გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17578-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
4 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--“
წარმომადგენელი - ლ-–--------ე
მოპასუხე - შპს ,,ვ-----–----ი“
წარმომადგენელი - ჯ--–---------------
მოპასუხები - ე---------- ბ------–---, გ-------– ა--------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ვ-----–----ს“, ე---------- ბ------–---სა და გ-------– ა--------ს სოლიდარულად დაეკისროთ 46 770.36 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 26 196,09 აშშ დოლარი, სარგებელი - 20 363.11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 211,16 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დასაფარავად სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული გ-------– ა--------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია თ---–------------–--------------–-----------------------------–---------------------–---------------------------------------;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსასრულებლად მიექცეს მსესხებლის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 9 დეკემბერს სს „ფ----------------------–--სა“ და შპს „ვ-----–----ს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ბანკის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ-------– ა--------ის კუთვნილი უძრავი ნივთი. გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2018 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვ-----–----ს“ გადაეცა სესხი 26 735,15 აშშ დოლარი 10 წლის ვადით 15.12.2028 წლამდე, წლიური 13,30% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ე---------- ბ------–---სა და გ-------– ა--------თან. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 48 500 აშშ დოლარით.
მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და 2019 წლის 5 ივნისიდან საერთოდ შეწყვიტა გადახდა, შესაბამისად, 2019 წლის 5 ივნისიდან ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%, მაგრამ, ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება მხოლოდ 60 დღის განმავლობაში.
2019 წლის 16 ივლისიდან ბანკმა შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში პროცენტი დაანგარიშებულია 15.12.2028 წლამდე, ვინაიდან ეს არის მიუღებელი შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია
ე---------- ბ------–---სა და გ-------– ა--------ს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
შპს „ვ-----–----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 26 196,09 აშშ დოლარის, ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით დარიცხული სარგებლის - 283,91 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 211,16 აშშ დოლარის ნაწილში.
მოპასუხის აზრით, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2016 წლის 9 დეკემბერს სს „ფ----------------------–--სა“ (კრედიტორი, მოსარჩელე) და შპს „ვ-----–----ს“ (მსესხებელი, პირველი მოპასუხე) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 300 თვით.
მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში დადებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ-------– ა--------ის (მესაკუთრე, მეორე მოპასუხე, პირველი თავდები) კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია თ---–------------–--------------–-----------------------------–---------------------–--------------------------------------- (იპოთეკის საგანი).
იპოთეკის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია დავალიანების დაფარვის მიზნით აღსასრულებლად მიაქციოს არა მხოლოდ იპოთეკის საგანი, არამედ მსესხებლის და/ან თავდების ნებისმიერი ქონება. თუ იპოთეკის საგნიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი, კრედიტორი უფლებას იტოვებს დავალიანების დაფარვა მოითხოვოს მსესხებლის და/ან თავდების სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 09.12.16 წლის ხელშეკრულება;
- 09.12.16 წლის იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.2 გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2018 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს გადაეცა სესხი 26 735,15 აშშ დოლარი 10 წლის ვადით 15.12.2028 წლამდე, წლიური 13,30% სარგებლის დარიცხვით. სესხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც შეადგენს ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ს. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 15.12.18 წლის სესხის ხელშეკრულება;
- გადახდის გრაფიკი.
3.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ე---------- ბ------–---სა (მეორე თავდები, მესამე მოპასუხე) და გ-------– ა--------თან (მესაკუთრე, პირველი თავდები, მეორე მოპასუხე). თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 48 500 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თავდებობის წერილები;
3.1.4. მსესხებელმა რამდენჯერმე დაარღვია სესხის გადახდის ვადა, მათ შორის 2019 წლის მაისში, ხოლო 2019 წლის 5 ივნისიდან შეწყვიტა გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.1.5. 12.06.2019 წლის წერილებით კრედიტორმა მსესხებელს, მესაკუთრესა და მეორე თავდებს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი, 14-დღიანი ვადა.
გაფრთხილების წერილი ჩაბარდა მსესხებელსა და მესაკუთრეს 13.06.2019 წელს, ხოლო მეორე თავდებს არ ჩაბარდა.
2019 წლის 16 ივლისიდან კრედიტორმა შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
- უკუგზავნილები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მტკიცების ტვირთის განაწილებისაგან უნდა გამოვყოთ ფაქტების მითითების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია, სრულყოფილად მიუთითოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმიდან გამომდინარე და მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტების მიუთითებლად, მტკიცებულების წარმოდგენა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარი სხდომაზე განმარტა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პროცენტის გადახდაზე.
სარჩელში ეს გარემოება მითითებული არ არის და არც მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასმართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 361-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
კრედიტორსა და მსესხებელს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში და წესით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო პირველი და მეორე თავდების სოლიდარული თავდებობით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 873-ე მუხლის თანახმად კი კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელმა ზედიზედ ორჯერ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა, რის გამოც, კრედიტორმა, ზემოაღნიშნული წესით შეწყვიტა ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიურ 13,30% სარგებლის დარიცხვას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ და, ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 2019 წლის 5 ივნისიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაერიცხა გადაუხდელი თანხის 1%, ჯამში 211,16 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მსესხებელმა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 26 196,09 აშშ დოლარის, ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით დარიცხული სარგებლის - 283,91 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 211,16 აშშ დოლარის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მსესხებელი მიიჩნევს, რომ კრედიტორს, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში პროცენტი დაანგარიშებულია 15.12.2028 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ვინაიდან ეს არის ბანკის მიუღებელი შემოსავალი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011). ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 16.07.2019 წელს, შესაბამისად, კრედიტორს ამ მდგომარეობით გააჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, ხოლო ამ მომენტიდან სამომავლოდ კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად კი, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება (იხ. სუსგ №ას-1586-1585-2011).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაბუთებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ხელშეკრულების მოქმედების 10-წლიან ვადაზე გაანგარიშებით მოთხოვნის ნაწილში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება გადაწყვტილების აღსრულების დაწყებამდე გააჩნია.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს. ის საერთოდ არ მიუთითებს ამგვარ გარემოებებზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მინიმალური შემოსავალი, რომელიც ფულადი თანხის გამოყენების გზით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია მიიღოს, არის ანაბარზე დასარიცხი პროცენტი.
საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკების ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის (www.tbcbank.ge, www.bankofgeorgia.ge, www.libertybank.ge), ასევე თავად კრედიტორის ვებგვერდზე (www.finca.ge) განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ანაბრის საშუალო წლიური პროცენტით - 10%-ით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე, შესაძლოა, არ იყოს კრედიტორის პირადი მოვალე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია პირველი თავდების უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი, კრედიტორი უფლებას იტოვებს დავალიანების დაფარვა მოითხოვოს მსესხებლის და/ან თავდების სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
ამრიგად, კრედიტორი უფლებამოსილია, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად, მოითხოვოს მსესხებლის, მესაკუთრის ან თავდების სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს დამატებით სარეალიზაციოდ მიექცეს მხოლოდ მსესხებლის სხვა უძრავი ან მოძრავი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება.
6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
ხელშეკრულებიs 4.9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნებოდა მიქცეული, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 26 691,16 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1329 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2378,18 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 268-270-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 414-416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი მოპასუხეების ე---------- ბ------–---ს, გ-------– ა--------ის და შპს ,,ვ-----–----ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ე---------- ბ------–---ს, გ-------– ა--------ს და შპს „ვ-----–----ს“ სს ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 26 196.09 აშშ დოლარის, სარგებლის - 283.91 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 211.16 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 2019 წლის 16 ივლისიდან აღსრულების დაწყებამდე 26 196.09 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა;
3. სს „ფ----------------------–--ს“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკის საგანი: გ-------– ა--------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია თ---–------------–--------------–-----------------------------–---------------------–---------------------------------------;
4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, აღსრულება გაგრძელდეს შპს „ვ-----–----ის“ სხვა ქონებაზე;
5. დანარჩენ ნაწილში სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. ე---------- ბ------–---ს, გ-------– ა--------ს და შპს „ვ-----–----ს“ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „ფ----------------------–--ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1329 ლარის ანაზღაურება;
7. სს „ფ----------------------–--ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2378.18 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 2019 წლის 17 ივლისს N1-------- საგადასახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
8. გადაწყვეტილება მიეცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
9. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია კერძო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია