გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.11.2019
საქმის ნომერი
180210018002656018
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/803-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ა--------ი“

დირექტორი - გ--------------ე

წარმომადგენლები - თ------------------ე, გ---–--–----ე

 

მოპასუხე - დ--–-----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე დ--–-----------–----–--------------ას მოსარჩელე შპს „ა--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 30 550.20 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე დ--–-----------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ა--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 9-7 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის, იურიდიული მომსახურების საფასურის 9-7 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

დ--–----ს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე NAT-1--------, CPV-7------- - საინჟინრო მომსახურებები, ქ. დუშეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობას იღებდა შპს ,,ა--------ი’’, რის შემდეგაც 2018 წლის 13 აპრილს დ--–----ს მუნიციპალიტეტსა (ს/კ 2--------) და შპს „ა--------ს“ (ს/კ 2--------) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულება; ხელშეკრულების საგანი იყო ქ.დუშეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (შესყიდვის საშუალება-ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სატენდერო განცხადების ნომერი NAT-1--------, კლასიფიკატორის კოდი CPV-7-------), ხოლო ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 30 550.20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნულ ხელშეკრულებაში მომსახურების მიწოდების ვადად მითითებული იყო 30 კალენდარული დღე (2018 წლის 14 მაისი), თუმცა დ--–----ს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი NAT-1-------- სატენდერო დოკუმენტაციით გასაწევი მომსახურების ვადად განსაზღვრული იყო ჯამში 140 კალენდარული დღე, კერძოდ, საპროექტო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალების მე-2 თავით (მომსახურების გაწევის ეტაპობრიობა და ვადები) გათვალისწინებულია შემდეგი ვადები: I ეტაპის ვადა - საძიებო სამუშაოები და საპროექტო პირობების პირველადი შეფასებისთვის შეადგენდა 20 კალენდარულ დღეს, II ეტაპი -ობიექტის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება- 40 კალენდარულ დღეს და III ეტაპი - საბოლოო ტექნიკური დიზაინის დამუშავება და ექსპერტიზა - 80 კალენდარულ დღეს.

 

2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, რაც იყო ტექნიკური ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში შპს „ა--------ის“ დირექტორმა მიმართა დ--–----ს მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც მიიღო ზეპირსიტყვიერი თანხმობა, რომ ხარვეზი გამოსწორდებოდა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც 2018 წლის 02 მაისს მოსარჩელე მხარემ ოფიციალურად მიწერა დ--–-----------–----–--------------ას #9- შესყიდვების ხელშეკრულებაში ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, თუმცა არც ოფიციალურ წერილს მოჰყოლია რაიმე სახის გამოხმაურება დ--–-----------–----–--------------ის მხრიდან. ამის შემდეგ 2018 წლის 15 მაისს შპს „ა--------ის“ მიერ მოხდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სპორტული კომპლექსის ა--------ტურული პროექტის დ--–-----------–----–--------------ისთვის წარდგენა, რომელსაც ასევე ერთვოდა წერილი ხელშეკრულებაში ტექნიკური შეცდომის გამოსწორების თაობაზე, თუმცა არც აღნიშნულს მოჰყოლია რეაგირება მოპასუხე მხარის მიერ. პირიქით, 2018 წლის 11 ივლისს დ--–-----------–----–--------------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული იქნა გაფრთხილების წერილი N(0-------), რომლითაც შპს „ა--------ს“ შეატყობინეს, რომ 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული N9- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით, თუმცა, ხელშეკრულების დადებიდან გასული იყო 88 დღეზე მეტი და შპს „ა--------ის“ მიერ ნაკისრი ვაკლდებულებები შესრულებილი არ იყო. დ--–-----------–----–--------------ამ გააფრთხილა მოსარჩელე, რომ 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით შპს „ა--------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად მოხდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა წერილის შინაარსს, ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 16 ივლისს დ--–----ს მუნიციპალიტეტში წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ნაწილი, კერძოდ, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია: ა--------ტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, ელ-მომარაგების ნაწილი, წყალი-კანალიზაცია, ვენტილაციის პროექტი, გათბობის პროექტი, მშენობლობის ორგანიზაცია, ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია (რომელზეც მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტი). 2018 წლის 16 ივლისის შპს „მ–-------------ს“ მიერ დ--–----ს მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებაზე შპს „მ–--------------“ დაასრულა საექსპერტო მომსახურება და შესაბამისად, ზემოთაღნიშნულს თან ერთვოდა დადებითი საექსპერტო შეფასებები. ამასთან, მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ნაწილზე არ იყო გაცემული დადებითი დასკვნა, რადგან მიმდინარეობდა შუალედური დასკვნით გათვალისწინებული ხარვეზის შესწორება. დოკუმენტაციას თან ერთვოდა შპს „მ–-------------ს“ წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენიდან 3 კალენდარულ დღეში შპს „მ–-------------ს“ მიერ გაცემული იქნებოდა დადებითი საექსპერტო შეფასება. სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისთვის შპს „ა--------სს“ წარდგენილი ჰქონდა შპს „მ–-------------სთვის“ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და ელოდებოდა საექსპერტო დასკვნას, თუმცა ვინაიდან დ--–-----------–----–--------------ის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით დ--–-----------–----–--------------ასა და შპს „ა--------ს“ შორის შეწყდა ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9-) შპს „მ–--------------“ აღარ გასცა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული შპს ,,ა--------ის’’ მიერ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის პოზიციით, დ--–-----------–----–--------------ამ ქ.დ--–----ს სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT-1--------. აღნიშნულ ტენდერში ატვირთული იყო ტექნიკური დავალება საპროექტო სამუშაოებისათვის. ტექნიკური დავალების მე-2 თავის მიხედვით, მომსახურების გაწევა და ვადები იყოფა ოთხ ეტაპად; აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან უგვიანესი ვადა 80 კალენდარული დღეა და არა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 140 დღე; ამასთან, დ--–----ს მუნიციპალიტეტსა და შპს „ა--------ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულება, რომლითაც დაზუსტდა ხელშეკრულების ვადა, ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე. ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „ა--------ის“ წარმომადგენელი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და მოაწერა კიდეც ხელი ხელშეკრულებას, თუმცა მიმწოდებელმა არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 30 კალენდარული დღის ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უფრო მეტიც, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული 80 დღიანი ვადაც გავიდა ისე, რომ მომწოდებელს შემსყიდველისთვის არ წარუდგენია შპს „მ–-------------ს“ მიერ გაცემული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შპს ,,მ–-------------ს“ 2018 წლის 17 ივლისის წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ა--------ის“ მიერ ხარჯთაღრიცხვის წარდგენიდან 3 კალენდარულ დღეში გაიცემოდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად დადებითი დასკვნის გაცემას. მოსარჩელე მხარეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც დ--–-----------–----–--------------ამ ცალმხრივად შეუწყვიტა #9- ხელშეკრულება. შესაბამისად, შპს „ა--------ის“ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2018 წლის 13 აპრილს დ--–----ს მუნიციპალიტეტსა (ს/კ 2--------) და შპს „ა--------სს“ (ს/კ 2--------) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ქ. დ--–----ს სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 30 550.20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #9- ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 34-39);

- სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები (ტ.1. ს.ფ. 27-31)

 

3.1.2. შპს ,,ა--------ის’’ მიერ მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებით:

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეკომენდაცია ტ.1. ს.ფ. 73;

- შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ტ.1. ს.ფ. 75;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები ტ.1. ს.ფ. 76-82;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.2.1. დ--–----ს მუნიციპალიტეტსა და შპს „ა--------ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე (2018 წლის 14 მაისის ჩათვლით);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #9- ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 34-39);

3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური დავალების მიხედვით მომსახურების მიწოდების ვადა იყო 80 დღე, ნაცვლად 140 დღისა, რაც მათ მიერ არასწორად იქნა დაანგარიშებული. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელმაც;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ტექნიკური დავალება საპროექტო სამუშაოებისთვის ტ.1. ს.ფ/ 40-63;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. 2018 წლის 02 მაისს მოსარჩელე მხარემ ოფიციალურად მიწერა დ--–-----------–----–--------------ას #9- შესყიდვების ხელშეკრულებაში მიწოდების ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, რასაც დ--–----ს მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება წერილობითი სახით არ მოჰყოლია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ა--------ის“ 2018 წლის 02 მაისის წერილი #1---- წერილი (ტ.1. ს.ფ 64) ;

 

3.2.4. 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელე მხარემ დ--–-----------–----–--------------ას წარუდგინა სპორტული კომპლექსის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავებული პროექტი, ამასთან დამატებით წერილობით აცნობა #9- შესყიდვების ხელშეკრულებაში მიწოდების ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, რასაც დ--–----ს მუნიციპალიტეტის მხრიდან არც ამჯერად მოჰყოლია წერილობითი ფორმით რეაგირება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ა--------ის“ 2018 წლის 15 მაისის წერილი #1---- წერილი (ტ.1. ს.ფ 65-66) ;

 

3.2.5. 2018 წლის 04 ივლისს შპს მ–-------------ს მიერ შპს ,,ა--------ის‘’ მხრიდან წარდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული იქნა შუალედური დასკვნა შენიშვნებით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შუალედური ინსპექტირების ანგარიში (ტ.1. ს.ფ. 150-163);

3.2.6. 2018 წლის 11 ივლისს დ--–----ს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული იქნა გაფრთხილების წერილი N(0-------), რომლითაც შპს „ა--------ს“ შეატყობინეს, რომ მათ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული N9- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ 2018 წლის 14 მაისის ჩათლით. წერილის თანახმად, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით შპს „ა--------ის“ მიერ შესრულებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად მოხდებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--–-----------–----–--------------ის 2018 წლის 11 ივლისის #0------- წერილი (ტ.1. ს.ფ 67);

 

3.2.7. 2018 წლის 16 ივლისს შპს ,,ა--------ის’’ მიერ დ--–-----------–----–--------------აში წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ნაწილი, კერძოდ, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულების პირობების თანახმად წარადგინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია: ა--------ტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, ვენტილაციის ნაწილი, ელ-მომარაგების ნაწილი, გათბობის ნაწილი, მშენობლობის ორგანიზაცია, ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია, რის საფუძველზეც ითხოვა მიღება- ჩაბარების აქტის შედგენა;

თავის მხრივ, შპს ,,მ–--------------“ 2018 წლის 16 ივლისის #3--------- წერილით აცნობა დ--–-----------–----–--------------ას, რომ შპს ,,ა--------ის’’ წერილის #19/19 (18.06.2018) საფუძველზე ქ. დუშეთში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებაზე საექსპერტო მომსახურება დასრულებული იყო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ა--------ის“ 2018 წლის 16 ივლისის #2---- წერილი (ტ.1. ს.ფ 68);

- შპს ,,მ–-------------ს“ 2018 წლის 16 ივლისის #3--------- წერილი (ტ.1. ს.ფ 69);

- შპს ,,მ–-------------ს’’ 2018 წლის 17 ივლისის #3---------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 73)

- ინსპექტირების ანგარიში პროექტის ა--------ტურულ ნაწილზე (ტ.2.ს.ფ 50-61);

- ინსპექტირების ანგარიში- საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება (ტ.1. ს.ფ 176-193);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.8. დ--–-----------–----–--------------ის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით 1-----: დ--–----ს მუნიციპალიტეტსა და შპს „ა--------ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს დადებული N9- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 19 ივლისის #1----- ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #9- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ტ.1. ს.ფ 70);

- წერილი შპს ,,ა--------ის’’ დირექტორისადმი ტ.1. ს.ფ. 71;

 

3.2.9. შპს ,,ა--------ის’’ მიერ გასწორებული პროექტის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შპს ,,მშენ-ექსპერტს’’ გაეგზავნა 2018 წლის 24 ივლისს, თუმცა ექსპერტიზის წარმოება ხარჯთაღრიცხვის ნაწილში არ განხორციელებულა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ–--------------’’ 2018 წლის 19 ოქტომბრის წერილი #5-------- (ტ.2. ს.ფ. 3-6);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა მოწმე გ-----------------ე, რომლის განმარტებით, შესყიდვების #9- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ა--------ტურული ნაწილი მისი შესრულებულია. იგი დაწვრილებით გაეცნო ელექტრონული აუქციონის პირობებს, სადაც სამუშაოს მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო ოთხი ეტაპი, რომლის დაჯამებაში მხარემ დაუშვა შეცდომა და ნაცვლად 80 დღისა ითვლიდნენ 140 დღეს; ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს აღმოჩნდა, რომ ხელშერულების შესრულების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, რაც იყო ხარვეზი, რადგან ასეთ მოკლე ვადებში მსგავსი სამუშაოს შესრულება არ ხდება; მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა საშუალება მაშინვე სრულად გაცნობოდა ხელშეკრულებას დაწვრილებით და ვინაიდან მხარეებს არ სურდათ ტენდერის ჩაშლა, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა იმ დღესვე; მოწმის განმარტებით, როდესაც დაბრუნდა თბილისში დ--–----დან, კიდევ ერთხელ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და როცა აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულებაში მომსახურების მიწოდების ვადად მითითებული იყო 30 დღე, იმავე დღეს დაურეკა დ--–-----------–----–--------------ას საკითხის გასარკვევად, თუმცა პასუხი არ უცნობებიათ; ამის შემდეგ მოსარჩელე მხარემ ოფიციალური წერილებით მიმართა მოპასუხე მხარეს, რაზეც ასევე არ გაუციათ წერილობითი პასუხი, იყო მხოლოდ ზეპირი დაპირებები ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში არ შესრულდა მერიის მხრიდან; აღნიშნულმა გარემოებამ მხარეებს შორის წამოშვა დაძაბულობა და უკმაყოფილება. მოწმის განმარტებით, როდესაც შეხვდა დ--–-----------–----–--------------ის მხრიდან მიმდინარე პროექტზე პასუხისმგებელ პირს, ხელშეკრულების მიწოდების ვადა უკვე გასული იყო; შპს ,,ა--------ის“ წარმომადგენლობამ დ--–----ს მუნიციალიტეტის მერიას დაუსახელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის სავარაუდო ღირებულება, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 2 000 000 ლარს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მერიისთვის, რადგან მათ მიმდინარე პროექტისთვის გათვალისწინებული ჰქონდათ 400 000 ლარის ოდენობით თანხა, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციას. მათ ვერ გათვალეს ხარჯები, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დ--–-----------–----–--------------ა ხელშეკრულებას გადახედავდა, შპს ,,ა--------ი“ გადაიხდიდა ვადაგადაცილებისთვის დაკისრებულ მინიმალურ ჯარიმას და მოსარჩელე, თავის მხრივ, მაქსიმალურად შეამცირებდა ხარჯებს; ამ პირობების გათვალისწინებით შპს ,,ა--------ი’’ აგრძელებდა პროექტზე მუშაობას. მოწმის განმარტებით, მუშაობის პროცესში მუდმივად ხდებოდა ხელის შეშლა სხვადასხვა მიზეზით, რჩებოდა წარმოდგენა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა თანხა და არ სურდათ რეალურად აღნიშნული პროექტის დასრულება, ამასთან მუშაობის პროცესში მუდმივად იყო იმის განცდა, რომ ხელშერულების პირობები შეიცვლებოდა; საბოლოოდ, მოპასუხე მხარემ შპს ,,ა--------ი“ მოატყუა, არ შეასწორა მომსახურების მიწოდების ვადა და შეუწყვიტა ხელშეკრულება; მოწმის განმარტებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ა--------ტურული პროექტი შედგება 7 ნაწილისგან, მის მომზადებაში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დღემდე ელოდებიან ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან, მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ა--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 52-ე, 115-ე, 316-319-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 629-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს მხარეებს -დ--–----ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,არქტიტექს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #9- ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მომსახურების მიწოდების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე (2018 წლის 14 მაისი);

 

6.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მითითებული ვადა თავიდანვე იყო ხარვეზიანი, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე მისი შესრულება შეუძლებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში შეთავაზებულ და ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ვადებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურ დავალებაში მიწოდების ვადები დაყოფილი იყო 4 ეტაპად და ჯამში დასახელებული ვადა შეადგენდა 80 დღეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოსარჩელე მხარემაც და მოწმემაც, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ არასწორად იქნა დაჯამებული დღეები და მერიისადმი მიწერილ წერილებში არასწორად მიუთითეს 140 დღე 80-ის ნაცვლად, რაზეც მოპასუხის მხრიდან წერილობითი შეტყობინება არ მიუღიათ. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისთვის 80 დღის შესახებ ცნობილი გახდა სწორედ სასამართლო პროცესზე, მაშინ როცა აღნიშნულის გარკვევას შპს ,,ა--------ი’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე ცდილობდა. ამასთან, მერიის წარმომადგენლის განმარტება, რომ ტექნიკურ დავალებაში საკმარისად ნათლად იყო მითითებული მიწოდების ვადები და მერიამ არ ჩათვალა საჭიროდ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების მიცემა მოსარჩელისთვის იმ პირობებში, როდესაც ზეპირსიტყვიერად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვადების დაზუსტებასთან და სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენასთან დაკავშირებით, სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ მოპასუხე მხარე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, ვინაიდან მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო შპს ,,ა--------ის’’ წარმომადგენლების მხრიდან ვადების არასწორად დაანგარიშების ფაქტი; შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში მიწოდების ვადასთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის გამოსწორებასაც დ--–----ს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ჰპირდებოდა მოსარჩელე მხარეს, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური წერილობითი პასუხი მოსარჩელე მხარისთვის არ გაუცია; შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების განხორციელების გონივრული მოლოდინი და სწორედ ამ მოტივით ის აგრძელებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაში ის, თავის მხრივ, შეწყვეტდა ხელშეკრულებას ნაკისრი ვალდებულების მითითებულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მოტივით; თუმცა სწორედ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დ--–-----------–----–--------------ის წარმომადგენლობის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაპირებას, რომ დარჩებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე შევიდა კანონიერ ნდობაში მოპასუხე მხარესთან; ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ერთთვიანი ვადა (2018 წლის 14 მაისი) იყო ხარვეზი და საჭიროებდა გამოსწორებას, დასტურდება როგორც სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, ასევე მოსარჩელის მიერ გაგზავნილი წერილებით მერიისადმი, სადაც ეს უკანასკნელი მოითხოვდა ცვლილების შეტანას ხელშეკრულებაში. აღნიშნულს ითვალისწინებდა კიდევ #9- ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. მოსარჩელე მხარემ იმოქმედა ხელშეკრულების დასახელებული პირობის შესაბამისად, მაშინ როცა დ--–----ს მუნიციპალიტეტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზეპირი დაპირებებით, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა მათი მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზეც, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი, არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“; სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები. „კეთილსინდისიერების ზემოთაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანად შესრულებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე Nას-1338-1376-2014);

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, კეთილსინდისიერების პრინციპი მხარის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს; შესაბამისად, იგი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას. ეს პრინციპი მოუწოდებს ხელშეკრულების მხარეებს- ურთიერთვალდებულებები შეასრულონ კეთილსინდისიერად, ურთიერთნდობისა და რწმენის საფუძველზე; ,,კეთილსინდისიერების ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი შედეგების დადგომა და ამასთან, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილება, რითაც მიღწეულ უნდა იქნას სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე (უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის #ას-23-18-2011 განჩინება);

 

6.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა რეალური ურთიერთვალდებულებანი უნდა განისაზღვროს და განიმარტოს არა მხოლოდ გარიგების ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზით, არამედ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ყველა გარემოების ერთობლივი შეფასების შედეგად. ამგვარი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესი და მისი მხრიდან მუდმივი მოლაპარაკებების მთავარ საფუძველს მიწოდების ვადების გაზრდასთან დაკავშირებით წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება და მომსახურების მიწოდება; აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ დ--–----ს მუნიციპალიტეტის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებისადმი ინტერესის დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხე მხარემ სასამართლოში ვერ შეძლო;

 

სახელმწიფო შესყიდველის შესახებ #9- ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, ,,შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება ,,მიმწოდებლისთვის’’ ვალდებულების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ: თუ ,,მიმწოდებელს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი, ასევე თუ ,,მიმწოდებელს’’ არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა მიწოდების ვადის პერიოდში შემსყიდველს უნდა წარუდგინოს მზა პროექტები ეტაპობრივად, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შპს ,,მ–-------------ს’’ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ მერიის მხრიდან განსაზღვრულ დამატებით ვადაში შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, 2018 წლის 16 ივლისს გასწორებულ პროექტზე შპს ,,მ–-------------ს’’ მიერ გაიცა დადებითი საექსპერტო დასკვნა, გარდა პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილისა, რომელზეც საბოლოო დასკვნა წარდგენილი იქნებოდა უმოკლეს ვადებში, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სავარაუდოდ იქნებოდა 2018 წლის 24 ივლისიდან დამატებით სამი დღე, რაც არ შეიძლება გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის და შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი; დასახელებული არგუმენტის სათანადო დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადასტურება მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლის 19 ივლისს დ--–-----------–----–--------------ის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის არგუმენტით ,,მ–--------------’’ თავის მხრივ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე არ გასცა შესაბამისი დასკვნა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ა--------ი’’ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად უწყვეტად ასრულებდა სამუშაოებს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად და ჰქონდა საფუძვლიანი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებაში მითითებული 30 დღიანი ვადა არ იქნებოდა მხედველობაში მიღებული მოპასუხე მხარის მიერ, ამასთან, ის თანახმა იყო ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაეხადა კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა, დ--–----ს მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით, მხარის მიერ უფლების მართლზომიერად განხორციელების ფარგლებს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ--–-----------–----–--------------ამ დაკარგა ინტერესი შესრულების დარჩენილი ნაწილის მიმართ, ვინაიდან მათ სწორედ ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში სურდათ მომსახურების მიღება. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მითითებული საფუძვლით ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობაში მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე მართლზომიერად არ მიიჩნევა მოვალის მიერ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების სამოქალაქო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევის პირობებში, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები კი არ არის დარღვეული, არამედ ე.წ. „განსაკუთრებული გულისხმიერების” სტანდარტი, რომელიც მართალია, სახელშეკრულებო პირობა არ არის, თუმცა, სამოქალაქო სამართლის სუბიექტის კანონისმიერი ვალდებულებაა. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის დარღვევა, თუ იგი შედეგობრივად სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების არსებით დარღვევას არ იწვევს, რაც კრედიტორის ხელშეკრულებიდან გასვლის უპირობო კანონისმიერი უფლებაა, არ იძლევა ხელშეკრულებიდან გასვლის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის კონტექსტში კი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა როგორც ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში (30 დღე), ასევე ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში (80 დღე), ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მერიამ შპს ,,ა--------ს’’ დაუდგინა დამატებითი ვადა - 11 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით, რა ვადაშიც კომპანიამ უზრუნველყო სამუშაოს ძირითადი ნაწილის შესრულება. აქ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, თუ როდის ეცნობა მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების პირობების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ და ამ შეტყობინების მიღებიდან რა დროში უზრუნველყო ამ უკანასკნელმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელემ მერიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში შეასრულა ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც მერიას მიღებული ჰქონდა დადებითი დასკვნები, და დარჩენილი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ნაწილი - რისი მიღებაც შეუძლებელი გახდა სწორედ მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შპს ,,ა--------ი’’ სრული მოცულობით შეძლებდა ვალდებულების შესრულებას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებათა შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები დასაბუთებულია. მოპასუხე მხარემ ვერც შესაგებელში და ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ შეძლო სარჩელში მოცემული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება, მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად არაერთი წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხე მხარემ ოფიციალური წერილი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ არ მიაწოდა მოსარჩელეს, მაშინ, როცა მათთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ ვადების არასწორად დათვლის ფაქტი (80 დღის ნაცვლად 140 დღე) და მათი მოლოდინი ხელშეკრულებაში ცვლილებასთან დაკავშირებით სწორედ ამ ვადებს ითვალისწინებდა. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია პრეტენზია მოსარჩელე მხარისთვის; საქმის მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ დ--–-----------–----–--------------ისთვის ცნობილი იყო შპს ,,ა--------ის“ მიერ პროექტზე უწყვეტად მუშაობის ფაქტი. იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის მერიამ გაითვალისწინა არა ხელშეკრულებაში მოცემული 30 დღიანი ვადა, არამედ ტექნიკურ დავალებაში ასახული 80 დღე და სწორედ 88 დღის გასვლის შემდეგ გააფრთხილა მოსარჩელე მოსალოდნელი ზომების შესახებ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მხარეებს შორის მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხელშეკრულებაში არსებული მიწოდების ვადის შესწორებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოო ჯამში გახდა ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის განმაპირობებელი, თუმცა აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პარალელეურად შპს ,,ა--------ი’’ აგრძელებდა სამუშაოებს და მათი მხრიდან ვალდებულების შესრულებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ დასტურდება; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დ--–-----------–----–--------------ას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება- თანხის გადახდა;

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 9-7 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის - 9-7 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული, რეალურად გადახდილი თანხის (ფაქტობრივად გაწეული ხარჯის) და არა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, მხარემ უნდა დაადასტუროს ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად, მოპასუხე დ--–-----------–----–--------------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის - 9-7 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 259--ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ა--------ის“ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. დ--–-----------–----–--------------ას (ს/კ 2--------) მოსარჩელე შპს „ა--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N9- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 30 550.20 ლარის ოდენობით.

1.2. დ--–-----------–----–--------------ას (ს/კ 2--------) მოსარჩელე შპს ,,ა--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 9-7 ლარის და სასამართლოს გარეშე ხარჯის, იურიდიული მომსახურების საფასურის 9-7 ლარის ანაზღაურება.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა