გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210019002830759
საქმე №2/124-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - მ-------–-–---–ი
წარმომადგენელი - მ--–-------------–---–ი
მოპასუხე - ნ---------------ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
დავის საგანი: უფლებამონაცვლედ აღიარება საკუთრების უფლების რეგისტრაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო (დაზუსტებული სასარჩელო) მოთხოვნა:
1.1. ნ---------------ი ცნობილ იქნეს 2016 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი გ----------–---–ის უფლებამონაცვლედ.
1.2. უძრავი ქონებიდან, მდებარე გ--------------–----------ი, ს/კ: #6--5--2--3--- 2/3 წილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს ნ---------------ის საკუთრებად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 13 თებერვალს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #160126802 მ-------–-–---–სა და ც------------–---–ს შორის, იპოთეკით დაიტვირთა #6--5--2--387 საკადასტრო კოდით ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ც------------–---–მა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 2016 წლის 15 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუფორმა გ----------–---–ს.
2019 წლის 28 იანვარს კრედიტორმა (მ-------–-–---–მა) სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც უარი განაცხადა 2016 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, რადგანაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე გ----------–---–ი 2016 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა, მისი სამკვიდრო 2017 წლის 1 აპრილს სრულად მიიღო მოპასუხე ნ---------------მა, მაგრამ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ ისევ გარდაცვლილი გ----------–---–ია რეგისტრირებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ---------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არანაირ მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობას ადგილი არ აქვს, ვინაიდან ნ---------------ი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დაარეგისტრიროს ან არ დაარეგისტრიროს, ასევე ნებისმიერი სახით განკარგოს ან უფლებრივად დატვირთოს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ნებისმიერი უძრავი ნივთი, მათ შორის მოსარჩელის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონებაც.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნ---------------ის გარდაცვლილი გ----------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 თებერვალს უძრავი ქონების მესაკუთრის ც------------–---–სა და მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #160126802, რომლის საფუძველზეც ც------------–---–ზე სესხად გაიცა 6 000 აშშ დოლარი წლიური 3%-იანი სარგებლის გადახდის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 13 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით #160126802, იპოთეკით დაიტვირთა ც------------–---–ის კუთვნილი 2/3 წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე გ--------------–----------ი, ს/კ: 6--5--2--387.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 13 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით #160126802, იპოთეკით დაიტვირთულ უძრავ ქონებაზე 2016 წლის 15 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება დარეგისტრირდა გ----------–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. გ----------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 24 სექტემბერს. მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მოპასუხე ნ---------------მა მიმართა ნოტარიუსს და სამკვიდრო მოწმობა მიიღო 01/04/2017 წელს, რის საფუძველზეც საკუთრებაში დაირეგისტრირა გ----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი (ს.ფ.24);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე გ--------------–----------ი, ს/კ: #6--5--2--387 საკუთრების უფლებით კვლავ აღრიცხულია გარდაცვლილი გ----------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 28 იანვარს გაცემული დადგენილების თანახმად, მოსარჩელე მ-------–-–---–ს უარი ეთქვა ც------------–---–ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ კრედიტორმა არ წარადგინა გ----------–---–ის უფლებამონაცვლეობის დამდგენი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ.13-14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316, 317-ე, 361-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1433-ე, 1435-ე, 1484-ე მუხლებით;
5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან იმ უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიუღებლობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი მოთხოვნა, ზღუდავს მის უფლებას მოითხოვოს და მიიღოს მსესხებლისაგან (ვალდებული პირისგან) ის სარგებელი, რაც მას როგორც კრედიტორს ეკუთვნის, რასაც მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ არ შეიძლება მას, როგორც მესაკუთრეს შეუზღუდოს და დაუდგინდეს გარკვეული წესი, თუ როგორ გამოიყენოს თავისი საკუთრება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო ხელყოფლია თუა არა მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე გარდაცვლილია, ხოლო მემკვიდრეობა მიღებული აქვს მოპასუხეს. თავის მხრივ მოპასუხე ეთანხმება აღნიშნულ გარემოებებს და სადავო არ გამხდარა მისი მხრიდან სამკვიდროს მიღების ფაქტი, სადავოა ის გარემოება ვალდებულია თუ არა მოპასუხე სამკვიდრო ქონებაზე საკუთრება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის პირველ რიგში სწორად უნდა განისაზღვროს მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი საფუძველი, რისთვისაც აუცილებელია დადგინდეს საკითხის გადაჭრისათვის ყველა აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება, ხოლო შემდეგ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობს ხელშეკრულება, ან რაიმე სახის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდებოდა და მხარის მოთხოვნა გარკვეული ფაქტის აღიარებას ეფუძნება, კერძოდ, წარმოდგენილი სარჩელით მ-------–-–---–ი მოითხოვს ნ---------------ი აღიარებულ იქნეს გარდაცვლილი გ----------–---–ის უფლებამონაცვლედ და უძრავი ქონება მდებარე გ--------------–----------ი, ს/კ: 6--5--2--387 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს მის საკუთრებად, ე.ი. წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთერთ გადაწყეტილებაში ყურადღება გაამახვილა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება.
დიდმა პალატამ განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს.
დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.
აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.
დიდმა პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
დიდი პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, საქმე №ას-121-117-2016). ამასთან, აღიარებითი სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა.
განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ კრედიტორსა (მოსარჩელე) და მესამე პირს, ც------------–---–ს შორის 2016 წლის 13 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომლის თავდაპირველი მესაკუთრე თავად ც------------–---–ი იყო, თუმცა შემდეგში იპოთეკის საგნის მესაკუთრე გახდა აწ. გარდაცვლილი გ----------–---–ი. ასევე არ არის სადავო, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დღესაც რეგისტრირებულია გ----------–---–ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 24 სექტემბერს გარდაცვლილი გ----------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2016 წლის 29 ნოემბერს მოთხოვილია სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ გაცემულია 2017 წლის 01 აპრილს, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 19 მაისიდან გ----------–---–ის სამკვიდრო მასაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს-----------, კ--------------0, ს/კ: №3-.0--5--0---0--0-- მემკვიდრეობით მიიღო ნ---------------მა, რაც მოპასუხე მხარემ ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ცხადადაა გამოკვეთილი და გამოხატულია კრედიტორის ლეგიტიმურ უფლებაში იცოდეს ვისი ქონებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მოვალის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სხვაგვარი განმარტება შემაფერხებელი იქნება სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარებისათვის და ტვირთად დააწვება უზრუნველყოფილ კრედიტორს, რომლის უფლებების რეალიზება დამოკიდებული გახდება მემკვიდრეთა ნებაზე - დაირეგისტრირონ ან არ დაირეგისტრირონ ფაქტობრივად მიღებულ სამკვიდროზე უფლებები.
6.4. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად სამკვიდროს მიღების წესებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 24 სექტემბერს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ გ----------–---–ის გარდაცვალებამდე მისი კუთვნილი ქონებით უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის (კრედიტორის) მოთხოვნა, ანუ ვალდებულ პირს წარმოადგენდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობა მიიღო მოპასუხე მხარემ, რომელსაც სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი გ----------–---–ის მემკვიდრე მის გარდა სხვაც არის, რასაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერიც ადასტურებს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მხოლოდ ნ---------------ის საკუთრებას წარმოადგენს ერთ ერთი უძრავი ქონება, თუმცა მეორე ქონება მდებარე გ--------------–----------ი, ს/კ: 6--5--2--387 საკუთრების უფლებით კვლავ აღრიცხულია გარდაცვლილი გ----------–---–ის სახელზე, რასაც მოპასუხე მხარე ხსნის იმ გარემოებით, რომ ეს მის უფლებას წარმოადგენს.
6.7. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასმართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ამავე კოდექსის 1435-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით არ დაიშვება.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ გ----------–---–ის მემკვიდრემ, მოპასუხე ნ---------------მა მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ აღნიშნული ქმედება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ნიშნავს მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას, რაც წარმოშობს სამოქალაქო კოდექის 1484-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას მამკვიდრებლის კრედიტორების ინტერესის დაკმაყოფილების შესახებ, რაც თავისთავად მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
6.9. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესი, ანუ ვალდებულია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
რაც შეეხება მისი კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტაციასთნ დაკავშირებით მის უმოქმედობას, სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა არსებობს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.
6.10. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, რომელიც სამართალურთიერთობის ქვაკუთრედს წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპის განმარტება იხ., სუსგ საქმე №სა-264-250 2-15, 18 მაისი 2016 წელი №ას-570-541-2015,11 ნოემბერი, 2015 წელი).
6.10. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას უფლება აქვს საკუთარი უფლება გამოიყენოს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და მოცემულ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს ან არ დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სასამართლო ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს და ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას.
ზემოთ აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ანალიზის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლედეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------–-–---–ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნ---------------ი (პ/ნ: 5---------8) ცნობილ იქნეს 2016 წლის 24 სეექტემბერს გარდაცვლილი გ-----------–---–ის (პირადი #5---------9) უფლებამონაცვლედ.
3. ნ---------------ი (პ/ნ: 5---------8) აღირიცხოს საჯარო რეესტრში გ----------–---–ის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე გ--------------–----------ი, სასაოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნეგებობიდან, ს/კ: 6--5--2--3--- 2/3 წილის მესაკუთრედ.
4. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი