განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003148469
N1/211-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფ------ ა----------;
ბრალდებული - ი----- ქ-------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.თერჯოლა, რ---------–--------–------------, ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის); 2) საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - 2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - 2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. 2019 წლის 15 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან, განსახილველად გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/211-2019 (გამოძიების ნომერი 063010719001) საქმე ი----- ქ-------ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
2. 2019 წლის 18 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, განსახილველად გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N1/255-2019 (გამოძიების ნომერი 047060819002) საქმე ი----- ქ-------ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ბრალდებულ ი----- ქ-------ს შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანდა ი.ქ-------ს მიმართ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და საქმეს მიენიჭა N1/211-2019.
წარდგენილი ბრალდების ასლი:
4. 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ი------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი----- ქ-------, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ----------ს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა სასამართლოდან გამოეტანა ი----- ქ-------ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ლ--–- კ----------ს საჩივარი, რა დროსაც ლ--–- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. 2019 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათიდან, 11:00 საათამდე პერიოდში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ი----- ქ-------, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ----------ს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა აეყვანა მისთვის ადვოკატი, რომელიც მას დაეხმარებოდა სასამართლოში მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში, რა დროსაც ლ--–- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
6. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით, 2019 წლის 4 და 6 აგვისტოს, ი----- ქ-------, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–- კ----------ს, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზედ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა სასამართლოდან გამოეტანა ი----- ქ-------ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ლ--–- კ----------ს საჩივარი და აეყვანა მისთვის ადვოკატი, რომელიც მას დაეხმარებოდა სასამართლოში მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში, რა დროსაც ლ--–- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–- კ----------მ განაცხადა, რომ ი----- ქ-------სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ქ-------მ განაცხადა, რომ ლ--–- კ----------სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2013 წლიდან და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი.
9. 2014 წლის 18 აგვისტოს დაბადების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ გიორგი ქ------- დაბადებულია 2014 წლის 15 აგვისტოს. მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა ი----- ქ-------, პირადი ნ-------------------; დედა ლ--–- კ----------, პირადი ნომერი 5----------.
10. საქართველოს სსკ 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- ქ------- და დაზარალებული ლ--–- კ---------- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (ორი ეპიზოდი):
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–- კ----------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, რ---------–--------------–------------ში. დაკავებამდე, მასთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა მეუღლე - ი----- ქ-------. 2019 წლის 4 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა სოფელ ი------ში, ი-----მა მას მოსთხოვა ენახა მოსამართლეების უფროსი, გამოეტანა საჩივარი და მისთვის მოეხსნათ 1000 ლარიანი გირაო. თუ ამას არ გააკეთებდა მოკლავდა მასაც და შვილებსაც. ასევე, 2019 წლის 6 აგვისტოს, ი-----ი მას აიძულებდა აეყვანა ადვოკატი, რომელიც დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. თუ არ იზამდა, მოკლავდა მასაც და შვილებსაც. ი-----ის სიტყვებს აღიქვამდა რეალურად და ეშინოდა. აღნიშნულის გამო, 2019 წლის 4 აგვისტოს, მან მოატყუა ი-----ი, ვითომ იყო წასული ნაცნობი მამაოს სანახავად, რომელიც მოუგვარებდა პრობლემას. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 6 აგვისტოს (ტომი II, ს.ფ. 11-13), მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „მეორე დღეს, 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ შენთან სალაპარაკო მაქვს და უნდა მომისმინოო. მან მითხრა, რომ ახლავე წადი ქუთაისში და ნახე მთავარი მოსამართლე და შენ რომ საჩივარი გაქვს ჩემს მიმართ დაწერილი სასამართლოდან გამოიტანე და მე მომიტანე ცნობა საჩივარი, რომ გაქვს გამოტანილი და აღარ მიჩივიხარ, თორემ ყელს გამოგჭრი არ გაცოცხლებ და საბოლოოდ დავისვენებ შენგანო. ი----- ქ-------ს ტონი იყო მკაცრი და დამაჯერებელი, მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად შემეშინდა, ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ჯანმრთელობის დაზიანების. მე, მისი პიროვნებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ იგი მართლა მომკლავდა თუ არ შევუსრულებდი თხოვნას. აქვე მოგახსენებთ, რომ მომხდარი ფაქტის დროს ვიმყოფებოდი მარტო, ბავშვებს კი ეძინათ. მე ამის შემდგომ წამოვედი სოფელ ი------იდან, ბავშვები სახლში დავტოვე, მაგრამ ქუთაისის ნაცვლად წავედი საჩხერეში და საჩხერეში ვიმყოფებოდი საღამოს 17:00 საათამდე და შემდეგ დავბრუნდი სახლში და ჩემს მეუღლეს, ი----- ქ-------ს მოვატყუე, ვიმყოფებოდი ქუთაისში, რიგები იყო და ჩავეწერე მოსამართლესთან და თვითონ დამირეკავენ იქიდანთქო. აქვე განგიმარტავთ, რომ მე ჩემს მეუღლეს ტყუილი იმიტომ ვუთხარი, რომ შემეშინდა მას მართლა არ მოვეკალი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს ისევ წავსულიყავი ქუთაისში და მიმეტანა ცნობა მისთვის სასამართლოდან, მას რომ არ ვუჩიოდი. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, 2019 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათიდან, 11:00 საათამდე დროის პერიოდში, ბავშვებს როდესაც ეძინათ, მე ვიმყოფებოდი ი-----თან სახლში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგინა დედის მისამართით, მიძახა - წადი ახლავე აიყვანე ადვოკატი და დაამტკიცე, რომ მართალი ვარ ყველაფერში, ასევე, ადვოკატს სთხოვე გამიუქმოს გირაო 1000 ლარი, რომელიც შეფარდებული მაქვს, თუ არა ყელს გამოგჭრი, არ გაცოცხლებო მე. ი----- ქ-------ს ტონი იყო მკაცრი და დამაჯერებელი, მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად შემეშინდა, ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ჯანმრთელობის დაზიანების. მე, მისი პიროვნებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ იგი მართლა მომკლავდა თუ არ შევუსრულებდი მის მოთხოვნას. უსიტყვოდ დავემორჩილე ჩემს მეუღლეს და წამოვედი ქ.ჭიათურაში და მოვედი ჭიათურის პოლიციაში და განვაცხადე მომხდარი ფაქტის შესახებ“. პროკურორის შეკითხვებზე დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. დაზარალებულის განმარტებით, მან წერა და კითხვა ჩვეულებრივ იცის. შესაბამისად, როდესაც ჭიათურის სამმართველოში წარუდგინეს დოკუმენტები, წაიკითხა, გაეცნო და ხელი მოაწერა. თერჯოლის რაიონულ სამმართველოში გარეშე პირის მოწვევის მიზეზი გახდა ის, რომ იყო ძალიან აღელვებული, თავს გრძნობდა ცუდად და ვერ შეძლებდა ჩვენების წაკითხვას.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის აგვისტოს თვეში, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- კ----------, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე - ი----- ქ------- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და თანამშრომელ ი.ტ--------სთან ერთად დაევალა ი.ქ-------ს სამმართველოში წარდგენა. გამოცხადდნენ სოფელ ი------ში, ადგილზე დააკავეს ი.ქ------- და ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე წარადგინეს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში.
14. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- ტ--------მ.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ლ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ი----- ქ-------ს გადასცა მტკიცებულებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი. მტკიცებულებათა გადაცემის ოქმის ხელის მოწერაზე ი.ქ-------მ უარი განუცხადა.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ლ--–- კ----------ს მიმართ განხორცილებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ალკოჰოლური ექსპერტიზა, შეადგინა ი.ქ-------ს დაკავების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ი.ქ-------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაციები. მოწმის განმარტებით, სამმართველოში გამოცხადებულ ლ--–- კ----------ს მისთვის არ უთქვამს, რომ წერა და კითხვა არ იცოდა. ლ.კ----------მ წაიკითხა მიწოდებული დოკუმენტაცია, გაეცნო და შემდეგ მოაწერა ხელი.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ქ-------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 4 აგვისტოდან, ლ--–- კ---------- იმყოფებოდა მასთან ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში. მას, ლ--–-სთვის, არანაირი ძალა არ დაუტანებია საჩივრის გამოტანისა და ადვოკატის აყვანისათვის. მისთვის გაუგებარია თუ რატომ აბრალებს ლ--–- აღნიშნულს. ლ--–- ჩვეულებრივ იმყოფებოდა მასთან და აღნიშნულ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ. 2019 წლის 4 აგვისტოს ლ--–- წავიდა ნაცნობი მამაოს სანახავად და შემდეგ დაბრუნდა სახლში უკან. 2019 წლის 6 აგვისტოს კი წავიდა ჭიათურაში, ქალაქში, პროდუქტის საყიდლად, ვინაიდან 7-ში უნდა გაეცილებინა თერჯოლაში.
18. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (სსკ 150-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. როგორც ამ მუხლის დისპოზიციიდან ჩანს, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. პირის ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ: მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა. ამდენად, აქ მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული, ვიდრე სსკ 151-ე მუხლში. ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. აღსანიშნავია, რომ სსკ 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის ის ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს სამართლის ან მორალის ნორმით. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.
19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ი----- ქ-------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ი----- ქ-------ს ბრალეულობა იძულების ორ ეპიზოდში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ - ლ--–- კ----------ს მიმართ იძულების (ორი ეპიზოდი) განხორციელებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი----- ქ-------ს მხრიდან დაზარალებულ ლ--–- კ----------ს მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი----- ქ-------ს მიერ ლ--–- კ----------ს მიმართ იძულების 2 ორ ეპიზოდად განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - ლ--–- კ----------ს ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი----- ქ-------ს მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ც-–--–---–მა და ი-----–- ბ-------მ ზოგადად განაცხადეს, რომ მათთან, სამმართველოში გამოცხადდა ლ--–- კ----------, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლე, ი----- ქ------- მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმეების ჩვენებებში, კონკრეტული დეტალები, სად, როდის, რა ვითარებაში, რის გამო ან რა ფორმით განხორციელდა ი.ქ-------ს მხრიდან ლ.კ----------ს მიმართ მუქარა ან იძულება, მითითებული არ არის. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ი----- ქ------- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდით) და სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ დაადგინა:
24. 2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თერჯოლა, რ---------–--------------–------------ში, საერთო საცხოვრებლის ბინაში მყოფმა ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ი----- ქ-------მ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--–- კ----------ს ხის სკამი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ლ--–- კ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–- კ----------მ განაცხადა, რომ ი----- ქ-------სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ქ-------მ განაცხადა, რომ ლ--–- კ----------სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2013 წლიდან და თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი.
27. 2014 წლის 18 აგვისტოს დაბადების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ გიორგი ქ------- დაბადებულია 2014 წლის 15 აგვისტოს. მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა ი----- ქ-------, პირადი ნ-------------------; დედა ლ--–- კ----------, პირადი ნომერი 5----------.
28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- ქ------- და დაზარალებული ლ--–- კ---------- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ--–- კ----------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თერჯოლაში, რ---------–--------------–------------ში. დაკავებამდე მასთან ერთად ასევე, ცხოვრობდა მეუღლე - ი----- ქ-------. 2019 წლის 30 ივნისს, ი.ქ-------სთან ერთად იმყოფებოდა სახლში და უყურებდნენ ტელევიზორს. ყურების დროს, სრულიად უმიზეზოდ, ი.ქ-------მ მას ხის სკამი დაარტყა თავის და ზურგის არეში. აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს, ის და ი-----ი მარტო იმყოფებოდნენ, ბავშვებს ეძინათ. მომხდარის გამო, წავიდა თერჯოლის პოლიციაში და განაცხადა. როდესაც სახლში დაბრუნდა პოლიციელებთან ერთად, ი-----ი აღარ იმყოფებოდა, წასული იყო. დაზარალებულის განმარტებით, თერჯოლაში, დაკითხვას გარეშე პირი დაესწრო, ვინაიდან აღელვებული იყო, თავს ცუდად გრძნობდა და ვერ წაიკითხავდა ჩვენებას. წერა და კითხვა კარგად იცის და ჩვეულებრივ კითხულობს. მისივე განმარტებით, აღნიშნული დაზიანების გამო, დღესაც აწუხებს თავის ტკივილები.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------- რ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისს, სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე გადაეცა მასალები და გამოსცა შემაკავებელი ორდერი ი----- ქ-------ს მიმართ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა ლ--–- კ----------ც. ოქმის შევსების დასრულების შემდეგ, როგორც ი----- ქ-------მ, ასევე, ლ--–- კ----------მ უარი განაცხადეს მასზე ხელის მოწერაზე.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ჯ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 30 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- კ----------, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ - ი----- ქ-------მ, მას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სკამის ფეხი ჩაარტყა თავის არეში. თავის მხრივ კი აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ კ----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.თერჯოლაში, ბენზინ გასამართ სადგურზე. სამსახურში ყოფნის დროს, მასთან მივიდნენ პოლიციელები და სთხოვეს გამოკითხვაზე დასწრება, ვინაიდან დაკითხვის დასრულების შემდეგ უნდა წაეკითხა ჩვენება. მართლაც დაესწრო ლ--–- კ----------ს გამოკითხვას და გამოკითხვის დასრულების შემდეგ წაუკითხა ჩვენება მას. ასევე, მეორე დღესაც, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რისი დასრულების შემდეგაც კვლავ წაუკითხა ოქმი.
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო ი----- ქ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო ლ.კ----------ს. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ი.ქ-------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები, ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაციები.
35. 2019 წლის 1 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თერჯოლა, რ---------–--------------–------------ში, რომელიც წარმოადგენს ლ--–- კ----------ს საცხოვრებელ სახლს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სკამი, რაზეც ლ.კ----------მ მიუთითა, რომ ი----- ქ-------მ აღნიშნული სკამი ჩაარტყა თავის არეში.
36. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 01.07.19წ. 02:59-03:11 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- კ----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით (უჩივის თავის ტკივილს. კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,8X1,4სმ - აღნიშნული მიდამო მცირედ შეშუპებულია. კისრის უკანა ზედაპირზე მცირედ მარჯვნივ, შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარედ კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 1,8X1,4სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების (საგნის) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- თ-------მ.
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ქ-------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 30 ივნისს, დილის საათებში იმყოფებოდა თერჯოლაში, ლ--–-სთან ერთად. შემდეგ, ვინაიდან უნდა წასულიყო ჭიათურაში წავიდა ზესტაფონში. ვერ მოასწრო ჭიათურაში წასვლა და დარჩა დასთან, კვალითში. მეორე დღეს, მივიდა თერჯოლაში სახლში, სადაც მეზობელმა უთხრა, რომ წინა დღით პოლიცია იყო მისული მასთან, რომ მან ლ--–-ს თავში სკამი ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა კახეთში, გაერიდა სიტუაციას. ი----- ქ-------ს განმარტებით, მას 2019 წლის 30 ივნისს, ლ--–- კ----------ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია და მისთვის უცნობია, რატომ აბრალებს ლ--–- მას დანაშაულის ჩადენას. ზოგადად ლ--–-ს წარმოსახვები აქვს, რის გამოც იგონებს ხოლმე რაღაცეებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ ლ--–- კ----------სათვის დაზიანება არ მიუყენებია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
38. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო, არის ლატენტური და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ ლ--–- კ----------ს ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი, როგორც მოწმის ჩვენებით, ასევე, წერილობითი მტკიცებულებით. დაზარალებულმა ლ--–- კ----------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 30 ივნისს, სახლში ყოფნის დროს, სრულიად უმიზეზოდ, ი----- ქ-------მ სკამი ჩაარტყა თავის არეში. მოწმე თ---------- ჯ---–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 30 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში მორიგედ, მასთან მივიდა ლ--–- კ----------, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ, ი.ქ-------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სკამი ჩაარტყა თავის არეში. დაზარალებულ ლ--–- კ----------ს მიერ მითითებული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ლ--–- კ----------ს მიმართ, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ ლ--–- კ---------- უჩივის თავის ტკივილს. კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,8X1,4სმ - აღნიშნული მიდამო მცირედ შეშუპებულია. კისრის უკანა ზედაპირზე მცირედ მარჯვნივ, შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარედ კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 1,8X1,4სმ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- ქ-------მ განხორციელებული ქმედებით, 2019 წლის 30 ივნისს ლ--–- კ----------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
40. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით, ი----- ქ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ი----- ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელი 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
41. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
42. N------- ცნობის ასლით, ი----- ქ------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2017 წლის 13 დეკემბერს, კალენდარულად.
43. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 12 ივლისის მიმართვის თანახმად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს.
44. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
45. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა ქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
46. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბოლო დანაშაულის ჩადენამდე, ი----- ქ------- ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
47. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
50. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ი----- ქ-------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი----- ქ-------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი----- ქ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
51. ი----- ქ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ასევე, პასუხისმგებლობის ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
52. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
53. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- ქ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
54. ი----- ქ-------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე, 59-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით, ი----- ქ------- მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ი----- ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა რა ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები და მიაჩნია, რომ ი----- ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
55. ი----- ქ-------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ: დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის N316აგ-13 განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ 59-ე მუხლის 1-ლი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ი----- ქ-------ს არ აქვს გადახდილი მის მიმართ 2017 წლის 13 მარტის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ი----- ქ-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
56. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ქ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდით) და სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;
ი----- ქ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ი----- ქ-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ი----- ქ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 აგვისტოდან;
ი----- ქ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის სკამი, რომელიც ინახება თერჯოლის რაინულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ--–- კ----------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე