გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.07.2019
საქმის ნომერი
330310019003019633
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4056-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ------------ი

წარმომადგენელი - დ-------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - ე------–-----–-ა

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება, ნ-------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ------------ი აღდგენილ იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-----–-------–---------------------–------------------------------------- თანამდებობაზე;

 

1.4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნ-------------- სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2019 წლის 14 მაისიდან აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება;

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 14 მაისამდე მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-----–-------–---------------------–------------------------------------- თანამდებობაზე. იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ დასკვნის საფუძველზე, რომელშიც ფაქტობრივი გარემოებები არასწორად იქნა მითითებული. კერძოდ, 2018 წლის 14 ნოემბერს დილის საათებში, მან დახმარება აღმოუჩინა მსჯავრდებულ ე---–-------------, რომელიც ერთჯერადი მედიკამენტოზური დახმარების შემდეგ, შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით, მოთავსებული იქნა ელექტრო მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში. დაახლოებით 15:00 საათზე, ნ-------------- მოინახულა პაციენტი, რომელიც დამშვიდებული იყო და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა, შესაბამისად, პაციენტთან დაკავშირებით შესაბამის ჩანაწერში აღწერა მისი მდგომარეობა და მას მეორე დილამდე დაემშვიდობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმ დღეს პაციენტის სარეჟიმო კორპუსში გადაყვანას არ გეგმავდა და ე---–------------- უშუალო ექიმს - მ-------------ეს განუმარტა, რომ ის გარკვეული პერიოდი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს გუნდურად შეეფასებინათ პაციენტის მდგომარეობა. 17:00 საათზე მოსარჩელემ საორდინატოროში დატოვა კონსულტაციის ფურცლები, მათ შორის, ე---–-------------თან დაკავშირებით და სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში წავიდა. მეორე დილას მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, 15:15 საათზე პაციენტი ე---–------------ ნ------------თან, ფსიქოლოგთან და მის უშუალო მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე, გადაყვანილ იქნა სარეჟიმო კორპუსში მის საცხოვრებელ საკანში, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ ფაქტზე მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, სამსახურის თანამშრომლებმა ნ------------ს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და შემდეგ მოამზადეს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თითქოს პაციენტი მისი რეკომენდაციით იქნა გადაყვანილი სარეჟიმო კორპუსში. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ნ------------ი მიჩნეულ იქნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენად, რასაც შედეგად მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა მოჰყვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ------------ი დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–---------------------–------------------------------------- თანამდებობაზე. იგი სპეციალური პენიტენციურ სამსახურის სისტემაში/დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობდა 2017 წლის 18 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №0-------- დასკვნა (ს.ფ. 19-25).

 

3.2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში, 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, №- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის - ე---–------------- გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

 

სამსახურებრივი შემოწმებისას გამოიკითხნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის, მითითებული დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ფსიქიატრი ნ------------ი და ამავე პუნქტის მთავარი ექიმი ნ-----–--------–---–ი, №- პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგები - შ---------------–-----------------------------, №- პენიტენციური დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმები - რ------------–--------------------------–--------; ასევე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ/კონტროლიორები - გ---–--------–----------------–--------------.

 

გამოკითხულ პირთა განმარტებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს გ---–--------–----------------–-------------- ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას (მორიგე) №- პენიტენციური დაწესებულების ,--------------- მე-2 სართულზე, სადაც №--- საკანში განთავსებულნი იყვნენ მსჯავრდებულები: ზ------------–---–ი, პ--------–--ე, ვ--–--------------- და ე---–------------- დაახლოებით 10:30 საათზე, მსჯავრდებულები - ზ------------–---–ი და ვ--–--------------- გ---–--------–----ემ სასეირნოდ წაიყვანა, პ--------–--ემ გარეთ გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ე---–------------ ნ-----–--------------სთან ერთად ტელეფონზე დასარეკად წავიდა. ოთახში ასევე იმყოფებოდა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი - რ------------–--ე. სატელეფონო საუბრის დროს მსჯავრდებული მოულოდნელად ჩაიკეცა და იატაკზე დაეცა, ძახილზე არ რეაგირებდა, გათიშული იყო და კონტაქტზე არ გამოდიოდა. ექიმი დაუყოვნებლივ იქნა გამოძახებული. მსჯავრდებულს პირველადი დახმარება ექიმებმა - რ------------–------- და ნ-------------------- აღმოუჩინეს. მას გონება დაკარგული არ ჰქონდა, თუმცა სტრესულ/შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კონტაქტში კვლავ არ შედიოდა. აღნიშნულ მდგომარეობაში მსჯავრდებული №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარმა ექიმმა ნ-----–--------–---–მა მოინახულა. ე---–------------- შესახებ ინფორმაცია ექიმმა რ------------–------- ტელეფონის საშუალებით აცნობა ექიმ-ფსიქიატრს ნ------------ს, რომელიც პაციენტთან ასევე დაუყოვნებლივ მივიდა და კონსულტაცია გაუწია. ნ------------ს პაციენტი დახვდა სამედიცინო ტახტზე თვალდახუჭულ მდგომარეობაში, იგი კონტაქტში არ შედიოდა, მუშტები ჰქონდა შეკრული და ცრემლები მოსდიოდა. ნ-------------- სამედიცინო დოკუმენტაციისა და პაციენტის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, შეავსო კონსულტაციის ფურცელი. ამავე დროს, მას მედიკამენტ დიაზეპამის ინექცია გაუკეთდა და პაციენტზე მეთვალყურეობა გაგრძელდა. მოულოდნელად ე---–------------ წამოხტა, დაიწყო ყვირილი, ნივთების გადაყრა და აგრესიის გამოხატვა. შესაბამისად, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, რ------------–-------, ნ-------------- და ნ-----–--------–---–მა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შემდგომი დაკვირვების/მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანის თაობაზე. მათივე გადაწყვეტილებით, ინსპექტორ-კონტროლიორებმა მსჯავრდებული დღის 12:00 საათზე გადაიყვანეს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. ვინაიდან სამედიცინო ნაწილში ყველა საკანი აღჭურვილია შესაბამისი ვიდეოკამერით, მათ არ განუხილავთ მსჯავრდებულისათვის ელექტრო/ვიზუალური მეთვალყურეობის საკითხი. აღნიშნულზე გაკეთდა ჩანაწერი პაციენტის სამედიცინო ბარათში და ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ინფორმაცია დაწესებულების დირექტორის სახელზე გაიგზავნა.

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდის შემადგელობაში ერთვებიან იმ კორპუსის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ექიმი, რომელთა კორპუსშიც არის განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული დროის მოცემულ მონაკვეთში, ასევე, ექიმი-ფსიქიატრი და დაწესებულების დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე). №- პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგებიდან ე---–-------------თან 2016 წლიდან მუშაობდა ე-------------------ე. მისი განმარტებით, პაციენტს რაიმე სახის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა, ზოგადად იყო არასტანდარტული და „უცნაური“ ადამიანი, გამოირჩეოდა ძალიან მრავალმხრივი და „ყველაფრის მიმართ“ ინტერესით, ხასიათდებოდა ერთგვარი განდიდების მანიით და მუდმივად ცდილობდა საკუთარ თავზე საუბარს/კონცენტრაციას, ძირითადად ინტერესდებოდა რელიგიური საკითხებით, ცდილობდა მისთვის მისაღები რელიგიის შერჩევას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის მუდმივად წუხდა ბავშვობის ტრავმატულ გამოცდილებებზე. საკუთარ თავს „კუთხეში მიმწყვდეულს“ უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში (2016-2017წწ.) ფსიქოლოგი დიდი სიხშირით, ფაქტიურად ყოველკვირეულად აწარმოებდა მასთან შეხვედრას/კონსულტაციას, ხოლო შემდგომ, შედარებით იშვიათად, იგი მუდმივად არ აწარმოებდა ჩანაწერებს, დროის სიმცირის გამო.

 

2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ე-------------------ისთვის ცნობილი გახდა ე---–------------- საექიმო-სამედიცინო პუნქტში სტრესული მდგომარეობით გადაყვანის შესახებ, რაც დედის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მთელი განყოფილება. ე-------------------ემ პაციენტი დაუყოვნებლივ მოინახულა სოციალურ მუშაკ ლ--------------ესთან ერთად. მსჯავრდებული, რომელიც ემოციურად დაცლილი, გადაღლილი და ერთგვარად გამოფიტული იყო, შეკითხვებზე არ რეაგირებდა, არ საუბრობდა და პასუხებს ჟესტებით სცემდა. მან კონსულტაციაზე უარი განაცხადა, რის გამოც ე-------------------ემ შეხვედრა მეორე დღისთვის გადადო. ამ უკანასკნელს მსჯავრდებულის ქცევა არ ჩაუთვლია სუიციდის თვალსაზრისით რისკის შემცველად, ვინაიდან იგი სარისკო ქცევას არ გამოხატავდა. აქედან გამომდინარე, სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების ფორმა არ შეუვსია და შეავსო მხოლოდ ე.წ. მსჯავრდებულთან შეხვედრის ოქმი (№---). ოქმში აღწერა, რომ მსჯავრდებული გადატანილი ტრავმის - დედის გარდაცვალების გამო გამოიყურებოდა ინერტულად, დათრგუნულად, ფსიქოლოგთან კონსულტაციის შეთავაზებაზე უარს აცხადებდა და საკუთარ საკანში დაბრუნებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ე-------------------ეს მონაწილეობა არ მიუღია პაციენტის საკანში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებისას, მას მიზანშეწონილად არ ჩაუთვლია მისი ელექტრო ან/და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ დამატებით დაყოვნება. იმ შემთხვევაში, თუკი ჩათვლიდა სუიციდის რისკის მატარებელ მსჯავრდებულად, ის მიმართავდა დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრს და მასთან ერთად გადაწყვეტდა საჭიროებდა თუ არა შესაბამის პროგრამაში ჩართვას. ფსიქოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს მსჯავრდებულ ე---–-------------თან დაკავშირებული გარემოებები სარისკოდ არ ჩაუთვლია და თავისი გადაწყვეტილებაც გაუმართლებლად არ მიაჩნდა.

 

განყოფილების მეორე ფსიქოლოგი შ---------------–--ე მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ფლობდა ზოგად ინფორმაციას. მისი განმარტებით, სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების ფორმის (დანართი №5) შევსება ყოველთვის ხდება მსჯავრდებულის მონაწილეობით. ტრენინგებზე ყოველთვის იღებდნენ მითითებას, რომ ფორმის შევსებაში მონაწილეობაზე მსჯავრდებულის/ბრალდებულის უარის პირობებში ის ჩათვლილი ყოფილიყო საყურადღებო, რისკის მატარებელ მსჯავრდებულად/ ბრალდებულად და მის მიმართ დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო შესაბამისი პროცედურები. როგორც სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორი, მას გამართლებულად მიაჩნდა 2018 წლის 14 ნოემბერს ე---–------------- საკანში დაბრუნება და ამავე დროს, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მისთვის ვიზუალური მეთვალყურეობის, ე.წ. ფანჯრის პრინციპის დაწესება, რასაც პირადად ვერ განახორციელებდა. მან აღნიშნა, რომ პაციენტთან პირადი შეხება არ ჰქონია.

 

მსჯავრდებულ ე---–------------- ექიმ-ფსიქიატრმა ნ-------------- პირველად კონსულტაცია გაუწია 2018 წლის 6 მარტს, რა დროსაც მისი მდგომარეობა შეაფასა, როგორც სტაბილური და მედიკამენტური დახმარება საჭიროდ არ ჩათვალა. ამის შემდეგ, შეხვდა 2018 წლის 14 ნოემბერს დილის საათებში და ბოლოს, მისი სამედიცინო ნაწილში გადაყვანიდან 2-3 საათის შემდეგ. ბოლო შეხვედრისას, პაციენტი იყო დამშვიდებული, ზემოაღნიშნული სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა და თავს ნორმალურად გრძნობდა. ექიმმა შეავსო გასინჯვის ფურცელი, რომელშიც მისი მდგომარეობა განმეორებით აღარ დააფიქსირა და ამავე დროს, რეკომენდაცია გასცა ფსიქოლოგის კონსულტაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია იყო ზეპირი, რამდენადაც ვერ მოიაზრა დოკუმენტაციაში ამ ჩანაწერის გაკეთება. ამასთან, მან ჩათვალა, რომ მსჯავრდებულის ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობა უნდა გაგრძელებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი უკვე იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ და იმავე დღეს პაციენტის საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან გადაყვანა არ უფიქრია, ექიმმა აღნიშნული არ ასახა გასინჯვის ფურცელში, რომელიც დატოვა საორდინატორო ოთახში. ნ-------------- აღნიშნა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა ე---–------------- საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან საცხოვრებელ საკანში დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ მას ამ გადაწყვეტილების მიღებისას პროცესში მონაწილეობა მოუწევდა. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამით დაწესებულების ადმინისტრაციაში არ გაგზავნილა, რაც არსებული წესების შესაბამისად აუცილებელი იყო. ნ--------------თვის უცნობი იყო, მანამდე ე---–------------- ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა ან სარგებლობდა თუ არა სუიციდის პრევენციის პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის თვალსაზრისით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთ-ერთ სარისკო ქცევასა და სარისკო გარემოებას წარმოადგენს ახლობლის/ოჯახის წევრის დაკარგვა/გარდაცვალება და ე---–------------- გარდაეცვალა დედა, ნ-------------- მიერ ეს არ შეფასდა ასეთი რისკის შემცველად. მისი განმარტებით, მეორე დღესაც აპირებდა ე---–------------- მონახულებას და შემდეგ მისი მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედებდა. ახსნა-განმარტებისას, ნ-------------- აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე---–------------- ჩათვლიდა სარისკო/საყურადღებო მსჯავრდებულად, დამატებით მიმართავდა სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორს. ნ-------------- მოსაზრებით, შესაძლოა, მეტი ყურადღებისა და მობილიზების შემთხვევაში, მდგომარეობის მსგავსი სცენარით განვითარების რისკები შემცირებულიყო.

 

სამედიცინო ნაწილში გადაყვანილ პაციენტზე მეთვალყურეობას ახორციელებდა პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმი ე--------------–-------ე. გადაყვანიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, მსჯავრდებულმა საკუთარ საკანში დაბრუნება მოითხოვა. ე--------------–-------ემ მისი მდგომარეობა ზოგადად შეაფასა და ჩათვალა, რომ მისი საექიმო-სამედიცინო პუნქტში დატოვება აუცილებელი აღარ იყო, რამდენადაც არ მოუაზრებია მისი, როგორც სუიციდის შესაძლო რისკის მატარებელ მსჯავრდებულად განხილვა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება მიიღო მისი მდგომარეობისა და საორდინატორო ოთახში დატოვებული ექიმ-ფსიქიატრის ჩანაწერის საფუძველზე, რომლის თანახმად, ე---–------------- მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელი იყო და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას აღარ საჭიროებდა. ვინაიდან პაციენტი სტრესული მდგომარეობიდან გამოსული და დამშვიდებული იყო, მისივე თხოვნით, ე--------------–-------ემ და ნ-----–--------–---–მა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის საკანში დაბრუნების თაობაზე, დამატებით ელექტრო/ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. აღნიშნულის შესახებ მათ დაწესებულების დირექტორს აცნობეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის საშუალებით. მსჯავრდებულის საკანში გადაყვანა იმავე დღეს, დაახლოებით 15:30 სთ-ზე მოხდა.

 

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ/კონტროლიორების განმარტებით, დაახლოებით 16:00 საათზე, ე---–------------ საკანში დააბრუნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ე---–------------ საკანში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც შეძლებისდაგვარად მას ყურადღებას მიაქცევდნენ, ე---–-------------ათვის განსაკუთრებული ყურადღება აღარ მიუქცევიათ. მასთან არც სოციალური მუშაკი და არც უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი არ მისულა. 19:00 საათზე გ---–--------–----------------–-------------- შევიდნენ ყველა საკანში, მათ შორის, №--- საკანში. ე---–------------ საკანში მოძრაობდა. მისმა თანამესაკნეებმა აღნიშნეს, რომ ის ძალიან განიცდიდა დედის გარდაცვალებას. ინსპექტორ/კონტროლიორებმა მიიჩნიეს, რომ საკანში მყოფი პირები სათანადო ყურადღებას მიაქცევდნენ და საჭიროდ არ ჩათვალეს ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან/და უსაფრთხოების განყოფილებისთვის მიმართვა. ნ-----–--------------მ დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, 17:30 საათზე მან ე---–------------ კვლავ გაიყვანა საკნიდან ოჯახში დასარეკად. მან დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ისაუბრა, დიალოგი არ გაუმართავს, კითხვებზე პასუხობდა მოკლედ და უხალისოდ. საუბრის დასრულების შემდეგ ე---–------------ დაბრუნდა საკანში. 2018 წლის 15 ნოემბერს, 03:30 საათზე №--- საკნიდან ინსპექტორ-კონტროლიორები მოიხმეს. მათ ე---–------------ თოკიდან მოხსნეს, საპირფარეშოდან გამოიყვანეს და დერეფანში დააწვინეს. ამ დროს ე---–------------- გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-------------- 2019 წლის 16 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 96-100);

- შ---------------–--ის 2019 წლის 14 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 103-109);

- ე-------------------ის 2019 წლის 13 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 110-117);

- ნ-----–--------–---–ის 2019 წლის 16 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 118-119);

- ე--------------–-------ის 2019 წლის 16 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 120-121);

- რ------------–-----ის 2019 წლის 16 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 122-123);

- გ---–--------–----ის 2019 წლის 13 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 136-138);

- ნ-----–--------------ს 2019 წლის 15 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 139-141).

 

3.3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში №- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ ე---–------------- გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ მსჯავრდებულები: პ--------–--ე, ვ--–-------------ი და ზ------------–---–ი.

 

მსჯავრდებულების განმარტებით, მათ ე---–-------------თან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, ისინი ერთ საკანში ცხოვრობდნენ. მასთან განსაკუთრებით მეგობრობდა პ--------–--ე. ე---–------------ სხვა მსჯავრდებულებისაგან გამოირჩეოდა თავისი ქცევით და ემოციური მდგომარეობით, პერიოდულად ჰქონდა აკვიატებული აზრები და ყველაზე ხშირად საუბრობდა რელიგიაზე. იგი სასურველი რელიგიის ძიებაში იყო და ამავე დროს, საკუთარი დამწერლობის შექმნა სურდა. მართალია, ე---–------------- რეალობას მოკლებული აზრები და იდეები ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ მეგობრული იყო. დღის განმავლობაში რამდენიმე საათი ჩუმდებოდა, შემდეგ იწყებდა საუბარს და აჩქარებული ნაბიჯით მოძრაობას. 2018 წლის 13 ნოემბერს, ღამის საათებში მას აცნობეს, რომ ოჯახს დაკავშირება სურდა. მეორე დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე ე---–------------ ოჯახთან დასაკავშირებლად წავიდა. 11:00 საათზე დაწესებულების თანამშრომლისაგან შეიტყვეს, რომ ე---–------------- დედა გარდაეცვალა, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა და სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს. 15:00 საათისთვის, დაწესებულების თანამშრომლებმა დააზუსტეს, რომ ე---–------------- თანამესაკნეები მიაქცევდნენ შესაბამის ყურადღებას, აღნიშნულის შემდეგ ე---–------------ საკანში დააბრუნეს. ის ტიროდა, მათთან არ საუბრობდა და საპირფარეშოში ხშირად გადიოდა, რაც საკანში მყოფებმა ნორმალურად ჩათვალეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მას განმარტოება სურდა. მისი ქცევა საკმაოდ ემოციური იყო. პ--------–--ე ღამის საათებში ფხიზლად იყო, ცდილობდა ე---–-------------თვის ყურადღება მიექცია. ბოლოს, ე---–------------ საპირფარეშოში დაახლოებით 03:00-03:30 საათზე შევიდა. 20 წუთის გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მან თავი თოკით ჩამოიხრჩო. პ--------–--ის ყვირილზე თანამესაკნეებმა გაიღვიძეს, მათ ე---–------------- გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

პ--------–--ემ აღნიშნა, რომ ე---–------------- სუიციდთან დაკავშირებით არასდროს უსაუბრია, შესაბამისად, ვერ ივარაუდა, რომ იგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. მისი განმარტებით, საკანი დაახლოებით ერთი თვის წინ დაათვალიერეს და მისთვის უცნობია, თვითმკვლელობისთვის საჭირო საშუალებები იქ როგორ აღმოჩნდა.

 

ვ--–-------------ის განმარტებით, დამდგარი შედეგი გარკვეულწილად შეესაბამებოდა ე---–------------- 2018 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობას. მისი საპირფარეშოში ხშირი და ემოციური გადაადგილებით ის ვარაუდობდა, რომ თვითმკვლელობის მცდელობას ექნებოდა ადგილი, მაგრამ თანამესაკნეები ცდილობდნენ ე---–------------- გაკონტროლებას. იგი აგრესიული და კონფლიქტური არ იყო. ვ--–-------------ის განმარტებით, მითითებულ საკანში ნოემბრის დასაწყისში გადავიდა და მისი იქ ყოფნისას საკანი არ შეუმოწმებიათ.

 

ზ------------–---–ის განმარტებით, საკანში დაბრუნების შემდეგ, მას ე---–-------------გან სუიციდური აზრის მქონე ფრაზა არ სმენია. ე---–------------ წუხდა, რომ არასრულწლოვანი დააპატიმრეს, რის გამოც დედასთან საკმარისი დრო ვერ გაატარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პ--------–--ის 2018 წლის 12 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 124-127);

- ვ--–-------------ის 2019 წლის 12 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 128-131);

- ზ------------–---–ის 2019 წლის 12 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 132-135).

 

3.4. ნ-------------- 2018 წლის 14 ნოემბერს პაციენტ ე---–------------- გასინჯვის შემდეგ შეადგინა პაციენტის გასინჯვის ფურცლები. მან დააფიქსირა, რომ ე---–-------------თან კონსულტაცია პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმის თხოვნით ჩატარდა. პაციენტი შემოწმებისას იყო ფსიქომოტორულად დაძაბული, დაწოლილ მდგომარეობაში, კონტაქტში არ ერთვებოდა, შეკითხვებზე არ პასუხობდა, თვალცრემლიანობდა, ტრემორი აღენიშნებოდა. ირგვლივ მყოფთა გადმოცემით, პატიმარი ტელეფონით საუბრობდა და სავარაუდოდ, დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, რის შედეგადაც იატაკზე დაეცა. ცოტა ხანში პაციენტი ჰიპერაქტიური გახდა, მაგიდას მუშტებს ურტყამდა. მას ერთჯერადად პრეპარატი დიაზეპამი გაუკეთდა და პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დიაგნოზით: მწვავე რეაქცია სტრესზე.

 

პაციენტის გასინჯვის ფურცელი, ასევე 2019 წლის 14 ნოემბერს 15:00 საათზე განხორციელებული შემოწმების შედეგებზე შედგა. მასში დაფიქსირდა, რომ ე---–------------ სამედიცინო კორპუსთან არსებული ელექტრო მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში იმყოფებოდა. მითითებული დროისთვის იგი გარეგნულად მოწესრიგებული, პროდუქტიული, კონტაქტისთვის მისაწვდომი იყო, სიგარეტს ეწეოდა, კითხვებზე დროულად და ადეკვატურად პასუხობდა. ფსიქომოტორულად შედარებით მშვიდი იყო. აცხადებდა, რომ აღარ ნერვიულობდა და თავს უკეთესად გრძნობდა. თვითდესტრუქციულ და სუიციდურ აზრებს არ გამოთქვამდა. შემოწმების ეტაპზე აგრესიას არ ავლენდა. მას რჩევა-დარიგებები მიეცა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პაციენტის გასინჯვის ფურცლები (ს.ფ. 101-102).

 

3.5. პაციენტის ე---–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურში 2018 წლის 14 ნოემბერს, 10:30 საათზე შესრულებული ჩანაწერის მიხედვით, მსჯავრდებულმა ტელეფონზე საუბრისას მომენტალურად გონება დაკარგა (მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედა გარდაეცვალა). პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების კაბინეტში ჩაყვანისას იგი კონტაქტში არ შედიოდა. გამოძახებულ იქნა ფსიქიატრი. მოულოდნელად პაციენტი წამოხტა და მაგიდას მუშტები დიდი ძალით დაარტყა. კუნთში პრეპარატ დიაზეპამის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილთან არსებულ საკანში.

 

15:00 საათზე შედგენილი ექიმის ჩანაწერის თანახმად, პაციენტი მოთავსებული იქნა სამედიცინო პუნქტთან არსებულ საკანში, დიაგნოზით: მწვავე რეაქცია სტრესზე. იგი ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მედიკამენტური მკურნალობა ჩაუტარდა. რჩევა-დარიგებები მიეცა. აღნიშნულის ფონზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამბობდა, რომ თავს უკეთესად გრძნობდა, ასევე, ამბობდა, რომ მარტო ყოფნა არ სურდა და მის საცხოვრებელ საკანში დაბრუნება და მეგობრებთან ურთიერთობა უნდოდა. პაციენტის ცნობიერება ნათელი იყო. კონტაქტში თავისუფლად და მშვიდად ერთვებოდა. ადეკვატურად პასუხობდა. გუნება-განწყობა სიტუაციის შესაბამისი ჰქონდა. ზოგადი სამედიცინო შემოწმების მიხედვით, პაციენტი საკუთარი სურვილით, მისი დაჟინებული მოთხოვნით, შესაძლებელი იყო მის საცხოვრებელ საკანში გადაეყვანათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექიმის ჩანაწერები (ს.ფ. 149-151).

 

3.6. 2018 წლის 14 ნოემბერს №- პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარმა ექიმმა ნ-----–--------–---–მა ორჯერ მიმართა ამავე დაწესებულების დირექტორს. პირველ შემთხვევაში მან აცნობა, რომ მსჯავრდებულ ე---–-------------, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტთან არსებულ საკანში გადაყვანა ესაჭიროებოდა და შესაბამისი რეაგირება ითხოვა, ხოლო შემდეგ, აცნობა, რომ ე---–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტთან არსებულ საკანში გადაყვანილი მსჯავრდებული ე---–------------, მისივე დაჟინებული მოთხოვნით შესაძლებელი იყო სარეჟიმო კორპუსში დაებრუნებინათ.

 

№- პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ამავე დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ-----–--------–---–ის 2018 წლის 14 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის, ე---–------------- პიროვნული თვისებების, მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების, პირადად ე---–------------- ინტერესებისა და დებულებით გათვალისწინებული შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფისათვის, უსაფრთხოების სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დაწესებულების ,--------------- №--- საკანში გადაყვანა და ე---–------------- მიმართ ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობის შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №- პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ-----–--------–---–ის 2018 წლის 14 ნოემბრის M---------------- მიმართვა (ს.ფ. 142);

- №- პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ-----–--------–---–ის 2018 წლის 14 ნოემბრის M---------------- მიმართვა (ს.ფ. 143);

- №- პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის M---------------- შუამდგომლობა (ს.ფ. 166).

 

3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–---------------------–------------------------------------- ნ-------------- მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 7 მაისს მომზადდა დასკვნა №0--------. დასკვნაში დაფიქსირდა, რომ ექიმმა (ფსიქიატრი) ნ-------------- შესაბამისი საფუძვლების მიუხედავად, სწორად ვერ შეაფასა მსჯავრდებულ ე---–------------- ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო რისკები, ის არ ჩათვალა სუიციდის რისკის მქონედ და სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან კონსულტაცია არ გაიარა. ამასთან, მსჯავრდებულთან დაკავშირებით არ გასცა რეკომენდაციები სამედიცინო და არასამედიცინო საჭიროებების, მათ შორის, ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ. მან ზოგადი ფსიქიატრიული კონსულტაცია გაუწია მსჯავრდებულს და პაციენტის გასინჯვის ფურცელში მხოლოდ აღნიშნულის დაფიქსირებით შემოიფარგლა. ნ-------------- ჩანაწერი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ე---–------------- საექიმო-სამედიცინო პუნქტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილი ოთახიდან საცხოვრებელ საკანში გადაყვანას. ამასთან, ნ------------------ გამართა კონსულტაცია სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან მსჯავრდებულის სუიციდის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

მითითებული დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმს (ფსიქიატრი) ნ------------ს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსის, სიმძიმის, შედეგების, ჩადენის გარემოებების და მოსამსახურის პიროვნების გათვალისწინებით დაეკისროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა/ გათავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №0-------- დასკვნა (ს.ფ. 19-25).

 

3.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმს (ფსიქიატრი) ნ------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან გათავისუფლება“, მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №0-------- დასკვნის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება (ს.ფ. 14).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ნ-------------- მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან, კუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ნ------------ი დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–---------------------–------------------------------------- თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.

 

6.3. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმს (ფსიქიატრი) ნ------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან გათავისუფლება“, მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №0-------- დასკვნის საფუძველზე.

 

6.4. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება; ბ) სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება; გ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა და მათზე რეაგირება; დ) სამსახურის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა, მათზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამსახურის გამგებლობის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა.

 

დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში, 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, №- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის - ე---–------------- გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მათ შორის სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–---------------------–------------------------------------- ნ-------------- მიმართ და სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 7 მაისს მომზადდა დასკვნა №0--------. დასკვნაში დაფიქსირდა, რომ ექიმმა (ფსიქიატრი) ნ-------------- შესაბამისი საფუძვლების მიუხედავად, სწორად ვერ შეაფასა მსჯავრდებულის ე---–------------- ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო რისკები, ის არ ჩათვალა სუიციდის რისკის მქონედ და სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან კონსულტაცია არ გაიარა. ამასთან, მსჯავრდებულთან დაკავშირებით არ გასცა რეკომენდაციები სამედიცინო და არასამედიცინო საჭიროებების, მათ შორის, ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ. მან ზოგადი ფსიქიატრიული კონსულტაცია გაუწია მსჯავრდებულს და პაციენტის გასინჯვის ფურცელში მხოლოდ აღნიშნულის დაფიქსირებით შემოიფარგლა. ნ-------------- ჩანაწერი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ე---–------------- საექიმო-სამედიცინო პუნქტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილი ოთახიდან საცხოვრებელ საკანში გადაყვანას. ამასთან, მან არ გამართა კონსულტაცია სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან მსჯავრდებულის სუიციდის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

მითითებული დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმს (ფსიქიატრი) ნ------------ს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსის, სიმძიმის, შედეგების, ჩადენის გარემოებების და მოსამსახურის პიროვნების გათვალისწინებით დაეკისროს დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. მოსამსახურის მხრიდან ერთ-ერთ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება − მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, ხოლო მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს.

 

მითითებული ნორმატიული აქტის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება, ხოლო სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, ანდა ამ გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა თუ არა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურში დასაქმებულ პირს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს.

 

საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული ე---–------------ სასჯელის მოსახდელად მოთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების ,--------------- მე-2 სართულზე, №--- საკანში. 2018 წლის 14 ნოემბერს, სატელეფონო საუბრისას მან დედის გარდაცვალების ფაქტი შეიტყო, რის შემდეგაც მსჯავრდებული მოულოდნელად ჩაიკეცა და იატაკზე დაეცა. იგი ძახილზე არ რეაგირებდა, გათიშული, სტრესულ/შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კონტაქტში არ შედიოდა. ექიმი გამოძახებული იქნა დაუყოვნებლივ. მსჯავრდებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ექიმებმა - რ------------–------- და ნ--------------------. აღნიშნულ მდგომარეობაში მსჯავრდებული №- პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარმა ექიმმა ნ-----–--------–---–მა მოინახულა. ე---–------------- მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რ------------–------- ტელეფონის საშუალებით აცნობა ექიმ-ფსიქიატრს ნ------------ს, რომელიც პაციენტთან დაუყოვნებლივ მივიდა, კონსულტაცია გაუწია და პრეპარატი დიაზეპამი გაუკეთა. პაციენტის ე---–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურში 2018 წლის 14 ნოემბერს, 10:30 საათზე გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, მსჯავრდებულმა ტელეფონზე საუბრისას მომენტალურად დაკარგა გონება (მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედა გარდაეცვალა). პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების კაბინეტში ჩაყვანისას იგი კონტაქტზე არ გამოდიოდა. გამოძახებულ იქნა ფსიქიატრი. მოულოდნელად პაციენტი წამოხტა და მაგიდას მუშტები დიდი ძალით დაარტყა. კუნთში დიაზეპამის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილთან არსებულ საკანში.

 

დადგენილია, რომ ე---–------------- ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა - რ------------–-------, ნ-------------- და ნ-----–--------–---–მა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის საექიმო-სამედიცინო პუნქტში გადაყვანისა და შემდგომი დაკვირვების/მეთვალყურეობის თაობაზე. მათივე გადაწყვეტილებით, ინსპექტორ-კონტროლიორებმა მსჯავრდებული დღის 12:00 საათზე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ყველა საკანი აღჭურვილია შესაბამისი ვიდეოკამერით. აღნიშნულზე გაკეთდა ჩანაწერი პაციენტის სამედიცინო ბარათში და ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ინფორმაცია დაწესებულების დირექტორის სახელზე გაიგზავნა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ე---–------------ მოინახულა ფსიქოლოგმა, თუმცა მან ფსიქოლოგის კონსულტაციაზე უარი განაცხადა, აღნიშნულის გამო ფსიქოლოგმა ე---–-------------თან შეხვედრა მეორე დღისთვის გადადო. ამ უკანასკნელს მსჯავრდებულის ქცევა არ ჩაუთვლია სუიციდის თვალსაზრისით რისკის შემცველად, ვინაიდან იგი სარისკო ქცევას არ გამოხატავდა. აქედან გამომდინარე, სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების ფორმა არ შეუვსია და მხოლოდ ე.წ. მსჯავრდებულთან შეხვედრის ოქმი (№---) შეავსო.

 

დადგენილია, რომ მსჯავრდებული ე---–------------ ექიმმა-ფსიქიატრმა ნ-------------- კვლავ მოინახულა 2018 წლის 14 ნოემბერს, მისი სამედიცინო ნაწილში გადაყვანიდან 2-3 საათის შემდეგ. პაციენტის გასინჯვის ფურცელი შედგა 15:00 საათზე. მასში მითითებულია, რომ ე---–------------ იმყოფებოდა სამედიცინო კორპუსთან არსებული ელექტრო მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში. მითითებული დროისთვის იყო გარეგნულად მოწესრიგებული და პროდუქტიული, კონტაქტისთვის მისაწვდომი, ეწეოდა სიგარეტს, კითხვებზე პასუხობდა დროულად და ადეკვატურად. ფსიქომოტორულად შედარებით მშვიდი იყო. აცხადებდა, რომ აღარ ნერვიულობდა და თავს უკეთესად გრძნობდა. თვითდესტრუქციულ და სუიციდურ აზრებს არ გამოთქვამდა. შემოწმების ეტაპზე აგრესიას არ ავლენდა. მას რჩევა-დარიგებები მიეცა.

 

დადგენილია, რომ სამედიცინო ნაწილში გადაყვანილ პაციენტზე მეთვალყურეობას ახორციელებდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ექიმი ე--------------–-------ე.

 

დადგენილია, რომ პირველადი ჯანდაცვის პუნქტში გადაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მსჯავრდებულმა საკუთარ საკანში დაბრუნება მოითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს №- პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარმა ექიმმა ნ-----–--------–---–მა მიმართა ამავე დაწესებულების დირექტორს და აცნობა, რომ ე---–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტთან არსებულ საკანში გადაყვანილი პატიმარი ე---–------------ მისივე დაჟინებული მოთხოვნით შესაძლებელი იყო სარეჟიმო კორპუსში დაებრუნებინათ/გადაეყვანათ. იმავდროულად, №- პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ამავე დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის - ნ-----–--------–---–ის 2018 წლის 14 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის, ე---–------------- პიროვნული თვისებების, მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების, პირადად ე---–------------- ინტერესებისა და დებულებით გათვალისწინებული შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფისათვის, უსაფრთხოების სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ე---–------------- დაწესებულების ,--------------- №--- საკანში გადაყვანა და მასზე ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობის შეწყვეტა.

 

დადგენილია, რომ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ/კონტროლიორებმა, დაახლოებით 16:00 საათზე, ე---–------------ საკანში დააბრუნეს, მასზე მეთვალყურეობა საკანში მყოფ სხვა პირებს ეთხოვათ. 2018 წლის 15 ნოემბერს, 03:30 საათზე №--- საკნიდან ინსპექტორ-კონტროლიორები მოიხმეს. მათ ე---–------------ გარდაცვლილი დახვდათ (სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა).

 

ამდენად, დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ე---–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას ახდენდა და მისი მკურნალობის პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ექიმი-ფსიქიატრი ნ------------ი, არამედ სხვა პირებიც, სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სამედიცინო ნაწილში გადაყვანილ პაციენტზე მეთვალყურეობას ახორციელებდა პირველადი ჯანდაცვის პუნქტის ექიმი, რომელმაც დაახლოებით 15:30-16:00 საათზე პაციენტის მდგომარეობა ზოგადად შეაფასდა და განხორციელებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე (პაციენტის იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელ საკანში დაბრუნების სურვილი) საექიმო-სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნია მისი საცხოვრებელ საკანში დაბრუნება. აღნიშნულის შესახებ მთავარმა ექიმმა წერილობით აცნობა დაწესებულების დირექტორს. საბოლოოდ, 2018 წლის 14 ნოემბერს, 16:00 საათზე ე---–------------ საცხოვრებელ საკანში დააბრუნეს, შესაბამისად, მას ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობის რეჟიმი მოეხსნა და როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, მის მიმართ სხვა მსჯავრდებულები ცდილობდნენ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-12 მუხლზე, რომლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; გ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ზრუნვა.

 

ამასთან, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ე---–------------- ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა - რ------------–-------, ნ-------------- და ნ-----–--------–---–მა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის საექიმო-სამედიცინო პუნქტში გადაყვანის შესახებ, შემდგომი მისი მკურნალობისა და დაკვირვების/მეთვალყურეობის მიზნით. მათივე გადაწყვეტილებით, ინსპექტორ-კონტროლიორებმა მსჯავრდებული დღის 12:00 საათზე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ყველა საკანი აღჭურვილია შესაბამისი ვიდეოკამერით. აღნიშნულზე გაკეთდა ჩანაწერი პაციენტის სამედიცინო ბარათში და ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ინფორმაცია დაწესებულების დირექტორის სახელზე გაიგზავნა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნ-------------- მიერ პაციენტის გასინჯვის ფურცელში 2018 წლის 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ე---–------------- მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე, კერძოდ, მითითებული დროისთვის ე---–------------ იყო გარეგნულად მოწესრიგებული და პროდუქტიული, კონტაქტისთვის მისაწვდომი, ეწეოდა სიგარეტს, კითხვებზე პასუხობდა დროულად და ადეკვატურად. ფსიქომოტორულად შედარებით მშვიდი იყო. აცხადებდა, რომ აღარ ნერვიულობდა და თავს უკეთესად გრძნობდა. თვითდესტრუქციულ და სუიციდურ აზრებს არ გამოთქვამდა. შემოწმების ეტაპზე აგრესიას არ ავლენდა. მას მიეცა რჩევა-დარიგებები.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის მე-2 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, პაციენტის გასინჯვის ფურცელი არის სამედიცინო ბარათის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. დაუშვებელია მასში არსებული ჩანაწერების გაორება ან თვითნებური ჩანაწერების წარმოება. მკურნალი ექიმი მასში ჩანაწერებს (პაციენტის გასინჯვის ფურცელში (დღიურში) აღნიშნული დანიშნულებების შესაბამისად) აკეთებს მკაფიოდ და გასაგებად, მიუთითებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის თარიღს. ამავე წესის დანართი №1-ით განისაზღვრა პაციენტის გასინჯვის ფურცელის ფორმა, რომლის თანახმად, მასში უნდა დაფიქსირდეს დაგეგმილი გამოკვლევები, სპეციალისტის კონსულტაციები, დანიშნულება.

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, რომ ნ-------------- პაციენტის გასინჯვის ფურცელში დეტალურად არ ასახა იმ მომენტისათვის მსჯავრდებულის მდგომარეობა. სასამართლო მიუთითებს, რომ პაციენტის გასინჯვის ფურცელში მკურნალი ექიმი ჩანაწერებს აკეთებს პაციენტის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლო მოპასუხის მითითება, რომ ექიმმა მასში ჩანაწერი არასწორად ან არასრულად შეიტანა საფუძველს მოკლებულია. დადგენილია, რომ ნ------------ს ჩანაწერში არ მიუთითებია რაიმე სახის რეკომენდაცია, მათ შორის ე---–-------------თვის დაწესებული რეჟიმის/მეთვალყურეობის, მათ შორის, სამყოფელი ადგილის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პაციენტზე მეთვალყურეობა უკვე დაწესებული იყო და ეს გადაწყვეტილება სხვა პირებთან ერთად ნ--------------ც მიიღო, მისი შეცვლის, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული პირიც უნდა ყოფილიყო ჩართული. ამ მიმართებით, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, ნ------------ი მიუთითებს, რომ ბოლო შეხვედრისას პაციენტი იყო დამშვიდებული, პირველადი სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა და თავს ნორმალურად გრძნობდა. ექიმმა შეავსო გასინჯვის ფურცელი, რომელშიც მისი მდგომარეობა განმეორებით აღარ დააფიქსირა და ამავე დროს, რეკომენდაცია გასცა ფსიქოლოგის კონსულტაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია იყო ზეპირი (სადავო არ არის ის გარემოება, რომ ფსიქოლოგმა ე---–------------ მოინახულა). ამასთან, მან ჩათვალა, რომ მსჯავრდებულის ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობა უნდა გაგრძელებულიყო, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი შესაბამის პირთა გადაწყვეტილებით უკვე იმყოფებოდა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ და იმავე დღეს პაციენტის საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან გადაყვანაზე არ მიუთითებია, ექიმმა მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ჩანაწერში დაფიქსირება საჭიროდ აღარ მიიჩნია. ნ-------------- აღნიშნა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა ე---–------------- საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან საცხოვრებელ საკანში დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილების მიღება მოუწევდა.

 

ამასთან, როგორც ნ------------ი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის თვალსაზრისით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთ-ერთ სარისკო ქცევასა და სარისკო გარემოებას წარმოადგენს ახლობლის/ოჯახის წევრის დაკარგვა/გარდაცვალება და ე---–------------- გარდაეცვალა დედა, მის მიერ ეს გარემოება ასეთი რისკის შემცველად არ შეფასდა, პაციენტის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე (არ გამოთქვამდა სუიციდურ აზრებს, მეორედ მონახულების დროს იყო მშვიდი და ადეკვატური). ამასთან, მისი განმარტებით, პაციენტს მეორე დღემდე დაემშვიდობა, მეორე დღესაც აპირებდა მის მონახულებას და შემდეგ, მისი მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედებდა, მათ შორის, თუ ე---–------------- ჩათვლიდა სარისკო/საყურადღებო მსჯავრდებულად, დამატებით მიმართავდა სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორს.

 

აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მოსარჩელის მხრიდან საქმისადმი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულების შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, ექიმის მიერ სამედიცინო ბარათში შეტანილი იქნა ჩანაწერი პაციენტის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამასთან, მოსარჩელეს არ მიუღია გადაწყვეტილება პაციენტის მიმართ უკვე არსებული დაკვირვების შეწყვეტისა და მისი საცხოვრებელ საკანში დაბრუნების თაობაზე. ამასთან, აგრძელებდა პაციენტზე დაკვირვებას და სარისკო ქცევის გამოვლინების შემთხვევაში, პროცესში სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორს ჩართავდა. შესაბამისად, სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომ მსჯავრდებულის მიმართ დასმული დიაგნოზი და მკურნალობა მას მოცემული მომენტისათვის შეჯამებული არ ჰქონდა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია კანონით დადგენილი ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებით.

 

სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ ნ-------------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების დროს სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო მისი მოქმედება, უნდა დადგენილიყო ის ზიანი, რაც უშუალოდ მისი მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანისადმი და ბრალეულობის ხარისხი, მიზეზშედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სხვა. სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ბრძანება გამოსცა მითითებული გარემოებების უგულებელყოფით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მონიტორინგის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ჩანაწერი პაციენტის გასინჯვის ფურცელში იყო ერთ-ერთი საფუძველი ე---–------------- საცხოვრებელ საკანში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელსაც შედეგად მძიმე შედეგი მოჰყვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება, ნ-------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არასწორად შეფასების შედეგად.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება, ნ-------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ-------------- გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამშებობაზე აღდგენის თაობაზე.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ-------------- გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება და ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას დაევალა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ნ-------------- სასარგებლოდ განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 14 მაისიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. ამასთან, რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 28 მაისის №0----- ორდერით და დ-------------ის სახელზე, სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე 2019 წლის 28 მაისის №4---------- შემოსავლის დოკუმენტით (ს.ფ. 26-27) დასტურდება, რომ ნ-------------- ადვოკატს დ-------------ეს საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხდა თანხა 500 ლარის ოდენობით. სასამართლო საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4--- ბრძანება, ნ-------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ------------ი აღდგენილ იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-----–-------–---------------------–------------------------------------- თანამდებობაზე;

 

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს ნ-------------- სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან 2019 წლის 14 მაისიდან აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე