განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002987491
N1/114-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფ------ ა----------;
ბრალდებული - ი----- ა-–------, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.თერჯოლა, ჯ---------------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 17 მარტს, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ი----- ა-–------ შეუთანხმდა ტაქსის მძღოლს გ-------– უ--------------–ს, რომ წაიყვანდა ქ.თერჯოლაში ჯ----------ში, ხოლო შემდეგ - თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში, რის შემდეგაც დაბრუნდებოდნენ კვლავ ზესტაფონში. გაწეული მომსახურეობის სანაცვლოდ შეთანხმებისამებრ ი----- ა-–------ს, გ-------– უ--------------–ისათვის უნდა გადაეხადა 80 ლარი. გ-------– უ--------------–მა, ი----- ა-–------ს გაუწია შესაბამისი მომსახურეობა და დაახლოებით 03:00 საათზე, მიიყვანა ქ.ზესტაფონში, მელქაძისა და ჩიკაშუას ქუჩების გადაკვეთაზე, მაგრამ ი----- ა-–------მ 80 ლარი მას მოტყუებით არ გადაუხადა და მიიმალა.
2. ი----- ა-–------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ა-–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ გ-------– უ--------------–ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - რ---- კ---------, ი----- ა-–-----ის, ა---- ბ------ და გ--–- თ--------–---–-- გამოკითხვის ოქმები; განაჩენის ასლები ი----- ა-–-----ის მიმართ; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; ი----- ა-–-----ის ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი----- ა-–-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. საქართველოს სსკ 185-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. ამასთან, ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით. თუ თაღლითობის დროს მოტყუებითი ხერხის გამოყენებით ხდება სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი ზიანის მიყენებისას ნივთის ამ გზით ამოღება არ ხორციელდება. მესაკუთრის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება. განსახილველი მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო. ამრიგად, აღნიშნული დანაშაულის განხორციელებისას ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში, არამედ გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას. ზემოთაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან. ცხადია, რომ დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დადგენილ უნდა იქნეს მიზეზობრივი კავშირი. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება. სუბიექტური მოტივით სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი. სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია საერთო სუბიექტი.
10. ასევე, აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წამოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. საერთო წესით არაერთგზისობა წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ნიშნავს (სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი). გამონაკლისის სახით ეს მუხლი არაერთგზისად მიიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ არა მარტო იგივე, არამედ სხვა ერთგვაროვანი დანაშაულის ჩადენასაც, იმ შემთხვევაში თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში. სწორედ ასეთ შემთხვევას მოიცავს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით ან 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით ნასამართლევის მიერ ქურდობის ჩადენა. ქონებრივი დაზიანება მოტყუებით არაერთგზისად, რომ ჩაითვალოს წინა ქურდობისა თუ სხვა ერთგვაროვანი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ი----- ა-–------მ ჩაიდინა - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. ი----- ა-–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის დასაბუთება:
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- ა-–------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულთან შერიგებულია, მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს. ასევე, გასათვალისწინებელია ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან (მისცა აღიარებითი ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან), ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ი----- ა-–------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად (ღონისძიებად) მიაჩნია ი----- ა-–-----ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.
15. ი----- ა-–-----ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სადაც მითითებულია, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ი----- ა-–------ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წელი, 10 (ათი) თვე და 3 (სამი) დღე და განაჩენთა ერთობლიობით, ი----- ა-–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 3 (სამი) დღის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წელი და 3 (სამი) დღე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის N06/07/01 განკარგულების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები გაუნახევრდა და თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდით ი----- ა-–------ გათავისუფლებული იქნა 2018 წლის 6 ივნისს და დღეის მდომარეობით აღრიცხვაზე იმყოფება პრობაციის სამსახურში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ, ი----- ა-–------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ ი----- ა-–------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
16. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ა-–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით ი----- ა-–-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ ი----- ა-–------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულ ი----- ა-–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;
ი----- ა-–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ავტომანქანიდან აღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდის და ი----- ა-–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე