გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13610-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - რ----- ლ------–---–ი
წარმომადგენელი - ს-------- ა-------–--ე, ე-–---- ბ---------ი
მოპასუხე - ლ-–- ჩ-------ე
მოპასუხე - ნ-------- მ------–---–ი
წარმომადგენელი - გ------- მ------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-------- მ------–---–ს და ლ-–- ჩ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ რ----- ლ------–---–ის სასარგებლოდ 5472 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 31 მარტს ლ-–- ჩ-------ე მოძრაობდა ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გუდაუთის ქუჩის მხრიდან, სამტრედიის ქუჩის მიმართულებით.
ლ-–- ჩ-------ემ დაარღვია საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, შეეჯახა მოსარჩელე რ----- ლ------–---–ის კუთვნილ ავტომანქანას და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. 16.05.2018 წლის შსს მომსახურეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელის ავტომანქანა მოიხსნა რეგისტრაციიდან ჩამოწერის გამო.
ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ-–- ჩ-------ე, ეკუთვნოდა ნ-------- მ------–---–ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.18.2018 წლის განაჩენით ლ-–- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტის 19.04.2018 წლის N709/ს ექსპერტის დასკვნით, ქ. თბილისში, სსიპ „112“-ის სპეციალური ავტოსადგომის ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა „სუბარუს“ დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 5300 ლარს.
მოსარჩელემ დაზიანებული ავტომანქანის ევაკუაციისათვის გადაიხადა 118 ლარი, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის ავტოსადგომზე დგომისათვის - 54 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 ლ-–- ჩ-------ემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო.
საქმის მომზადების დასრულებამდე მან სადავო გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა.
2.2 ნ-------- მ------–---–ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 31 მარტს ლ-–- ჩ-------ე (პირველი მოპასუხე) ავტომანქანით მოძრაობდა ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გუდაუთის ქუჩის მხრიდან, სამტრედიის ქუჩის მიმართულებით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას ლ-–- ჩ-------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეეჯახა ავტომანქანა „სუბარუს“, სახელმწიფო ნომრით X--------, რომელსაც მოსარჩელე რ----- ლ------–---–ი მართავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018 წლის განაჩენი (ს.ფ. 17-19).
3.1.2. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა რ----- ლ------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც 16.05.2018 წლის მონაცემებით მოიხსნა რეგისტრაციიდან („ჩამოიწერა“).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 25).
3.1.3. ლ-–- ჩ-------ე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ნ-------- მ------–---–ის (მეორე მოპასუხე) სახელზე რეგისტრირებულ „ოპელის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით W--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20).
3.1.4. მოსარჩელის დაზიანებული ავტომანქანის ევაკუაციისათვის გადახდილ იქნა 118 ლარი, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის ავტოსადგომზე დგომისათვის - 54 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 04.21.2018 წლის N106338545 ქვითარი (ს.ფ. 26);
- N8536023 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ს.ფ. 27).
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018 წლის განაჩენით ლ-–- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 27.12.2018 წლის განაჩენი (ს.ფ. 17-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 5300 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა.
ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დელიქტიდან გამომდინარე სარჩელები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.
სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ლ-–- ჩ-------ეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე ზოგადად სადავო გახადა ზიანის გაანგარიშება.
მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 19 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ავტომანქანა „სუბარუ ლეგასის“ სახელმწიფო ნომრით X-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 5 300 ლარს.
დასკვნის თანახმად, ავტომანქანას დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს: წინა პანელი, წინა ფრთები, ძრავი სახურავი, წინა ბამპერი და მოპირკეთების ბადე, წინა მაშუქები, ძრავის სექციის დეტალები, წინა საკიდარი, მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, მარცხენა კარნიზი, მარცხენა შუა საყრდენი, წინა მარცხენა კარი, უკანა მარცხენა კარი მინით, უკანა მარცხენა ფრთა.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია.
მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია ცნობა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან, სადაც აღნიშნულია, რომ რ----- ლ------–---–ის სატრანსპორტო საშუალება მოიხსნა რეგისტრაციიდან და იქვე მითითებულია „ჩამოწერა“, რაც იმას გულისხმობს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზი იყო მიყენებული დაზიანებების გამო ავტომანქანით სარგებლობის შეუძლებლობა.
პირველი მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულ ზიანის ოდენობას, თუმცა სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დამტკიცებაც მათ ობიექტურად ხელეწიფებათ. თუ გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 5300 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა ლ-–- ჩ-------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ-------- მ------–---–ის მიმართ - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ეს მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა ზიანი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი გამარტივებულ წესით განხილვას. ვინაიდან მოთხოვნა სოლიდარულად იყო დაყენებული როგორც ზიანის მიმყენებლის, ისე ავტომანქანის მესაკუთრის მიმართ, სასამართლომ საქმის განხილვის აღნიშნული წესი არ გამოიყენა, თუმცა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაში.
პირველ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები და მისი ბრალეულობა.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მიზანშეუწონელია, ხოლო მიყენებული ზიანი შეადგენს 5300 ლარს (იხ. 3.2.1 პუნქტი).
დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ ავტომანქანის ევაკუაციისათვის გადაიხადა 118 ლარი და დაზიანებული ავტომანქანის ავტოსადგომზე დგომის საფასური - 54 ლარი, რაც ასევე შეადგენს პირველი მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ნაწილს და უნდა ანაზღაურდეს.
6.2. დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც ავარიის დროს ლ-–- ჩ-------ე მართავდა ნ-------- მ------–---–ის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
აღნიშნული ნორმა სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.
მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).
ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია ლ-–- ჩ-------ე, ხოლო ნ-------- მეკოკიშილის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
პირველმა მოპასუხემ შესაგებლით იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების 1 წლის ვადით განაწილვადების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-–- ჩ-------ე სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას (ს.ფ. 57).
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა.
გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა კანონისმიერი დანაწესია, შესაბამისად, მისი გამოყენება სასამართლოს მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ნორმის პრაქტიკაში რეალიზება, თუმცა, მნიშვნელოვანია ნორმის სწორი პრაქტიკული იმპლემენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების (განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით (განაწილვადებით), ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თავადვე უთითებს, რომ ის ვერ შეძლებს ერთი წლის განმავლობაში გადაიხადოს აღნიშნული თანხა, ხოლო სასამართლოს უფლება აქვს მხოლოდ ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამდენად, მართალია, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების საფუძველს, მაგრამ ცალსახაა, რომ ამით ხელი არ შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას და მაინც აუცილებელი გახდება იძულებით აღსრულების მექანიზმების გამოყენება. შესაბამისად, მოპასუხე ლ-–- ჩ-------ის მოთხოვნა გადაწყვეტილების განაწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე ლ-–- ჩ-------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ნ-------- მ------–---–ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სწორედ მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 263-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----- ლ------–---–ის სარჩელი ლ-–- ჩ-------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ლ-–- ჩ-------ეს რ----- ლ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5472 ლარის გადახდა;
3. რ----- ლ------–---–ის სარჩელი ნ-------- მ------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. რ----- ლ------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 164 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. ლ-–- ჩ-------ის შუამდგომლობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე უარის თქმის საკითხზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია