გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210019002965536 (2- 212/2019)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - სს ,,კ-----------–-------------ა”
მოსარჩელის წარმომადგენელი - ს------------------ე
მოპასუხე - გ---------------–--ე
მოპასუხის წარმომადგენელი - პ----------–----ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის გ---------------–--ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს (ს/კ 4--------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე რაიონი ხელვაჩაური, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–--------------, საკადასტრო კოდი: N2------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 18 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების A---------------- საფუძველზე, იძულებითი აღსრულების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,კ-----------–-------------ამ’’ შეიძინა უძრავი ქონება და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–--------------; ბინის ფართი 58.15 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 2------------------. მოპასუხე გ---------------–--ე ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, უკანონოდ ფლობს ქონებას და უარს აცხადებს ნებაყოფლობით ქონების გათავისუფლებაზე. მოსარჩელე წარმოადგენს ქონების კანონიერ მესაკუთრეს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ---------------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–---------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N2------------------) მესაკუთრე არის მოსარჩელე სს ,,კ-----------–-------------ა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი სამოქალაქო საქმეზე
2018 წლის 26 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებები (სხდომის ოქმები);
3.1.2 თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 აპრილის განკარგულებით 2018 წლის 10 აპრილს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გ---------------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–--------------; ბინის ფართი 58.15 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 2------------------. მესაკუთრე გახდა სს ,,კ-----------–-------------ა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი სამოქალაქო საქმეზე
2018 წლის 26 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 აპრილის განკარგულება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, რომლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას ითხოვს მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებები (სხდომის ოქმები);
საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.
წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად. მოპასუხე მხარემ რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და ზეპირადაც კი ვერ შეძლო დასაბუთება, მოსარჩელის მოთხოვნის კანონშეუსაბამობის დასადასტურებლად.
მოსარჩელე სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–--------------- (საკადასტრო კოდი N2------------------) წარმოადგენს მის საკუთრებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად - საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–---------------ში (საკადასტრო კოდი N2------------------) წარმოადგენს მის საკუთრებას და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–---------------ში (საკადასტრო კოდი N2------------------) მოსარჩელე სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს საკუთრებადაა რეგისტრირებული.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რის გამოც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, მყარი და დამაჯერებელია.
საქმის განხილვის მომენტისათვის სს ,,კ-----------–-------------ა’’ ქონების მესაკუთრეა და ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციას აქვს სისრულისა და უტყუარობის დანიშნულება.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. სს ,,კ-----------–-------------ა’’ მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხე გ---------------–--ე ფლობს სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას და სარგებლობს ამ სიკეთით, რისი წინააღმდეგიც არის მოსარჩელე. მას მოპასუხის გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს საკუთრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოპასუხეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
ვინაიდან მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
მოპასუხის გ---------------–--ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს (ს/კ 4--------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე რაიონი ხელვაჩაურის, სოფელი მ-----------ი, ქ----------–------–--------------, საკადასტრო კოდი: N2------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს ,,კ-----------–-------------ა’’-ს.
2. მოპასუხეს გ---------------–--ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით გელაშვილი