გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4740-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სა---------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ლი---------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „დო------------------ა“
წარმომადგენელი - ნა----–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „დო------------------ა“-სათვის მოსარჩელე სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 2018 წლის 17 მაისის №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 15443,75 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ შპს „დო------------------ა“-სა და სა---------–-----------–---------------ოს შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში წყ-–---------------ის შესყიდვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, 2018 წლის 12 ოქტომბრის შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 167 866,80 ლარი.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი.
მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვნი შესრულება, რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მიწოდებაში, კერძოდ, ნაცვლად 2018 წლის 15 აგვისტოსი, ხელშეკრულების საგანი შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 30 სექტემბერს, 46 დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც 2018 წლის 29 ნოემბრის აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 16.7 პუქნტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
2018 წლის 29 ნოემბრის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 15 443,75 ლარს (167 866,80*0,2%*46). მოპასუხეს გაეგზავნა დასახელებული აქტი და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა 10 დღე, თუმცა მიმწოდებელს თანხა არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხე არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0,2% არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამურად 1544,55 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „დო------------------ა“-სა და სა---------–-----------–---------------ოს შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში წყ-–---------------ის შესყიდვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით; 2018 წლის 12 ოქტომბრის „შეთანხმების ოქმის“ შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 167 866,80 ლარი (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).
3.1.2. მხარეთა შორს გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი შემსყიდველისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).
3.1.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 16.7 პუქნტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა.
ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24).
3.1.4. 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №102 აქტის თანახმად, მიმწოდებელმა 167 866,80 ლარის ღირებულების საქონელი (წყ-–---------------ა) მიაწოდა შემსყიდველს; დროებითი შენახვის აქტი (№80) კი თარიღდებოდა 2018 წლის 30 სექტემბრით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №102 (ს.ფ. 28).
3.1.5. 2018 წლის 29 ნოემბრის №----1 აქტით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 15 443,75 ლარი (167 866,80ლარი*0,2%*46): ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღიებულება - 167 866,80 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი - 30.09.2018 წელი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 46 დღე.
მხარეებს შორის არ არის სადავო ვაგადაცილებული დღეების რაოდენობა და შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 29 ნოემბრის №----1 აქტი (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის წყ-–---------------ები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი): ხელშეკრულების საგანზე - წყ-–---------------ები; ღირებულებაზე - ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 167 866,80 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადებზე - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადა.
მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა შეთანხმებული შესყიდვის ობიექტი 46 დღის ვადაგადაცილებით. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვადის გადაცილებით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტი), დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მიწოდების ვადას გადააცილა 46 დღით. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების (167 866,80 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის მიერ ვადის გადაცილებისათვის 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 7 721,56 ლარს.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 1544,55 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 1544,55 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 294,54 ლარი (ს.ფ. 35). მოპასუხემ სარჩელი ცნო 6 264,01 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 187.92 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40,16 ლარის გადახდა, ხოლო 66,45 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ვაჟის გადახდისაგან, სარჩელი დაკმაყოფილდა 7721,56 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ მოთხოვნა ცნო 1544,55 ლარის ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება ბაჟის 185,31 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხის შპს „დო------------------ა“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. შპს „დო------------------ა“-ს სა---------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 7 721,56 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „დო------------------ა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 185,31 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე