გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37066-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,არ----------ო“
წარმომადგენელი - ირ---–------–--ე, კუ----------–--ე
მოპასუხე - თა-----------–-–---–ი
წარმომადგენელი - პა------–---–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თა-----------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,არ----------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 3646.40 ლარისა და 390 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 17 მაისს შპს ,,არ----------ოსა“ და თა-----------–-–---–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,არ----------ოს“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები თა------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდენარე: თბილისი, ყ---–------------------ში. სარემონტო სამუშაოების სრული საფასური შეადგენდა 18 246 ლარს. სამუშაოს საფასურის გადახდა ხელშეკრულებით დაყოფილი იყო ორ ნაწილად. სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთს უნდა გადაეხადა ჯამური ღირებულების 60%, ხოლო სამუშაოს შესრულების შემდეგ დარჩენილი 40%. შემსრულებელი ვალდებული იყო სამუშაოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დამკვეთის მიერ საწყისი თანხის ჩარიცხვიდან 65 კალენდარული დღის (2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით) ვადაში შეესრულებინა სამუშაოები. ხელშეკრულების დადებისთანავე თა-----------–-–---–მა ჩაურიცხა შემსრულებელს თანხის 60% - 10 950 ლარი.
2018 წლის 7 ივნისს მომსახურების ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დაემატა შესასრულებელი სამუშაოები, გაიზარდა ასანაზღაურებელი თანხა 2660 ლარით და განისაზღვრა, რომ დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად, აუცილებელია დამატებით გაუთვალისწინებელი ვადები, რომელიც გავლენას იქონიებს პირვანდელი ხელშეკრულების ვადებზე.
ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემდეგ 2018 წლის 12 ივნისს, დამკვეთმა ჩარიცხა ცვლილებების ხელშეკრულების მთლიანი თანხა 2660 ლარი, 2018 წლის 2 ივლისს პირვანდელი ხელშეკრულებით დარჩენილი თანხის ნაწილი - 3262 ლარი და გადასახდელი დარჩა 4036 ლარი და 40 თეთრი.
შემსრულებელმა შეასრულა სარემონტო სამუშაოები უნაკლოდ და დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ დამამთავრებელი სამუშაოები (ელექტრო წერტილების გარე მექანიზმის მიყენება - 12 წერტილი; სამზარეულოს ერთი სავენტილაციო მილის მონტაჟი - 1 წერტილი, სანტექ. ინვენტარის მონტაჟი (ხელსაბანი ნიჟარა) 1 წერტილი, სამშენებლო ნაგვის გატანა - 1 რეისი), ჩასატარებელი სამუშაოების სრული თანხა შეადგენდა 390 ლარს.
დამკვეთმა 2018 წლის 18 სექტემბერს უსაფუძვლოდ შეწყვიტა შემსრულებელთან ხელშეკრულება და უარი განაცხადა დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევას და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ფაქტს, რის გამოც მხარემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 17 მაისს ფიზიკურ პირ თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული თბილისში, ყ---–-------------------–- მდებარე 60 კვ.მ საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა: მომსახურების წესი და ვადები. შემსრულებელი ვალდებული იყო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შეესრულებინა ხელშეკრულების დანართში მითითებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან და დამკვეთის მიერ საწყისი თანხის ჩარიცხვიდან 65 კალენდარულ დღეში; მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის შემსრულებლის ვალდებულება სამუშაო შეესრულებინა მაღალ დონეზე და დამოუკიდებლად აღმოეფხვრა დამკვეთისგან მითითებული ხარვეზები; დამკვეთის ვალდებულება არ შეეშალა ხელი შემსრულებლისათვის მუშაობის პროცესში და უფლებამოსილება პროექტის დასრულების შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზები შემსრულებლისათვის შეეტყობინებინა არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა.
სარემონტო სამუშაოების სრული საფასური დანართის (სარემონტო სამუშაოების ხარჯთარრიცხვის) მიხედვით განისაზღვრა 18 246 ლარით. სამუშაოების საფასურის გადახდა შეთანხმებულ იქნა ორ ნაწილად: სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთს უნდა გადაეხადა ჯამური ღირებულების 60%, ხოლო სამუშაოების 60%-ის შესრულების შემდეგ, დარჩენილი 40%;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 მაისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.2. 2018 წლის 7 ივნისის შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 2018 წლის 18 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში და დამკვეთს დაევალა დამატებითი სამუშაოების ჩატარება: შიდა ტიხრების დემონტაჟი და შემდეგ ამოშენება; გარე ფასადის ტიხრების დემონტაჟი და შემდეგ ამოშენება; შიდა, დამატებითი კედლების ამოყვანა; გარე ფასადის გალესვა და შეღებვა ისე, როგორიც არის საცხოვრებელი კორპუსი; ელექტრო ხაზების ხელახალი მონტაჟი; საჭირო მასალების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალებების შესრულება.
დამატებითი სამუშაოს სრული ბიუჯეტი შეადგენდა 2660 ლარს, რომლის 60% - 1596 ლარი დამკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო 40% - 1064 ლარი სამუშაოების დასრულებისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი სამუშაოს შესასრულებლად, აუცილებელი იყო დამატებით გაუთვალისწინებელი ვადები, რომელიც გავლენას იქონიებდა პირვანდელი ხელშეკრულების ვადაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 7 ივნისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული შეთანხმება, 2018 წლის 18 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.3. ხელშეკრულების დადებისთანავე - 2018 წლის 17 მაისს, თა-----------–-–---–მა ჩაურიცხა შემსრულებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების სრული საფასურის 60% - 10 950 ლარის ოდენობით; 2018 წლის 12 ივნისს დამკვეთმა ჩარიცხა ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა 2660 ლარი, ხოლო 2018 წლის 2 ივლისს პირვანდელი ხელშეკრულებით დარჩენილი თანხის ნაწილი - 3262 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.4. 2018 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა შემსრულებელთან მომსახურების ხელშეკრულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.1.5. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია 390 ლარის ღირებულების, სარემონტო სამუშაოები (ელექტრო წერტილების გარე მექანიზმის მიყენება - 12 წერტილი; სამზარეულოს ერთი სავენტილაციო მილის მონტაჟი - 1 წერტილი, სანტექ. ინვენტარის მონტაჟი (ხელსაბანი ნიჟარა) 1 წერტილი, სამშენებლო ნაგვის გატანა - 1 რეისი), რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- შპს ,,არ----------ოს“ მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 31);
3.1.6. შპს ,,არ----------ომ“ 2018 წლის 10 ოქტომბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4000 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,არ----------ოს“ 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 21);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. თუ მომსახურება მოიცავს, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ დამკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, თუკი შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს სულ მცირე საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს დამკვეთს საშუალო ხარისხის ნივთი.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე მითითებით, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული შემსრულებლის ვალდებულებაზე, სამუშაო შეესრულებინა მაღალ დონეზე (3.4.3.პუნქტი) და ასევე განმარტავს:
მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა მოპასუხე მხარისა და მისი ნდობით აღჭურვილ პირთა ზედამხედველობის ფარგლებში და ამ უკანასკნელთ პრეტენზია არ გამოუთქვამთ, რომ ბინაში დასასრულებელი იყო ძირითადი სარემონტო სამუშაობი და დარჩენილი იყო უმნიშვნელო დეტალები, ხოლო აბაზანის შემთხვევაში ფილების წყობა შეთანხმებული იყო დამკვეთთან, რის გამოც მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ სამუშაოები დაასრულა უნაკლოდ და მოპასუხე მხარეს შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, აქარწყლებს როგორც თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 26.11.19წ. სასამართლო სხდომის ოქმი (12:15)), ისე პრეტენზია რომ მოპასუხემ ნაკლის აღმოსაფხვრელად არ განუსაზღვრა დამატებითი ვადა; ასევე მხარის მიერ წარმოდგენილი CD დისკზე ასახული მოპასუხესთან საუბრის შინაარსი და საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა (გ.კ------ე, ბ.ღ----–--ე, გ. დ----------ი) ერთგვაროვანი ჩვენებები, იმის თაობაზე რომ 2018 წლის 18 სექტემბრის მხარეთა შეხვედრა მიზნად ისახავდა სწორედ გამოვლენილ დეფექტებთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებას; მოწმე გი-----ი კ------ემ, რომელმაც ბინაში განახორციელა სამალიარო სამუშაოები და ლამინატის დაგება, საკუთარ ჩვენებებში დაადასტურა, რომ დამკვეთს დაგებულ ლამინატთან („წყვეეტის ადგილებთან“) დაკავშირებით ქონდა პრეტენზია და როგორც მისთვის გახდა ცნობილი დაგებული ლამინატი „აიღეს“. აბაზანაში კაფელ-მეტლახის დამგები პირის, ბ--- ღ----–--ის ჩვენების თანახმად, დამკვეთის მხრიდან „დეკორატიულ ცემენტზე იყო შენიშვნა, კაფელიდან ჩანდა პლასტმასები, ზღურბლზე იყო სხვაობა“.
სადავო ფაქტის არსებობის დამადასტურებლად, სასამართლო ასევე მიუთითებს მოწმის სახით დაკითხული გ--–- დ----------ის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თუ რა სახის დამატებითი სამუშაოები შეასრულა მოპასუხის ბინაში მოსარჩელის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელთა შორის არსებითი იყო მისაღები კედლის კუთხის გასწორება (რამაც მოწმის განმარტებით, თავის მხრივ გამოიწვია ლამინატის აყრა და ხელახლა დაგება, გაკრული შპალერის მოხსნა და ახლიდან გაკვრა), დაგებული ლამინატის ჩაღრმავების გასწორება (ვინაიდან “ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა ცუდ მდგომარეობაში იყო“), სააბაზანოში 3 კვ.მ მეტლახის აყრა და ხელახლა დაგება (კარის ზღურბლში მეტლახის დონეების სხვაობისა და სანტიმეტრნახევრიანი დახრის გამო), პლინტუსების დაგება, ჩამრთველების გადატანა და სხვა სამუშაოები, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც გადააჭარბა თავდაპირველად შედგენილ ხარჯთაღრიცხვას და შეადგინა დაახლოებით 5000 ლარი.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებულ წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული ბინის სარემონტო სამუშაოების ნაწილი ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო, შესრულებული იყო არსებითი ხარვეზებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2018 წლის 17 მაისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
-მოწმეთა ჩვენებები (იხ.12.07.19წ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- შპს ,,არ----------ოს“ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 31);
-მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი CD დისკი (ს.ფ. 80).
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი სარემონტო სამუშაოების გონივრულ ვადებში დასრულება.
როგორც შესაგებლში, ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სადავო გახადა არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი, არამედ მენარდის მიერ ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადებიც.
სასამართლო განმარტავს, მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადები ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს. როგორც წესი, მხარეები ხელშეკრულებით განსაზღვრავენ სამუშაოთა შესრულების დაწყებისა და დამთავრების ვადებს, ასევე შეიძლება გაითვალისწინონ სამუშაოთა შესრულების შუალედური ვადები; იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით არ იქნა განსაზღვრული შესრულების ვადა, ივარაუდება, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს გონივრულ ვადაში. მენარდე პასუხისმგებელია სამუშაოთა შესრულებისა დადგენილი ვადის გადაცილებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2018 წლის 17 მაისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოები მოსარჩელეს უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან და დამკვეთის მიერ საწყისი თანხის ჩარიცხვიდან 65 კალენდარულ დღეში (2.5 პუნქტი); უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე - 2018 წლის 17 მაისს, თა-----------–-–---–მა ჩაურიცხა შემსრულებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების სრული საფასურის 60% - 10 950 ლარის ოდენობით; შესაბამისად, მომსახურების ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2018 წლის 21 ივლისს; თუმცა, 2018 წლის 7 ივნისის მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში და დამკვეთს დაევალა ობიექტზე დამატებითი სამუშაოების ჩატარება და დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალებების შესრულება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ შემსრულებელს 7 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული დამატებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, თავიდან მოუწია 17 მაისის ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების შესრულება, ის ფაქტი, რომ 2018 წლის 7 ივნისიდან - 18 სექტემბრამდე პერიოდში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ბინის სარემონტო სამუშაოების ჯეროვანი შესრულება და დასრულებული სახით დამკვეთისათვის გადაცემა - სასამართლოს შეფასებით ვერ აქარწყლებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ შპს “არ----------ოს“ მიერ სარემონტო სამუშაობი დასრულდა ვადაში.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე ითვალისწინებს თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებასა და შპს ,,არ----------ოს“ 2018 წლის 28 სექტემბრის ცნობის შინაარს, რომლის თანახმადაც 2018 წლის 18 სექტემბრისათვის (მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის) შემსრულებელს დასასრულებელი ქონდა 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგი სარემონტო სამუშაოები (ელექტრო წერტილების გარე მექანიზმის მიყენება - 12 წერტილი; სამზარეულოს ერთი სავენტილაციო მილის მონტაჟი - 1 წერტილი, სანტექ. ინვენტარის მონტაჟი (ხელსაბანი ნიჟარა) 1 წერტილი, სამშენებლო ნაგვის გატანა - 1 რეისი); ეყრდნობა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა, მათ შორის მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულ პირთა ჩვენებებს, რომლებმაც დადასტურეს რომ 2018 წლის 18 სექტემბრისათვის სრულად არ იყო დასრულებული ბინაში სარემონტო სამუშაოები და მიუთითებს: მართალია 2018 წლის 7 ივნისის ცვლილების დოკუმენტში ასახულ იქნა მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ „დამატებითი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი იყო გაუთვალისწინებელი ვადები, რომლებიც გავლენას იქონიებდნენ პირვანდელი ხელშეკრულების ვადებზე“, თუმცა დამატებით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების გათვალისწინებით, უდავოდ გასაზიარებელია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, იმის თაობაზე რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარემონტო სამუშაოების ვადის ფაქტობრივად გაორმაგება, ვერ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტს და ობიექტურად ვერ იქნებოდა მისაღები დამკვეთისათვის, რომელიც სადავო შემთხვევამდე წინსწრებით ანაზღაურებდა სარემონტო სამუშაოების ღირებულებას და ამავე დროს რემონტის დასრულებამდე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2018 წლის 17 მაისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
- 2018 წლის 7 ივნისს თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დადებული შეთანხმება, 2018 წლის 18 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 20);
- მოწმეთა ჩვენებები (იხ.12.07.19წ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- შპს ,,არ----------ოს“ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 31);
- CD დისკი.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,არ----------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე, 639-ე, 645-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მხარეთა ნების დეკლარაციაა და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს და აისახება მათ უფლება-მოვალეობებზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს ფიზიკურ პირ თა-----------–-–---–სა და შპს ,,არ----------ოს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ყ---–-------------------–- მდებარე 60კვ.მ საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა მომსახურების წესი და ვადები; მხარეთა უფლება-მოვალეობები, შესრულებული სამუშაოსათვის ანგარიშსწორების წესი. 2018 წლის 7 ივნისის შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 2018 წლის 18 მაისის მომსახურების ხელშეკრულებაში და დამკვეთს დაევალა დამატებითი სამუშაოების ჩატარება და დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალებების შესრულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი სამუშაოს შესასრულებლად, აუცილებელი იყო დამატებით გაუთვალისწინებელი ვადები, რომელიც გავლენას იქონიებდა პირვანდელი ხელშეკრულების ვადაზე.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
მითითებული ნორმის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ სამუშაოს დროული და ჯეროვნად შესრულება. ანუ განსახილველი დავა წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უკავშირდება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შემკვეთს და მენარდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,არ----------ომ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადებში; მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზებით შესასრულებელი დარჩა მხოლოდ 390 ლარის ღირებულების, რიგი სარემონტო სამუშაოები (ელექტრო წერტილების გარე მექანიზმის მიყენება - 12 წერტილი; სამზარეულოს ერთი სავენტილაციო მილის მონტაჟი - 1 წერტილი, სანტექ. ინვენტარის მონტაჟი (ხელსაბანი ნიჟარა) 1 წერტილი, სამშენებლო ნაგვის გატანა - 1 რეისი); მიუხედავად ამისა, შემკვეთი, რომელმაც მიიღო შესრულება, უარს აცხადებს შემხვედრ შესრულებაზე.
საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს შემსრულებლისათვის, სრულად არ აუნაზღაურებია 2018 წლის 17 მაისს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებული სამუშაოს ღირებულება; კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე - 2018 წლის 17 მაისს, თა-----------–-–---–მა ჩაურიცხა შემსრულებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების სრული საფასურის 60% - 10 950 ლარის ოდენობით; 2018 წლის 12 ივნისს დამკვეთმა ჩარიცხა ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა 2660 ლარი, ხოლო 2018 წლის 2 ივლისს პირვანდელი ხელშეკრულებით დარჩენილი თანხის ნაწილი - 3262 ლარი.
2018 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა შემსრულებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა და უარი განაცხადა 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დარჩენილი თანხის 4036.40 ლარის ანაზღაურებაზე.
მოპასუხე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის შპს ,,არ----------ოს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს და სასამართლოს მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არადროულ და ნაკლოვან შესრულებაზე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადებში და ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ.
6.4. გადაწყვეტილების 3.2.1 და 3.2.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, 2018 წლის 17 მაისის მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „არ----------ომ“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება: მოსარჩელის მიერ შესრულებული რიგი სარემონტო სამუშაოებისა შესრულებულ იქნა ხარვეზით; სასამართლოს შეფასებით, ასევე დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების დასრულების გონივრული ვადები.
ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რეგულაცია; დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო შემკვეთს რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის შეთავაზების მიუხედავად, დამკვეთმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისაგან დამატებითი შესრულების მიღებაზე და 2018 წლის 18 სექტემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება.
ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ადგენს შემკვეთის უფლებას, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს“არ----------ოს“ მოპასუხის ბინაში არ განუხორციელებია 2018 წლის 17 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 390 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები, შესრულებულ სამუშაოთა ნაწილი კი აღმოჩნდა ხარვეზული, რომელთა აღმოფხვრაც დამკვეთმა საკუთარი სახსრებითა და მესამე პირის დახმარებით უზრუნველყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის მიმართ როგორც 3646.40 ლარის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების, ასევე 390 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 122 ლარის ოდენობით;
შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249, 257, 364-ე, 365-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,არ----------ოს“ სარჩელი მოპასუხე თა-----------–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,არ----------ოს“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 122 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი