გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----1-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „თ--–---“
წარმომადგენელი - ზ---- ბ-----ა
მოპასუხე - შპს „C----------- S------”
წარმომადგენლები - ნ----ა ბ-----–---–ი, ლ---- კ------–--ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „C----------- S------"-ისათვის სს "თ--–---ს" სასარგებლოდ დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო საუშაოების დანახარჯის - 1044,50 ლარისა და დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მიერ ელ. ენერგიის მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელ.ენერგიის გამო, მიუღებელი შემოსავლის - 352,59 ლარის, საერთო ჯამში 1397,09 ლარის დღგ-ს გარეშე ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 201- წლის 17 ივლისს თ---–--ში, კ----------ას ქუჩის მიმდებარედ, შპს „C------------ S------"-ის მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების დროს, მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაზიანებული იქნა 6კვ-იანი საკაბელო ტრასა ს/ქ-0----0---. დაზიანებული ელ. კაბელი აღდგენილი იქნა 201- წლის 20 ივლისს, შპს „ყ--------------თ---–--ის" მიერ გამანაწილებელი ქსელის აღდგენის შემდეგ.
201- წლის 25 ივლისის №2-- ხარჯთაღრიცხვისა და 201- წლის 31 ივლისის №8--1- გაანგარიშების თანახმად, სს „თ--–---ს“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 1044,50 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელ.ენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 20,99 ლარი დღგ-ს გარეშე და საერთო ჯამში 1065,49 ლარი დღგ-ს გარეშე.
201- წლის 17 ოქტომბერს თ---–--ში, კ----------ას ქუჩის მიმდებარედ, შპს „C------------ S------"-ის მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების დროს, ხელმეორედ დაზიანებული იქნა იგივე 6კვ– იანი საკაბელო ტრასა ს/ქ-0----0---. დაზიანებული ელ. კაბელი აღდგენილი იქნა თვით დამზიანებლის შპს „C------------ S------"-ის მიერ. 201- წლის 29 ოქტომბრის №1---1- გაანგარიშების თანახმად, დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელ.ენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 331,60 ლარი დღგ-ს გარეშე.
სს „თ--–---ს“ საექსპლოატაციო რაიონის უფროსი ოსტატის და სამხარაძის 14.09.201- წლის №----------- წერილით, ირკვევა, რომ 201- წლის 17 ივლისს კ----------ას ქუჩაზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დაწყების შესახებ შპს „C------------ S------"-ის შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
საქართველოს მთავრობის 2--------- წლის №3---ე დადგენილების თანახმად, შპს „C------------ S------"-ს არ გამოუთხოვია ინფორმაცია სამუშაო არეალში არსებული ელ. კაბელების მდებარეობის შესახებ და არ მიუღია წერილობითი თანხმობა ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამუშაოების წარმოებაზე. ამასთან, მოპასუხეს გრუნტის დამუშავება მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების უშუალო სიახლოვეს უნდა ეწარმოებინა მხოლოდ მიწისქვეშა ნიჩბებით და მკვეთრი დარტყმების გარეშე და აღნიშნული წესების დაცვის შემთხვევაში აცილებული იქნებოდა მიყენებული ზიანი. შპს „C------------ S------"-ის მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2--------- წლის №3-- დადგენილების და 2013 წლის 17 დეკემბრის №3-- დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ელ. კაბელის დაზიანება, სამუშაოების წარმოებისას მოქმედებდნენ გაუფრთხილებლად და მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
შპს „C------------ S------"-ს გაეგზავნა შეტყობინებები სს "თ--–---ს" მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, თუმცა მოპასუხეს ზიანი არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხე არ უარყოფს კაბელების დაზიანების ფაქტს, შპს „C----------- S------"-მა დაზიანებამდე არაერთხელ სცადა დაედგინა თუ სად გადიოდა სს „თ--–---ს“ საკაბელო ტრასა და ასევე მოეხდინათ რეაგირება წერილებზე, რომლითაც მოპასუხე მოთხოვდა მოსარჩელის კუთვნილი გამტარების გადაეტანასა და სამშენებლო ნიშნულებიდან მოცილებას. მხარეებს შორის არსებობდა სატელეფონო კომუნიკაცია.
სამუშაოების დაწყებისთანავე (სამუშაოები იწყება მიწის მომზდებით) აღმოჩნდა, რომ მისწისქვეშ გადიოდა ქსელები. მოპასუხემ შეატყობინა ყველა სავარაუდო კომუნიკაციის მფლობელ კომპანიას. შპს „C----------- S------" თ---–--ის მერიის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის მონაწილე და გამარჯვებული კომპანიაა, რომელსაც უფლებები და ვალდებულებები განესაღვრება მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციით, დამტკიებული ხარჯთაღრიცხვით და პროექტით, სადაც არამც თუ სს „თ--–---ს“, არამედ არცერთი საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, გადაწევა ან მოვლა/პატრონობა არ იყო გათვალისწინებული, არც ცნობილი ან განფასებული, აქედან გამომდინარე, შპს „C------------ S------" არ არის სათანადო მოპასუხე.
მოპასუხემ მოსარჩელეს არაერთხელ სთხოვა სამუშაოების ადგილზე წარმომადგენლის გამოგზავნა., რათა მოქმედი გამტარები დაედგინათ. მოსარჩელის წარმომადგენლები ორჯერ გამოცხადნენ შესაბამის ადგილზე არასათანადო აღჭურვილობით. მათ ვერ შეძლეს დაედგინათ რომელი იყო მათი კუთვნილი კაბელი. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანისაგან თავის არიდების მიზნით მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებოლად შეეჩერებინა სამუშაოები.
მოსარჩელის კუთვნილი საკაბელო ტრასა აშენებული იყო წესების დარღვევით, ვინაიდან, მიწისქვეშა მაღალი ძაბვის გამტარამდე აუცილებელია იყოს მიწის სამუშაოების შესაჩერებელი სასიგნალო ლენტი, რომელიც სამუშაოთა მწარმოებელს აფიქრებინებს, რომ ნიშნის ქვევით სავარაუდოა მაღალი ძაბვის გამტარის არსებობა. სასიგნალო ლენტი ასევე მიანიშნებს ნებისმიერ სუბიექტს, რომ მის სიახლოვეს ნებისმიერი შემხებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს. აქედან გამომდინარე, საკაბელო ტრასის ყველა წესის დაცვით აშენების შემთხვევაში, შესაძლოა ზიანი/ზარალის ფაქტიც არ დამდგარიყო.
№3-- დადგენილების შესაბამისად, აუცილებელი იყო მიწისქვეშა ტრასის გასწვრივ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის აღმნიშვნელი ბოძებისა და დამატებითი ფინრნიშიანი ბიძების არსებობა, რაც მოსარჩელეს არ ჰქონია დაცული და რაც ნებისმიერი შემსრულებლის ბრალეულობას გამორიცხავდეს უნდა გამორიცხავდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხაზოვანი ობიექტი საკადასტრო კოდით 01.01.479, ელექტროგადამცემი ხაზი, 6-10 კვ საკაბელო ხაზი, ობიექტის სიგრძე 1-32 მ. დაფარვის ზონა ს/ქ №0----დან S- 11-მდე, საბურთალოს ქ. იპოდრომის ტერ. ვეძისის დასახლება, ირიცხება სს „თ--–---ს“ საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 36-38).
3.1.2. 201- წლის 17 ივლისის „სს „თ--–---ს“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტის“ თანახმად, 201- წლის 17 ივლისს თ---–--ში, კ----------ას ქუჩაზე, მშენებარე ესტაკადის ტერიტორიაზე შპს „C----------- S------"-ის მიერ (მიწის სამუშაოების წარმოებისას) დაზიანდა საკაბელო ტრასა ს/ქ №0----ს/ქ №0---.
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული აქტი და არც ამ აქტში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. მხარეთა შორის სადავო არ არის შპს „C------------ S------"ის მიერ წარმოებული მიწის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული კაბელის დაზიანების ფაქტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
201- წლის 17 ივლისის „სს „თ--–---ს“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტი“ (ს.ფ. 21).
3.1.3. 201- წლის 17 ოქტომბრის „სს „თ--–---ს“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტის“ თანახმად, 201- წლის 17 ოქტომბერს თ---–--ში, კ----------ას ქუჩაზე, სამშენებლო მოედანზე შპს „C----------- S------"-ის მიერ (ესტაკადის მოწყობის სამუშაოების დროს) დაზიანდა საკაბელო ტრასა ს/ქ №0----ს/ქ №0---.
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული აქტი და არც ამ აქტში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. მხარეთა შორის სადავო არ არის შპს „C----------- S------"-ის მიერ წარმოებული მიწის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული კაბელის დაზიანების ფაქტი.
მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ დაზიანების შედეგად კაბელების აღდგენის ხარჯი გაიღო შპს „C----------- S------"-მა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
201- წლის 17 ოქტომბრის „სს „თ--–---ს“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტი“ (ს.ფ. 29).
3.1.4. №5------- და №5------- შესრულებული სამუშაოების აქტების თანახმად, 201- წლის 20 ივლისს განხორციელდა 0----0--- კაბელის აღდგენა და ქუროს მონტაჟი.
201- წლის 25 ივლისის №2-- ხარჯთაღრიცხვის თანახმად, დაზიანებული მ/ძ 0----0--- კაბელის აღდგენის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 1 044,50 ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელს არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია დაზიანებული კაბელის აღდგენის ღირებულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შესრულებული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 22-23).
201- წლის 25 ივლისის №2-- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 201- წლის 17 ივლისს სს „თ--–---ს“ კუთვნილი საკაბელო ხაზის დაზიანებაზე (საკაბელო ტრასა ს/ქ №0----ს/ქ №0---) პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს შპს „C----------- S------".
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „C----------- S------"-მა სამუშაოები წარმართა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ №3-- დადგენილების მე-10 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ №3-- დადგენილების მე-4 მუხლის მოთხოვნების დარღვევით.
მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მისი როგორც პასუხისმგებელი სუბიექტის არსებობის საფუძველი, რამდენადაც გამორიცხა ბრალის არსებობა და მიუთითა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული კაბელების არსებობის შესახებ, ისევე როგორც იგი არ იყო ვალდებული კაბელების გადატანაზე, რამდენდაც იგი წარმოადგნდა თ---–--ის მერიის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელს.
მხარეებს შორის არ არის სადავო შპს „C----------- S------"-ის მიერ სამუშაოების წარმოების დროს სს „თ--–---ს“ საკაბელო ტრასის დაზიანების ფაქტი. სადავოა გარემოება იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს შპს „C----------- S------" პასუხისმგებელ სუბიექტს. ამის გასარკევევად კი უნდა გამოირკვეს, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის უშაულო ვალდებულებას მოსარჩელის მიერ მითითებული შესაბამისი დადგენილებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და შეასრულა თუ არა მან ეს ვალდებულებები.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფარგლებში, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ წესების პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს; ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
№3-- დადგენილება განსაზღვრავს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებს, რაც მიწისქვეშა საკაბელო ხაზისათვის განისაზღვრება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთით, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია მანძილით 1 კვ-ის ზევით - 1 მეტრი ორივე მხრიდან (მე-3 მუხლის „ბ).ა)“ და „ბ.ა.ა)“ ქვეპუნქტები).
აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს (მუხლი მე-4); მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად;
ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ)“ ქვეპუნქტები).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი.
№3-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი 1 კვ ძაბვაზე მაღალი ელექტრული ქსელის შემთხვევაში - სამუშაოების დაწყებამდე 12 დღით ადრე.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც მიიღო წერილობითი თანხმობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების შესრულებაზე, ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ელექტრული ქსელის მფლობელთან შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) და წესების დაცვით და უზრუნველყოს ელექტრული ქსელის უსაფრთხოება. თუ მიწის სამუშაოები ხორციელდება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, უსაფრთხოების მიზნით სამუშაოთა წარმოებისას სავალდებულოა ელექტრული ქსელის მფლობელი პირის წარმომადგენლის დასწრება.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც მიწის სამუშაოთა წარმოების დროს აღმოაჩენს საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც დატანილი არ არის მიწის სამუშაოთა წარმოების ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ვალდებულია შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები, უზრუნველყოს ელექტროგადამცემი ხაზის ხელშეუხებლობა და ამის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ფაქტს დაუყოვნებლივ აცნობებს საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელს (თუკი მისი ვინაობა ცნობილია). შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის ,,ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების’’ დამტკიცების შესახებ №3-- დადგენილების მე-10 მუხლი განსაზღვრავს მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში (ელექტროკაბელები, გაზსადენები და სხვა) მიწის სამუშაოების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ამ კომუნიკაციების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში. ნებართვას თან უნდა დაერთოს კომუნიკაციების ადგილმდებარეობისა და ჩალაგების სიღრმის აღმნიშვნელი გეგმა (სქემა). სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნების დაყენება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიწის სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოქმედების ზონაში უნდა წარმოებდეს ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული კაბელების დაცვის ზონაში, აგრეთვე ელექტრომეურნეობის მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ.
201- წლის 01 მაისისა და 201- წლის 03 მაისის სს „თ--–---ს“ წერილებით (ს.ფ. 72-73) შპს „C----------- S------"-ს ეცნობა, რომ ცინცაძის და კ----------ას ქუჩების კვეთაზე მდებარე მაღალი ძაბვის საკაბელო ტრასების გადასატანად საჭიროა პროექტის მომზადება, რისი შეთანხმებაც საჭირო იყო სს „თელასთან“. ასევე სამუშაოების დაწყების თარიღი და დრო საჭიროებდა სს „თელასთან“ შეთანხმებას.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „C----------- S------"-ს ეცნობა და განემარტა სამუშაოების დაწყებამდე შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ, რაც გულისხმობდა მის მიერ წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით სს „თ--–---სათვის“ განცხადებით მიმართვასა და სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესისა და პირობებისა და სამუშაოთა დაწყების თარიღის შეთანხმებას, მოპასუხეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია და აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ დასახელებული დადგენილებები სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების პირობებისა და სამუშაოთა დაწყების თარიღის შეთანხმების (ისევე როგორც პირი, შესრულებას შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) დაცვითა და ელექტრული ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას) ვალდებულებებს აკისრებს ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირს, რაც თავისთავად გულისხმობს სამუშაოთა უშუალო განმახორციელებელს, რომელსაც უშუალო შეხება შეიძლება ჰქონდეს ელ. ქსელებთან.
ამდენად, ის გარემოება, რომ შპს „C----------- S------" თ---–--ის მერიის დაკვეთით ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს, არ გამორიცხავს დადგენილებებით განსაზღვრული მისი, როგორც სამუშაოთა განმახორციელებლის ვალდებულებების შესრულებას. ის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც არსებობს შპს „C----------- S------"-სა და ქ. თ---–--ის მერიას შორის არ წარმოადგენს წინამდებარე დავისათვის არსებით გარემოებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „C----------- S------"-ის მიერ დაირღვა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები და მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობები (№3-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 მუხლის; №3-- დადგენილების მე-10 მუხლი) და იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს.
3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ ზიდა მიუღებელი შემოსავლის (352,59 ლარი) სახით ზიანის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს მის მიერვე შედგენილი 201- წლის 29 ოქტომბრის №1---1- ცნობა- გაანგარიშება (ს.ფ. 30-31), რომლის თანახმად, ს/ჯ 0----0--- (6 კვ) 201- წლის 17 ოქტომბერს კ----------ას ქუჩაზე, ესტაკადის სამშენებლო მოედანზე დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 331,60 ლარი (დღგ-ის გარეშე); ასევე წარმოდგენილი 201- წლის 31 ივლისის №8--1- ცნობა- გაანგარიშების (ს.ფ. 26-27) თანახმად, ს/ჯ 0----0--- (6 კვ) 201- წლის 17 ივლისს კ----------ას ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობისას დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 20,99 ლარი (დღგ-ის გარეშე).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის სამეწარმეო ფარგლების გათვალისწინებით ქონების გამოყენების გზით შემოსავლის მიღების დადასტურება, მის მიერ იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.
განსახლველ შემთხვევაში, 331,60 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების დასადასტურებლად წარმოდგენილი თავად მოპასუხის მიერ შედგენილი გაანგარიშება (რაც სადავოდ გახადა მოპასუხემ) ვერ ჩაითვლება აღნიშნული ოდენობით შემოსავლის მიღების ობიექტური სურათის შემქმნელ მტკიცებულებად სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 411-ე მუხლების შესაბამისად. წარმოდგენილი გაანგარიშება მტკიცებითი თვალსაზრისით უთანაბრდება მხარის ახსნა-განმარტებას, ვინაიდან შედგენილია თვით მოსარჩელის თანამშრომლების მიერ და არა დამოუკიდებელი პირის მიერ, რაც სადავოობის შემთხვევაში არ არის საკმარისი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობის დასადგენად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 992-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ სს „თელასს“ მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაში; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - შპს „C----------- S------"-ის მიერ დაირღვა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები და მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოების პირობები (№3-- დადგენილების მე-4 მუხლი; №3-- დადგენილების მე-10 მუხლი), არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიყენების ფაქტი სახეზეა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგომისათვის დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ სს „თ--–---სათვის“ ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით მიყენებული ზარალი განისაზღვრა 1044,50 ლარით (დღგ-ის გარეშე). სასამართლოს მიაჩნია, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სს „თ--–---ს“ წინაშე მოპასუხე შპს „C----------- S------" წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს, რომელსაც უნდა დაეკისროს 1044,50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის 352,59 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად“ საქმე №ას-101--979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაძლია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი, რა პირობებშიც სასარჩელო მოთხოვნა 352,59 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი 37,36 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ--–---ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
2. შპს „C----------- S------”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 1044,50 ლარის ანაზღაურება.
3. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 37,36 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე