დაილუქა ერთ პაკეტად და შემდეგ გაიგზავნა ექსპერტიზაზე. მცენარის გადატანა მოხდა სამსახურეობრივი, პიკაპის მარკის სამი ავტომობილით და მათი დასაწყობება მოხდა ბა-------ის რაიონული სამმართველოს შენობაში. მცენარეები დაცული იყო, რომ მომხდარიყო მისი ტრანსპორტირება იმ სახით რა სახითაც ის ამოიღეს. როდესაც ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანა მოხდა ბა-------ის სამმართველოს შენობაში იყო ღამე. შემთხვევის ადგილიდან ბა-------ის რაიონული სამმართველოს შენობა არის დაახლოებით 2-3 კმ-ში. გზის უმეტესი ნაწილი განათებულია. მცენარეები მანქანაზე დამაგრებული იყო თოკის საშუალებით. ბრალდებული ამ სამი ავტომობილიდან ერთ-ერთში, შუაში მყოფ ავტომობილში იჯდა. ჩხრეკის დასრულებისთანავე მოახდინეს ზუ---- კუ----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება. დაკავების საფუძველი იყო, რომ პიროვნება წასწრებული იყო დანაშაულის ჩადენისას და ასევე შესაძლებელია ის მიმალულიყო. დაკავებამდე განემარტა მას ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, ბა-------ის რაიონულ სამმართველოში გამოიკითხა და გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბარლდებულმა გამოკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მიუთითა, რომ მცენარე რომელიც მისი საცხოვრებელი სახლის სათბურიდან ამოიღეს, იყო მის მიერ დათესილი, რომელიც მას უნდოდა სამკურნალოდ, შემდგომში ზეთის დასამზადებლად. დოკუმენტს გაეცნო ბრალდებული და დააფიქსირა ხელმოწერა. ოქმზე ხელი მოაწერა, როგორც ბრალდებულმა, ასევე ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირებმა. ბრალდებული, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან დასრულებამდე ყველაფერს თვალს ადევნებდა და ადგილზე იმყოფებოდა, რითაც დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალება რომელიც ადგილზე ამოიღეს ზუსტად ის არის რაც დალუქეს.მას არ აქვს ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაცია გადაიღო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა--------------–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ - აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული. კერძოდ, იმყოფებოდა ბრალდებულ ზუ---- კუ----–---–თან და გადასცა საქმის მასალები, ინფორმაციის გაცვლის ოქმი და სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ჩხრეკის დროს მოწმე არ იმყოფებოდა ადგილზე. მას არ აქვს ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაცია გადაიღო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურმა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ერ---- ჩხ---ემ (უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ - 19 ივლისს დღის მეორე ნახევარში, როდესაც ჩავიდნენ სოფელ რო----ში. ბრალდებული ბრძანდებოდა სახლში, რომელმაც მიუთითა მათ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც სახლის უკან სათბურში იყო და თქვა, რომ ნარგავები მისი იყო და აინტერესებდა რა სიმაღლის გაიზრდებოდა მცენარე, ამოღების შემდეგ თქვა, რომ ზეთის გამოხდა სურდა. მცენარე დაახლოებით იყო 4-5მ. სიმაღლის, ყველაზე მაღალი იყო 5,20 მეტრი, სულ 27 ძირი. ჩხრეკის შემდეგ დაკავებული იქნა აღნიშნული პიროვნება, ნარგავები 3 პიკაპის, ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომობილის საშუალებით გადაიტანეს ბა-------ის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც დალუქული იქნა და ხელი მოაწერა ბრალდებულმა, ასევე ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირებმა. ის ზუსტად დროს ვერ ასახელებს, თუ რა დროში მოხდა მცენარის დალუქვა. სამმართველოს შენობაში გადატანის შემდეგ, მცენარე დაილუქა პოლიეთილენის პარკში, შემდეგ გააგზავნეს ექსპერტიზაზე, მაგრამ მისთვის უცნობია თუ რა საშუალებით გადაიტანეს აღნიშნული დალუქული პაკეტი. ასევე არ იცის, თუ როგორ გადაიყვანეს ბრალდებული და რა საშუალებით, თვითონ ერთ-ერთი ჰაილუქსით წამოვიდა რომლითაც გადაჰქონდათ მცენარე. დაკავებული იმყოფებოდა გამომძიებელთან ერთად და წამოჰყვა მათ. ბრალდებული არ იჯდა იმ ავტომობილებში, რომლებითაც გადაჰქონდათ მცენარე. სამინისტროს პრეს ცენტრი ადგილზე იმყოფებოდა, რითიც დასტურდება რომ დალუქული კანაფი იდენტური იყო რომელიც მათ ადგილზე ამოიღეს. პრეს ცენტს ვინ გადასცა ინფორმაცია მისთვის უცნობია. პრეს ცენტრის წარმომადგენელი იყო აპარატით, ხოლო მოწმემ არ იცის იღებდა თუ არა ის ამ ყველაფერს. მისი თქმით წესით ინფორმაცია განთავსდებოდა ოფიციალურ ვებ გვერდზე. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და---- გრ---–--ემ (უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ - მიმდინარე წლის 19 ივლისს, მიიღო ინფორმაცია, რომ ბა-------ის რაიონის სოფელ რო----ში მცხოვრებ პიროვნებას შესაძლებელი იყო თავის საცხოვრებელ სახლში და საკარმიდამო ნაკვეთში დათესილი ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი. მან ეს ინფორმაცია გადაამოწმა თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით და შემდგომში მიმართა ოფიციალურად ხელმძღვანელობას, რის შედეგადაც დაიწყეს გამოძიება. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მან დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება ცხოვრობდა მარტო, მისი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ხოლო შვილები ცხოვრობდნენ ქალაქში. და---- გრ---–--ეს სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ვლ------რ ჩა-------–მა (უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ - 19 ივლისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, როდესაც მიიღეს ინფორმაცია რომ ზუ---- კუ----–---–ს უნდა ჰქონოდა თავის სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე. ადგილზე მისვლისას გამომძიებელმა ზა--- გა-------ამ გააცნო დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ზუ---- კუ----–---–მა განმარტა, რომ ის ინახავდა აღნიშნულ მცენარეს თავის საკარმიდამო ნაკვეთში, გაუღო მათ სახლის შესასვლელი კარები და გაიყვანა ისინი სახლის უკანა კარიდან მის კუთვნილ ნაკვეთში, სათბურში, სადაც მიუთითა, რომ აღნიშნული სათბური მისი იყო და მცენარე ჰქონდა იქ. სათბურში შესვლისას ადგილზე დახვდათ 27 ძირი კანაფი. ამის შემდეგ კანაფი იქნა ამოღებული და დალუქული ბრალდებულის თანდასწრებით. კანაფის დალუქვას ესწრებოდა მოწმე და დალუქვა მოხდა სამმართველოში. მცენარეების უმეტესობა სიმაღლით 2 მეტზე მაღალი იყო. მათი ნაწილი ხელით ამოიღეს მიწიდან ნაწილი კი ნიჩბის საშუალებით. დაასაწყობეს სამ ავტომობილზე და გადაიტანეს სამმართველოში. მცენარე გადმოფენილი იყო ავტომობილებზე. მათ ავტომობილზე დამაგრება მოხდა მავთულის საშუალებით. ბრალდებული წამოიყვანეს მეოთხე, ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომობილით. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის სამმართველომდე დაახლოებით არის 5 კმ მანძილი და ამ მანძილის გავლას დასჭირდა ალბათ 5-10 წუთი. მოწმის განმარტებით მას არ ახსოვს დრო, თუ როდის მიიტანეს სამმართველოში მცენარეები. ამოღებული მცენარეები დაილუქა პოლიეთილების პარკის საშუალებით. პარკი მოიტანა გამომძიებელმა ვინაიდან ვერ ჩაეტეოდა დასალუქში. მოწმე გაეცნო და შემდგომში ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს. დაილუქა 27 ძირი მცენარე, პოლიეთილენის პარკში, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, დალუქული პაკეტი გადატანილ იქნა ბა-------ის პოლიციის სამმართველოში, შემდგომში ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით. ადგილზე მყოფი ყველა პირი დაადასტურებს, რომ ამოღებული იქნა 27 ძირი კანაფი. მოწმის თქმით, მათ გადაიტანეს მცენარე სამმართველოში და შემდეგ ის გადაგზავნილი უნდა ყოფილიყო ექსპერტიზაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს მეტის თქმა არ შეუძლია. ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. მოწმისთვის უცნობია თუ ვინ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ისინი იღებდნენ ვიდეოს, მოწმემ ეს ვიდეო შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე ნახა, მაგრამ არ ახსოვს დაწვრილებით თუ რა იყო აღბეჭდილი ვიდეოზე. ბრალდებულის თანდასწრებით ხდებოდა აღნიშნული კანაფის ამოღება და დალუქვა, რაც ადასტურებს ამოღებული კანაფის იდენტურობას დალუქულთან. ადგილზე მისვლისას იყო შებინდებული, ხოლო სამმართველოში კანაფის გადატანისას ბნელოდა. ადგილზე, ჩხრეკაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ყველამ მიიღო მონაწილეობა ასევე მცენარის დალუქვაში. მოწმემ ზუსტად არ იცის რომელ ავტომობილში იმყოფებოდა ბრალდებული გადაყვანის დროს, მისი თქმით მას ყურადღება არ მიუქცევია თუ რომელ ავტომობილში იჯდა ბრალდებული, ის იჯდა სამი ჰაილუქსის მარკის ავტომობილიდან ერთ-ერთში. ბრალდებული აკონტროლებდა გადატანის პროცესს, ანუ ის მათთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მცენარეები გადაჰქონდათ. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლე--- ჭა--------ამ (უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ - 2019 წლის 19 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ უნდა წასულიყვნენ ბა-------ის რაიონში, ზუ---- კუ----–---–თან სახლში. ლე--- ჭა--------ა, და---- მშ---–----ე, ვლ------რ ჩა-------–ი და გამომძიებელი ზა--- გა-------ა წა--დნენ ზუ---- კუ----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუ---- კუ----–---–ს სახლში ან საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი. ადგილზე მისვლისას ზუ---- კუ----–---–ი დახვდათ სახლში, გამომძიებელმა განუმარტა თავისი უფლება-მოვალეობები, ზუ---- კუ----–---–ი დათანხმდა, რომ გაეჩხრიკათ საკარმიდამო ნაკვეთი და სახლი. ზუ---- კუ----–---–მა თქვა რომ დათესილი ჰქონდა კანაფი, სახლის უკან სათბურში. სათბურში იყო 27 ძირი კანაფი, მათ ეტყობოდა მოვლის კვალი. აღნიშნული მცენარის დალუქვა ადგილზე ვერ მოხერხდა, და გადატანილ იქნა ბა-------ი რაიონის პოლიციის სამმართველოში და იქ მოხდა მისი დალუქვა, პოლიციის თანამშრომლებისა და ზუ---- კუ----–---–ის თანდასწრებით. მცენარეების გადატანა მოხდა, სამსახურებრივი ავტომობილებით, სამი პიკაპით. ჩხრეკის ოქმი ადგილზე შედგა, რაზედაც მოწმემ მოაწერა ხელი. მას ზუსტად არ ახსოვს სად მოხდა მცენარეების დალუქვა, მისი თქმის მას მხოლოდ ევალებოდა კანაფის აღმოჩენა, ამოღება და მისი წინა ეზოში გამოტანა. მოწმემ არ იცის თუ ვინ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მას ასევე არ ახსოვს იღებდნენ თუ არა პრეს სამსახურის თანამშრომლები. ის იღებდა დალუქვაში მონაწილეობას, მაგრამ არ ახსოვს, როგორ და რა საშუალებით მოხდა დალუქვა. მან ასევე არ იცის ექსპერტიზისთვის ვინ გადაიტანა კანაფი. მოწმეს არ ახსოვს დალუქული თუ დაულუქავი გადაჰქონდათ კანაფი. როდესაც კანაფი ბა-------ის პოლიციის სამმართველოში გადაჰქონდათ იყო საღამო ხანი, ზუსტ დროს ვერ ასახელებს. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს დაილუქა თუ არა ამოღებული კანაფი ადგილზე და როგორ მდგომარეობაში იქნა ის გადატანილი ბა-------ის პოლიციის სამმართველოში. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და---- მშ---–----ემ (უბნის ინსპექტორ გამომძიებელი) განმარტა, რომ - 2019 წლის 19 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოპერატიული-ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა ბა-------ის რაიონში, ზუ---- კუ----–---–თან სახლში. როდესაც მივიდნენ ადგილზე დაუძახეს ბრალდებულ ზუ---- კუ----–---–ს, რომელიც მივიდა მათთან, გამომძიებელმა ზა--- გა-------ამ მას განუმარტა თუ რის შესახებ იყვნენ მისულები. ამის შემდეგ ბრალდებულმა ისინი წაიყვანა თავის საკარმიდამო ნაკვეთში სახლის უკან მდებარე სათბურში და ანახა პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალება. მათ ამოიღეს აღნიშნული 27 ძირი მცენარე, დაულუქავი სახით წაიღეს ბა-------ის რაიონულ სამმართველოში, სადაც შემდეგ მოხდა მისი დალუქვა, რომელსაც ესწრებოდა თავად ზუ---- კუ----–---–ი და ჩხრეკაში მონაწილე პირები. აღნიშნულ მცენარეს ეტყობოდა მოვლის კვალი, ზუ---- კუ----–---–ი განმარტავდა რომ ეს უნდოდა ზეთის საწარმოებლად. მოცულობით იყო დიდი, 3 ან 4 მეტრი იქნებოდა სიმაღლეში დაახლოებით. ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ვიდეო კადრები არ უნახავს. მოწმეს არ ახსოვს აღნიშნულ ჩხრეკის ოქმს სად მოაწერა ხელი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საღამოს საათებში გადაქონდათ, დღისა და ღამის გასაყარზე, სამსახურებრივი მანქანით, შეკრული ფორმით, მაგრამ დალუქვის გარეშე. 3 სამსახურებრივი ავტომანქანით იყვნენ მისულები. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და----ი გა-----ამ (ექსპერტი ქიმიკოსი) განმარტა, რომ - 2019 წლის 21 ივლისს შემოვიდა შეტყობინება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბა-------ს რაიონის სამმართველოს გამომძიებლის გა-------ას სახელზე. დადგენილების რეზოლუციის ნაწილში მითითებული იყო შემდეგი სახის კითხვა: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, 27 ძირი მცენარე მიეკუთვნება თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას, დადებით შემთხვევაში რომელს და რას შეადგენს მისი წონა? დადგენილებას თან ახლდა ერთი პაკეტი, თვითონ პაკეტი წარმოადგენდა პოლიეთილენის პარკს, რომლის ბოლო შეკრული იყო თეთრი ფე---ს ზონარით და დალუქული იყო მუყაოს ნაჭერზე ბა-------ის რაიონული სამმართველოს №3---- ლუქის ბეჭდით. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტსა და ლუქს დარღვევა არ აღენიშნებოდა. მუყაოს ნაჭერზე იკითხებოდა ხელნაწე---: „1. ზ. კუ----–---–ი; 2. ვ. ჩა-------–ი; 3. დ. ჭა--------ა; 4. ვ. ჩხ---ე; 5. დ. მშ---–----ე; გამომძიებელი ზ. გა-------ა; სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ზუ---- კუ----–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული 27 ძირი მცენარე. 1---------წ.“ გვარები ხელმოწერილი იყო. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: 27 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე. მცენარეებს გააჩნდათ ფესვები, ღეროები და ფოთლები. მცენარეები შემდგომი გამოკვლევის მიზნით გადაიჭრა პირველი განშტოების დონეზე და აწონილი იქნა ტექნიკურ ელექტრონულ სასწორზე, რომელთა საერთო წონამ შეადგინა 45575 გრამი. ამის შემდეგ მცენარეებიდან აღებული იქნა გარკვეული რაოდენობის სინჯები, რომელიც გამომშრალი იქნა ჯერ ჰაერის ტემპერატურაზე შემდეგ კი თერმოსტატში, შემდეგ ჩატარდა ინსტრუმენტული კვლევა ქრომატომას სპექტრომეტრის ტექნოლოგიის საშუალებით. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 27 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე კანაფს საერთო წონით 45575 გრამს. აღნიშნული მცენარეები დაილუქა 8 პაკეტში და გაიცა მასზე სათანადო დასკვნა №5----- 21 ივლისის და დაუბრუნდა დამნიშვნელ პიროვნებას. ექსპერტმა განმარტა, რომ აქვს აღნიშნულ სამსახურში მუშაობის 25 წლის სტაჟი. ამ რაოდენობის მცენარე კანაფი ექსპერტს პრაქტიკაში არ ჰქონია. მან განმარტა, რომ დალუქულ პაკეტს მიიტანდნენ მანქანით, ალბათ პოლიციელები, მაგრამ არ იცის რომელი მარკის მანქანით. პაკეტი იყო დაახლოებით 3 მეტრო სიგრძის. ექსპერტმა დაითვალა, მცენარე იყო 27 ძირი, მისი თქმით არ არის აუცილებელი, რომ ყველა ძირისთვის სათითაოდ გადაეღო ფოტო, მოაჭრა მათ ფესვი და აწონა შესაბამისად. მან ფოტოსურათი ყველას ერთად გადაუღო. საქმეში არსებულ ფოტოსურათში არ ჩანს მცენარის ფესვები, მაგრამ ექსპერტმა უკვე მოჭრილი ფესვები დალუქა ორ პაკეტად, რაც ჩანს ფოტოსურათზე. მცენარე სიგრძე და სიგანე არ არის აუცილებელი მითითებული იყოს, ექსპერტი ადგენს მხოლოდ წონას, ფესვის გარეშე. მცენარეების ნაწილი იყო 3 მერტი, ზოგო იყო 2 მეტრომდე, ზოგო კი 3 მეტრზე მეტი. საექსპერტო კრიმინალურ სამსახურს აქვს სპეციალური ბიოლოგიური პაკეტები, მცენარე არ ჩაეტია ერთ პაკეტში და განაწილდა 8 პაკეტში. პაკეტის ზომა არის დაახლოებით 1 მეტრო 1 მეტროზე. როდესაც პაკეტი მიიტანეს მათ ის კალიდორში დადეს, სადაც ექსპერტმა გადაუღო სურათები დაათვალიერა, ხომ არ იყო დარღვეული პაკეტის დალუქვის წესი, რის შემდეგაც ექსპერტმა დაიწყო მისი გამოკვლევა, მოაჭრა ფესვები, აწონა ფესვების გარეშე, აიღო სინჯები და ქრომატომას სპექტრომის აპარატში გაატარა სინჯები და გამოიკვლია. ექსპერტმა და---- გა-----ამ მარტომ ჩაატარა ექსპერტიზა. ექსპერტმა ფესვები დალუქა ორ პოლიეთილენის პარკში, დანარჩენი ნაწილები გადანაწილებულია 6 პაკეტში, შესაძლებელია მისი დათვლა. მცენარეში შედის ფესვი, ღერო და ფოთლები, მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, მცენარე რომ მივაკუთვნოთ კანაფს მხოლოდ ეჭრება ფესვები, ფესვის გარეშე ღეროები და ფოთელბი იწონება და არის მცენარე კანაფი. იმ შემთხვევაში, თუ მათი დაცალკავება მოხდება და ფოთლები მოეცლება ის გადის ნედლს მარიხუანაში. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზუ---- კუ----–---–მა (ბრალდებული) განმარტა, რომ - იმ დღეს მთელი დღე გასული იყო სახლიდან, საღამოს მივიდა ჭიშკართან, სადაც დახვდა 2 პოლიციის მანქანა, იყვნენ პოლიციელები და რამდენიმე მეზობელიც, პოლიციელებმა აუხსნეს სიტუაცია რომ მის ეზოში დათესილია ნარკოტიკული ნივთიერება, რაზეც ზუ---- კუ----–---–ი არ დაეთანხმა მათ, მაგრამ პოლიციელებმა უთხრეს, რომ მის სახლში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ბრალდებულმა მიუთითა მათ ეზოს გასასვლელი, ის მარტო ცხოვრობს სახლში და ჰყავს ცხვრები, რომელიც მოსავლელი ჰყავდა, მას გააყოლეს ერთი პოლიციელი და წავიდნენ, დაახლოებით აქვს 40 000 კვ. მიწა, ცხვრები დაამწყვდიეს, შემდეგ მეორე ეზოში ქათმები ჰყავდა ახალი ნაყიდი თავისით შედიოდნენ, მიეხმარა პოლიციელი ქათმებიც დაამწყვდევინა, ერთი საათი ან საათნახევარი დააგვიანდა, რომ მივიდნენ სახლში უკვე მანქანების რაოდენობაც მომატებული იყო ჭიშკართან, რაღაც მწვანე ბალახები ეყარა მანქანაზე, ზუ----ი შევიდა ეზოში, იკითხა თუ რა ხდებოდა, რაღაცეები ვნახეთ და ამას ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენსო უპასუხეს. ბრალდებულმა ისინი დაპატიჟა ყავაზე, შევიდნენ სახლში, მიირთვეს ყავა, ტკბილეული, კონიაკი, მერე უთხრეს, რომ უნდა წამოხვიდე პოლიციაშიო, ზუ----მა უთხრა მოვიწესრიგებ თავს და წამოვალო, არ გინდა მოწესრიგება ნახევარ საათში სახლში მოგიყვანთო. ბრალდებული წაიყვანეს, ჩასვეს ცალკე მანქანაში, მის გვერდით იჯდა ჩხ---ე, რომელმაც ვერ გაიხსენა რითი წაიყვანეს, პოლიციის უფროსის მანქანით, მიიყვანეს პოლიციაში. რაღაცეები დაწერეს იქ, არ იცის რა დაწერეს, შემდეგ უთხრეს რომ ეხლა უნდა წაგიყვანოთ ნარკოლოგიურშიო. ბრალდებულს ნარკოლოგიური გასინჯვის შედეგად არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. შემდეგ ის გადაიყვანეს ე.წ. ,,კაპეზეში“. თუ საიდან ამოიღეს ეს მწვანე მცენარეები ბრალდებულმა არ იცის, არ ყოფილა იმ პროცესში, მან მიუთითა თავისი ეზოს ტერიტორია, სიგრძე და სიგანეც. მხოლოდ ერთ რამეზე მოაწერინეს ხელი - თუ ხარ თანახმა რომ ექსპერტიზამ შეამოწმოსო და მას არაფერი ჰქონდა ეზოში ისეთი დათესილი რამეში შეპარვოდა ეჭვი, განყოფილებაში მოაწერა ამაზე ხელი. მას მანქანებზე დაწყობილი დახვდა ყველაფერი, რა მცენარეები იყო არ იცოდა, ვერ ცნობს მას. დაახლოებით 10 წელია, 8 წელია იმ ადგილას ცხოვრობს, 4 სული ცხოვრობდნენ, მეუღლე საზღვარგარეთ არის, შვილები ხან სოფელში არიან, ხან ქალაქში. ძირითადად 2 წელია მარტო ცხოვრობს, მეუღლე ამერიკაშია 2 წელიწადია. ქუთაისში სამი საცხოვრებელი აქვს, ამ სახლში ძირითადად თვითონ არის და ბავშვებიც მიდიან. სოფლის მეურნეობას ეწევა, ცხოველები ჰყავს და თავად ხედავდა მათ. ეზო აქვს სათიბად, ზამთარში მოჰყავს ბოსტნეული, ზამთრისთვის თესავს მწვანილს, რომ გასაყიდად გაიტანოს. ნაპარნიკევი აქვს და ერთი პარნიკიც აქვს. თავიდან 5 ჰქონდა, მაგრამ მერე დაშალა და გარეთა მწვანილზე მუშაობს ზამთარში. ზაფხულში არ შეუძლია ეზოში მუშაობა, ზაფხულში ფუტკარი ჰყავს და ფუტკართან ერთად ატარებს დიდ დროს. სარწყავი სისტემა აქვს ვინაიდან პარნიკს უნდა მორწყვა, როგორც ჩხ---ემ აღნიშნა ეს ფოთლები არ აქვს, თუ საიდან მოიტანა ეს სიზმარი არ იცის ბრალდებულმა. დაახლოებით 40 000 კვადრატი ეზო აქვს. 2 ბავშვის სახელზეა გაფორმებული, ასევ აქვს ნაყიდი გაუფორმებელი მიწებიც, ვერ მოასწარო გაფორმება, თხილი აქვს გაშენებული ჰექტარნახევარზე, ამ წუთას ერთი მოქმედი პარნიკი აქვს, ცერეცო დათესეს, პარნიკი ცელოფნით არის შეფუთული და ეს ცელოფანი დაზიანებული იყო. პოლიციაში რაიმე ძალადობას, ზეწოლას ან ცემას ადგილი არ ჰქონია. მან მარტო ერთი ხელმოწერა გააკეთა ექსპერტიზაზე. მას ჩვენება არ მიუცია პოლიციაში, ის ჩვენება არ იყო მისი. ბრალდებულს არ უღიარებია დანაშაული და არ იცის ოქმებზე ხელმოწერა საიდან მოვიდა, სათვალის გარეშე ვერ კითხულობს და არ იცის რა დაწერეს და რა არა. ის დაავადებულია საკმაო ხანია, ინვალიდობის პენსიას დაახლოებით 4 წელია ღებულობს, სახსრები კი უფრო დიდი ხანია აწუხებს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 19 ივლისს ჩატარებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომლის მონაწილე პირები იყვნენ: ზუ---- კუ----–---–ი, და---- მშ---–----ე, ლე--- ჭა--------ა, ერ---- ჩხ---ე, ვლ------რ ჩა-------–ი, ირკვევა რომ ზუ---- კუ----–---–ის საცხოვრებელი სახლის უკან საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე სათბურიდან ამოღებულ იქნა, მიწაში ჩარგული მძაფრი სუნის მქონე, მომწვანო ფერის დაკბილულ ფოთლებიანი 27 (ოცდაშვიდი) ძირი მცენარე, რომელიც დაილუქა ლუქის ბეჭედი 3---- ერთ პაკეტად, გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი, ჩხრეკის დაწყებამდე ზუ---- კუ----–---–ს წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ და წინადადებაზე ნებაყოფლობით წარმოედგინა დასაძებნი ობიექტი ,,კანაფი“, ზუ---- კუ----–---–მა განაცხადა თანხმობა და განმარტა, რომ საცხოვრებელ სახლის ეზოში მდებარე სათბურში დარგული ჰქონდა მცენარე კანაფი, რომელსაც წარმოადგენდა ნებაყოფლობით, რის შემდეგაც მისივე მითითებით სათბურიდან ამოღებული იქნა 27 (ოცდაშვიდი) ძირი მცენარე. ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში, რის შედეგადაც სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. (ტომი 1. ს.ფ.15-20).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 19 ივლისის №8----- ზუ---- კუ----–---–ის მიმართ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ზუ---- კუ----–---–ი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. (ტომი 1. ს.ფ. 48).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 21 ივლისის №5----- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ოცდაშვიდი (27) ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე კანაფს საერთო წონით - 45575 გრამს. (ტომი 1. ს.ფ. 63-66).

 

4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.

 

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).

 

„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).

 

აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ზუ---- კუ----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ ზუ---- კუ----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ზუ---- კუ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა ზუ---- კუ----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზუ---- კუ----–---–ის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვა და მოყვანის განხორციელების ფაქტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად მტკიცებულებას წარმოადგენს ჩხრეკის ოქმი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის) და მოწმეთა (პოლიციელთა) ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით ზუ---- კუ----–---–ის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებებთან არ დასტურდება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).

 

მოწმეთა ჩევნებების შეფასების დროს გასათვალისწინებელია, რომ პოლიციელების ჩვენებები არ არის განმტკიცებული ჩხრეკის ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ადგილზე დაილუქა და დალუქულ მდგომარეობაში იქნა გადატანილი ბა-------ის რაიონულ სამმართველოში. პოლიციელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ჩხრეკის ოქმს. კერძოდ, ზ. გა-------ას ჩვენება: ,,ჩხრეკის ოქმი შედგა ბრალდებულის საცხოვრებელ ეზოში. მცენარის ადგილზე დალუქვა ვერ მოხერხდა მისი ზომებიდან გამომდინარე, ბრალდებულის თვალწინ ის გადატანილი იქნა ბა-------ის რაიონულ სამმართველოში, სადაც დაილუქა ერთ პაკეტად და შემდეგ გაიგზავნა ექსპერტიზაზე’’. ე. ჩხ---ის ჩვენება: ,,გადაიტანეს ბა-------ის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც დალუქული იქნა’’. ვ. ჩა-------–ის ჩვენება: ,,ამის შემდეგ კანაფი იქნა ამოღებული და დალუქული ბრალდებულის თანდასწრებით. კანაფის დალუქვას ესწრებოდა მოწმე და დალუქვა მოხდა სამმართველოში’’. ლ. ჭა--------ას ჩვენება: ,,აღნიშნული მცენარის დალუქვა ადგილზე ვერ მოხერხდა, და გადატანილ იქნა ბა-------ი რაიონის პოლიციის სამმართველოში და იქ მოხდა მისი დალუქვა, პოლიციის თანამშრომლებისა და ზუ---- კუ----–---–ის თანდასწრებით. მცენარეების გადატანა მოხდა, სამსახურებრივი ავტომობილებით, სამი პიკაპით. ჩხრეკის ოქმი ადგილზე შედგა, რაზედაც მოწმემ მოაწერა ხელი. მას ზუსტად არ ახსოვს სად მოხდა მცენარეების დალუქვა.’’ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პოლიციელებს დეტალურად, რომ არ ახსოვდეთ მათ მიერ ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობა, ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე 27 ძირი კანაფის დალუქა თუ სად მოხდა, ეს არ წამოადგენს უმნიშვნელო საკითხს, რომელიც ობიექტურად შეიძლება მოწმეს გამორჩეს მხედველობიდან. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, ზუ---- კუ----–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩხრეკის ოქმი და პოლიცილეთა ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. ზუ---- კუ----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქმის განხილვისას აუცილებელია არაა მტკიცებულებათა სიმრავლე. მთავარია მტკიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდებულის მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებების სიძლიერე ამყარებს ძირითად მტკიცებულებებს. (იხ. Horncastle and others v United Kingdom).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, ჩხრეკა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ არსებობს გარკვეული ეჭვი ამ მტკიცებულებათა (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის) შენახვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით. მტკიცებულება, რომლის რელევანტურობაც ეჭვს იწვევს არ შეიძლება სასამართლომ ჩათვალოს სარწმუნო მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის შენახვის, დაკარგვისა და ნიშანთვისების შეცვლის ეჭვი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ ზუ---- კუ----–---–მა ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუ---- კუ----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ---- კუ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

2. გაუქმდეს ზუ---- კუ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ზუ---- კუ----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. ზუ---- კუ----–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1. 27 (ოცდაშვიდი) ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი წონით - 45575 გრამი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ბა-------ის რაიონულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე