გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5521-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - მ------- ს--------
მოპასუხე - ზ------ ბ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5720.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3672.22 ლარი, სარგებელი 506.16 ლარი, პირგასამტეხლო - 1412.63 ლარი და საკომისიო - 129.89 ლარი;
1.2. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის, ძირითად თანხაზე, 3672.22 ლარზე, წლიური 13.0%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.30 ლარს;
1.3. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს ძირითად თანხაზე 3672.22 ლარზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.83 ლარს.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ბ------ეს შორის 2016 წლის 5 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიცა სესხი 4500 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის საკომისიო 5 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - 2017 წლის 10 იანვრის შემდგომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოპასუხეს აღარ შეუსრულებია.
სარჩელის შეტანის მომენტისათვის სს „ს----------–--------ის“ მიმართ ზ------ ბ------ეს ერიცხება დავალიანება 5720.90 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3672.22 ლარი, სარგებელი - 506.16 ლარი, პირგასამტეხლო - 1412.63 ლარი და საკომისიო 129.89 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ძირითადი თანხის, სარგებლის და საკომისიოს ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „ს----------–--------სა“ (კრედიტორი) და ზ------ ბ------ეს (მოვალე) შორის 2016 წლის 5 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიცა სესხი 4500 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.5% და დაზღვევის საკომისიო 5 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 05.02.2016 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
3.1.2 კრედიტორის მიერ 2016 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 28);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 19).
3.1.3. მოვალემ საკრედიტო ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის 10 იანვრის შემდგომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 19).
3.1.4. 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით მოვალეს ერიცხება დავალიანება 5720.90 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3672.22 ლარი, სარგებელი - 506.16 ლარი, პირგასამტეხლო - 1412.63 ლარი და საკომისიო 129.89 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 28).
3.1.5 ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა სარჩელის წარდგენით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 625-ე, 361-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ბ------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - ზ------ ბ------ემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და 2017 წლის 10 იანვრის შემდგომ ვალდებულება აღარ შეუსრულებია.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2016 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -13%.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 873-ე მუხლის თანახმად კი კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელმა ზედიზედ ორჯერ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა, რის გამოც, კრედიტორმა სარჩელის წარდგენის გზით ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და საკომისიოს ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის, ძირითად თანხაზე, 3672.22 ლარზე, წლიური 13%-ის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად კი, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება (იხ. სუსგ №ას-1586-1585-2011).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება.
განსახილველ საქმეზე სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ Nას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს----------–--------ს“ გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 2016 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, რაც მითითებული ხელშეკრულების მიხედვით, წარმოადგენს ყოველდღიურად 1.30 ლარს.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა გასცა დავალიანების ცნობა 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით.
სასამართლო შენიშნავს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).
კრედიტორმა მიუღებელი შემოსავალი დაუკავშირა მოვალესთან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში ასახულ წლიურ სარგებელს საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ წლიურ 13% -ს, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.30 ლარია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავალის დაკისრებას ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის შედგენიდან - 2019 წლის 15 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო დაწესებულება ფულის სყიდვაუნარიანობის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, გარდა ამისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება გადაწყვტილების აღსრულების დაწყებამდე გააჩნია. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმებული არიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა, ამდენად, კრედიტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად აღასრულოს გადაწყვეტილება და დაიბრუნოს გაცემული თანხა. ყველა ამ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მოპასუხისათვის 19.03.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის - 474.5 ლარისა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლო და მოითხოვა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გარდა დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - ძირითად თანხის, 3672.22 ლარის, 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.83 ლარს.
მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის : ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხეს, ნაცვლად 1412.63 ლარისა, დაეკისროს 1000 ლარის გადახდა, ხოლო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან აღსრულებამდე დასაკისრებელი - მოსარჩელის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - ძირითადი დავალიანების, ვადაგადაცილებისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხე ზ------ ბ------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო 4308 ლარის ნაწილში, ასევე მოსარჩელემ 10-ჯერ შეამცირა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 543 ლარი, ხოლო ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 74 ლარის ანაზღაურება, დანარჩენი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 414-416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხე ზ------ ბ------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5308.27 ლარის გადახდა (სესხის ძირითადი თანხაა 3672.22 ლარი, პროცენტი 506.16 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი და საკომისიო - 129.89 ლარი);
3. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - სესხის ძირითადი თანხის, 3672.22 ლარის, წლიური 13.0%-ის ანაზღაურება 19.03.2019 წლიდან აღსრულების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს 474.5 ლარისა;
4. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის, 3672.22 ლარის, 0.05%-ის გადახდა 19.03.2019 წლიდან აღსრულების დაწყებამდე.
5. დანარჩენ ნაწილში სს „ს----------–--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. ზ------ ბ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 74 ლარის ანაზღაურება;
7. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 543 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან (12.03.2019 წლის სს „ს----------–--------ის“ საგადასახდო დავალება N2, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, რეფერენსი 1--------);
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია