გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5----19
საქმე № 3-----------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.11.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო გუგავა
მოსარჩელე - ე-–----------ძე
წარმომადგენელი - ე-–-----------–--ლი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- გადაწყვეტილება, ე-–----------ძის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ე-–----------ძე აღიარებული იქნება მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული 88 კვ/მ მიწის ნაკვეთი და გაიცეს მასზე საკუთრების მოწმობა მდებარე: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–--- N3ა-ს მიმდებარედ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2-----------ს სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 6 აპრილის N08.66.897 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბ-----–--–-ის შესახვევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების საწარმოო გაერთიანება ,,ი-----“ ყოფილი საცხოვრებელი ბარაკის ლიკვიდაციის შემდეგ დატოვებულ სათავსებში მცხოვრები მოქალაქეების სია, რომლის თანახმად, ე-–-------------------–---------ძე, N33 სასურსათო მაღაზიის გამყიდველი, ცხოვრობდა ს-----–---–-- დას. N3ა-ში.
2018 წლის 23 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ე-–----------ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია N0--------------- საკადასტრო კოდის მქონე, ქ. თბილისში, ს-----–---–-- დ-----–---ში, I ქუჩა N3ა-ში მდებარე 46 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მასზე მდგარ N1 შენობა-ნაგებობით. N1 შენობიდან ბინის საერთო ფართობია 27,58 კვ.მ და დამხმარე ნაგებობის - 7 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 31.10.2017წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-----------ს სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 6 აპრილის N08.66.897 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სია;
- 2018 წლის 23 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. 2018 წლის 21 თებერვალს ე-–----------ძემ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, ქ. თბილისში, ს-----–---–-----------–--- I ქუჩა N3ა-ს მიმდებარედ არსებულ 88 კვ.მ ფართზე. სარეგისტრაციო განაცხადს დაერთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდგარ შენობა-ნაგებობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 თებერვლის N-------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, დაინტერესებულ პირს არ უდგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის N110845 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვის მიზნით გაეგზავნა ე-–----------ძის წარმომადგენლის ე-–-----------–--ლის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–--- I ქუჩა N3ა-ს მიმდებარედ 88 კვ.მ ფართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 თებერვლის N-------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 მარტის N110845 წერილი.
3.1.3. 2019 წლის 18 აპრილს გაიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, რაზეც შედგა N21 ოქმი. სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ე-–----------ძისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- განკარგულებით ე-–----------ძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–--- I ქუჩა N3ა-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 88 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ე-–----------ძის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) მომიჯნავედ, თუმცა მისი ფართობი (88 კვ.მ) აღემატება საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს (46 კვ.მ). მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი N1 შენობა წარმოადგენს ე-–----------ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) არსებული შენობის მიშენებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 18 აპრილის N21 სხდომის ოქმი;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- განკარგულება.
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის ორთოფოტოზე ასახულ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება შენობა-ნაგებობის არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლის ორთოფოტო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ე-–----------ძისთვის, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოცულობა აღემატებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ე-–----------ძის პოზიციით, საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივი საფუძველი უნდა გამხდარიყო არა მიწის ნაკვეთების ერთმანეთის მომიჯნავედ არსებობა, არამედ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა 2007 წლამდე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე უპირველესად უნდა დადგინდეს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა და აღნიშნულის შესაბამისად შეფასდეს თუ რა სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში ექცევა იგი. მოცემულ გარემოებათა დადგენა უზრუნველყოფს სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ხსენებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების (2.,,გ“ მუხლი).
ამავე კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა (2. ,,დ“ მუხლი).
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, უფლებამოსილი პირის მიერ, საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს თუკი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ადგილი აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე. კანონის ამოქმედების თარიღი კი არის 2007 წლის ივლისი. ამასთან, ხსენებული ფაქტობრივი გარემოება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს, მაშინ როდესაც აღნიშნულთან ერთად, კუმულატიური წესით, სახეზეა 1) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) განთავსება ან/და 2) უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრების ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიას და მისი ფართობი არ აღემატება საკუთრების ობიექტის ფართობს. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს ე-–----------ძის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა დადგინდეს საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრა ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, მისი უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი უნდა გახდეს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესი, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება 2007 წლის ივლისამდე.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ე-–----------ძეს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ს-----–---–-----------–--- 1-ლი ქუჩა, N3ა-ში მდებარე 46 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ე-–----------ძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა სარეგისტრაციო განცხადება, რომლის საფუძველზე იგი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო ობიექტი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ამასთან, ამავე საკადასტრო ნახაზითა და ორთოფოტოებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არსებული შენონა-ნაგებობა რეალურად წარმოადგენს ე-–----------ძის საკუთრებაში რეგისტრირებული (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის მიშენებას. ამდენად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთსა და საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც არის ერთიანი ობიექტი და არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ე-–----------ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს განუყოფელ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ობიექტს, სადავო მიწის ნაკვეთი ვერ დაექვემდებარება განხილვას, როგორც დამოუკიდებელი ბრუნვის ობიექტი და ვერ შეფასდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების ფარგლებში, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად ასახელებს მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ობიექტის არსებობას კანონის ამოქმედებამდე პერიოდში. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით მსჯელობა დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც უძრავი ქონება წარმოადგენს დამოუკიდებელი ბრუნვის ობიექტს. განსახილველ შემთხვევაში კი, მითითებული ნორმის საფუძველზე არსებითად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს ე-–----------ძის საკუთრებაში რეგისტრირებული ობიექტისგან დამოუკიდებელ ობიექტს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, მოსარჩელის პოზიცია მისი მოთხოვნა დაექვემდებაროს ზემოაღნიშნული ნორმის რეგულაციას.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები ვერ ადასტურებს, რომ ე-–----------ძემ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გააჩნდა რაიმე სახის შენობა-ნაგებობა 2007 ივლისამდე პერიოდში. ამდენად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს ვერც აღნიშნულ კრიტერიუმს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის მეორე საფუძვლით, რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუკი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრების ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიას და მისი ფართობი არ აღემატება საკუთრების ობიექტის ფართობს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ე-–----------ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 46 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------), ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოცულობა გაცილებით აღემატება საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რაც მოსარჩელის მოთხოვნას კანონიერ საფუძველს აცლის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგროც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადაო გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ურთიერშეჯერება/შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 03 ივნისის N---- განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ პირობებში კი მოსარჩელის მოთხოვნა ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–----------ძეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზღაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი (02/07/2019 წ. საკრედიტო საგადახდო დავალება) 100 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ე-–----------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი